აბორტების სტატისტიკა და ლიბერალიზმი

14 მარტი 2016 Shadow

 

უკანასკნელი დღეების განმავლობაში, ქართულ ინტერნეტ სივრცეში ვრცელდება ვიდეო, სადაც „კვირის პალიტრის“ გადაცემა „ფალავანდიშვილთან“ სტუმრად მყოფი ქართველი ბიზნესმენი - ლევან ვასაძე აცხადებს, რომ „ლიბერალიზმის, როგორც იდეოლოგიის შედეგად, ყოველ წელს, დედის საშოში, აბორტის ფორმით 45 მილიონი ადამიანი იკვლება“. შესაბამისად, ლევან ვასაძის თანახმად, მსოფლიოში აბორტის პრაქტიკა ლიბერალური იდეებისა და პრინციპების გავრცელებას უკავშირდება და მისი მასშტაბები პირდაპირ კავშირშია ლიბერალიზმთან. საინტერესოა, რამდენად შეესაბამება ქართველი ბიზნესმენის განცხადება სიმართლეს.

 

უპირველეს ყოვლისა, საჭიროა განისაზღვროს ტერმინი ლიბერალიზმი, ვინაიდან, ლევან ვასაძე იმავე გადაცემაში ლიბერალიზმს და მის თანამედროვე ფორმას აიგივებს ანტიკურ რომაულ ღმერთთან და მითოლოგიურ პერსონაჟთან - ლიბერთან:

„ლიბერი იყო რომაული ცრუ-ღმერთების პანთეონის ავენტინური ტრიადის პლებეური ცრუ-ღმერთი, რომელიც გამოირჩეოდა სექსუალური გარყვნილებისა და ლოთობის სიყვარულით. და როცა შენ ამბობ, რომ მე ვარ ლიბერალი, მე, ესე იგი, ვარ მიმდევარი ამ ცრუ ღმერთისა, რომელიც ამითი გამოირჩევა“ - ლევან ვასაძე.

 

როგორც ვხედავთ, ლევან ვასაძისთვის, ადამიანი, რომელიც იზიარებს ლიბერალიზმს როგორც პოლიტიკურ იდეოლოგიას, არის ანტიკური რომის ერთ-ერთი ღმერთის მიმდევარი, ანუ იზიარებს ამ ღმერთისათვის მისაღებ ცხოვრების წესს.

 

ტერმინი ლიბერალიზმი გულისხმობს შემდეგს - პოლიტიკური ფილოსოფია, რომელიც პრიორიტეტს ინდივიდთა პირადი უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფას, მმართველობის დემოკრატიულ ფორმებსა და პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ინსტიტუტების თანმიმდევრულ რეფორმებს ანიჭებს. ამ იდეოლოგიის თანამედროვე ფორმად ჩამოყალიბება მოხდა XX საუკუნეში (თუმცა ლიბერალური იდეები XVII-XVIII საუკუნეებიდან ვითარდებოდა) და მოიცავს ისეთ ღირებულებებს როგორიცაა - პოლიტიკური ინსტიტუტების თავისუფლება, აზრის გამოხატვის უფლება, რელიგიური შემწყნარებლობა.

 

ერთადერთი, რაც აკავშირებს რომაულ ღმერთ ლიბერს და ლიბერალიზმს ერთმანეთთან, არის მათი ლათინური ფუძე - Liber (რაც თავისუფალს ნიშნავს).

როგორც ზემოთ აღინიშნა, საინტერესოა, არის თუ არა კავშირი აბორტსა და ლიბერალიზმს შორის. კავშირის დასადგენად, შეგვიძლია გადავხედოთ აბორტის სტატისტიკას და ვნახოთ რომელი ქვეყნები არიან მოწინავე ამ სტატისტიკით. შემდგომ შევაფასოთ ლიბერალური იდეოლოგიის და იდეების გავრცელება ამ ქვეყნებში, რის შედეგადაც შეგვეძლება გავაანალიზოთ რამდენადაა კავშირში ერთმანეთთან აბორტი და ლიბერალური სახელმწიფოები.

 

კვლევისთვის გამოყენებულია საიტი nationmaster.com,  რომელიც არის სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების ერთიანი ელექტრონული პლატფორმა. საიტი გვთავაზობს სტატისტიკებს სხვადასხვა ქვეყნებიდან და იყენებს ისეთ ოფიციალურ წყაროებს როგორიცაა - მსოფლიო ბანკი (WB), მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD), ევროსტატი (Eurostat) და სხვა. საიტი შესაძლებლობას იძლევა სხვადასხვა ქვეყნები შევადაროთ ერთმანეთს ისეთ საკითხებში როგორიცაა - ჯანმრთელობა, ეკონომიკა, სპორტი, დანაშაული, პოლიტიკა, უსაფრთხოება და ა.შ.

 

ოფიციალური მონაცემებით, წელიწადში საშუალოდ 44 მილიონი აბორტი კეთდება. სტატისტიკა ადასტურებს, რომ აბორტების ნახევარი ხორციელდება იმ ქვეყნებში სადაც აბორტი აკრძალულია/არაკანონიერია. თუმცა, აბორტების ზუსტი ციფრის დასახელება რთულია, რადგან ხშირ შემთხვევაში აბორტები მალულად კეთდება, რის შედეგადაც მისი დოკუმენტირება/აღრიცხვა არ ხდება. საშუალოდ, აბორტის ინტენსიურობა ყოველ 1000 მოსახლეზე განვითარებულ ქვეყნებში 24-ია, ხოლო განვითარებად ქვეყნებში კი 29.

 

2003 წლის სტატისტიკის მიხედვით, აბორტების რაოდენობით ლიდერი ქვეყანა რუსეთია - წელიწადში 2.77 მილიონი აბორტით. ათეულში შედიან ისეთი ქვეყნები როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები (აშშ), ბულგარეთი, გერმანია, იტალია, ინდოეთი, საფრანგეთი, კუბა, იაპონია.

წყარო: „Abortions: Countries Compared“, Nationmaster.com

თუმცა, ამ სტატისტიკაში გასათვალისწინებელია მოსახლეობა, ვინაიდან ინდოეთში აბორტების ალბათობა უფრო დიდია ვიდრე მოლდოვაში მოსახლეობის სიდიდის გათვალისწინებით. თუ ავიღებთ აბორტების სტატისტიკას ყოველ 1000 მოსახლეზე მივიღებთ შემდეგ სურათს - რუსეთი კვლავ პირველ ადგილზეა აბორტების რაოდენობით (19 აბორტი ყოველ 1000 მოსახლეზე), მეორეზეა ბულგარეთი (12 აბორტი ყოველ 1000 მოსახლეზე), უნგრეთი (7 აბორტი ყოველ 1000 მოსახლეზე), მეოთხეზე კუბა (7 აბორტი ყოველ 1000 მოსახლეზე) და მეხუთეზე შვედეთი (4 აბორტი ყოველ 1000 მოსახლეზე).

წყარო : „Abortions per 1000: Countries Compared“, Nationmaster.com

 

როგორც ვხედავთ, მოწინავე ქვეყნების სიაში არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებიც ითვლებიან ლიბერალურ სახელმწიფოებად (შვედეთი, ბულგარეთი, უნგრეთი), ამასთანავე ისეთი არალიბერალური სახელმწიფოები როგორიცაა - რუსეთი ან კუბა (სადაც ადამიანის უფლებების დარღვევა ხშირია).

რასაკვირველია, სტატისტიკები წლიდან წლამდე იცვლება, თუმცა 2003 წელი ავიღეთ თვალსაჩინოებისთვის, რათა გვეჩვენებინა, რომ ისეთ არალიბერალურ სახელმწიფოებში როგორიცაა რუსეთი და კუბა (რომელიც კვლავ კომუნისტური სახელმწიფოა), აბორტი უფრო ხშირი შეიძლება იყოს, ვიდრე ლიბერალურ სახელმწიფოებში.

ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლიბერალიზმსა და აბორტების რაოდენობას შორის პირდაპირი კავშირი არაა და განცხადება - „ლიბერალიზმის, როგორც იდეოლოგიის შედეგად, ყოველ წელს, დედის საშოში, აბორტის ფორმით 45 მილიონი ადამიანი იკვლება“ - არ შეესაბამება სიმართლეს.

სტატისტიკური დაკვირვება აჩვენებს, რომ აბორტების რაოდენობა მცირდება განვითარებულ ქვეყნებში, მაშინ როდესაც განვითარებად ქვეყნებში აბორტების რიცხვი იზრდება. დიდ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ამ ქვეყნებში განხორციელებული აბორტების ნახევარი არაა უსაფრთხო. აბორტთან დაკავშირებული გართულებები დედის წლიური სიკვდილიანობის 13%-ს შეადგენს მსოფლიო მასშტაბით. აბორტით გამოწვეული სიკვდილიანობის უდიდესი წილი კი აფრიკაზე მოდის. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევების თანახმად, აბორტის მაღალი მაჩვენებელი განვითარებად ქვეყნებში შეიძლება აიხსნას ოჯახის დაგეგმარების მიუღებლობით და კონტრაცეპტივებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობით. კონტრაცეპტივებზე ხელმიუწვდომლობა ზრდის არასასურველი ფეხმძიმობისა და აბორტის რიცხვს. განვითარებად ქვეყნებში, ქალების 80%, რომლებიც ფეხმძიმდებიან არაგეგმიურად, აქვთ შეზღუდული ან საერთოდ არ მიუწვდებათ ხელი კონტრაცეპტივებზე. იმ ქვეყნებში, სადაც ოჯახის დაგეგმარების პროგრამები არსებობს, არაგეგმიური და არასასურველი ფეხმძიმობის მაჩვენებელი ნაკლებია.