30 ოქტომბერი - პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე

31 ოქტომბერი 2018 Shadow

30 ოქტომბერი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიო მასშტაბით უკვე 30 წელია რაც აღინიშნება. 2018 წელს საქართველოში ამ თარიღმა კვლავ უჩუმრად, გაშუქების და, ფაქტობრივად, ხსენების გარეშე ჩაიარა. შესაძლოა, ეს აწეული პოლიტიკური ტემპერატურის ბრალიც იყო, თუმცა არც წინა წლებში მიუქცევია ქართულ საზოგადოებას განსაკუთრებული ყურადღება ამ თარიღისთვის. ეს სამწუხარო ფაქტია მაშინ, როცა საბჭოთა რეპრესიების პირდაპირი მსხვერპლი ქვეყანაში 30.000-მდე ადამიანი იყო, მათ შორის 3.616 ე.წ. „სტალინური სიებით“, უშუალოდ, იოსებ სტალინის პირადი ხელმოწერით დაისაჯა. რეპრესირებულთა შესახებ ხსოვნას სულ რამდენიმე ორგანიზაცია და კერძო მკვლევარი აქცევს ყურადღებას, არ არის ზუსტად შეფასებული მოვლენის მასშტაბი, მიყენებული ზიანი და საზოგადოების საერთო ცნობიერება ამ კუთხით ძალიან დაბალია. სახელმწიფოს მიერ დაურეგულირებელია საკანონმდებლო ბაზა და რეპრესირებულთა ნათესავები კვლავ ეძებენ სამართალს, აღიარებასა და კუთვნილ კომპენსაციას.

1938 წლის ოქტომბერში მხოლოდ სტალინური სიებით საქართველოში 238 ადამიანი გახდა რეპრესიის მსხვერპლი. მათ შორის უმეტესობას, 219 გასამართლებულს მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა, 18 ადამიანს 10 წლით გადასახლება შრომა-გასწორების ბანაკებში, ხოლო ერთს 8 წელი.

რეპრესიები შეეხო საზოგადოების ყველა ფენას და ადამიანების ფართო კატეგორიას. ისევე როგორც წინა პერიოდებში, 1938 წლის ოქტომბერში რეპრესირებული ადამიანები განსხვავდებოდნენ ასაკით, სქესით, განათლებითა და პროფესიით, ცხოვრობდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხესა და ქალაქებში.

1938 წლის ოქტომბერში განსაკუთრებით მძიმედ შეეხო რეპრესიები განათლების სფეროს მუშაკებს: სულ 19 რეპრესირებულიდან 3 იყო უმაღლესი სასწავლებლის ლექტორი, 1 - უმაღლესი სასწავლებლის კათედრის გამგე, 1 - ფაკულტეტის დეკანი,  4 - სამეცნიერო-კვლევათა ინსტიტუტის თანამშრომელი, 1 - ტექნიკუმის დირექტორი, 1 - მუზეუმის დირექტორი და 3 პედაგოგი.

რა თქმა უნდა სისტემამ არ დაივიწყა „თავისი ხალხიც“ და პარტიული ორგანოების 7  და 17 შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის თანამშრომელი გამოასალმა სიცოცხლეს. მათ გარდა რეპრესია შეეხო 65 თავდაცვის სახალხო კომისარიატის თანამშრომელსაც.

ეროვნული ნიშნით რეპრესირებულთა სია კვლავ მრავალფეროვანი იყო: 103 ქართველთან, 51 რუსსა და 26 სომეხთან ერთად დახვრიტეს 11 გერმანელი, 5 პოლონელი, 5 უკრაინელი, ავსტრიელი და ა.შ. დახვრიტეს საქართველოს ისტორიული ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებიც: 3 ოსი და 1 აფხაზი.

 

სტალინური სიებით რეპრესირებული ებრაელი მოღვაწეების, გერცელ და დავით ბააზოვების შესახებ

დღემდე გავრცელებული აზრია, რომ XX საუკუნეში ებრაელების წინააღმდეგ, ძირითადად, ნაცისტური გერმანია მოქმედებდა. რა თქმა უნდა, მასშტაბით ჰოლოკოსტს სხვა ქვეყნებში განვითარებული მოვლენები ვერ შეედრება, თუმცა საბჭოთა კავშირში მათი მდგომარეობა არანაკლებ მძიმე იყო და ებრაელების შევიწროება მიზანმიმართულად ხორციელდებოდა. რეპრესიები მიმართული იყო ქართველი ებრაელების წინააღმდეგაც: საუკუნეების განმავლობაში საქართველოში უსაფრთხოდ მცხოვრები ერისთვის 1937-1938 წლები სისხლიანი აღმოჩნდა. 1938 წლის მხოლოდ ოქტომბრის თვეში რეპრესიების მსხვერპლი აღმოჩნდა 8 ებრაელი, მათ შორის გამორჩეული პოეტი და საზოგადო მოღვაწე - გერცელ ბააზოვი.

გერცელ ბააზოვი 1904 წლის 28 ოქტომბერს ონში დაიბადა. მამამისი დავითი, რაბინი და საქართველოში ებრაელთა სათვისტომოს ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი იყო. ოჯახი მიეკუთვნებოდა ცხინვალელი რაბინების შტოს. დავით ბააზოვს ებრაული ფილოსოფია ევროპულ უნივერსიტეტებში ჰქონდა ნასწავლი. დავით ბააზოვი ეპოქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმანათლებელი გახდა. მან ჩამოაყალიბა ცნობილი თეზისი: „ქართველი ებრაელები არიან ეთნოსით ქართველები და რელიგიით ისრაელიტები“. გარდა აქტიური რელიგიური, საგანმანათლებლო და პუბლიცისტური საქმიანობისა, დავითმა 1918 წელს ოსმალთა შემოჭრის დროს მუსლიმი სულიერი ლიდერების დახმარებით ახალციხეში უამრავი ქართველი და ებრაელი გადაარჩინა სიკვდილს.

     

                                        გერცელ ბააზოვი                                       დავით ბააზოვი (ცენტრში) ოჯახთან ერთად

 

1920-იანი წლებიდან გერცელ და დავით ბააზოვები ერთად აგრძელებდნენ პუბლიცისტურ საქმიანობას: ქვეყნის მასშტაბით გახსნეს არაერთი ებრაული სკოლა, დააარსეს გაზეთი „მაქაბელი“. მათ საქმიანობას ბოლშევიკების მხრიდან პირველად ხელი 1924 წლის აჯანყების შემდგომ შეეშალა, როდესაც მამა-შვილს გაზეთი დაუხურეს. ამ საგანგაშო სიგნალის შემდგომ ბააზოვები ცდილობდნენ ებრაელების უსაფრთხოების დაცვას და საქართველოდან პირველი დიდი „ალაია“, ანუ ისრაელში დაბრუნება სწორედ მათ განახორციელეს, როდესაც 1925 წელს რამდენიმე ასეული ებრაელი უსაფრთხოდ გაამგზავრეს ქვეყნიდან.

1930-იან წლებში გერცელ ბააზოვი აგრძელებდა ლიტერატურულ საქმიანობას. მოკლე პერიოდში მან გამოაქვეყნა 10 პიესა, მათ შორის კრიტიკოსების მიერ მაღალი შეფასების მქონე „დილლეამარი“ (1931), „მუნჯები ალაპარაკდნენ“ (1931) და „განურჩევლად პიროვნებისა“ (1933). 1930-იანე წლებში გერცელ ბააზოვმა დაიწყო ქართველ ებრაელთა შესახებ ეპიკური ტრილოგიის წერა, რომლის პირველი ტომი, „ფეთხაინი“ 1934 წელს გამოქვეყნდა. მწერალმა ტრილოგიის დანარჩენი ნაწილების გამოქვეყნება ვეღარ მოასწრო.

გერცელ ბააზოვი დააპატიმრეს 33 წლის ასაკში, 1938 წლის 25 აპრილს. მისი ბრალდებიდან ვკითხულობთ, რომ იყო სიონისტური ონტრევოლუციური ორგანიზაციის წევრი. სიონისტური ონტრევოლუციური ორგანიზაციის ხელმძღვანელის პირდაპირი დავალებით ატარებდა ანტისაბჭოთა ნაციონალისტურ აგიტაციას ებრაელი მოსახლეობის ფართო მასებს შორის ებრაელების პალესტინაში გადასახლებისთვის. იყო ინგლისის დაზვერვის აგენტი“. 1938 წლის 10 ოქტომბერს შედგა სამეულის სხდომა სერგო გოგლიძის, ილარიონ ტალახაძისა და კანდიდ ჩარკვიანის მონაწილეობით, რომელმაც ბააზოვს სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯა. იგი მეორე დღეს, 11 ოქტომბერს დახვრიტეს. 

ებრაელთა პალესტინაში დაბრუნების მისია და საქმიანობა მას და მამამისს არც არასდროს დაუმალავთ. დავით ბააზოვი დაკავებისას 55 წლის იყო თავდაპირველად ასევე სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, თუმცა შემდგომში სასჯელი შეუცვალეს და გადაასახლეს, საიდანაც 1945 წელს დაბრუნდა და მცირე ხანში გარდაიცვალა. ამგვარად, ძალის უხეში გამოყენებით დაასრულა საბჭოთა რეჟიმმა ორი უნიჭიერესი ადამიანის, საქართველოსთვის მოღვაწე მამა-შვილის ცხოვრება და საქმიანობა.

 

                                                               დავით ბააზოვის მემორიალური დაფა სოლოლაკში

 

დავით ბააზოვის უფროსი ქალიშვილი, ფაინა ბააზოვა იურისტი იყო და ძმების მსგავსად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროფესორ ლუარსაბ ანდრონიკაშვილის შესანიშნავი იურიდიული სკოლა ჰქონდა გავლილი. საქართველოში და მოსკოვში იგი იყო არაერთი გახმაურებული პოლიტიკური პროცესის ადვოკატი იმ პერიოდში, როდესაც საბჭოთა კავშირში ანტისემიტიზმი, როგორც რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილი მძვინვარებდა. ფაინა ბააზოვას მიერ იერუსალიმში რუსულ ენაზე 1980 წელს გამოცემული მოგონებების წიგნი - "Прокаженные" ("კეთროვნები") ასახავს არამარტო ფაინას და მისი ოჯახის ბრძოლას რეპრესირებული წევრების გამოსახსნელად და დასახმარებლად, არამედ წარმოგვიდგენს ეპოქის ზუსტ, დეტალურ ისტორიულ ანალიზს და 20-30-იანი წლების საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი შეუცვლელი მემუარული წყაროა.

 

„სტალინური სიები საქართველოდან“ საქართველოში პირველი ელექტრონულ მონაცემთა ბაზაა, რომელიც 1937-38 წლების რეპრესიების მსხვერპლთა შესახებ მოკლე ბიოგრაფიულ ცნობებს შეიცავს. პროექტი განახორციელეს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საერთაშორისო საზოგადოება "მემორიალთან" თანამშრომლობით. ეროვნული ბიბლიოთეკის ვებსაიტზე „სტალინური სიები საქართველოდან“ - ატვირთულია ბაზა სულ 3.616 რეპრესირებულის შესახებ ინფორმაციით. ეს ის ხალხია, რომლის რეპრესირებაზეც სტალინმა პირადად მოაწერა ხელი. რეპრესიების უშუალო მსხვერპლი საქართველოში 32.000-ზე მეტი ადამიანი გახდა.