2015 წლის 6 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებში, ვენესუელას გაერთიანებულმა ოპოზიციამ დაამარცხა 17 წლის განმავლობაში ძალაუფლების სათავეებთან მყოფი “სოციალისტური რეჟიმი. დღეის მონაცემებით, 167 პარლამენტარისგან შემდგარ ვენესუელას კონგრესს, პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მრგვალი მაგიდა“ დააკომპლექტებს მინიმუმ 107 წევრით და მმართველი პარტია მხოლოდ 55 წევრით. პრეზიდენტი მადურო ასე გამოეხმაურა არჩევნების წინასწარ შედეგებს: „შემიძლია ვთქვა, რომ ეკონომიკურმა ომმა იმარჯვა“ და იგი აშშ-ს ადანაშაულებს, ვენესუელაში მომხდარი ცვლილებების გამო. მიუხედავად ამისა, მან განაცხადა, რომ პატივს სცემს მოცემულ შედეგს.
„ ჩვენ პატივს ვცემთ, ისეთ შედეგს, როგორსაც მოგვაწვდის საარჩევნო ორგანო“.
ნიკოლას მადუროს, რომელიც პრეზიდენტად დაინიშნა ჩავესის გარდაცვალების შემდეგ, 2019 წლამდე აქვს პრეზიდენტის უფლებამოსილება, მაგრამ საკანონმდებლო ხელისუფლების ცვლილება უკვე სერიოზულ გარდაქმნას ცხადყოფს. ხმების 3% ჯერ კიდევ არ არის დათვლილი, რაც საკანონმდებლო ორგანოში 5 საბოლოო ადგილს გამოარკვევს. თუ ამ 5 ადგილიდან 4 მაინც მოიპოვა ოპოზიციამ, ეს მას აძლევს 3/5 უმრავლესობას, რომლითაც მას დამატებითი ბერკეტები ექნება, როგორიცაა მინისტრების გაკონტროლება და პრეზიდენტ მადუროს იმპიჩმენტის საშუალება.
გაერთიანებული კოალიციური ოპოზიციის რიგებშია 12 პარტიაა, რომელთა შორის წამყვანი როლი უჭირავთ პარტია „დემოკრატიულ ძალას“ და პარტია „კოპეი“ (ვენესუელას ქრისტიან-დემოკრატიული პარტია). 40 წლის განმავლობაში, კერძოდ 1958 წლიდან 1998 წლამდე ეს ორი პარტია იყო ქვეყნის მმართველობაში, სანამ ჩავესის სოციალისტური რეჟიმი გადაიბარებდა სადავეებს. ჩავესის გაპრეზიდენტებამდე, ვენესუელას ყველა ყოფილ მთავრობას ქონდა მჭიდრო კავშირები აშშ-თან, რაც იძლევა იმედს, რომ ახლად განვითარებული ცვლილებებიც გამოიწვევს ვენესუელასა და აშშ-ს შორის ურთიერთობების ტრადიციულ ჩარჩოებში მოქცევას. დამატებით იმედის მომცემია ხალხის განწყობა და 2002 წლის გამოკითხვის შედეგებით, ვენესუელას მოსახლეობის 82% დადებითად არის განწყობილი აშშ-ს მიმართ.
რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის?
ვენესუელა ერთ-ერთია იმ ოთხი სახელმწიფოთაგან, რომლებმაც აღიარეს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. რუსეთის მხარდაჭერის და ანტი-ამერიკული პოზიციების გამოვლინების მიზნით, 2010 წლის ივლისში, მაშინდელმა პოპულისტმა ლიდერმა ჰუგო ჩავესმა ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო. მოსალოდნელი პოლიტიკური ძვრებისა და შესაძლო საგარეო ორიენტირის ცვლილების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ქართული დიპლომატიის გაძლიერებული ქმედებები, რათა ვენესუელაში აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმების საკითხი აქტიურად დააყენონ დღის წესრიგში. ეს მხოლოდ ერთჯერად გამარჯვებას არ ემსახურება, არამედ იქნება გზავნილი რუსეთისთვის, რომ კრემლის მიერ მიღებული არაკანონიერი, აგრესიული გადაწყვეტილება შედეგს ვერ გამოიღებს.