აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის მეხუთე სხდომა

5 ნოემბერი 2015 Shadow

2015 წლის 2 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის მეხუთე პლენარული სხდომა გაიმართა.

სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული ორმხრივი დიალოგის ძირითადი ფორმატია, რომლის მიზანია აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის  მიზნის ხელშეწყობა.

პლენარულ სხდომას ხელმძღვანელობდნენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ენტონი ბლინკენი და საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

მხარეებმა სხდომაზე განიხილეს საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები, ასევე საქართველოს უსაფრთხოების, ეკონომიკის და დემოკრატიის განმტკიცების საკითხები.

ენტონი ბლინკენმა რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერის შესახებ:

ჩვენ კვლავ ვართ ერთგულნი ბუქარესტის სამიტზე გაცხადებული პირობისა რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ამ მიმართულებით.“ - განაცხადა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ

 

მან ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის, რაც გამოიხატება ავღანეთში ნატოს სამხედრო მისიაში („ურყევი მხარდაჭერა“) აქტიურ მონაწილეობაში, სადაც საქართველო სამხედრო კონტინგენტის კონტრიბუციით მეორე ქვეყანაა. აშშ-მ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს გაეროს სამშვიდობო ოპერაციებისადმი ერთგულებისთვის, და პატივი მიაგო იმ მსხვერპლს, რომელიც ქართველმა ჯარისკაცებმა და მათმა ოჯახებმა გაიღეს.

აღნიშნული განცხადება მიუთითებს სამხედრო თვალსაზრისით საქართველოს მზადყოფნაზე გახდეს ევრო-ატლანტიკური საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ეს გზავნილი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ნატოს ვარშავის სამიტის წინ.

საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანია საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვება და პარტნიორი ქვეყნების დახმარება ამ მხრივ. ბლინკენის განცხადებით აშშ კიდევ ერთხელ უცხადებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს საერთაშორისო მხარდაჭერაზე. აშშ-მ გამოუხატა მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას, რათა უზრუნველყოს სახელმწიფო სერვისების მიწოდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებელთათვის. ასევე მხარეები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია გამახვილდეს ყურადღება რუსეთის მიერ დაფინანსებულ საქმიანობებზე საქართველოში და მოხდეს მუდმივი მონიტორინგი და დროული საპასუხო რეაგირება.

ბლინკენმა ასევე მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესაბამისად და მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობას, გაწონასწორებული რეაქციისთვის რუსული პროვოკაციების საპასუხოდ.

ბლინკენის განცხადებით „მსოფლიოს სჭირდება წარმატებული და დემოკრატიული საქართველო“. მან ასევე აღნიშნა, რომ ეკონომიკური და სამართლებრივი რეფორმების გატარებით საქართველო ზრდის საკუთარი მოქალაქეებისა და სახელმწიფოს განვითარებს შესაძლებლობას.

განცხადებაში ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილმდებარეობას - აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელ ფუნქციას, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებას.

სახელმწიფო მდივანმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-საქართველოს ეკონომიკური პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მიზნით, აღებულია თანამშრომლობისთვის საჭირო პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმის ვალდებულება კონკრეტულ სფეროებში, მათ შორის - სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, განახლებადი ენერგიის, სოფლის მეურნეობის, გარემოს, ტურიზმის, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის, ინტელექტუალური საკუთრების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების სფეროებში.

ბლინკენი ასევე გამოეხმაურა უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და აღნიშნა, რომ  საქართველომ უნდა განაგრძოს ისეთი პოლიტიკური გარემოს უზრუნველყოფა სადაც პოლიტიკურ და უმცირესობათა ჯგუფებს შეეძლებათ გამოხატონ საკუთარი აზრი თავისუფლად. 

ხაზი გაესვა დამოუკიდებელი სასამართლოს მნიშვნელობას და გაკეთდა მოწოდებები რათა უზრუნველყოფილი იყოს პოლიტიკური პარტიებისა და მედია საშუალებების მრავალფეროვნება, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარებისთვის.