წყარო: eugeorgia.info
ჩეხური კვლევითი ორგანიზაცია “ევროპული ღირებულებები” ევროპის ქვეყნებს კრემლის პროპაგანდის გავლენის შესამცირებლად 50-მდე ღონისძიებას სთავაზობს და რეკომენდაციების სწრაფად განხორციელების სასიცოცხლო მნიშვნელობაზე მიუთითებს.
ჩეხეთმა რუსული პროპაგანდის განსაკუთრებული გააქტიურება ევროკავშირის სხვა წევრი თუ მეზობელი ქვეყნების მსგავსად 2013 წელს უკრაინის კრიზისის დაწყების შემდეგ იგრძნო, როდესაც კრემლის წახალისებით ახალი მედიასაშუალებები გაჩნდა. ყირიმის ანექსიიდან მალე, ახალი ამბების პორტალმა Aeronet.cz უკრაინის ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ აგრესიული კამპანია დაიწყო. 2014 წელს ჩეხეთის კონტრდაზვერვამ პორტალი საშიში პრო-რუსული პროპაგანდის წყაროდ გამოაცხადა.
პროპაგანდას რუსეთი ჰიბრიდულ ომში მთავარ ინსტრუმენტად იყენებს, რომლის მეშვეობითაც ცდილობს თავისი მთავარი სტრატეგიული მიზნის მიღწევას- შეარყიოს ნატოსა და ევროკავშირის ერთიანობა.
ევროკავშირის ერთიანობა გასულ კვირას დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა რეფერენდუმმა მართლაც შეარყია, ბრიტანელების უმრავლესობამ კავშირის დატოვებას მხარი დაუჭირა. მართალია, რეფერენდუმამდე ვლადიმერ პუტინი და რუსი მაღალჩინოსნები საჯარო კომენტარებს თავს არიდებდნენ, თუმცა კარგად მუშაობდა რუსეთის სახელმწიფო ინგლისურენოვანი მაუწყებელი Russia Today და სააგენტო Sputnik. პროპაგანდა კიდევ უფრო აშკარა გახდა Russia Today-სა და Sputnik-ის ბოლო პერიოდის სტატიებში, სადაც ევროკავშირი ხან ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს ქმნილებადაა გამოცხადებული, ხან კიდევ გაკიცხულია, როგორც იდეოლოგიური მანქანა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო პერიოდში კრემლის მიერ დაფინანსებული ტელევიზიის ერთგული სტუმარი იყო “გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტიის” (UKIP) ლიდერი ნაიჯელ ფარაჟი, რეფერენდუმის ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი.
წარსულში Russia Today-მ ერთხელ უკვე მიიღო სანქციები ბრიტანეთის მედია მარეგულირებლისგან მაუწყებლობის კოდექსის დარღვევის გამო, რაც უკრაინის მოვლენების მიკერძოებულ გაშუქებას უკავშირდებოდა.
ევროპული ფასეულობების წინააღმდეგ ხალხის განსაწყობად მედია კრემლისთვის ერთ-ერთი და არა ერთადერთი ინსტრუმენტია. ამ ინსტრუმენტთან გასამკლავებლად 2015 წლის სექტემბერში ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურში სპეციალური ჯგუფი-East Stratcom შეიქმნა. სტრატკომი რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მონიტორინგს ახდენს და აქვს ყოველკვირეული “დეზინფორმაციის მიმოხილვა”. ევროკავშირის ქვეყნებმა ცალ-ცალკეც დაიწყეს ფიქრი პროპაგანდის შესაჩერებელ მექანიზმებზე. რამდენიმე ქვეყანამ უკვე შეიმუშავა სტრატეგიის დოკუმენტი, თუ როგორ უნდა უპასუხოს აგრესიულ კამპანიას, ამ ქვეყნებს შორისაა სლოვაკეთი და ჩეხეთი.
“ჩეხეთი ერთი ნაბიჯით წინაა, მათ უკვე შექმნეს ჯგუფი, რომელიც მოიცავს, როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო სექტორს, მუშაობს შსს-ოს ფარგლებში, აქვს დიდი გავლენა პარლამენტარებზე, საკმაოდ სიცოცხლისუნარიანი ფორმატია. სლოვაკეთის შემთხვევაში, ეს იქნება სახელმწიფო სტრატეგია რუსეთის პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად, პარლამენტი მიიღებს, როგორც სტრატეგიას და განხორციელების პროცესში სთხოვს მთავრობას დახმარებასა და ხელშეწყობას. შეხვედრების დროს 2 ვარიანტის პრეზენტაციას ვაკეთებთ, ერთ-ერთი ჩეხეთის გამოცდილებაზე ორიენტირებული და გამოყენებადია ყველა იმ ქვეყნისათვის, რომელიც თავს მიიჩნევს დემოკრატიულად. ბევრი მეთოდია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ამ პროპაგანდის წარმატებით დამარცხება“,- ამბობს სლოვაკი ექსპერტი რადოვან ბრანიკი. ბრანიკმა სტრატეგიული კომუნიკაციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საქართველოს ევროპელი ექსპერტების რეკომენდაციები გააცნო, რომელიც კვლევითი ორგანიზაციის “ევროპული ღირებულებები” დოკუმენტშია გაწერილი. დოკუმენტის-“სრულმაშტაბიანი დემოკრატიული პასუხი მტრული დეზინფორმაციის ოპერაციებზე”-მიხედვით, რუსეთი პროპაგანდისთვის ძირითადად ორ ფლანგზე აქტიურობს:
-ევროკავშირისა და ნატოს დონეზე-ცდილობს პოლიტიკოსების პრო-რუსული განწყობების გამოყენებას და ამ გზით ერთიანობისთვის ძირის გამოთხრას. ასევე, ცდილობს გაზარდოს სამხრეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებს ან კავშირის ახალ და ძველ წევრებს შორის უკვე არსებული უთანხმოება.
-წევრი ქვეყნების დონეზე- მიზანია შეარყიოს მოსახლეობის ნდობა ხელისუფლებების, მოკავშირე ორგანიზაციების, სახელმწიფოებისა და დემოკრატიული პოლიტიკური პარტიებისადმი ან ზოგადად, წამყვანი მედიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.
ერთ-ერთი წარმატებული მეთოდი, რასაც კრემლი აქტიურად იყენებს პრო-რუსი პოლიტიკოსებისა და პარტიების მხარდაჭერაა, როგორიცაა, “ალტერნატივა გერმანიისთვის”, “ეროვნული ფრონტი”- საფრანგეთში, “იობიკი”- უნგრეთში, “სახალხო პარტია-ჩვენი სლოვაკეთი” (LSNS) - და “გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტია” (UKIP), რომელიც თავგამოდებით უჭერდა მხარს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას. ევროპელი ექსპერტები რუსეთის პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად ქვეყნებს კონკრეტულ რეკომენდაციებს 4 მიმართულებით სთავაზობენ.
1.საკითხის მტკიცედ დაყენება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკური დღის წესრიგში.
ამ ინსტრუმენტის მთავარი მიზანია დეზინფორმაციის საფრთხე მკაფიოდ იყოს აღწერილი და დასახელებული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის შესახებ როგორც ეროვნულ, ასევე საეთაშორისო სტრატეგიულ დოკუმენტებში (ევროპის ახალ გლობალურ სტრატეგიაში). ვინაიდან, დეზინფორმაციის გავლენა მხოლოდ საგარეო პოლიტიკას არ ეხება და მიმა
მიმართულია სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი მოსახლეობის ნდობის შემცირებისკენ, აუცილებელია შიდა უსაფრთხოებისთვისაც საფრთხედ განიხილებოდეს. კვლევის მიხდევით, ამ სფეროში განსახორციელებელ ნაბიჯებს შორისაა:
-ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის გააქტიურება და East Stratcom-ის გაძლიერება. ასევე, ნატოს სტრატეგიული კომიტეტებისა და East Stratcom-ის მიერ დეზინფორმაციის ერთიანი ანალიტიკური ჩარჩოს შექმნა.
-შსს-ს მეშვეობით კრემლსა და ექსტრემისტულ ჯგუფებს შორის კავშირის მონიტორინგი და გამოაშკარავება (ფინანსური, მატერიალური თუ სხვა სახის მხარდაჭერის).
ხაზგასმულია ე.წ. Financial Snap Unit-ის, “იბრძოლე ბანკებით და არა ტანკებით” მიდგომის მნიშვნელობა, რომლის იდეაც ედუარდ ლუკასსა და გარი კასპაროვს ეკუთვნით. აღნიშნული მიდგომა ითვალისწინებს განყოფილების შექმნას (ნატოს ან ევროკავშირის ინსტიტუტების შიგნით), რომელიც მჭიდროდ ითანამშრომლებს მოკავშირე ქვეყნებთან და სტრატეგიული კრიზისის დაწყების შემთხვევაში, სულ რამდენიმე საათში გაყინავს რუსეთის აქტივებსა და კონკრეტული ინდივიდებისა და ინსტიტუტების ტრანზაქციებს.
2. კრემლის მიერ დაფინანსებული დეზინფორმაციის კამპანიის მხარდამჭერების, განსაკუთრებით, პოლიტიკოსებისა და საჯარო მოხელეების, საჯაროდ გამოწვევა.
ევროკავშირის პოლიტიკურ წრეებში თითქმის ყველა ქვეყანას ჰყავს კრემლის ინტერესების დეკლარირებული თუ არადეკლარირებული გამტარებლები. ულტრა-მემარჯვენე და ულტრა-მემარცხენე პარტიების უმრავლესობა რუსეთის პოლიტიკის მიმართ მეგობრულ დამოკიდებულებას არც მალავს. მეორე ჯგუფია ე.წ. “პუტინის აპოლოგეტები”, რომელთაც პოვნაც შესაძლებელია წამყვან პოლიტიკურ ჯგუფებში. მხარდამჭერთა ეს კატეგორია საჯაროდ არ აფიქსირებს თავის დამოკიდებულებას კრემლის პოლიტიკისადმი, მაგრამ ცდილობენ დაბლოკონ ან შეამსუბუქონ მოკავშირე ინსტიტუტების თავდაცვის ზომები რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებების შესაჩერებლად.
კვლევით დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ასეთი ინდივიდების ნაბიჯები საჯაროდ უნდა გამჟღავნდეს, როგორც ევროკავშირისა და ნატოს, ასევე თითოეული ქვეყნის დონეზე, რისთვისაც საჭიროა:
-პრო-რუსი პოლიტიკოსების/პარტიების კრემლთან ფინანსური თუ პერსონალური კავშირების ეროვნული დაზვერვის მეშვეობით გამოძიება და საჯაროდ გამოაშკარავება.
-სპეციალური საპარლამენტო კომიტეტების შექმნა და საჯარო მოსმენების გამართვა, რაც ხელს შეუწყობს ამ საკითხზე საზოგადოებრივი ცნობიერების გაზრდას.
-ვინაიდან, კრემლის მხარდამჭერი პოლიტიკოსები საფრთხეს უქმნიან ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას (შესაძლოა კრემლს მიაწოდონ კონფიდენციალური ან სენსიტიური ინფორმაცია) და პარლამენტებიდან მათი დემოკრატიული გზით გარიცხვა შეუძლებელია, ევროპელი ექსპერტების რჩევაა მოხდეს რეგულარული საპარლამენტო პროცედურების მეშვეობით მათი ჩამოშორება სენსიტიური პოზიციებიდან (უსაფრთხოებისა და თავდაცვის, ასევე დაზვერვის საკითხებზე მომუშავე კომიტეტებში).
დოკუმენტზე მომუშავე ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მკაცრად უნდა გაკონტროლდეს პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაც, ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს მკაცრი საკანონმდებლო ჩარჩო, რომ გამოირიცხოს დაფინანსების გაუმჭვირვალობა.
ხაზგასმულია პროცესში ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კვლევითი ცენტრების აქტიური მუშაობის მნიშვნელობა- “დაასახელე და შეარცხვინე” (name& shame) მიდგომა- როგორც ეროვნულ, ასევე ევროკავშირის უმაღლეს დონეზე, რაც პოლიტიკოსების სიტყვებისა და ქმედებების ყურადღებით შესწავლას და გამოაშკარავებას გულისხმობს. ასევე, მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დებატების გამართვა რეგიონების მოსახლეობასთან.
3. დეზინფორმაციული კამპანიების არსისა (შინაარსის) და საშუალებების გამოაშკარავება
კვლევითი დოკუმენტის ავტორები მიიჩნევენ, რომ თუ რომელიმე მედია-გამოცემა ან კვაზიმედია პროექტი რეგულარულად აქვეყნებს დეზინფორმაციას, უნდა იყოს მიჩნეული მიკერძოებულად და დაკარგოს ფართო აუდიტორიის ნდობა. დეზინფორმაციული კამპანიების გამოსააშკარავებლად შემოთავაზებული ნაბიჯებს შორისაა:
- დეზინფორმაციის ანალიზის ეროვნული ჯგუფის შექმნა. მსგავსი სახის ორგანოები უკვე არსებობს დიდი ბრიტანეთისა და ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროებში, თუმცა, ძირითადად, საგარეო პოლიტიკური მიზნებისთვის. შემოთავაზებულ ორგანოს კი მცირედით განსხვავებული პრიორიტეტები ექნება.
- რეკომენდაციების მიხედვით, უნდა გაიზარდოს დაზვერვისა და კონტრდაზვერვის ოპერაციები, რუსეთის დაზვერვის აგენტების ლუსტრირებისთვის.
ასევე, მნიშვნელოვანია მედიის მესაკუთრეებისა და დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობა. წამყვანი როლი ეკისრება სამოქალაქო საზოგადოებას- არასამთავრებოები, კვლევითი ინსტიტუტები ყოველდღიურად უნდა იყვნენ ჩართული მითების მსხვრევასა და დეზინფორმაციის გამჟღავნებაში, უნდა გამოაშკარავდეს კომპანიები, ვინც კრემლის მხარდამჭერ, შეთქმულების თეორიებზე დაფუძნებულ ვებგვერდებზე რეკლამას ათავსებს.
4. თავისუფალი საზოგადოებების მდგრადობის სისტემატურად განვითარება
ამ მიმართულებაში ხაზგასმულია არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობა, ჟურნალისტების დატრენინგება და საზოგადოებრივი მაუწყებლების როლი, რომელთაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ დეზინფორმაციის გაშუქებას. ერთ-ერთი რეკომენდაცია უნივერსიტეტებში აღმოსავლეთის/რუსეთის სწავლებების ხარისხის პროგრამების შექმნასა და უმცირესობების საჭიროებების შესწავლას ეხება, ვინც ხშირ შემთხვევაში ყველაზე მოწყვლადი ჯგუფად ითვლება.
რეკომენდაციებზე მომუშავე ჯგუფი ევროკომისიას ასევე ურჩევს არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტების დასაფინანსებლად 2017 წლიდან 15 მილიონი ევრო გამოყოს.