სტალინის დაბადების დღე - 2019

24 დეკემბერი 2019 Shadow

სტალინის დაბადების დღე 2019 წელს კვლავ გორში, კვლავ სტალინის მუზეუმთან და შედარებით ვიწრო წრეში აღნიშნა 100-120-მა ადგილობრივმა თუ ჩასულმა გულშემატკივარმა. ღონისძიებაზე ძირითადად ჭარბობდნენ ძველი და ინტერნეტ-სივრცეში უკვე ნაცნობი სახეები, ისეთები მაგალითად როგორც რუსეთის კომპარტიის საქართველოს წარმომადგენლები და მათი თავმჯდომარე თემურ ფიფია, ასევე ზურიკო ზუმბულიძე (ე.წ. „პატარა სტალინი“) და ადგილობრივი მოსახლეობა.

 

 

ღონისძიებაზე სიტყვით გამომსვლელებს შორის იყო „ყაზახი პროფესორიც“, რომელმაც ტრადიციული სენტიმენტებით აღნიშნა დღის მნიშვენლობა, ის რომ საქართველოში, ყაზახეთში ნელ-ნელა ახალი თაობა ივიწყებს ბელადის სახელს და საქმეს.

ერთი შეხედვით, ღონისძიება არაფრით განსხვავდებოდა წინა წლებში გამართული დაბადების დღეებისგან, გამომსვლელები გამოთქვამდნენ კომუნისტური წყობის დაბრუნების აუცილებლობას. ყველამ გამოთქვა ძეგლის ქალაქის ცენტრში დაბრუნების სურვილი და გულისტკივილი ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ 2019 წლის ღონისძიება მაინც განსხვავებული იყო ერთი საგულისხმო დეტალის გამო: ამ დღეს დაკრძალეს ტრაგიკულად დაღუპული 15 წლის მოსწავლე, ლუკა სირაძე და თითქმის ყველა ქართველმა გამომსვლელმა ეს მოვლენა თავისებურად ახსნა. ძირითადად ისინი ადანაშაულებდნენ სისტემას, რომელმაც ახალგაზრდა ადამიანი თვითმკვლელობამდე მიიყვანა, თუმცა იყვნენ გამომსვლელები რომელმაც აღნიშნა რომ გაუსაძლისი პირობების მიუხედავად 15 წლის სტალინი უკვე ბრძოლაში იყო ჩართული და რუსეთის იმპერიის წინაღმდეგ მოქმედებდა.

გამომსვლელები შეეხნენ ისეთ პოპულარულ თემებსაც, როგორიც მაგალითად პროპორციული არჩევნები იყო. მათი თქმით, ყველა ადამიანი უნდა იყოს ჩართული არჩევნებში და ყველას, მათ შორის საქართველოს კომუნისტურ პარტიას უნდა ჰქონდეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. მაჟორიტარების შესახებ გამომსვლელებს აზრი არ გამოუთქვამთ.

 

 

 

კიდევ ერთი აღსანიშნავი ფაქტია რომ მუზეუმი ამ დღეს ქართველი დამთვალიერებლისთვის არაოფიციალურად ღია იყო. აღნიშნულის შესახებ მუზეუმის მაკონტროლებელ ორგანოს არანაირი დადგენილება არ გამოუცია, თუმცა მუზეუმის დაცვა და ბილეთების კონტროლიორი ქართულად მოსაუბრეებს ბილეთის გარეშე სთავაზობდნენ შესვლას. აგრეთვე, მუზეუმის თანამშრომლები ამ დღეს ერთმანეთს ულოცავდნენ, რაც სავარაუდოდ საბჭოთა ეპოქიდან მოყოლებული არაოფიციალური ტრადიციის გაგრძელებაა.

2019 და 2020 წლებშიც სტალინის მუზეუმი კვლავ რჩება ერთი მხრივ საქართველოს ერთადერთ სამუზეუმო დაწესებულებად, რომელიც თავისი შემოსავლებით არსებობს და სახელმწიფოსგან სიმბოლურ, წელიწადში 10.000 ლარის ოდენობის დოტაციას იღებს. ამავდროულად საკითხში ჩახედული ადამიანები განსაკუთრებით დასავლური ქვეყნებიდან გაკვირვებას, გულისწყრომას და ხშირად აღშფოთებას ვერ მალავენ იმის გამო თუ როგორ წარმოაჩენს დამოუკიდებელი და ევროპისკენ მავალი სახელმწიფო XX საუკუნის ყველაზე დიდი ბოროტების, საბჭოთა გულაგების და რეპრესიების სისტემის ავტორს და მილიონობით საკუთარი მოქალაქის განადგურების არქიტექტორს. არაერთი სტატია იწერება სტალინის მუზეუმის განახლების და მასში ეპოქის სწორად, პროპაგანდისგან დაცლილად წარმოჩენის თაობაზე, თუმცა სახელმწიფო ორგანოების პოზიცია უცვლელია და „ადგილობრივი მოსახლეობის გულისწყრომის თავიდან აცილების“ თუ „მუზეუმის შემოსავლიანობის“ მოტივით არანაირი ცვლილება არ ხორციელდება.

 ეპოქის მცოდნე ვიზიტორების ყურადღება არ შეიძლება არ მიიპყროს მუზეუმში ფორმალურად გაკეთებულმა დაკითხვების ოთახის რეკონსტრუქციამ და მუზეუმის შიდა სივრცეში სტენდმა, რომელშიც რეპრესირებული ქართველი მწერლების და საზოგადო მოღვაწეების ფოტოებია განთავსებული. ორივე ადგილას მუზეუმის გიდებს ხშირად არ მიჰყავთ ტურისტები, ასევე არც ერთგან არაა ინფორმაცია რომელიმე ენაზე, რათა დამთვალიერებლებმა წაიკითხონ რას ეხება ოთახი ან სტენდი, შესაბამისად ამ ადგილების არსებობა მხოლოდ ფორმალურ და არა საინფორმაციო ხასიათს ატარებს.

მეხსიერების ადგილები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ქვეყნის უახლესი ტრამვული წარსულის გადააზრებაში და გარდა უბრალოდ საინფორმაციო ხასიათისა, ისინი წარმოადგენენ ერთგვარ პრევენციულ მექანიზმს რეპრესიული იდეოლოგიებისა და ძალების ხელახლა აღმოცენების წინააღმდეგ. სტალინის ფიგურა და სტალინიზმი განსაკუთრებით პრობლემურია ქართული კოლექტიური მეხსიერებისთვის, რადგან სტალინის კულტი ქართულ სივრცეში ხშირ შემთხვევაში გადაჯაჭვულია ქართულ ნაციონალისტურ სენტიმენტებთან. ეს ნიშნავს იმას, რომ თუკი, მაგალითად, რუსი სტალინისტებისთვის სტალინი საკულტო ფიგურაა იმის გამო, რომ მან მეორე მსოფლიო ომში გაიმარჯვა, ქართველი სტალინისტებისთვის იგი ღირებულია უპირველეს ყოვლისა მისი ქართველობის და არა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების გამო. ამგვარი სენტიმენტები ნასაზრდოებია, ერთი მხრივ, საბჭოთა პროპაგანდით, რომელიც სტალინის კულტს ქმნიდა მისი მმართველობის პერიოდში, მეორე მხრივ კი საბჭოთა ისტორიოგრაფიით, რომელიც დიდწილად სტალინის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ შეიცვალა და მისი სახელი ქართველ მნიშვნელოვან ისტორიულ ფიგურებთან გადაჯაჭვა. სწორედ ამ მიმართების ვიზუალური რეპრეზენტაციაა პრორტრეტები, რომლებშიც სტალინს ხან ვეფხისტყაოსანი უჭირავს ხელში, ხან კი ილია ჭავჭავაძის გვერდით დგას. 2019-შიც მსგავსი, ერთი შეხედვით წარმოუდგენელი ეკლექტიკა შემოგვთავაზეს დაბადების დღის მონაწილეებმა, რომლებიც დადიოდნენ და კალენდარს ავრცელებდნენ სტალინისა და პატრიარქ ილია მეორის პორტრეტებით.

 

 

 

გარდა პორტრეტებისა, მის სახლ-მუზეუმში თვალშისაცემია მისი ლექსები, რომლებსაც მუზეუმის გიდები ხშირად წარმოაჩენენ, როგორც მის პატრიოტული სენტიმენტების გამოვლინებას საქართველოსადმი. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ დღესდღეისობით სტალინის სახლ-მუზეუმი გორში ემსახურება არა ქვეყნის ტრამვული წარსულის გადააზრებას, არამედ სწორედ ამ წარსულში შექმნილი კულტის კვლავწარმოებას.

2012 წლამდე თითქოს არსებობდა მცდელობა, რომ სტალინის სახლ-მუზეუმის კონცეფცია შეცვლილიყო. ამის გამო მუზეუმს დაემატა ექსპოზიცია, რომელშიც წარმოდგენილი იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის კადრები და ამავე ომში დაღუპული ადამიანების სახელები. ეს ექსპოზიცია, ისევე, როგორც აგვისტოს ომის შემდეგ გორის ცენტრიდან სტალინის ძეგლის აღებას, წარმოადგენდა ერთგვარ მცდელობას, რომ ქართულ კოლექტიურ მეხსიერებაში შექმნილიყო ერთგვარი განგრძობადობა საბჭოთა ოკუპაციასა და საქართველოს თანამედროვე ოკუპაციას შორის, თუმცა ძირეული ცვლილებები, რომლებიც ორიენტირებული იქნებოდა ქვეყნის ისტორიის ობიექტურ კვლევაზე, მუზეუმის კონცეფციაში არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დაწესებულება მოიცავს ექსპოზიციას სტალინური რეპრესიების შესახებ, რომელიც საკმაოდ ზედაპირულია, აქ არაფერია ნათქვამი, მაგალითად, სტალინის ნაციონალიზმის პოლიტიკაზე, რომელმაც გეოპოლიტიკური და ეთნიკური „ბომბები“ ჩადო მთელ რეგიონში, რომლებმაც შემდგომში ეთნიკური კონფლიქტების სახით იფეთქა.

საქართველოში მეხსიერება მხოლოდ მაშინ აქტიურდება, როდესაც მტრულად განწყობილი სახელმწიფოს პრეზიდენტი ჩვენი ქვეყნის ისტორიის საკუთარი ინტერპრეტაციით მოყოლას იწყებს, რისი მიზანიც ტერიტორიების ოკუპაციის გამართლება და ქართველი ერის მნიშვნელობის დაკნინებაა. ასეთ დროს მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, პარლამენტის და სხვა ოფიციალური უწყებების წარმომადგენლები აქტიურდებიან, თუმცა რამდენიმე დღეში ვნებათაღელვა ცხრება და ქვეყანა კვლავ ივიწყებს რომ საჭიროა კვლევითი ცენტრების, მუზეუმების, უნივერსიტეტების, ისტორიკოსების, მეხსიერების კვლევების სპეციალისტების რეალური წახალისება და ამისთვის სახსრების გამოყოფა, რათა ქვეყანა მომზადებული დახვდეს ორკესტრირებულ ყალბ ინფორმაციას, რომლის უკანაც მტერი სახელმწიფოს კარგად დაფინანსებული პროპაგანდისტული ცენტრები დგანან. ხელისუფლებაში მხოლოდ მაშინ იწყებენ ლუსტრაციის კანონის აუცილებლობაზე საუბარს, როდესაც რომელიმე „სუკ“-ის აგენტობაში ეჭვმიტანილი ქვეყნისთვის დამაზიანებელ განცხადებებს გააკეთებს, თუმცა ეს საუბრების რამდენიმე დღეში დავიწყებას მიეცემა ხოლმე. სტალინის სახლ-მუზეუმიც ამ წინდაუხედავი მეხსიერების პოლიტიკის მაგალითია. მუზეუმი, რომელიც შესაძლოა იქცეს საბჭოთა მეხსიერების კვლევების მთავარ სივრცედ ქვეყანაში, სადაც ქართველი ხალხი გადაიზარებს სტალინურ მემკვიდრეობას არა მარტო რეპრესიების, არამედ ეთნიკური კონფლიქტების კუთხითაც, დღესდღეისობით ყუარდღების მიღმაა დარჩენილი და სტალინის, როგორც საკულტო ფიგურის რეპრეზენტაციითაა დაკავებული.

საქართველოს სჭირდება ეროვნული ნარატივის შექმნა, რომელიც დაფუძნებული იქნება ისტორიის სწორად, სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებულ გააზრებაზე. ეს აუცილებელია, ერთი მხრივ, იმისთვის, რომ საზოგადოებაში არსებობდეს წარსულის ობიექტური აღქმა, რომელიც დაცლილი იქნება მანიპულაციისგან, მეორე მხრივ კი ეს არის ერთგვარი გარანტი იმისა, რომ ჩვენს საზოგადოებაში აღარ აღმოცენდეს ისეთი ტოტალიტარული იდეოლოგიები, როგორიც იყო სტალინიზმი და საბჭოთა კომუნიზმი. მუზეუმებს ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ და სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნების არსებობა, რომ სტალინის სახლ-მუზეუმის კონცეფცია დაეფუძნოს სტალინიზმის ობიექტურ კვლევას ქვეყანაში.

 

მასალისა და ფოტოების მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით ელგუჯა (გიორგი) კაკაბაძეს - ილიას უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერდისციპლინური პროგრამის ისტორიის მიმართულების დოქტორანტს.