1936 წელს მოსკოვში ქართული კულტურის დეკადა გაიმართა. მიზანი - მთელ საბჭოეთს უნდა გაეგო, როგორი დიადი სამშობლო აქვს დიდ სტალინს. მეორე ქართველი ბოლშევიკის, ბერიას თაოსნობით დღეებმა ტრიუმფით ჩაიარა: ოფიციალური კულტურული ნაწილის გარდა უამრავი ადამიანის მოგონებებში აღწერილია არაოფიციალური, ბანკეტების ნაწილი სადაც სტალინი აღფრთოვანებული იყო თანამემამულეების გარჯით, მეგობრულად ეხუმრებოდა, ლოცავდა და როგორც ამბობენ „ალავერდს ალავერდზე გადადიოდა“. სულ რაღაც 1 წელი არ იყო გასული, რაც მსგავსი „ტრიუმფით“ გაგრძელდა რეპრესიები საქართველოში. დეკადის მონაწილეებიდან ზოგი დახვრიტეს, ზოგი გადაასახლეს, ზოგს ცხოვრება დაუნგრიეს.
1937 წელს საქართველოში სხვა წლებისგან განსხვავებული სექტემბერი დადგა. ქვეყანაში ბევრი ადამიანი, მათ შორის ჯალათებიც კი ყოველ ღამით ელოდნენ მათი სახლის კარზე შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის თანამშრომლების კაკუნს... ბევრმა ვერ გაუძლო და დამსმენად გადაიქცა, თუმცა არც ეს იყო გადარჩენის გარანტია... მხოლოდ ერთ, სექტემბრის თვეში და მხოლოდ უშუალოდ სტალინის მიერ ხელმოწერილი სიით 420 ადამიანი დაიხვრიტა. 65 გადაასახლეს, რომელთაგან ბევრი უკან აღარ დაბრუნებულა. რეალურად, განადგურებული ადამიანების რიცხვი რამდენიმე ათასზე მეტი იყო: როგორც წესი გასამართლებულების ოჯახის წევრებს, ახლო ნათესავებს, მეგობრებს და მათთან დაკავშირებულ სხვა პირებს საზოგადოება „ხალხის მტრის შვილების“, „მოღალატეების“ იარლიყს აკრავდა. ამ ადამიანებისთვის დახურული იყო ყველა კარი, სკოლის ასაკის ბავშვებთან კლასელებიც კი ერიდებოდნენ საუბარს, ქუჩაში გამოსვლისას მათი შეურაცხყოფა სხვებისთვის თვითგადარჩენას ნიშნავდა და ა.შ.
რეპრესიები შეეხო საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყანას. მსოფლიოს უდიდეს სახელმწიფოში პრაქტიკულად განადგურდა მოაზროვნე საზოგადოება და ასპარეზი პარტიისადმი ბრმად ერთგულ, როგორც ერთი ქართველი საზოგადო მოღვაწე წერდა - „მე მოვკლავ დედას, დავახრჩობ მამას, რევოლუცია თუ მომთხოვს ამას“ სტრიქონების რეალობაში შემსრულებელ ადამიანებს დარჩათ. გარდა სტალინური სიებისა, საბჭოთა კავშირსა და საქართველოში მიმდინარეობდა "კულაკური" და ნაციონალური ოპერაციები, მილიციის სამეულების სასამართლოები. ამ მოვლენების ერთობლიობას "დიდი ტერორი" ეწოდა, ხოლო საერთო ჯამში რეპრესიების მსხვერპლთა რაოდენობამ საქართველოში 30.000-მდე ადამიანი შეადგინა (უფრო დეტალური სტატისტიკა 1937-1938 წლების დიდი ტერორის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ მომზადებულ ინფოგრაფიკაში).
1937 წლის სექტემბერს შეეწირა 3 დიდი ქართველი: პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე მემედ აბაშიძე, მხატვარი დიმიტრი შევარდნაძე და მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი.
მემედ აბაშიძე დიმიტრი შევარდნაძე მიხეილ ჯავახიშვილი
ავტოპორტრეტი
სისტემამ არ დაინდო „თავისი“ ხალხიც: 1937 წელის სექტემბერში რეჟიმმა დახვრიტა 2 მაღალი რანგის ქართველი ბოლშევიკი, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ქვეყანაში ბოლშევიკური რეჟიმის დამყარებაში: ტიტე ლორთქიფანიძე და შალვა ელიავა. 13 სექტემბერს დახვრიტეს გამოჩენილი პარტიული მოღვაწის, პოლიკარპე (ბუდუ) მდივნის (თავად ბუდუ მდივანი დახვრიტეს 1937 წლის 10 ივლისს) ვაჟიშვილი, 26 წლის ჩოგბურთელი არჩილ მდივანი. არჩილის გარდა სხვადასხვა დროს გაანადგურეს ბუდუ მდივნის მთელი ოჯახიც: მეუღლე ცაცუნია, შვილები - ივანე, დავითი და გიორგი.
პოლიკარპე (ბუდუ) მდივანი
არჩილ მდივანი
„სტალინური სიები საქართველოდან“ საქართველოში პირველი ელექტრონული მონაცემთა ბაზაა, რომელიც 1937-38 წლების რეპრესიების მსხვერპლთა შესახებ მოკლე ბიოგრაფიულ ცნობებს შეიცავს. პროექტი, რომელიც „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საერთაშორისო საზოგადოება "მემორიალთან" თანამშრომლობით განახორციელა, სამი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ეროვნული ბიბლიოთეკის ვებსაიტზე „სტალინური სიები საქართველოდან“ - სულ 3.616 რეპრესირებულის შესახებ ინფორმაცია ყველასათვის ხელმისაწვდომია. ეს ის ხალხია, რომლის რეპრესირებაზეც სტალინმა პირადად მოაწერა ხელი. რეპრესიების უშუალო მსხვერპლი საქართველოში 32.000-ზე მეტი ადამიანი იყო, ხოლო როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს რიცხვი რამდენჯერმე უნდა გავამრავლოთ, რათა მივიღოთ პასუხი კითხვაზე - რამდენ ადამიანს შეეხო სულ რეპრესიები...
გთავაზობთ სექტემბრის თვის სტატისტიკას, რათა კარგად გავიაზროთ ის ტრაგედია რაც საქართველოს მხოლოდ ერთ თვეში სტალინის უშუალო დავალებით დაატყდა თავს.
1937 წლის სექტემბრის თვეში, სტალინური სიებით რეპრესირებულთა სტატისტიკა სხვადასხვა მაჩვენებლით:
485 - ადამიანი გაასამართლეს
420 - დახვრიტეს (410 მამაკაცი/ 10 ქალი)
65 - მიესაჯა 10 წელი გადასახლება შრომა-გასწორებით ბანაკში (61 მამაკაცი/ 4 ქალი)
უხუცესი/ უმრწემესი ასაკი:
17 წლის სკოლის მოსწავლე, რევაზ ლევანის ძე მჭედლიშვილი - უმრწემესი, მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და გადაასახლეს სოლოვეცკის ციხეში, სადაც 1938 წელს გარდაიცვალა
71 წლის მებაღე, იაკობ ივანეს ძე მეხელსონი - უხუცესი, დახვრიტეს
21 წლის საგალანტერეო ფაბრიკის მოანგარიშე, თამარ ბეგლარის ასული თევდორაძე-ახოსპირელი - ყველაზე უმცროსი ქალი, მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა გადასახლებაში.
50 წლის განათლების სახალხო კომისარიატის უმაღლესი სკოლის სამმართველოს უფროსი, მარიამ პლატონის ასული ორახელაშვილი, ყველაზე ასაკოვანი ქალი, დახვრიტეს.
მათ შორის პროფესიები:
39 - ეკონომისტი/ფინანსისტი
32 - ინჟინერი
31 - სამხედრო
13 - იურისტი
5 - ექიმი
2 - პენსიონერი
2 - თეატრის რეჟისორი
2 - ჟურნალისტი
2 - მხატვარი
1 - მწერალი
1 - გაზეთის რედაქტორი
საქმიანობის პროფილი/ ორგანო:
102 - ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართული პირი
64 - სოფლის მაცხოვრებელი, მიწათმოქმედებაში ჩართული პირი
40 - განათლების სახკომი - (მათ შორის: 14 პედაგოგი, 6 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი, 2 უმაღლესი სასწავლებლის ლექტორი, 2 სკოლის დირექტორი, 1 ტექნიკუმის დირექტორი და სხვები)
32 - მოსწავლე/სტუდენტი (მათ შორის, 2 სკოლის მოსწავლე, დაბადებული 1920 წელს, რომლებიც დაპატიმრების დროს არასრულწლოვანი იყვნენ)
მათ შორის სახელმწიფო და სამხედრო სტრუქტურებში დასაქმებულები:
43 - თავდაცვის სახკომი და თავდაცვის მრეწველობაში დასაქმებული პირი
26 - შინსახკომი, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც წინა დახვრეტებში მონაწილეობდნენ
7 - სამხედრო ავიაციის სფეროში დასაქმებული
5 - სახალხო კომისარი და 2 სახალხო კომისრის მოადგილე
3 - პარტიული მუშაკი
2 - პროკურორი: მათ შორის ამიერკავკასიის რკინიგზის პროკურორის მოადგილე
საცხოვრებელი პუნქტი/რაიონი:
214 - თბილისი
87 - აჭარა (მათ შორის ქალაქ ბათუმიდან - 55)
40 - აფხაზეთი (მათ შორის ქალაქ სოხუმიდან - 27)
22 - ქართლი და სამცხე-ჯავახეთი (მათ შორის ქალაქ ბორჯომიდან - 10)
15 - იმერეთი
11 - კახეთი
8 - სამეგრელო
6 - გურია
მათ შორის ეროვნებით:
275 - ქართველი
45 - რუსი
44 - სომეხი
18 - გერმანელი
14 - აფხაზი
7 - ებრაელი
3 - უკრაინელი და ბერძენი
2 - ლატვიელი და ესტონელი
1 - ლაზი, ოსი, აისორი, ბელარუსი და სხვ.
Source: სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა]