აფხაზეთში დეპუტატი "როსნეფტის" მიერ ნავთობის მოპოვებაზე მორატორიუმს ითხოვს

27 ივლისი 2015 Shadow

 

 ნეტგაზეთის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატი თენგიზ აგრბა საზოგადოებას მოუწოდებს ნავთობის მოპოვებაზე მორატორიუმის საკითხის განხილვაში ჩაერთონ, რომელსაც პარლამენტი 29 ივლისს განიხილავს.  

"ვფიქრობ, ამ საკითხის მნიშვნელობა აფხაზეთისთვის შეუძლებელია შეაფასო და ამიტომაც უმნიშვნელოვანესია, რომ დეპუტატებმა ღიად გამოთქვან თავიანთი პოზიცია ნავთობის მოპოვების საკითხზე. ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის და მოვუწოდებ ყველას, ვისთვისაც არ არის აფხაზეთის ბედი სულერთი, პარლამენტთთან შეიკრიბონ. იყოს ეს გარკვეული სახის რეფერენდუმი და სახალხო რჩეულებმა ღიად, თავიანთი ამომრჩევლის წინაშე საკუთარი აზრი გამოხატონ ამ საკითხზე", - აცხადებს პარლამენტარი.

მისი თქმით, ჯერ კიდევ ოპოზიციაში მყოფი ახლანდელი ხელისუფლება თავის დაპირებებში ამბობდა, რომ ნავთობის მოპოვებაზე მორატორიუმი უნდა ყოფილიყო მიღებული, თუმცა ეს საქმე ახალ ხელისუფლებას ბოლომდე არ მიუყვანია.

როგორც აგრბა ამბობს, გაუაზრებელია "როსნეფტის" სასარგებლოდ და ადამიანთა მცირე ჯგუფის გამდიდრების გამო საზოგადოებისა და ზოგადად, აფხაზეთის ინტერესების უგულებელყოფა.


rosneftოკუპირებული აფხაზეთის პარალელურად "როსნეფტი" საქართველოს სხვა ტერიტორიაზც ოპერირებს. damoukidebloba.com-ის მიერ მომზადებული კვლევის თანახმად, კომპანია საქართველოს ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა, როდესაც მან განაცხადა, რომ “პეტროკას ენერჯი ლიმიტედის” 49%-იანი წილი შეიძინა. ოფიციალურად ეს გარიგება ქართულ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის, რადგან გარიგება ოფშორული კომპანიების მეშვეობით განხორციელდა

„პეტროკას ენერჯი ლიმიტედი“ საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანიაა, რომელიც ახორციელებს საწვავის ექსპორტს ევროპიდან და აწვდის საქართველოში მოქმედ  ბენზინგასამართი სადგურების სხვა ქსელს. კომპანიის წარმომადგენლთა თქმით, “პეტროკას ენერჯი ლიმიტედი” საქართველოში ფლობს ფოთის ნავთობტერმინალებს და ბენზინგასამართი სადგურების ქსელს.

“როსნეფტის” ინფორმაციით, „პეტროკას ენერჯი ლიმიტედის” 49% მათ რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის, დავით იაკობაშვილისგან შეიძინეს, კომპანიაში დანარჩენი წილი კი კვლავ იაკობაშვილის საკუთრებაში დარჩა. „როსნეფტის” 69.50%-ს ასევე რუსული კომპანია “როსნეფტგაზი” ფლობს, რომლის 100%-იანი მესაკუთრე რუსეთის სახელმწიფოა.

“როსნეფტსა” და “პეტროკას ენერჯი ლიმიტედს” შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას საქართველოში მაშინვე მოყვა საპარლამენტო უმცირესობისა და საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი. საპარლამენტო უმცირესობამ საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვა, ხელი შეეშალა ფოთის ნავთობტერმინალის რუსულ სახელმწიფო კომპანიაზე მიყიდვისთვის.

მოქალაქეებმა პეტიციაც შეიმუშავეს, სადაც აღნიშნეს, რომ ირღვეოდა კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების" შესახებ. კანონის თანახმად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საზღვაო აკვატორიაში და კონტინენტურ შელფზე კრძალავს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, რომელსაც საქართველოს სახელმწიფოსგან ნებართვა ან ლიცენზირება სჭირდება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიცია იყო, რომ ისინი ხელს ვერ შეუშლიდნენ ორ ბიზნეს სუბიექტს შორის ხელშეკრულების გაფორმებას.

“ეს ტრანზაქცია მოხდა ოფშორულ ანგარიშებზე. ჩვენ, სამწუხაროდ, ამ ტრანზაქციის კონტროლის არანაირი საშუალება არ გვაქვს. აქეთ მოდის ბრალდებები ჩვენკენ, რომ ვყიდით რაღაცას რუსულ კომპანიებზე. ნათლად ჩანს, ვინ ყიდის რუსულ სახელმწიფო სანქცირებულ კომპანიებზე საქართველოში არსებულ ქონებას, ამიტომ ჩვენ მიმართ ამ მხრივ ბრალდებები აბსოლუტურად გაუმართლებელია”, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

“ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია, რომ რაიმენაირად შევაფერხოთ ან ჩავშალოთ ეს ტრანზაქცია, რადგან ამის განხორციელება ოფშორულ ზონაში მოხდა”, - ეს განცხადება კი ჟურნალისტებთან ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ გააკეთა.

სწორედ იმ მოტივით, რომ გარიგება ოფშორული კომპანიების მეშვეპბით განხორციელდა, "როსნეფტის", შესაბამისად "პეტროკასის" მიმართ საქართველოს არანაირი სანქცია არ გამოუყენებია. შეზღუდვები არ შეხებია მაშინაც, როცა "როსნეფტი" იმ რუსულ კომპანიებს შორის მოხვდა, რომელსაც რუსეთის მიერ ყირიმში შეჭრის შემდეგ აშშ-მ და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა სანქცია დაუწესა.

file