„ბავშვების მეგობარი სტალინი“: ტრაგიკული ისტორია ცნობილი ფოტოს მიღმა

1 ივნისი 2021 Shadow

დაფუძნებულია ოლეგ იეგოროვის სტატიაზე.

ფოტო, რომელშიც სტალინს პატარა გოგონა უჭირავს ხელში ყვავილების თაიგულით ხელში, მას წარმოაჩენდა, როგორც კეთილ ლიდერს. თუმცა, ამ ფოტომ, მასზე ასახული პატარა გოგონა, ენგელსინა (გელია) მარკიზოვა ვერ იხსნა სტალინური რეპრესიებისგან, რომელსაც მისი მშობლები ემსხვერპლნენ. 

 

სტალინი და ენგელსინა მარკიზოვა

ენგელსინას მამა, არდან მარკიზოვი თავდადებული კომუნისტი იყო. საკუთარ ქალიშვილსაც სახელი ფრიდრიხ ენგელსის პატივსაცემად შეურჩია, ვაჟს, ვლადლენს კი - ვლადიმირ ლენინის. მარკიზოვი, ასევე, წარმატებული საბჭოთა თანამდებობის პირი იყო. 1936 წელს, ბურიატ-მონღოლეთის ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში, ციმბირში, მას ეკავა სოფლის მეურნეობის სახალხო კომისრის თანამდებობა. მარკიზოვი ბურიატ-მონღოლეთის ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად ეწვია მოსკოვს სტალინთან შესახვედრად, რა დროსაც მას თან ახლდა პატარა ენგელსინა. მარკიზოვისთვის მოულოდნელად, მას უფლება მისცეს, რომ ქალიშვილი შეეყვანა კრემლში, ოფიციალურ შეხვედრაზე, რომელიც დიდხანს გაგრძელდა, რის გამოც გოგონამ მოიწყინა და გადაწყვიტა, რომ დიდ ბელადს ჩახუტებოდა. გოგონამ აიღო ყვავილების თაიგული და გაემართა პრეზიდიუმისკენ. სტალინმა იგი ხელში აიყვანა და მაგიდაზე შემოსვა, გოგონამ კი მას ყვავილები გადასცა და ჩაეხუტა, რა დროსაცაა გადაღებული ცნობილი ფოტო „მადლობა ამხანაგ სტალინს ბედნიერი ბავშვობისთვის“. მალე ეს ფოტო თითქმის ყველა საბჭოთა გაზეთში გამოქვეყნდა და დიდი პოპულარობა მოიპოვა. 

ერთი წლის შემდეგ, 1937 წელს კი ამ ლამაზი ისტორიის ტრაგიკული დასასრული დაიწყო. გოგონას მამა, არდან მარკიზოვი, რომელიც სტალინს აღმერთებდა, დააპატიმრეს. გელია იხსენებს: „მამა დარწმუნებული იყო, რომ ეს შეცდომა იყო და მალე დაბრუნდებოდა“. მარკიზოვს ბრალად დადეს იაპონიის სასარგებლოდ ჯაშუშობა და 1938 წლის ივნისში დახვრიტეს. იგი ვერ გადაარჩინა პატარა გელიას მიერ სტალინთან გაგზავნილმა წერილებმა, რომელშიც გოგონა დიდ ბელადს მამის შეწყალებას სთხოვდა. დიდ ბელადს მისთვის არ უპასუხია და მეტიც, მალევე დედამისი, დომინიკა მარკიზოვაც დააპატიმრეს და გადაასახლეს ყაზახეთში. ცოტა ხანში კი, 1938 წელსვე, იგი გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს. გელია კი დარწმუნებული იყო, რომ დედამისი მოკლეს. როგორც იგი იხსენებდა, ადგილობრივმა უშიშროების უფროსმა ლავრენტი ბერიას გაუგზავნა წერილი, რომელშიც საუბარი იყო იმაზე, რომ დომინიკას შეიძლება შვილის სტალინთან „კავშირების“ გამოყენებით თავი დაეღწია გადასახლებისთვის.

რაც შეეხება თავად გელიას, იგი საბჭოთა ხელისუფლებამ გააქრო ოფიციალური ნარატივიდან. სტალინური ტრადიციის თანახმად, სტალინს და არც სხვა ოფიციალურ პირებს არ შეიძლებოდა ჰქონოდათ ფოტო „ხალხის მტრებთან“, თუმცა გელიასთან გადაღებული ფოტოს გაქრობა ყველა ჟურნალ-გაზეთიდან ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, ამიტომაც საბჭოთა ხელისუფლებამ ფოტოს გაქრობის ნაცვლად, გოგონას სახელის შეცვლა გადაწყვიტეს. გელია მარკიზოვა გააქრეს და ჩაანაცვლეს მამლაკატ ნახაგანოვათი, ცნობილი პიონერით.

9 წლის დაობლებული გელია მოსკოვში, დეიდასთან გადავიდა საცხოვრებლად და მის გვარზე - დორბეიევაზე გადავიდა. საბედნიეროდ, თავად გოგონა რეპრესიებს გადაურჩა. როგორც თავად ამბობდა, ჩვეულებრივი საბჭოთა ცხოვრებით ცხოვრობდა. ენგელსინა, ასევე, იხსენებდა, რომ მიუხედავად იმისა, რაც გადახდა, თავადაც ტიროდა, როცა ბელადი გარდაიცვალა: „მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხალხმა დაიწყო დაბრუნება საკონცენტრაციო ბანაკებიდან და სტალინური ეპოქის შესახებ სიმართლე გამჟღავნდა, მეც მივხვდი, რას წარმოადგენდა იგი“.