საქართველო ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაციის მოლოდინში

29 ნოემბერი 2015 Shadow

 

საქართველოს მიერ ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) შესრულების თაობაზე რიგით მეოთხე ანგარიში 15 დეკემბერს გამოქვეყნდება. ანგარიშში შეფასებული იქნება საქართველოს მიერ VLAP-ით გათვალისწინებული ტექნიკური ხასიათის ვალდებულებებისა და რეკომენდაციების შესრულება. ევროკომისიის (ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო) დადებითი ანგარიშის შემთხვევაში, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა და ევროპარლამენტმა უნდა მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შესახებ.

ევროკომისიის შეფასების მოლოდინისას მნიშვნელოვანია ევროკავშირის ხელმძღვანელებისა და წევრი სახელმწიფოების ლიდერებისგან მომავალი „გზავნილები“ ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით. ამ მხრივ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში გაკეთდა დადებითი და დამაიმედებელი განცხადებები.

ფედერიკა მოგერინიმ, ევროკავშირის უმაღლესი წარომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში (ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის ეკვივალენტი), ნოემბერში საქართველოში ვიზიტისას განაცხადა:

„გადადგმული ნაბიჯები არის დადებითი. ჩვენ არ შეგვიძლია პროცესის შედეგები ვიწინასწარმეტყველოთ, თუმცა ვხედავთ, რომ პროგრესი მიღწეულია დიდი შრომისა და პოლიტიკური ნების შედეგად“

ასევე, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისრის, იოჰანეს ჰანის თანახმად:

„ამ წლის დეკემბერში, ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველო დადებით პასუხს მიიღებს“

აღსანიშნავია ასევე საქართველოს მხარდაჭერა ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოში - ევროპარლამენტში. მაგალითად, 25 ნოემბერს ქალაქ სტრასბურგში გაიმართა ევროპარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც განიხილებოდა საქართველოს საკითხი. ერთ-ერთმა დეპუტატმა, ჰაიდი ჰაუტალამ (ჯგუფი მწვანეები/თავისუფალ ევროპელთა ალიანსი) განაცხადა:

„საქართველოში არსებული ყველა ხარვეზისა თუ პრობლემის მიუხედავად, მე მჯერა რომ საქართველო არის ევროკავშირის პარტნიორი ქვეყანა, რომელიც ევროპული მომავლის ერთგულია. პირადად მე, 5 წლის წინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს ასეთი დამაჯერებლობით ვიტყოდი, რომ ეს ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი. რასაკვირველია, ამჟამად საქართველოს წევრობა ჯერ არაა დღის წესრიგში, თუმცა ქვეყანა მიიწევს სწორი გზით და ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი საქართველოს ევროპულ არჩევანს“

საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების აღმასრულებელი ხელისუფლებების მხარდაჭერაც აქვს, რაც ასევე დამაიმედებელია ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის დადებითად დასრულებისთვის, მაშინ როდესაც ევროკავშირი საიმიგრაციო კრიზისის წინაშე დგას. მაგალითისთვის, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ ედგარს რინკევიჩსის შეფასებით:

"ჩვენ ყველანი ველოდებით ევროკომისიის დასკვნას. ვფიქრობ, რომ საქართველომ მიაღწია დიდ პროგრესს, საშინაო დავალება შესრულებულია. აქედან გამომდინარე იმედი მაქვს, რომ დასკვნა პოზიტიური იქნება და ჩვენ გვექნება საშუალება, მოვახდინოთ გადაწყვეტილების მიღების პროცედურა ევროკავშირის საბჭოსა [საბჭო გადაწყვეტილებების მიმღები მთავარი ინსტიტუტია და იღებს ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებს - რეგულაციებს, დირექტივებსა და გადაწყვეტილებებს] და ევროპარლამენტში. კითხვა – არის თუ არა ევროპა მზად ტერორიზმთან ბრძოლისა და მიგრანტების კრიზისის ფონზე ახალი ვალდებულება აიღოს – ნამდვილად ლეგიტიმურია, თუმცა ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციასა და ევროპაში მიგრანტების კრიზისს შორის კავშირი არ არის. საქართველომ გაატარა ყველა საჭირო ცვლილება კანონმდებლობაში, ყველა საჭირო სისტემა მუშაობს. აქედან გამომდინარე, მინდა გითხრათ, რომ ჩემი საუბრების დროს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, არავის უთქვამს, რომ არის რაიმე კავშირი საემიგრაციო კრიზისს ან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასა და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას შორის. საქართველომაც და ევროკავშირმაც უნდა შეასრულონ საკუთარი დაპირებები, რაც არ უნდა მოხდეს. დღეს ევროკავშირში, გარდა რადიკალური პოლიტიკოსებისა, რომლებიც ითხოვენ შენგენის ზონის სრულ დახურვას, მე ასეთი მოსაზრებები არ მომისმენია. ასე რომ, თუ საქართველო დააკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, მან უნდა მიიღოს უვიზო მიმოსვლა. საბოლო ჯამში პოლიტიკური გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა უნდა მიიღონ, მაგრამ ჩვენ მტკიცედ ვითხოვთ, რომ თუ ევროკომისიის დასკვნა იქნება პოზიტიური, პოლიტიკური გადაწყვეტილებაც უნდა იყოს ასევე პოზიტიური".

შესაბამისად ვხედავთ, რომ საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს დადებითად ეხმაურებიან ევროკავშირის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებში, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისთვის და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის.