29 მარტი აკაკი ბაქრაძის დაბადების დღეა. ქართველი კრიტიკოსი, ხელოვნებათმცოდნე, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე კითხულობდა ლექციების კურსსა და საჯარო ლექციებს ლიტერატურაზე, ისტორიაზე, ეროვნულ და საზოგადოებრივ საკითხებზე. 1980-იან წლებში მისმა წიგნებმა და სტატიებმა, საჯარო ლექციებმა დიდი როლი შეასრულა ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ახალი ტალღის წარმოქმნასა და ქართული აზროვნების ისტორიის ჩამოყალიბებაში. მან ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავასთან ერთად დიდი გავლენა მოახდინა ქართული საზოგადოების მიერ საკუთარი იდენტობის გათავისება-აღორძინების საქმეში. მათი იდეოლოგია არ იყო მხოლოდ პოლიტიკური ან სახელმწიფოებრივი, ისინი საქართველოს მიზნად უსახავდნენ გაცილებით მეტს, კაცობრიობის კულტურული ნაწილის წევრობას.
ბაქრაძე საჯარო ლექციებსა თუ წერილებში აქტიურად ცდილობა რუსეთის რეალური სახე დაენახებინა ქართველებისათვის. 1998 წელს დაწერილ მის ერთ-ერთ ბოლო წერილში ვკითხულობთ:
„გახსოვთ, რა უთხრა ტარას ბულბამ ანდრის, სანამ მოკლავდა? „მე გშობე, მევე უნდა მოგკლა“. რუსეთმა დაშლილ-დანაკუწებული ქართული სამეფო-სამთავროები დაიკავა. იგი თვლის, რომ ტერიტორიულად საქართველო მან გააერთიანა (სამწუხაროდ, უმეცრების გამო ბევრი ქართველი პოლიტიკოსიც იმეორებს ამას თუთიყუშივით). იმას კი რუსებიც მალავენ და ქართველებიც, რომ რუსეთი საქართველოს კი არ აერთიანებდა, არამედ იმპერიის საზღვრებს აფართოებდა. ამას უტყუარად ადასტურებს ის პოლიტიკა, რომელსაც მე-19 საუკუნეში რუსეთი ატარებდა საქართველოში. ამ პოლიტიკას ქართველი ხალხის სულიერი, ეთნიკური და რელიგიური დაშლა ერქვა სახელად. იგი მეტად ინტენსიურად მიმდინარეობდა. ამის დასაბუთებით თავს არ შეგაწყენთ. ვისაც მართლა აღელვებს საქართველოს ბედ-იღბალი, იმან ეს კარგად იცის. მარტო იმას გაგახსენებთ, როგორ ხდებოდა მე-19 საუკუნეში საქართველოში და თბილისის მოსახლეობის აღწერა. აღწერილია ასე - ქართველები, იმერლები, ხევსურები, ფშავლები, გურულები, მეგრელები, აჭარლები და ა.შ. ამის ნიმუშებს ნებისმიერ სტატისტიკურ ცნობარში იპოვნით. ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიაშიც კი. როგორ ფიქრობთ, - რუსმა სპეციალისტებმა არ იცოდნენ, რომ აქ ჩამოთვლილი ტომები ერთიან ქართველ ხალხს შეადგენდნენ? რა თქმა უნდა, იცოდნენ. მაგრამ რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკას ჭირდებოდა ქართული ეროვნული სხეულის დაშლა და შლიდნენ. ეს პოლიტიკა გრძელდებოდა ბოლშევიკურ-კომუნისტური რეჟიმის დროსაც.
ასე, რომ „მეგობარი“ რუსეთი ტარას ბულბასავით ეუბნება საქართველოს: მე გაგაერთიანე და მევე დაგანაკუწებ. ქართული პოლიტიკოსების დიდი ნაწილი კი ალერსიანად შესციცინებს თვალებში რუსეთს და ყმური ერთგულებით უდასტურებს - მართალი ბრძანდებითო. ადამიანი ან უზომოდ ემინი უნდა იყოს ან უნუგეშოდ აბუეტი, რომ დაიჯეროს რუსეთს საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა ეოცნებებაო. რუსეთი იყო საქართველოს მტერი და ასეთად დარჩება მანამ, სანამ საბოლოოდ არ ირწმუნებს, რომ მისი დიდი იმპერია ერთხელ და სამუდამოდ დაიშალა. როცა ამას დაიჯერებს, მერე აირჩევს კეთილმეზობლურ ურთიერთობას, მანამდე კი არა. მანამდე ისევ ძველებურ იმპერიულ პოლიტიკას გააგრძელებს. ხომ ხედავთ: სულს ღაფავს და იმაზე ოცნებობს რუსეთ-ბელორუსიის კავშირს იუგოსლავიაც შეუერთოს.
საქართველოს წინ სრულიად სხვა მიზანი და ამოცანა დგას. ეს მიზანი და ამოცანა დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყნის მიზანი და ამოცანაა, რომელსაც არ სურს სხვისი დამონება და არც ის უნდა, რომ თავად იყოს სხვისი ყურმოჭრილი ყმა. „
აკაკი ბაქრაძე ჯერ კიდევ 1994 წელს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების საკითხზე საუბრისას ამბობდა: „თუ თავს არ მოვიტყუებთ, აფხაზეთიც და ცხინვალის ოლქიც ჩვენ წაგვართვა რუსეთმა. დაგვსაჯა რუსეთმა ამით იმისათვის, რომ ჩვენ გამოვთქვით დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სურვილი. ჩვენ ამისთვის 1918-1921 წლებშიც დაგვსაჯეს, მაშინ წაგვართვეს საინგილო და სხვა ტერიტორიები, მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტური საქართველო რუსეთის ძაღლივით ერთგული იყო, ჩვენ არ დაგვიბრუნეს ეს ტერიტორიები, სასჯელი ბოლომდე გვაზღვევინეს. ეს არის სასჯელი, რომელმაც უნდა გვასწავლოს ჭკუა-ჩვენ უნდა შევძლოთ საკუთარი თავის დარწმუნება, რომ ძლიერი მტერსაც მედგრად გავცეთ პასუხი და იძულებული გავხადოთ ანგარიში გაგვიწიოს, ეს იოლი არ არის, ამას ვერ გააკეთებ, თუ მხოლოდ იმაზე იფიქრებ თუ როგორ იცხოვრო კეთილად, დღე და ღამ ფუფუნებაში იყო, არაფერი მოიკლო და დაიკლო და ელოდო, რომ ვიღაცამ ლანგარზე დადებული მოგართვას აფხაზეთი და ცხინვალის ოლქი. თუ ჩვენ ყველა გასაჭირს გავუძლებთ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სახელით, მაშინ ჩვენ ამას შევძლებთ და რუსეთის სიძლიერის მიუხედავად ის აქედან კუდამოძუებული წავა, მაგრამ, თუ ჩვენ სულ კუდი ვუქიცინეთ, თვალებში შევაცქერდით და ვიძახეთ, რომ მოსკოვის გარდა საშველი გზა არ გვაქვს, მაშინ არაფერი გამოვა, მაშინ ვაღიაროთ დამარცხება, ისევ დავიდგათ მონობის უღელი და ვიყოთ, მერე ვეხვეწოთ ისე მაინც ერთხელ სოხუმში ჩაგვიშვან… …არის მეორე გზაც-თუ ჩვენ თავმოყვარეობას არ ვუღალატებთ, სიმტკიცესა და ვაჟკაცობას მოვიკრებთ, მაშინ ჩვენ შევძლებთ ამ დიდი ომის მოგებას!“
აკაკი ბაქრაძის „დავიწყებულ იდეაში“ ვკითხულობთ: "ცალკეული პიროვნებებისა თუ მთელი ერის ცვალებად ბედ-იღბალში, ბედნიერება-უბედურების მონაცვლეობაში ნათლად ჩანს ბოროტების დამარცხებისა და კეთილის გამარჯვების ერთიანი, მთლიანი, მტკიცე კანონზომიერება. ორივე აზრობრივი ხაზის გამთლიანება და ერთად წარმოდგენა საშუალებას მოგვცემს გავიგოთ – რა მემკვიდრეობას, წინაპართა რა ანდერძს უნდა მოვუაროთ, განვავითაროთ, ახალი დროისა და პირობების შესაბამისად, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩამორჩენილობას თავი დავაღწიოთ და საკაცობრიო ასპარეზზე ყავარჯნის მოუშველიებლად ვიაროთ."