საბჭოთა კავშირის მასობრივ ოპერაციათა შორის ყველაზე მასშტაბური იყო ე.წ. „კულაკური“ ოპერაცია, რომელიც სსრკ შინსახკომის № 000447 ოპერატიული ბრძანების საფუძველზე განხორციელდა. 1937 წლის 30 ივლისს სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის, ნ.ი.ეჟოვის მიერ ხელმოწერილი ეს ბრძანება დაედო საფუძვლად რეპრესიული აქციის განხორციელებას ყოფილი „კულაკების“, სისხლის სამართლის დამნაშავეებისა და სხვა „ანტისაბჭოთა ელემენტების“ წინააღმდეგ. კულაკური ოპერაცია - ეს იყო პროცესი შეძლებული გლეხობის და სხვა „ანტისაბჭოთა“ ელემენტების წინააღმდეგ. „კულაკური ოპერაციის“ ფარგლებში საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის (სსრკ) მასშტაბით მსჯავრი დაედო დაახლოებით 800 ათას ადამიანს. მათგან თითქმის ნახევარს, დახვრეტა მიესაჯა. მათ შორის, საქართველოში "კულაკური ოპერაციის" ფარგლებში სულ გასამართლდა 21.107 ადამიანი, რომელთაგან 10.563-ს დახვრეტა, ხოლო 10.544-ს გადასახლება მიესაჯა. ვრცლად საქართველოში განხორციელებული მასობრივი რეპრესიების სტატისტიკის შესახებ იხილეთ IDFI-ს მიერ მომზადებული ინფოგრაფიკა.
გთავაზობთ სტატიას, რომელიც წარმოადგენს ინტერვიუს ჰოლოდომორის მკვლევარ, ალექსანდრ ბაბენშევთან. პირველად გამოქვეყნდა საიტზე: https://www.svoboda.org/
„მე თქვენ მიყვარდით და მიყვარხართ, იოსებ ბესარიონოვიჩ. მე არ მჯერა, რომ თქვენ დაუშვებთ ჩემს სიკვდილს ახალგაზრდობის გაფურჩქვნის წლებში ასე ტრაგიკულად და უაზროდ, შიმშილით“ - წერდა 1932 წლის დეკემბერში მე-9 კლასის მოსწავლე კომკავშირელი, ხარკოვის ოლქის წითელი პარტიზანის ქალიშვილი. თუმცა სტალინმა დაუშვა ისევე როგორც ამ მოსწავლის, ასევე საბჭოთა კავშირის მილიონობით სხვა მოქალაქის შიმშილით სიკვდილი. მეტიც, მან თავად გამოიწვია ეს შიმშილი.
რამდენი სიცოცხლე წაიღო ჰოლოდომორმა? დემოგრაფი ალექსანდრ ბაბენშევი ამ კითხვაზე პასუხს 40 წელზე მეტხანს ეძებდა. საბჭოთა პერიოდში მისი კვლევები ვრცელდებოდა სამიზდატის მეშვეობით და დასავლეთში ქვეყნდებოდა ფსევდონიმით - სერგეი მაკსუდოვი. აღნიშნულ ფსევდონიმს წააწყდებით მოსკოვში 2019 წელს გამოშვებული წიგნის ყდაზე: „გამარჯვება სოფელზე: კოლექტივიზაციის დემოგრაფიული დანაკარგები“, წიგნი ალექსანდრ ბაბენშევის მრავალწლიანი შრომის შედეგია, რომელიც სწავლობდა საბჭოთა კავშირის მაცხოვრებელთა ჩვენებებს და დოკუმენტებს - მათ შორის კომპარტიის სმოლენსკის საოლქო კომიტეტის, რომელიც გერმანელებმა ხელთ იგდეს მეორე მსოფლიო ომის დროს, საბოლოოდ კი აშშ-ში აღმოჩნდა.
დისიდენტური მოძრაობის წევრი, აკადემიკოს სახაროვის მეგობარი, ალექსანდრ ბაბენშევი 1981 წელს საბჭოთა კავშირიდან ემიგრაციაში წავიდა. ბოსტონში ის გახდა ჰარვარდის უკრაინული ინსტიტუტის პროექტ „ჰოლოდომორის“ მონაწილე. 1987 წელს, გამომცემლობამ „არდისი“ გამოსცა კრებული: „გაუგონარი ხმები. კულაკები და პარტიულები“, რომელიც ბაბენშევმა სმოლენსკის არქივის დოკუმენტების საფუძველზე მოამზადა.
თავის პირველ წიგნში - „გამარჯვება სოფელზე“ შეფასებულია გაკულაკების, დეპორტაციებისა და შიმშილის შედეგად მიღებული დანაკარგები. დაღუპულთა ზუსტი რიცხვი აქამდე უცნობია. ალექსანდრ ბაბენშევი პირდაპირ და ირიბ დანაკარგად თვლის 10 მილიონ ადამიანს. ის მივიდა დასკვნამდე, რომ კოლექტივიზაცია იქცა მეორე სამოქალაქო ომად - ომად ღარიბებისა შეძლებულების წინააღმდეგ, ქალაქსა და სოფელს შორის, ხელისუფლების ომად სოფლად მაცხოვრებელთა წინააღმდეგ. გლეხობა, რომელიც კვებავდა მთელ ქვეყანას დადგა არჩევანის წინაშე: შიმშილით სიკვდილი თუ ხელისუფლებისადმი უპირობო მორჩილება. მიხვდნენ რა რომ წინააღმდეგობა გამოიწვევდა გარდაუვალ სიკვდილს, სოფლის მაცხოვრებელი დანებდა.
წიგნი - "გამარჯვება სოფელზე"
ამ ომის შედეგად იქცა იქამდე გაუგონარი მუტაცია - საბჭოთა ადამიანის საბოლოო ჩამოყალიბება, „პასიური ადამიანი, რომელიც მზადაა შეასრულოს უფროსობის აბსურდული ბრძანებები; ასეთი ადამიანი უფრთხოდა მოულოდნელობებს, არ უყვარდა საკუთარი შრომა, შეძლებისდაგვარად ცდილობდა არ დაეცვა კანონები, თვლიდა მოპარვას საკუთრების გადანაწილების ერთადერთ საშუალებად და დაცლილი იყო საკუთარი თავის პატივისცემისგან. საკუთარ ტყავზე გლეხი მიხვდა, რომ არ ღირს არავის ენდო, რომ ადამიანი ადამიანის მტერია: მას შეუძლია წაგართვას უკანასკნელი ძროხა და პურის ბოლო ნამცეცი“, - წერს ბორის გრიზოვსკი „სოფელზე გამარჯვების“ რეცენზიაში. გლეხს უნდა დაეთმო ყოველგვარი წყალობა და ზოგადად ახლობლისადმი ყველანაირი გრძნობა, არაფერს ვამბობთ საკუთარი უფლებების დაცვაზე. შიმშილი იქნა ადამიანობის დაკარგვის მთავარ ინსტრუმენტად“.
გთავაზობთ ინტერვიუს წიგნის ავტორთან, ალექსანდრ ბაბენშევთან:
საბოლოო ჯამში როგორი ციფრები მიიღეთ?
სანამ ციფრებზე ვისაუბრებთ გეტყვით, ზუსტად რა შევაფასეთ. მე დანაკარგად მივიჩნევ იმას, რომ მოსახლეობამ ვერ მიაღწია საკუთარ ასაკამდე. საკუთარი ასაკი არის ის ნორმა, რომელსაც მოსახლეობა ჩვეულებრივ პირობებში აღწევს. კოლექტივიზაციამდე ამ შედეგს გვაჩვენებს 1926 წლის მოსახლეობის აღწერა. აღწერის საფუძველზე ჩვენ ვიცით, ვინ იყო 10 წლის, 20 წლის და ა.შ. რამდენი წელი უნდა ეცხოვრა იმ პირობებში, რაც დაფიქსირებული იყო აღწერაში? აღწერა და სიკვდილიანობის გრაფიკი ერთდროულად იქმნება. შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობა უნდა იყოს ამდენი და ამდენი. ვადარებთ რა მოსახლეობას, რამდენიც უნდა ყოფილიყო და იმას, რაც რეალურად იყო, ჩვენ ვხედავთ დანაკარგებს. უნდა ყოფილიყო 10 მილიონი მოსახლე გარკვეული ასაკის, იყო 8, შესაბამისად 2 მილიონი დანაკარგია. მშვიდობიანი და კარგი დროების ჰიპოთეზის საფუძველზე ვაგებთ სამომავლო პროგნოზს, როგორ შეიცვლება მოსახლეობის რიცხოვნობა. ბუნებრივია, რომ მოსახლეობა ბერდება, ჩნდება ახალი თაობა და ა.შ. აი ამ ცვლილებებს ჩვენ ვაფასებთ ნორმად, შემდეგ ვადარებთ წლების მიხედვით, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს, 1936 ან 1934 წელს როგორც კოლექტივიზაციის დასასრულს, 1939-ს, როგორც 1937-1939 წლების რეპრესიების დასასრულს და ვაფასებთ დანაკარგებს - ცვლილებას ჰიპოთეზურ ნორმასა და მოსახლეობის ფაქტობრივ რიცხოვნობას შორის.
აქ ერთი პრობლემაა: სტალინურ მოსახლეობის აღწერას არ შეიძლება ვენდოთ...
მე არ მჯერა ამ პრობლემის. სინამდვილეში აღწერა კეთდებოდა კარგად, მოსახლეობის საერთო რიცხოვნობის ფალსიფიცირებას ადგილი არ ჰქონდა. ჩვენ ეს შეგვიძლია გადავამოწმოთ სტალინური ეპოქის შემდგომ აღწერებში. რა გაკეთდა სტალინის დროს? მოსახლეობის ნაწილი, რომელიც ჩაითვალა, ოღონდ არ მიეწერა გარკვეულ ტერიტორიას, მაგალითად ჯარისკაცები ან პატიმრები და ისეთი მოსახლეობაც, რომელიც ჩაითვალა, ოღონდ მათ არ ჰქონდათ კონკრეტული საცხოვრებელი ადგილი გადაანაწილეს ისეთ რესპუბლიკებსა და რაიონებში, რომელთა შედეგებიც არც თუ ისე კარგად გამოიყურებოდა კოლექტივიზაციის შედეგად და ეს რა თქმა უნდა ფალსიფიკაციაა. ფალსიფიკაცია შეეხო უკრაინას, ყაზახეთს, თუმცა არამც და არამც მოსახლეობის საერთო რიცხოვნობას. სავარაუდოა, რომ დამატება იყო, თუმცა არა უმეტეს 1%-ისა და ამ 1%-ს წიგნში ვაკლებთ. ისინი გულწრფელად აღიარებენ, რომ დაამატეს, შესაბამისად შეგვიძლია ეს შედეგი მოვხსნათ. ასე რომ მე არ ვამბობ, რომ აღწერა სრულად ფალსიფიცირდა . თუ მოვაშორებთ იმ ფალსიფიკაციას, რომელიც ზუსტად ვიცით, აღწერა სავსებით ნორმალურად გამოიყურება.
ანუ თქვენ ასკვნით, რომ ჰოლოდომორის დროს 10 მილიონი ადამიანი დაიღუპა?
ვფიქრობ, რომ სიტყვა „დაიღუპა“. ეს ციფრი სწორია მთელი ქვეყნისთვის, თუმცა ის არ გვეუბნება, რომ 10 მილიონს უნდა ეცოცხლა უფრო მეტი, ვიდრე იცოცხლეს. ვიღაცას 2, ვიღაცას 10 წლით მეტი. ანუ ნორმა, რომელიც 1926 წლის თაობას გააჩნდა 1937 წლისთვის. დაღუპულები ასევე არიან ჩემ შეფასებაში, თუმცა არა 10 მილიონი, არამედ არაუმეტეს 5 მილიონისა. 4.5-5 მილიონი დაღუპულთა რიცხვია. ვაფიქსირებთ: 1933 წელს სიკვდილიანობა გაიზარდა მილიონი ადამიანით. ამიტომ ცხადია, რომ ეს ხალხი დაიხოცა დაავადებებით, შიმშილით, ცუდი კვებით ან კუჭის დაავადებებით. მათ რიცხვში შედიან დახვრეტილებიც. ანუ ეს რეალური ფიზიკური დანაკარგებია. რომ ვისაუბროთ მთელი პერიოდის რეალურ დანაკარგებზე, ეს იქნება არა 10 მილიონი, არამედ 5.
ჰოლოდომორის მსხვერპლი უკრაინული მოსახლეობა
5 მილიონი დაღუპული და კიდევ 5 მილიონი, რომელმაც ვერ მიაღწია თავის ასაკამდე?
აბსოლუტურად სიმართლეა.
თქვენ წერთ: „არ შეიძლება უკრაინის და კონკრეტულად უკრაინელების გამოყოფა, რომლებიც მიზანმიმართულად გაანადგურეს შიმშილით. ისინი ეწამნენ ისევე, როგორც საბჭოთა კავშირის სხვა ერების სოფლისა და ქალაქის მოსახლეობა, ზოგ შემთხვევაში მეტად, ზოგიერთში - ნაკლებად. თქვენ არ ეთანხმებით კვლევებს, რომლებიც ჰოლოდომორს უკრაინელი ხალხის გენოციდად მიიჩნევს?
მე არ ვფიქრობ რომ ამას ეროვნული ხასიათი ჰქონდა. უკრაინულმა მოსახლეობამ ნამდვილად განიცადეს მეტი დანაკარგი, ვიდრე მაგალითად უკრაინაში მცხოვრებმა რუსებმა. იმიტომ რომ რუსები უმეტესწილად ქალაქის მაცხოვრებლები იყვნენ, ხოლო უკრაინელები სოფლად ცხოვრობდნენ. ამის შემდეგ ჩვენ უნდა დავაკვირდეთ უკრაინის ოლქებს, სადაც დანაკარგები არათანაბარი იყო. დონეცკის ოლქში იყო გაცილებით ნაკლები, ვიდრე მაგალითად კიევში ან ხარკოვში.
რადგან მომარაგება უკეთესი იყო?
დიახ, დონბასის მომარაგება გათვალისწინებული იყო, იმიტომ რომ იქ იყო წარმოების სისტემა, რომელიც აუცილებელი იყო სახელმწიფოსთვის, ამიტომ სახელმწიფო ისე ძლიერად არ აწვებოდა მათ. დარტყმა იყო არა მხოლოდ რესპუბლიკების და ტერიტორიების მიხედვით, არამედ სოფლის მეურნეობის მწარმოებელ ზოლში, როგორც ამას უწოდებდნენ, სადაც მოჰყავდათ ხორბალი და სწორედ ხორბალს ართმევდნენ მოსახლეობას. უკრაინის ჩრდილოეთში მთავარ როლს თამაშობდა მეცხოველეობა, აგრეთვე გაცილებით მეტი იყო კარტოფილის ნათესების რაოდენობა. ჩრდილოეთში ჰქონდათ პროდუქცია, რომლითაც შეიძლებოდა თავის გატანა, ხოლო რაიონები, სადაც ხორბალი მოჰყავდათ მძიმე დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ, როდესაც მათგან წაიღეს მთელი მოსავალი, თანაც ძალადობრივი გზით, ჩხრეკდნენ და ართმევდნენ ხალხს ხორბალს, რომელიც მათ საკუთარ ნაკვეთში მოიყვანეს ან კოლმეურნეობისგან მიიღეს. ეს იყო საშინელი, ძალადობრივი სიკვდილი, იმიტომ რომ მოსახლეობა განწირული იყო საჭმლის არქონის გამო. დაახლოებით იგივე მოხდა ჩრდილოეთ კავკასიაში. რუსულ-უკრაინული ოლქები - როსტოვის, სტავროპოლის, კრასნოდარის მსგავსი დარტყმის ქვეშ მოექცნენ, როგორც უკრაინის მხარეები. ამიტომ ეს არ იყო ეროვნული ოპერაცია, არც რესპუბლიკების მიხედვით, ეს იყო დარტყმა იმ მოსახლეობაზე, რომლებიც დაკავებული იყვნენ მარცვლეული კულტურების მოყვანით.
იყო თუ არა ეს გააზრებული, კარგად დაგეგმილი მოქმედება თუ ადგილობრივი უგუნურებისა თუ სიგიჟის შედეგი?
არც ერთი და არც მეორე. ეს არ იყო მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმა - „მოდი გავანადგუროთ მოსახლეობის ნაწილი“. ეს იყო პროცესი, ბრძოლა, რათა წაერთმიათ მოსახლეობისთვის გარკვეული რაოდენობის მოსავალი. საიდან მოვიდა ეს რაოდენობა, საიდან დაისახა ეს გეგმა? იქამდე იყო ძალიან კარგი მოსავალი 1930 წელს და არც თუ ისე ცუდი - 1931-ში. ხელმძღვანელობის ზეწოლის შედეგად, 1931 წლის მოსავლის რაოდენობა გაუთანაბრეს 1930-ისას, უარესმა მოსავლის მიუხედავად, დაფიქსირდა დამზადების იგივე ციფრი. 1932 წელს, რომელიც 1931-თან შედარებით გაცილებით უარესი იყო, სურდათ მიეღოთ იმდენივე, რამდენიც კარგ, 1929-1930 წლებში, ხელისუფლებას სურდა ჰქონოდა ზუსტად იგივე რაოდენობის დამზადებული ხორბალი, რაც შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ მოსავალი არ იყო კარგი ხარისხის და იყო ცუდად მოპოვებული. აქ პრობლემა არამხოლოდ ხელისუფლებაში, არამედ მოსახლეობაშიცაა. მოსახლეობას 1931 წლის მოსავლის შემდეგ არ სურდა მუშაობა. ისინი ხედავდნენ, რომ ყველაფერი მიჰქონდა ხელისუფლებას: რატომ უნდა ვიწვალოთ და მოვაგროვოთ ყველაფერი? ამიტომ სოფლის მაცხოვრებელთა დაძაბული შრომა აუცილებლობას წარმოადგენდა, პროცესი არ იყო საკმარისად მექანიზებული, ხალხს უნდა ემუშავა დღეში 12-16 საათის მანძილზე, განსაკუთრებით იმ დღეებში, როცა წვიმა არ მოდიოდა. არსებობს დისიდენტის მონათხრობი, რომელიც მამასთან ერთად უკრაინის სამხრეთით მდებარე დიდ სოფელში გაემგზავრა. ის მიდის და ხედავს, რომ მუშაობს მხოლოდ ერთი კომბაინი, 8 თუ 12 ადამიანი მასში ყრიან ხორბალს, სხვები სხედან. ის კითხულობს: ასე როგორ შეიძლება, მოსავალი დაიკარგება. ისინი პასუხობენ: დაიკარგოს... ანუ სოფლის მაცხოვრებლების მხრიდან ეს იყო პასუხი, ერთგვარი პროტესტი. მათ არ შეეძლოთ ხელისუფლებისთვის დაეპირისპირებინათ არაფერი, გარდა პასიური შრომისა. 1932 წელს ამან სერიოზული მასშტაბები მიიღო. იყო საშუალო მოსავალი, ცუდად აღებული, რაც ძლიერ სწევდა სახელმწიფოს შანსს დაემზადებინათ იმდენი, რამდენიც სჭირდებოდათ. თუმცა მათ ძალის გამოყენებით მაინც დაამზადეს იმდენი, რამდენიც უნდოდათ, წაართვეს რა გლეხებს ის ხორბალი, რომელიც აუცილებელი იყო მათი ოჯახების გამოსაკვებად. ამისთვის მიმდინარეობდა სერიოზული ბრძოლა, რომელშიც მთავრობამ გაიმარჯვა. არ შეიძლება ითქვას, რომ ეს გენოციდია, იმიტომ რომ არ იყო კონკრეტულად რომელიმე ჯგუფის წინააღმდეგ მიმართული, თუმცა ამან გამოიწვია ადამიანების დაღუპვა. არ შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლება გეგმავდა ხალხის დახოცვას, თუმცა მან წაართვა მთელი პური და არაფრად ჩააგდო ის, რომ ეს ხალხი საჭმლის გარეშე დარჩებოდა.
ცდილობდა თუ არა ვინმე მოშიმშილეთა გადარჩენას? თუ არაადამიანურობა ისე შორს წავიდა, რომ კეთილშობილებისთვის ადგილი აღარ დარჩა?
ადამიანური სახის დაკარგვამ დიდი მასშტაბი მიიღო. პიტირიმ სოროკინი, დემოგრაფიის სპეციალისტი წერს, რომ შიმშილს ყოველთვის მივყავართ მორალურ დაცემამდე, გადარჩებიან უარესები, იმიტომ რომ მათ შეუძლიათ წაართვან და მიისაკუთრონ, ხოლო საუკეთესოები უყოფენ სხვებს და ადრე კვდებიან. გამოჩნდნენ კაციჭამიები, რომლებიც საკუთარი ოჯახის წევრების ნაწილებს ჭამდნენ, ყველაზე ხშირად კი ბავშვებს. ამ კაციჭამიებთან მე ვათანაბრებ თვითკმარი ადამიანების ჯგუფებს, რომლებიც მშვიდად აგრძელებდნენ წართმევას და აგრძელებდნენ არსებობას. რა თქმა უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებიც ეხმარებოდნენ არამხოლოდ საკუთარ ნათესავებს, არამედ ეხმარებოდნენ ადამიანებს დაეტოვებინათ მხარე, რადგანაც აკრძალული იყო უკრაინის და ჩრდილოეთ კავკასიის დატოვება, ხალხს არ უშვებდნენ მატარებლებში, არ შეიძლებოდა ბილეთების გაყიდვა. იყო მრავალი კარგი ადამიანი სხვადასხვა დონეზე, მათ შორის კოლმეურნეობების ხელმძღვანელებიც. თუმცა ამავდროულად იყო ძალიან ბევრი ცუდი ადამიანიც, რომლებიც მხოლოდ საკუთარ თავზე და ახლობლებზეც ფიქრობდნენ.
ვინ არის ამ ისტორიის მთავარი ბოროტმოქმედი? ვისი ხელებით აღსრულდა ეს კამპანია, რამაც მილიონი ადამიანი გაანადგურა? გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური მმართველობის (ОГПУ) რიგითი თანამშრომლები?
არა, მთავარი ბოროტმოქმედი მოსკოვში იყო - მას ერქვა სტალინი. სტალინი და მისი უშუალო წრე კარგად იყვნენ ინფორმირებული, ისინი აწესებდნენ ამ დავალებას: დაე ყველამ, პირველ რიგში უკრაინამ არ მოგვთხოვოს ჩვენ პური, დაე მოაგროვონ ხორბალი დამ გადასცენ სახელმწიფოს, ხოლო რაც დარჩებათ თავისთვის დაიტოვონ. აღმასრულებლები იყვნენ უკრაინელი ხელმძღვანელები და ამ კუთხით ყველაზე საშინელი ფიგურა იყო კოსიორი, უკრაინის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი. რატომ მივიჩნევ მას მთავარ ბოროტმოქმედად? როცა უყურებ 1931 წლის მოსავალს, არც თუ ისე კარგს მაგრამ არც თუ ისე ცუდს, ხოლო ხელისუფლებას სურდა მიეღო ისეთივე კარგი მოსავალი, როგორც 1930 წელს, კოსიორმა თათბირზე, რომელსაც ესწრებოდა სტალინი განაცხადა, რომ მათ კოლექტივში შეიყვანეს უკრაინის მოსახლეობის 75% და ისინი შეძლებენ ამ გეგმის შესრულებასაც. ყველა სხვა დანარჩენი მდივანი გამოვიდა საწინააღმდეგო შეხედულებით: ჩვენ არ შეგვიძლია ამ გეგმას გავუმკლავდეთ, რადგან ცუდი მოსავალი იყო. ეს კი უკრაინაში დაიწყო ერთი წლით ადრე ვიდრე სხვა დანარჩენ ადგილებში. აქ ძალიან მაღალია უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა არანაკლები, გაცილებით დიდია სტალინის, კაგანოვიჩის და მოლოტოვის როლი, მოლოტოვი უკრაინაში გაემგზავრა პროცესის გასაკონტროლებლად, კაგანოვიჩი - ჩრდილოეთ კავკასიაში, იმიტომ რომ მისი უკრაინაში გაგზავნა არ შეიძლებოდა, ის უკრაინაში ძლიერ ეზიზღებოდათ. ხოლო სტალინი მშვენივრად ხვდებოდა რა ხდებოდა, იღებდა უამრავ წერილს საოლქო დონის ხელმძღვანელობისაგან. იყვნენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ეს ზემოდან უნდა შეწყდეს, რომ არ შეიძლება გეგმის შესრულება ისე, რომ მოსახლეობას ყველაფერი წაართვა. რა თქმა უნდა შემსრულებლები იყვნენ რიგითი პარტიული მუშაკები. ხალხი თავადაც არც თუ ისე იშვიათად აწარმოებდნენ ჩხრეკას, იღებდნენ ხორბალს სხვა სოფელში, რა დროსაც სხვები ხორბალს იღებდნენ მათ სოფელში. 1932 წლიდან არავინ იყო დაცული. დარტყმა განიცადა ყველამ, თუმცა სასიკვდილო ეს დარტყმა იყო ე.წ. სოფლის მეურნეობის ზოლში.
სტანისლავ კოსიორი
ჩემი ნათესავი აქციეს კოლმეურნეობის პირველ თავმჯდომარედ საკუთარ სოფელში, ხოლო ნახევარი წლის შემდეგ გააკულაკეს...
კარგი ტიპური ისტორიაა. როცა იყო თავმჯდომარეების არჩევა, თავიდან ირჩევდნენ პატივსაცემ ადამიანებს, ფიქრობდნენ რომ მათ შეეძლოთ გონივრულად შეესრულებინათ ეს ვალდებულება. როცა დაიწყო აქტიური ამოღებები, რა თქმა უნდა ამ ხალხის მდგომარეობა ძლიერ გაუარესდა.
არის თუ არა მონაცემები, რამდენი ე.წ. „კულაკი“ დააკავეს, რამდენი გაასახლეს, რამდენი დახვრიტეს?
ОГПУ წერდა მოხსენებებს. ზუსტადაა ცნობილი გაქცეულების და დაკავებულების რიცხვი. რამდენი გადაჰყავდათ ეშელონებით და რამდენს გადმოსვამდნენ სხვადასხვა ადგილებში ესეც ასე თუ ისე ცნობილია, თუმცა სინამდვილეში რიცხვები გაცილებით მაღალია. გაასახლეს დაახლოებით 2.5 მილიონი - ძირითადად ჩრდილოეთში, ციმბირში. ისინი იქ დაკავებული იყვნენ სოფლის მეურნეობით, ან წარმოებაში, ანაც ხე-ტყის დამუშავებაში. ეს იყვნენ კონტროლის ქვეშ მყოფი ადამიანები, ცხოვრობდნენ სპეციალურ სოფლებში. ეს ხდებოდა ძირითადად 1930-1931 წლებში, ამიტომ მათი უმეტესობა კარგად იყო მომზადებული 1932-1933 წლებისთვის ჰოლოდომორის საშინელებისთვის. ხელისუფლება მათ, ვინც მუშაობდა ხე-ტყის გადამუშავებაში საჭმლით ამარაგებდა. სურდათ მიეღოთ მაღალი შედეგი, ამიტომ მუშებს ამარაგებდნენ. აქ არ იყო ისეთი დარტყმა, როგორც სამხრეთით. აქ იყო უფრო მეტი კარტოფილი, რომლის წართმევაც ადვილი არ იყო. იმ გაკულაკებულებმა, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ კოლექტივიზაციით, შიმშილი გადაიტანეს გაცილებით უკეთესად, ვიდრე ამავე ადამიანების ნათესავებმა, რომლებიც სოფლებში დარჩნენ.
თქვენ გაკულაკებას და ჰოლოდომორს ადარებთ მეორე სამოქალაქო ომს. თუმცა სამოქალაქო ომი გულისხმობს წინააღმდეგობას, ორი ძალის დაპირისპირებას. იყო თუ არა აქ სერიოზული წინააღმდეგობა?
წინააღმდეგობა იყო, თუმცა არ შეიძლება ამას ვუწოდოთ სერიოზული, ის არ იყო ეფექტური. სამოქალაქო ომისდროინდელი წინააღმდეგობისგან განსხვავებით, როდესაც ჯარისკაცები სახლებში იარაღით დაბრუნდნენ. სოფლის მოსახლეობას იარაღი არ ჰქონდა. კულაკების დეპორტაციისას ეს ნათელი გახდა, მოსახლეობის უმეტესობა თვალებს ხუჭავდა საკუთარი მეზობლების მიმართ ძალადობაზე ანაც თავად მონაწილეობდა გაკულაკებაში. როდესაც დაიწყეს ხორბლის ართმევა, სოფლის მოსახლეობას წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლო, თუმცა იქაც იდგნენ ელევატორებთან ქალები, რომლებსაც სურდათ რაიმე დაესაკუთრებინათ. იყო ათასობით პატარა ბუნტი, რომელთა ჩახშობაც ძალიან ადვილად ხდებოდა. ჯარი და ОГПУ ადვილად უმკლავდებოდნენ ამ ყველაფერს. იყო აქტიური ბანდიტიზმი, ძარცვავდნენ ყველაფერს, რისი გაძარცვაც შეიძლებოდა. საერთო ჯამში დიდი წინააღმდეგობა, რევოლუცია არ ყოფილა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს...
და ამ გამოცდილებამ ჩამოაყალიბა საბჭოთა ადამიანი?
დიახ, ასეა. ადამიანები მიეჩვივნენ არსებობის ასეთ ფორმას. მთავარია, რომ ისინი მიეჩვივნენ სრულ მორჩილებას. 1931-1932 წლებში ისინი წინააღმდეგობას წევდნენ, არ სურდათ ხორბლის მიცემა, ისინი თვლიდნენ: ჩვენ მოვიყვანეთ, ეს ჩვენი ხორბალია. ისინი მალავდნენ, იბრძოდნენ. 1933-1934 წლები და 1936 იყო ძალიან რთული სოფლის მეურნეობისთვის, ცუდი მოსავალი, თუმცა არანაირი ბრძოლა არ იყო, გლეხი დამორჩილდა. მას ისე საშინლად დაარტყეს, რომ 1933 წლის შემოდგომაზე ის მუშაობდა, იცოდა რომ ცოტას მიიღებდა, მაგრამ მაინც მუშაობდა რადგან ეშინოდა რომ სრულად ცარიელი არ დარჩენილიყო. კოლმეურნეობის სისტემა ამუშავდა, ის არ იყო ისეთივე წარმადი, როგორც კოლმეურნეობამდელი, თუმცა აძლევდა სახელმწიფოს ყველაფერს, რისი მიღებაც სახელმწიფოს სურდა, ნაწილი რჩებოდა დასათესად, ნაწილი რჩებოდა სოფლის მაცხოვრებლებს. აღსანიშნავი ისტორიაა: მიდის კაგანოვიჩი სტალინთან და ეუბნება: მოსავალი ძალიან ცუდია, უნდა მოვემზადოთ და ის ჩავაბარებინოთ სოფლის მოსახლეობას. სტალინი პასუხობს: არაა საჭირო, თავისით მოიტანენ! ანუ ის ხვდებოდა, რომ ბრძოლა მოგებულია, მოსახლეობა მას დაემორჩილა, წინააღმდეგობა ან მცდელობა რომ არ მისცეს, მათ აღარ ექნებათ. სამომავლოდ ასეც მოხდა: იღებდნენ სრულად, რაც უნდოდათ, იმ რაოდენობას რაც სჭირდებოდათ. როგორ ახერხებდა ხალხი გადარჩენას? მათ მოაწყვეს თავისი მცირე მიწები იმგვარად, რომ მიეღოთ გამოსაკვებად აუცილებელი პროდუქტი.
და მშიშარა, მორჩილი, მონური ფსიქოლოგიის საბჭოთა ადამიანი საბოლოოდ ჩამოყალიბდა ამ წლებში...
დიახ, უსიტყვოდ. აქ მნიშვნელოვანი იყო აბსურდისადმი შეგუება. მაგალითად აბსურდად შეგვიძლია მოგვეჩვენოს მოსახლეობისთვის ხორბლის ართმევა, რომელიც მომავალ წელს დასათესადაა საჭირო. ეს ხორბალი სადღაც მიჰქონდათ, შემდეგ კი ისევ მოჰქონდათ დასათესად. დანაკარგები ამ მოგზაურობაში დიდი იყო, თუმცა ხალხი ეგუებოდა ამას - ეს არის აბსურდის მაგალითი. სოფლის მოსახლეობა და ადმინისტრაცია მოქმედებდა პრინციპით: უნდა გავაკეთოთ თუ გვიბრძანეს და შეკითხვა არ უნდა დავსვათ. აბსურდი ნორმად იქცა, რადგან ბრძანება განხილვას არ ექვემდებარებოდა. იყო ეს ბრძანება გონივრული თუ არა - ეს უკვე ხალხის საქმე აღარ იყო. მთავარია, რომ ხალხმა დაკარგა მიწის სიყვარული, სოფლის მოსახლის სიყვარული მიწაზე ემუშავა, შეგრძნება, რომ ეს ჩემია, ჩემი ხელებით ვქმნი, განვსაზღვრავ ჩემს ცხოვრებას, ეს ყველაფერი დაიკარგა, შრომა იყო სურვილის საწინააღმდეგო, ხალხი აღარ ფიქრობდა გულითად მუშაობაზე, ხშირად ხორბალი თოვლის ქვეშაც კი იკარგებოდა. სოფლის მოსახლეობა გადადიოდა ქალაქებში. ზოგადად, ამ დროის საბჭოთა რეალობაში წარმოიშვა ძლიერ ნეგატიური ადამიანური მომენტები.
თქვენ წიგნის პრეზენტაციას მართავთ პუტინის მოსკოვში, სადაც, როგორც სოციოლოგები ამბობენ, სტალინს როგორც გენიალურ სახელმწიფო მოღვაწეს პატივს სცემს მოსახლეობის 70%.
პირადად მე არ მაქვს ასეთი წარმოდგენა, თუმცა მე ამას ვხვდები ბეჭდურ მედიაში და მესმის, რომ ეს ხდება. ჩემთვის კატასტროფა იყო ელცინის დრო, დემოკრატიულ მოწყობაზე უარის თქმა, აღიარება, რომ ჩვენ გვჭირდება დიქტატორი, რომელსაც ხელთ ექნება სრული ძალაუფლება, ხოლო ჩვენ მას დავემორჩილებით. ქვეყანა აქტიურად დაშორდა დემოკრატიას, ამბობდნენ: აბა როგორ, პარლამენტი ცუდია, ჩვენ გვჭირდება კარგი პრეზიდენტი. საბჭოთა რუსულ ინტელიგენციას ეს სურდა და მიიღო კიდეც. დამყარდა პირადი დიქტატურის რეჟიმი, ხელისუფალი უფრო მაღლა დგას ვიდრე რომელიმე არჩევითი ორგანო, ელცინმა არ აერიდა სახელმწიფოს ნგრევასაც, თუმცა ის მაინც აირჩიეს. მათ შორის ინტელიგენციამაც. ხოლო პუტინმა ხელისუფლება გადაიბარა ელცინისგან.
რუსეთში ჰოლოდომორის მსხვერპლთა ერთადერთი მემორიალი 1992 წელს, კერძო ინიციატივით დაიდგა
დღემდე ამით აიხსნება სტალინის სიყვარული?
სიმართლე გითხრათ, დღევანდელი სიყვარული ჩემთვის აბსურდულია. ვისაც ვესაუბრები ასეთი სიყვარული არავის გამოუმჟღავნებია. მე ვფიქრობ რომ ეს არის სტალინიზმის არსის არცოდნა და უბრალოდ ზემოდან ნაკარნახევი იდეის გამეორება - იყო ძლევამოსილი სახელმწიფო, ჩვენ მოგვწონს ძლიერი სახელმწიფო, სტალინმა ააშენა უძლიერესი ქვეყანა და ჩვენ მას ვთვლით კარგ ხელისუფლად. ადამიანებს საკუთარ ტყავზე არ გამოუცდიათ თუ რა არის სტალინიზმი, ოცნებობენ და ფიქრობენ, რომ ძლიერი სახელმწიფო მათ რაიმეს მისცემს. ის რომ რუსეთში ავტორიტარული რეჟიმია - ეს ძალიან სამწუხაროა. მე მჯერა ყველა ქვეყანაში დემოკრატიის დამყარების გარდაუვალობის. ისტორია ამგვარად მუშაობს, ავტორიტარული ქვეყნები ხდებიან დემოკრატიული, სადაც მოსახლეობა არც თუ სწორად აზროვნებს, თუმცა ყოველთვის საზღვრავს პოლიტიკას. ორი აზრი არ არსებობს, რომ რუსეთში ეს აუცილებლად მოხდება.