ვარშავა 1944: როცა პოლონეთი აჯანყდა მესამე რაიხის წინააღმდეგ ... და სტალინი გვერდზე გადგა

2 აგვისტო 2019 Shadow


ხშირად ამბობენ, რომ გერმანული ნაციზმი და საბჭოთა კომუნიზმი ბოროტების მედლის ორ მხარეს წარმოადგენდნენ, ხოლო სტალინი და ჰიტლერი არაფრით განსხვავდებოდნენ. ამ ყველაფრის ერთ-ერთ ნათელ დადასტურებად შეგვიძლია მოვიყვანოთ 1944 წლის ვარშავის ანტინაცისტური აჯანყება, როდესაც საბჭოთა ძალები პოლონელ აჯანყებულებს თავდაპირველად დაპირდნენ დახმარებას, თუმცა სტალინის ბრძანების თანახმად, აჯანყების დაწყების დღიდან, ორი თვის მანძილზე ვარშავის განაპირას დაბანაკებულები აკვირდებოდნენ თუ როგორ ანადგურებდნენ ნაცისტები უძველეს ქალაქს. თავის მხრივ ნაცისტებიც ხვდებოდნენ, რომ აჯანყების ჩახშობის შემდეგ ვარშავას ვერ შეინარჩუნებდნენ, რის გამოც მთელი ქალაქი მიწასთან გაასწორეს...


განადგურებული ვარშავა, 1950-იანი წლები

 

ვარშავა 1944: როცა პოლონეთი აჯანყდა მესამე რაიხის წინააღმდეგ ... და სტალინი გვერდზე გადგა

ზუსტად 75 წლის წინ, 1944 წლის 1 აგვისტოს, საღამოს 5 საათზე პოლონეთში დადგა ე.წ. „საათი ვ“, როდესაც ვარშავაში დაიწყო გერმანელი ნაცისტების საწინააღმდეგო უდიდესი აჯანყება.

 

აჯანყებულებმა შეჰფიცეს ღმერთს და ღვთისმშობელს

„არმია კრაიოვა“ (სამშობლოს არმია) ქვეყანაში წინააღმდეგობის მოძრაობის მთავარი ცენტრი იყო და მხარს უჭერდა პოლონეთის დევნილ მთავრობას. 1944 წლის 1 აგვისტოს საღამოს 5 საათზე, არმიამ სინქრონული დარტყმები მიიტანა ვარშავაში არსებულ გერმანულ ობიექტებზე და დაიწყო ოპერაცია „ბურზა“. პოლონელების არმია შედგებოდა 50.000 ადამიანისგან, რომელთა შორის იყვნენ სხვადასხვა ასაკის მამაკაცები და ქალები, აგრეთვე პატარა ბიჭები და გოგონები, რომლებიც ძირითადად ინფორმაციის გავრცელებით იყვნენ დაკავებული. მათი ფიცი შემდეგნაირად ჟღერდა: „ყოვლისშემძლე ღმერთისა და ღვთისმშობლის, პოლონეთის გვირგვინის დედოფლის წინაში ვფიცავ, რომ ვიქნები ჩემი ქვეყნის, პოლონეთის რესპუბლიკის ერთგული. ვფიცავ რომ დავიცავ მის ღირსებას და ვიბრძოლებ როგორც შემიძლია, თუ საჭიროა მისთვის სიცოცხლესაც გავწირავ“.

 

არმია კრაიოვას ძალები აჯანყების დროს

აჯანყებულებს არ ჰქონდათ მძიმე შეიარაღება: მათ შეაგროვეს საკმაო რაოდენობის ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტები და ტყვიამფრქვევები, ძირითადად მოკლული გერმანელებისგან, ასევე მცირე ოდენობით ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და ათეულობით ათასი ყუმბარა. აგრეთვე მათ საკუთარი ხელით დაამზადეს ცეცხლ მტყორცნი იარაღი, ნაღმმტყორცნი და ააწყვეს რამდენიმე  ჯავშანმანქანა. გარდა ამისა არმიის წევრებმა ხელთ იგდეს ორი გერმანული ტანკი და ბენზინმზიდიც. ყველაფრის მიუხედავად, ათიდან მხოლოდ ერთი აჯანყებული იყო სრულად შეიარაღებული.


აჯანყებულების მიერ კუსტარულად აწყობილი ჯავშანმანქანა "კუბუში"

 

აჯანყებულებმა ბრძოლის დასაწყისში დაიპყრეს რამდენიმე გერმანული საწყობი, უნიფორმებს მოაშორეს გერმანული არწივები, სვასტიკები და მიაკრეს პოლონეთის დროშები. მრავალ მათგანს ეცვა 1939 წლის შემდეგ ფარულად გადანახული პოლონეთის არმიის უნიფორმა. ბევრი აჯანყებული სამოქალაქო ტანსაცმელში იყო გამოწყობილი, ბავშვები კი ძირითადად შეიმოსნენ სკაუტების ფორმებით, რომელიც ძალიან პოპულარული იყო პოლონეთში, მაგრამ გერმანელებს ეს მოძრაობა აკრძალული ჰქონდათ. ყველა აჯანყებული საერთო ნიშანი იყო წითელი და თეთრი, ანუ პოლონეთის დროშის სახვევი წარწერით WP (Wojsko Polskie) რაც აჯანყებულს ჟენევის კონვენციის თანახმად ლეგალურ ჯარისკაცად აქცევდა.


"არმია კრაიოვას" პოზიციები 1944 წლის 4 აგვისტოს (მონიშნული წითლად)

 

უცხოეთის ჩართულობა ვარშავის აჯანყებაში

არმია კრაიოვამ მიიღო მცირე ზომის დახმარება ამერიკელებისა და ბრიტანელებისგან, რადგან თითქმის შეუძლებელი იყო გერმანული რედუტების გადალახვა, თუმცა დასავლელ პარტნიორებს არ სურდათ სტალინის გაღიზიანება: აჯანყებულებს გადაწყვეტილი ჰქონდათ რომ დაბრუნებოდნენ 1939 წლის სტატუს ქვოს და პოლონეთი გამხდარიყო დემოკრატიული სახელმწიფო, ამავდროულად საბჭოთა კავშირს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის მიხედვით გავრცელებული ჰქონდათ საკუთარი გავლენა პოლონეთის ნახევარზე.

არმიას მხარს უჭერდნენ უცხოელი მოხალისეებიც: ჩეხი, სლოვაკი, ფრანგი, ბელგიელი, ბრიტანელი, რუსი, ქართველი, აზერბაიჯანელი, უკრაინელი, უნგრელი, სომეხი და სხვათა შორის ავსტრალიელი და ნიგერიელი ჯარისკაცებიც კი მათ მხარეს იბრძოდნენ. მათ აგრეთვე შეუერთდათ ნაცისტური არმიის დეზერტირები და ბანაკებიდან გამოქცეული 300-მდე ებრაელი. აჯანყების მიზნებს შორის იყო საკონცენტრაციო ბანაკების გათავისუფლებაც. არმია კრაიოვამ 5 აგვისტოს შეძლო გეშიოვკას ბანაკის შტურმით აღება, თუმცა ვერაფერს გახდა პავიაკის ბანაკის გათავისუფლების ოპერაციისას.

 

გერმანული ძალები და უნგრელი ჯარისკაცები

გერმანელებს ვარშავაში 16.000 ჯარისკაცი ჰყავდათ, მათ შორის პოლიციის და SS-ის ძალები. დედაქალაქის მისადგომებთან კიდევ 90.000 სამხედრო იმყოფებოდა, მათ შორის უნგრეთის სამეფო კორპუსის ბატალიონიც, რომელიც ნაცისტების მხარეს მოქმედებდა. უნგრელების და პოლონელების ისტორიული მეგობრობის და იმის გამოც, რომ უნგრელი ჯარისკაცები ფარულად პოლონელებს ეხმარებოდნენ, გერმანელებმა ისინი უკან გაიწვიეს. უნგრეთის მთავრობამ ჯარს უბრძანა პოლონელებს არ დახმარებოდნენ, თუმცა არც მათ წინააღმდეგ ებრძოლათ. ზოგი უნგრელი ჯარისკაცი თვითნებურად გადავიდა პოლონელების მხარეს.

 

ნაცისტების მიერ ჩადენილი მასობრივი დანაშაულები

ვარშავის აჯანყების დაწყებიდან მცირე ხანში, ჰიტლერმა გასცა ბრძანება: „აქციეთ ქალაქი ტბად!“. გერმანელმა ძალებმა გადაწყვიტეს დაეწვათ მთელი რაიონები და შიგნითვე გამოეწვათ ჩასაფრებული და დამალული აჯანყებულები: ქალაქის ცენტრალური ნაწილი - მარიენსტაცი, უბანი ვოლა და იერუსალიმის გამზირი ცეცხლში გახვიეს. 5 აგვისტოს ვარშავის ნაცისტი გენერალ-გუბერნატორი, ჰანს ფრანკი წერდა: „თითქმის მთელი ქალაქი იწვის“. იმის გარდა, რომ შეეტიათ სამხედრო ცენტრებისთვის, ნაცისტებმა აქტიურად შეუტიეს სახლებს, მონუმენტებს და პოლონეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს: გაანადგურეს სიგიზმუნდის კოლონა, უცნობი ჯარისკაცის საფლავი, ავიაციით დაბომბეს სამეფო სასახლე და დაწვეს ბიბლიოთეკები და არქივები.

გერმანელები ჩვეულებრივ მოქალაქეებს ცოცხალ ფარად იყენებდნენ, ხანდახან ქალებს და ბავშვებს ტანკის და ჯავშანმანქანის წინაც კი აბამდნენ. დაპყრობილ უბნებში ისინი აწყობდნენ მასობრივ გაუპატიურებებს და წამებას. მარია სკლადოვსკა-კიურის სახელობის ონკოლოგიის ცენტრში მათ ცოცხლად გამოწვეს კიბოთი დაავადებული 60 პაციენტი. ოხოტას უბანში 10.000, ხოლო ვოლას რაიონში 40.000 მშვიდობიანი მოსახლე გაწყვიტეს.

ვოლას უბანში დამწვარი პოლონელები

 

წითელი არმია ჩერდება მდინარე ვისტულასთან: სტალინის გეგმა

მიუხედავად აჯანყების დასაწყისში წარმატებისა, არმია კრაიოვა მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა გერმანელებს ცოცხალი ძალითა და აღჭურვილობით. პოლონელებმა აღმართეს ბარიკადები და მათი დიდი ნაწილი გადაადგილდებოდა კანალიზაციებში. აჯანყებიდან ერთი კვირის თავზე კი ისინი იძულებული იყვნენ პარტიზანულად ებრძოლათ. გერმანელების მასობრივმა დანაშაულებმა, რომელსაც წესით არმიის საბრძოლო ჟინი უნდა ჩაეკლა, უკუშედეგი გამოიღო - პოლონელები პირდაპირ თავს აკლავდნენ ნაცისტ ჯარისკაცებს. საბჭოთა დახმარება არ ჩანდა. 29 ივლისს, წითელი არმიის ქვედანაყოფები დადგნენ ვარშავის აღმოსავლეთით მდებარე მდინარე ვისტულასთან და აჯანყების დაწყების შემდეგ აღარც განძრეულან. სტალინს ნათლად ჰქონდა გეგმები დაწყობილი: პოლონეთი გახდებოდა საბჭოთა მარიონეტული სახელმწიფო, სადაც ადგილი არმია კრაიოვასთვის, დევნილი მთავრობისთვის და პოლონელი დემოკრატებისთვის აღარ იქნებოდა. გარდა ამისა ეს ყველაფერი სიმბოლური აქტიც გახლდათ: სტალინს კარგად ახსოვდა, რომ 1920 წელს სწორედ ვისტულას მდინარესთან აგემეს პოლონელებმა ბოლშევიკურ არმიას სასტიკი მარცხი. საბჭოთა დიქტატორმა, რომელმაც 1939 წელს ჰიტლერთან საიდუმლო პაქტით პოლონეთი ორად გაიყო მშვიდად აყურებინა საკუთარ ჯარისკაცებს ქალების და ბავშვების მასობრივ ხოცვა ჟლეტას, ამ ქმედებით შური იძია ისტორიულ წყენაზე.

 

პოლონელების დამარცხება და ვარშავის განადგურება

1944 წლის 2 ოქტომბერს, ბრძოლით გამოფიტული და იარაღისა და ტყვია-წამლის გარეშე დარჩენილი პოლონეთის არმია კრაიოვას გენერალმა, ტადეუშ ბორ-კომოროვსკიმ ნაცისტებთან კაპიტულაციის აქტს მოაწერა ხელი. უახლოეს დღეებში არმიის 15.000 გადარჩენილი ჯარისკაცი გერმანიაში, საკონცენტრაციო ბანაკებში გაგზავნეს. კიდევ 16.000 ჯარისკაცი ქალაქის დაცვის დროს დაიღუპა. ვარშავის თითქმის ყველა მოქალაქე გაიგზავნა რავენსბრუკში, ოსვენციმში, მატჰაუზენსა და სხვა საკონცენტრაციო ბანაკებში - სულ 550.000-მდე ადამიანი. ნაცისტების სიმხეცეს დაახლოებით 200.000 მოქალაქე ემსხვერპლა.

გენერალი ტადეუშ ბორ-კომოროვსკი

 

აჯანყების დასრულების შემდეგ, გერმანელებმა განიზრახეს ვარშავის რუკიდან წაშლა. ცეცხლ მტყორცნებით და ნაღმებით მათ გაანადგურეს 900-მდე ისტორიული შენობა, 10.000 სახლი, 25 ეკლესია, მათ შორის ვარშავის საკათედრო ტაძარი, 14 ბიბლიოთეკა, 145 სკოლა, 2 უნივერსიტეტი, მთავარი არქივი, ელექტრო სისტემა, წყლის მიმწოდებელი არხები და გამწმენდი სისტემა, მთავარი სარკინიგზო სადგური, საფოსტო ოფისი, აეროპორტი, ტელეგრაფის ხაზები და ავტობუსები და ტრამვაებიც კი. ძველი ქალაქი ბოლომდე დაინგრა და გადარჩა მხოლოდ 1 შენობა. გერმანელებმა გაანადგურეს ყველა ხიდი, ქარხანა, საავადმყოფოები, დაწვეს ხეების 60% და სრულად გაანადგურეს ვარშავის ზოოპარკი.

 ცეცხლში გახვეული ძველი ვარშავა

 

საბჭოელების შემოსვლა ქალაქში

საბჭოელები ქალაქში 1945 წლის 17 იანვარს შევიდნენ და მათ მხოლოდ ქალაქის შენობების 15% დახვდათ მეტ-ნაკლებად მთელი. მცირე ხანში ახალმა საბჭოთა მარიონეტულმა მთავრობამ დედაქალაქი ლუბლინში გადაიტანა. კრაიოვას არმიის ჯარისკაცებს საკონცენტრაციო ბანაკებში დიდხანს არ მოუწიათ ყოფნა, ისინი 5-6 თვეში, გერმანელთა კაპიტულაციის შემდეგ გათავისუფლდნენ და არჩევანის წინაშე დადგნენ: დაბრუნებულიყვნენ პოლონეთში და კომუნისტების ხელში აღმოჩენილიყვნენ ან ბრიტანეთისთვის შეეფარებინათ თავი. იმათ, ვინც პირველი ვარიანტი აირჩია გერმანული საკონცენტრაციო ბანაკების შემდეგ საბჭოთა ბანაკებში უკრეს თავი. ზოგიერთმა არმიელმა უცხო ქვეყნებს შეაფარა თავი, ზოგი დაბრუნდა და საბჭოელების წინააღმდეგ მოძრაობაში ჩაერთო და საბოლოოდ ბევრმა მათგანმა კომუნისტური რეჟიმისგან იგივე ბედი გაიზიარა, რაც აჯანყების დროს ნაცისტებისგან.

 

სტატია პირველად გამოქვეყნდა: http://www.outono.net/

თარგმნა ანტონ ვაჭარაძემ