აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიში რუსეთის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის შესახებ

5 თებერვალი 2021 Shadow

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიში რუსეთის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის შესახებ

2020 წლის აგვისტოში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის "გლობალური ჩართულობის ცენტრმა" (GEC) რუსეთის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც მიმოხილულია რუსული დეზინფორმაციის გავრცელების სტრატეგია და ძირითადი საყრდენები. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საინფორმაციო ველში რუსეთი იყენებს მუდმივ ხელოვნურ დაპირისპირებებს იმისათვის, რომ ფართოდ გაავრცელოს რუსული დეზინფორმაცია და პროპაგანდა. ამისთვის იგი მიმართავს მრავალფეროვან მეთოდებს, რომლებიც ერთი მეორეს აძლიერებს მაშინაც კი, როდესაც შესაძლოა, ამგვარი ქსელების მიერ გავრცელებული ცალკეული მესიჯები წინააღმდეგობაშიც კი მოდიოდეს ერთმანეთთან. დეზინფორმაციის გასავრცელებლად რუსეთი სხვადასხვა წყაროს იყენებს - ოფიციალური სამთავრობო განცხადებები, მთავრობის მიერ დაფინანსებული მედია, ბოტები, ყალბი ანგარიშები სოციალურ ქსელში, დეზინფორმაციის გასავრცელებელი კიბერ ოპერაციები და ტაქტიკების ნაირსახეობა, რასაც ეს წყაროები იყენებენ. ამგვარი მიდგომა რუსეთს სამი სახის უპირატესობას ანიჭებს: პირველი, ამ მეთოდით ერთი და იმავე ნარატივის რამდენიმე ვარიაცია იქმნება. კრემლის მიერ შექმნილ ნარატივს სხვადასხვა აქტორები სხვადასხვაგვარად ხვეწენ, რათა სხვადასხვა ტიპის აუდიტორიას მოერგონ; მეორე, როდესაც ამ ტიპის აქტორები საზიანო ინფორმაციას ავრცელებენ, კრემლს აქვს შესაძლებლობა, რომ საზოგადოების მხრიდან წამოსული კრიტიკა აირიდოს და აქტორებზე გადაანაწილოს; და ბოლოს, აქტორებისა და მეთოდების სიმრავლე ზრდის დეზინფორმაციის გავლენის არეალს.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია აღნიშნული, რუსული დეზინფორმაცია და პროპაგანდა ხუთ ძირითადად მექანიზმს ემყარება:

1. ოფიციალური სამთავრობო კომუნიკაცია

- კრემლის ან სამინისტროების განცხადებები;

- ოფიციალური სამთავრობო პოსტები სოციალურ ქსელებში;

- რუსი მაღალჩინოსნების განცხადება.

 2. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული, საერთაშორისო აუდიტორიაზე გათვლილი მესიჯები

- სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული, უცხოეთზე გათვლილი მედია;

- სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ადგილობრივი მედია;

- რუსეთის მიერ დაფინანსებული მედია, რომელიც საზღვარგარეთაა დაფუძნებული;

- რუსული საერთაშორისო სოციო-კულტურული ინსტიტუტები.

 3. ახალი საინფორმაციო წყაროების შექმნა და გაფართოება

- საერთაშორისო აუდიტორიაზე გათვლილი, რუსეთთან აფილირებული წყაროები;

- ლოკალურ ენაზე მომუშავე წყაროები;

- რუსული ნარატივების მიზანმიმართული გამავრცელებლები;

- რუსული ნარატივების არამიზანმიმართული გამავრცელებლები;

- უცხოური სახელმწიფო ნარატივების გავრცელება.

 4. სოციალური მედიის ინსტრუმენტალიზაცია

- ადგილობრივ საზოგადოებრივ დისკუსიებში ჩარევა;

- ინსტიტუტებისადმი ნდობის შესარყევად კამპანიების წამოწყება;

- საპროტესტო გამოსვლების ან სამოქალაქო არეულობის გამწვავება.

 5. დეზინფორმაციის გასავრცელებელი კიბერ ოპერაციები

- ჰაკერული თავდასხმები;

- ვებგვერდების მიტაცება;

- ვებგვერდების კლონირება;

- დოკუმენტების გაყალბება;

- ოფიციალურ წყაროებზე ან ობიექტურ მედიაზე თავდასხმა.

 

 

ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტმა ანგარიშში შეიტანა ერთგვარი მოდელი, თუ როგორ ვრცელდება რუსული დეზინფორმაცია. მაგალითად, ანგარიშში მოყვანილია ყალბი ინფორმაცია, რომ აშშ-მ შექმნა კორონავირუსი და მისი გავრცელების მექანიზმი. აღნიშნული ნარატივის პროპაგანდა დაიწყო 2020 წლის იანვარში, როდესაც Zvezda TV-მ ჩაწერა ინტერვიუ ე.წ. ექსპერტთან. ექსპერტის ინტერვიუს მოჰყვა ჟირინოვსკის მსგავსი შინაარსის განცხადება, პროპაგანდისტული წყაროების მიერ იგივე ინფორმაციის გაფართოება, ნარატივის გავრცელება სოციალურ მედიაში და RT-სა და Sputnik-ის მიერ ამავე შინაარსის ინფორმაციის ფართო აუდიტორიებამდე მიტანა. უკვე 2020 წლის თებერვალში ზემოაღნიშნულმა ნარატივმა შეაღწია საინფორმაციო ველში, 2020 წლის მარტ-აპრილში კი ფართოდ გავრცელდა საზოგადოებასა და საინფორმაციო ველში.

 

 

გარდა რუსული დეზინფორმაციის გავრცელების სტრატეგიისა, ანგარიშში განხილულია რუსული დეზინფორმაციის წყაროები, რომლებსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს კრემლის სტრატეგიაში. ესენია: The Strategic Culture Foundation, Global Research, New Eastern Outlook, News Front, SouthFront, Katehon, Geopolitica.ru.

 

The Strategic Culture Foundation

The Strategic Culture Foundation არის 2005 წელს რუსეთში რეგისტრირებული ონლაინ ჟურნალი, რომელიც იმართება რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ და მჭიდროდაა დაკავშირებული რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. თავდაპირველად იგი მხოლოდ რუსულ ენაზე გამოიცემოდა, შემდეგ კი, 2010 წელს, დაემატა ინგლისურენოვანი გამოცემაც. აღნიშნული ჟურნალი მნიშვნელოვან როლს თამაშობს რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელებაში. მისი ძირითადი სტრატეგიაა უცხოელი ავტორებისა და კონსპირაციის თეორიების შემქმნელებისთვის პლატფორმის შექმნა, რაც ჟურნალის რუსულ წარმომავლობას ფარავს. ამგვარი ტაქტიკის შედეგად, ჟურნალი ისე წარმოაჩენს სიტუაციას, თითქოს, მისი ავტორები აჟღერებენ დასავლური საზოგადოების ხმას. The Strategic Culture Foundation თანამშრომლობს კანადურ ვებგვერდთან Global Research, რომელიც ქვემოთაა განხილული და ჩინურ-ინგლისურენოვან ვებგვერდთან - The 4th Media. Global Research-ის კონსპირაციული თეორიების ავტორების სტატიები აქტიურად ქვეყნდება The Strategic Culture Foundation-შიც.

 

New Eastern Outlook

New Eastern Outlook არის რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ფსევდო აკადემიური ჟურნალი, რომელიც ახლო აღმოსავლეთის, აზიისა და აფრიკის თემებზე ქმნის დეზინფორმაციასა და პროპაგანდას. იგი აერთიანებს რუსი, პროკრემლისტი აკადემიკოსებისა და კონსპირაციის თეორიების შემქმნელი დასავლელი ავტორების ანტი-ამერიკულ მოსაზრებებს. New Eastern Outlook-ის ინგლისურენოვან ვებგვერდზე გარკვევით არაა აღნიშნული, რომ იგი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მიერ შექმნილი პროდუქტია. New Eastern Outlook-ის ტირაჟირებას ახდენენ შემდეგი საერთაშორისო გამოცემები: American Herald Tribune, Qoshe, vijayvaani.com, New Age, The Fringe News, CounterCurrents.org, OffGuradian, Veterans Today.

 

Global Research

Global Research კანადური ვებ-გვერდია, რომელიც მჭიდროდაა გადაჯაჭვული რუსულ დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან. Global Research აერთიანებს უამრავ მარგინალიზებულ ავტორს და კონსპირაციული თეორიებს შემქნმნელს, რითაც შემდგომ სარგებლობენ რუსული და ჩინური ვებ-გვერდები, რომლებთანაც Global Research პარტნიორობს 2010 წლიდან. აღნიშნული ვებ-გვერდი აჟღერებს ე.წ. „დასვალური საზოგადოების ხმას“, რითაც შემდგომ რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდისტული ეკოსისტემის სხვა ელემენტები სარგებლობენ. Global Research აქტიურად თანამშრომლობს Strategic Culture Foundation-თან, The 4th Media-სა და SouthFront-თან. ვებ-გვერდი, ასევე, ჩართული იყო COVID-19-თან დაკავშირებით ყალბი ინფორმაციის შექმნასა და გავრცელებაში. მაგალითად, 2020 წლის 12 მარტს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა Twitter-ზე გააზიარა Global Research-ის ორი სტატია, რომელშიც აშშ იყო დადანაშაულებული კორონავირუსის პანდემიის აფეთქებაში. ასევე, Global Research-მა გამოაქვეყნა შვიდი ავტორის სხვადასხვა სტატია, რომლებიც Facebook-ის მიერ იდენტიფიცირებული არიან, როგორც რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) მიერ შექმნილი ყალბი ონლაინ პერსონები.

News Front

News Front არის ყირიმში დაფუძნებული საინფორმაციო პორტალი, რომელიც ავრცელებს რუსულ დეზინფორმაციასა და პროპაგანდას და რომლის გაცხადებულ მიზანსაც წარმოადგენს „ინფორმაციის ალტერნატიული წყაროს შექმნა“ დასავლური საზოგადოებისთვის, რაც, თავის მხრივ, რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის აქტორებს შორის ბრენდინგის ფართოდ გავრცელებული ტექნიკაა. როგორც ვარაუდობენ, პორტალი დაკავშირებულია რუსულ უშიშროების სამსახურებთან და ფინანსდება კრემლიდან. იგი ძირითადად ფოკუსირებულია უკრაინაში რუსეთთან დაკავშირებული აქტორების მხარდაჭერაზე. News Front რუსული დეზინფორმაციის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გამავრცელებელია და მუშაობს არაერთი ქვეყნის აუდიტორიაზე. ამ ქვეყნების ჩამონათვალშია საქართველოც, თუმცა, აღსანიშნავია, რომ Facebook-მა ქართული News Front-ის ანგარიში დაბლოკა.

 

SouthFront

SouthFront რუსეთში მოქმედი მრავალენოვანი ვებგვერდია, რომელიც ავრცელებს რუსულ დეზინფორმაციას, ძირითადად, სამხედრო და უსაფრთხოების თემებზე. ვებგვერდი სამხედრო სისტემებისა და მიმდინარე კონფლიქტების შესახებ კრემლისტური ნარატივების გასავრცელებლად იყენებს მრავალფეროვან ინფოგრაფიკებს, რუკებსა და ვიდეოებს. SouthFront-ის გვერდზე მაქსიმალურადაა შენიღბული მისი კავშირი რუსეთთან და მის ძირითად სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ ვეტერანები, სამხედრო საკითხებით დაინტერესებული პირები და კონსპირაციის თეორიების მოყვარულები. არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომ SouthFront დაკავშირებულია News Front-თან.

 

Geopolitica.ru

Geopolitica.ru არის პლატფორმა რუსი ულტრანაციონალისტებისთვის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გასავრცელებლად, რომლის სამიზნე აუდიტორიაც არის დასავლური საზოგადოება. Geopolitica.ru აქტიურად მისდევს რუსი ფილოსოფოსისა და ულტრა-ნაციონალისტის, ალექსანდრ დუგინის, "ევრაზიანისტულ" იდეოლოგიას. ამის გამო იგი პოზიციონირებს, როგორც დასავლური ლიბერალური და დემოკრატიული იდეალების წინააღმდეგ საინფორმაციო ომში ჩართული პლატფორმა. ვებგვერდი აქტიურად თანამშრომლობს რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის სხვა წყაროებთან, რაც ზრდის მის გავლენას საერთაშორისო საზოგადოებაზე. Geopolitica.ru სტატიებს აქვეყნებს ინგლისურ, რუსულ, ესპანურ, იტალიურ, სერბულ, ფრანგულ, პოლონურ, არაბულ და ურდუს ენებზე.

 

Katehon

Katehon ოფიციალურად მოსკოვში მოქმედი think tank-ია, რომელიც, სინამდვილეში, საკუთარი ვებგვერდის მეშვეობით ავრცელებს ანტი-დასავლურ დეზინფორმაციასა და პროპაგანდას. ვებგვერდი ხუთ ენაზე ფუნქციონირებს. მისი ძირითადი მიზანია ევროპულ აუდიტორიაზე გათვლილი ანალიტიკური მასალების შექმნა რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელების მიზნით. Katehon იმართება ისეთი პირების მიერ, რომელთაც აშკარა კავშირები აქვთ რუსეთის ხელისუფლებასთან:

სერგეი გლაზიევი - პუტინის ყოფილი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში და ამჟამად ევრაზიის ეკონომიკურ კომისიაში ინტეგრაციისა და მაკროეკონომიკის მინისტრი. გლაზიევი აშშ-ის მიერ რუსეთისთვის უკრაინაში განხორციელებული ქმედებების გამო დაწესებულ სანქციებშიც მოჰყვა.

ანდრეი კლიმოვი - რუსეთის ფედერალური საბჭოს საგარეო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვისა და რუსეთის ფედერაციის შიდა საქმეებში გარე ჩარევის პრევენციისთვის შექმნილი დროებითი კომისიის თავმჯდომარე.

ლეონიდ რეშეტნიკოვი - რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი გენერალ-ლეიტენანტი. 2017 წლამდე იყო რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელი, რომელიც რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ნაწილი იყო და ამჟამად ატარებს კვლევებს კრემლისთვის. პრესაში გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის კვლევა მოიცავდა აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გეგმებს.

ალექსანდრ მაკაროვი - რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი გენერალ-ლეიტენანტი.

 

როგორც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია აღნიშნული, ზემოხსენებული შვიდივე პლატფორმა 2020 წლის თებერვალ-აპრილში აქტიურად იყო ჩართული COVID-19-თან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელებაში. ისინი ძირითადად ავრცელებდნენ იმგვარ ინფორმაციას, რომელიც პანდემიის საკითხებთან მიმართებაში პოზიტიურად წარმოაჩენდა რუსეთს და საზოგადოებას კრიტიკულად განაწყობდა აშშ-ს მიმართ. ვებგვერდებისა და სოციალური მედიის ანალიზის საფუძველზე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში განხილულია სხვადასხვა კოორდინირებული მეთოდი, რომელთა მეშვეობითაც ხდებოდა რუსული ნარატივების გაფართოება საერთაშორისო დონეზე. მაგალითად, 2020 წლის თებერვალ-აპრილში Global Research-მა, SouthFront-მა, New Eastern Outlook-მა და Strategic Culture Foundation-მა 141-ჯერ გამოაქვეყნეს ერთი და იგივე მასალა. ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტმა ანგარიშში შეიყვანა ზემოხსენებული პლატფორმების ვებგვერდების ვიზიტორებისა და მასალების სტატისტიკა, რომელიც მოიცავს 2020 წლის თებერვალ-აპრილის მონაცემებს.

 

ვებ-გვერდი

ვიზიტორების რაოდენობა

გამოქვეყნებული სტატიების რაოდენობა

თითო სტატიის მკითხველების პოტენციური რაოდენობა

თითო სტატიის პოტენციური მკითხველების ფარდობა Global Research-ის მონაცემთან

Global Research

12,370,000

2,307

351,247

--

News Front

8,950,000

3,617

41,895

0.12

SouthFront

4,300,000

1,546

126,411

0.36

Geopolitica.ru

1,480,000

224

145,304

0.41

Strategic Culture Foundation

990,000

420

48,789

0.14

New Eastern Outlook

540,000

402

17,667

0.05

Katehon

225,000

26

17,982

0.05

 

განხილული წყაროებისა და მათ მიერ გამოყენებული კოორდინირებული მეთოდების შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის "გლობალური ჩართულობის ცენტრის" ანგარიშში.