გერმანიაში ჯერ კიდევ არ ცხრება განხილვა 2019 წლის 23 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე. ავტორიტეტულმა დასავლურმა გამოცემებმა, The Insider, Bellingcat და Der Spiegel აწარმოეს ჟურნალისტური გამოძიება და დაადგინეს, რომ გერმანიაში, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის დაკავებული ვადიმ კრასიკოვი, ასევე ცნობილი როგორც ვადიმ სოკოლოვი მსახურობდა რუსეთის ფედერაციის სპეციალური დანიშნულების რაზმში - „ვიმპელ“ და როგორც დადგინდა, მონაწილეობდა მინიმუმ კიდევ ერთ შეკვეთილ მკვლელობაში. როგორც აღნიშნული გამოცემები ვარაუდობენ, ხანგოშვილის მკვლელობის მთავარი მოტივი გარდა ჩეჩნეთის მეორე ომში აქტივობისა, მისი 2008 წლის აგვისტოს საომარ მოქმედებებში მონაწილეობა გახდა. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა რუსეთის სპეცსამსახურები ამ ომის მონაწილეებს სისხლის სამართლის დამნაშავეების ხელით უსწორდება, რის შესახებაც ჟურნალისტურმა გამოძიებამ ასევე დაადგინა საკუთარ კვლევაში - მათ გამოიძიეს კიდევ ერთი შეკვეთილი მკვლელისა და სისხლის სამართლის დამნაშავის, ოლეგ სმოროდინოვის საქმე და დაადგინეს, რომ ამ ადამიანს თან 2008 წლის ომში მონაწილე პირების მთელი სია ჰქონდა...
ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის დაკავებული ვადიმ სოკოლოვი (იგივე კრასიკოვი)
პირველი მკვლელობა: გახსნილი და ისევ დახურული
2007 წლის 4 აპრილს, საღამოს 11 საათზე პატარა კარელიურ ქალაქ კოსტომუშკაში ალექსანდრ კოზლოვი სახლში დაბრუნდა ძმასთან, იურისთან. იური 44 წლის ბიზნესმენი და საქალაქო საბჭოს დეპუტატი იყო. სახლში მან იური ვერ იპოვნა, ვერც მანქანა, ხოლო სადაც როგორც წესი იური მანქანას აყენებდა შეინიშნებოდა სისხლის წვეთები და რამდენიმე ადამიანის კვალი. ტელეფონი გამართული იყო. ალექსანდრე დაუყოვნებლივ გაემართა მილიციაში. მეორე დღეს რკინიგზის სადგურთან აღმოაჩინეს იურის მანქანა, რომელშიც ასევე იყო სისხლის კვალი. მოწმემ, რომელიც შორიახლოს ცხოვრობდა თქვა, რომ გაიგონა სროლის ხმა. შემდგომმა ძიებამ შედეგი არ გამოიღო. მხოლოდ 15 დღის გასვლის შემდეგ, დაღუპული იური კოზლოვის გვამი აღმოაჩინეს ტყეში, ფინეთის საზღვრის შორიახლოს.
მკვლელობის მოტივები სავარაუდოდ ბიზნესსაქმიანობას უკავშირდებოდა. საგულისხმო ფაქტია, რომ იქამდე, სანამ გვამს იპოვიდნენ, გამომძიებლები გავიდნენ ქილერის კვალზე. იმავე დღეს რუსეთის ფედერაციის შსს-ში მათ გამოითხოვეს ინფორმაცია ვადიმ ნიკოლაევიჩ კრასიკოვზე.
ფორმა კრასიკოვის პირადი საქმიდან, სადაც ჩანს რომ მისი მონაცემები გამოითხოვეს 19.04.2007, კოზლოვის მკვლელობის საქმეზე
აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით ინფორმაცია ამ საქმეზე წაშლილია მონაცემთა ბაზებიდან. ერთადერთი რაც ცნობილია ისაა, რომ საქმე წარიმართა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის (УК РФ) 105-ე მუხლის მიხედვით, რაც მკვლელობას ითვალისწინებს.
2014 წლის 20 ნოემბერს ამ საქმის ორი მონაწილე დააკავეს. მოკლულის ძმა, ალექსანდრ კოზლოვი ამბობს: „2014 წელს სამი ეჭვმიტანილიდან დააკავეს ორი - ოლეგ ვლადიმირის-ძე ივანოვი და ვლადიმირ ვიქტოროვიჩ ფომენკო, ორივე დაბადებული 1976 წელს. კრასიკოვს ვერ მიაკვლიეს და მასზე ძებნა გამოაცხადეს“.
ივანოვისა და ფომენკოს საქმის განხილვა 2014 წლის 23 ნოემბერს, პეტროზავოდსკის სასამართლოში დაიწყო, თუმცა ისინი მალე გაათავისუფლეს მტკიცებულებების არარსებობის გამო. სასამართლოზე დაკავებულებმა განაცხადეს, რომ ქალაქ კოსტომუშკაში მოსკოვიდან ჩავიდნენ, რამდენიმე დღე იცხოვრეს სასტუმროში და უკან გაემგზავრნენ. მკვლელობის შესახებ მათი განცხადებით არაფერი იცოდნენ.
დაღუპული ბიზნესმენის ძმა ამბობს, რომ ზოგადად კრასიკოვის შესახებ სასამართლოზე ძალიან ცოტას ლაპარაკობდნენ. დანარჩენ ორ დაკავებულს აერთიანებდათ ის, რომ ისინი ორივე ირიცხებოდა „ვიმპელ“-ში და არაერთი მედალი და ჯილდო ჰქონდათ მიღებული. ბიზნესმენის ძმა ფიქრობს, რომ ეს პირები 2014 წელს იმიტომ დააკავეს, რომ უკვე აღარ იყვნენ სამხედრო ორგანიზაცის აქტიური წევრები და რეზერვში ირიცხებოდნენ. სახელმწიფომ მოაწყო ფარსი, რათა კიდევ ერთი საქმე ფორმალურად დაესრულებინა - გაათავისუფლა ორი ეჭვმიტანილი და ერთის კვალს ვერ მიაგნო, რის შემდეგაც საქმე დაიხურა.
საგამოძიებო კომიტეტის პასუხი მოკლული კოზლოვის ძმისადმი საქმის შეწყვეტის თაობაზე
სასამართლო პროცესის მასალები დღესდღეობით აღარაა ხელმისაწვდომი პეტროზავოდსკის საქალაქო სასამართლოს შესაბამის ინტერნეტ რესურსებზე. ასევე საგულისხმო ფაქტია, რომ 2015 წლის 26 ივნისს კი კრასიკოვი ოფიციალურად ამოიღეს სამძებრო სიიდან და ინტერპოლის ბაზიდან. ორი თვის გასვლის შემდეგ, კრასიკოვმა მიიღო რუსეთის ფედერაციის ახალი პასპორტი ვადიმ სოკოლოვის სახელზე.
შურისძიება საქართველოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის დამნაშავეების ხელით
მცირე ხნის წინ ჩატარებულ კვლევაში, The New York Times აღწერა რამდენიმე მკვლელობა, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურებმა ჩაიდინეს სისხლის სამართლის დამნაშავეების ხელით. 2015 წელს, რუსეთის მოქალაქე ოლეგ სმოროდინოვი, რომელსაც კრიმინალური წარსული და დონბასში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობის გამოცდილება გააჩნდა, რუსეთის სპეცსამსახურებმა გადაიბირეს, თუმცა ის იქამდე თავადაც ცდილობდა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერში“ შესვლას და სირიაში გამგზავრებას. სმოროდინოვი სირიაში ვერ მოხვდა, ამის ნაცვლად ის გააგზავნეს უკრაინის ქალაქ როვნოში, სადაც მან მიაგნო და მოკლა უკრაინის სახელმწიფო პენიტენციალური სამსახურის მუშაკი.
ქილერმა წარმატებით დატოვა ქვეყანა და დაბრუნდა რუსეთში რათა მიეღო კუთვნილი ჰონორარი და შემდეგი დავალება. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა იქამდე, ვიდრე მან არ მოისურვა უკრაინაში მცხოვრები მეგობარი გოგონას მონახულება, რათა მისთვის დაბადების დღე მიელოცა. სავარაუდოდ სმოროდინოვმა გოგონას მკვლელობაზე უამბო, რადგან ამ უკანასკნელმა პოლიცია გააფრთხილა. როდესაც მკვლელი დააკავეს მას თან აღმოაჩნდა 6 კაციანი სია და ინსტრუქცია შეტყობინებების შიფრის შესახებ, რომელსაც ის მოსკოვიდან იღებდა.
ერთი შეხედვით ექვს ადამიანს ერთმანეთთან საერთო არაფერი გააჩნდათ, თუმცა კვლევის შემდეგ დადგინდა, რომ ყველა მათგანი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს ომში - მებრძოლად, მოხალისედ, კონსულტანტად და ა.შ.
ასევე მოხდა ზელიმხან ხანგოშვილის შემთხვევაშიც, 11 წლის გასვლის მიუხედავად, რუსეთის ხელისუფლება აგრძელებს შურისძიებას იმ ადამიანებზე, რომელიც ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობდნენ ომში საქართველოს მხარეს. გარდა ხანდაზმულობის ვადისა ამ ვენდეტას კიდევ ერთი მახასიათებელი აქვს - ყველა მათგანი ჩადენილია სისხლის სამართლის დამნაშავე კრიმინალების მიერ.