წყარო: georgianreview.ge
ავტორი: ლევან ავალიშვილი
ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი განსაზღვრებით ის მოიცავს კლასიკურ საომარ მოქმედებებს, ძირგამომთხრელ საქმიანობას, ენერგეტიკულ, ეკონომიკურ და ფინანსურ ომს და, რაც მთავარია, ინფორმაციულ ომს. სწორედ ასეთ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს დღეს რუსეთის ფედერაცია უკრაინის წინააღმდეგ, თუმცა, როგორც ცნობილი რუსი ექსპერტი ანდრეი ილარიონოვი თავის ერთ-ერთ სტატიაში აღნიშნავს, რუსეთ-უკრაინის ომი არ არის დაპირისპირება მხოლოდ ორ ქვეყანას შორის, არამედ, არის სრულმასშტაბიანი კონფრონტაცია დასავლეთსა და რუსეთს შორის. სამწუხაროდ, საქართველო ამ გამძაფრებული ცივილიზაციური დაპირისპირების ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდა და, შესაბამისად, საინფორმაციო დაპირისპირების ერთ-ერთი ცხელი წერტილი ხდება.
2014 წელს უელსში გამართულ NATO-ს სამიტზე, გენერალმა Philip Breedlove-მა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ “სამყარო მომსწრეა ყველაზე საოცარი ბლიცკრიგის ინფორმაციული ომების ისტორიაში”. მართლაც, როგორც ჩანს, დემოკრატიული სამყარო არ აღმოჩნდა მზად დაპირისპირებოდა იმ ინფორმაციულ აგრესიას, რომელსაც რუსეთის ფედერაცია აწარმოებს სხვადასხვა მიმართულებით და განსხვავებული სტრატეგიებით: ღია საინფორმაციო ომი უკრაინის წინააღმდეგ, პოლიტიკური მანიპულაცია და შავი პროპაგანდა საკუთარი და ზოგადად რუსულენოვანი მოსახლეობის განწყობების კონტროლისთვის, ინფორმაციულ-ფსიქოლოგიური ოპერაციები მეზობელი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს წინააღმდეგ, აქტიური საგარეო-პოლიტიკური პროპაგანდა საერთაშორისო ასპარეზზე, ყველაფერი ეს ქმნის სერიოზულ ასიმეტრიულ საფრთხეებს მსოფლიო უსაფრთხოების სისტემის რღვევისა და დამკვიდრებული გეო-პოლიტიკური ბალანსის ცვლილების ჭრილში.
მოსკოვი ხარჯავს ასობით მილიონ დოლარს საკუთარი საინფორმაციო პოლიტიკის უზრუნველყოფისათვის, უკანასკნელი კვლევებით Russia Today არის ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი არხი დიდ-ბრიტანეთში, უცნობია, თუ რა წარმატება აქვს კრემლის საგარეო-პოლიტიკური პროპაგანდის რუპორს ლათინური ამერიკასა და არაბულ-ენოვან ქვეყნებში, თუმცა, სავარაუდოდ, მათ მიერ შეთავაზებული ნარატივი მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ანტი-დასავლური განწყობების კიდევ უფრო გამძაფრებაში. განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არიან ყოფილი პოსტ-საბჭოთა ბლოკის ქვეყნები, ესტონელი ექსპერტის რაულ რებანეს (Raul Rebane) აზრით, ბალტიისპირეთის რუსულ-ენოვანი მოსახლეობა რუსული მედიის მიერ შექმნილ სრულიად განსხვავებულ რეალობაში ცხოვრობს, უკანასკნელი კვლევებით ბულგარეთის მოსახლეობის უმეტესობა უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით ძირითადად ეყრდნობა რუსეთის ოფიციალური არხების მიერ შეთავაზებულ ინფორმაციულ კონტექსტს, რუსეთი აქტიურ საინფორმაციო შეტევას (რაც ხშირად მოიცავს შანტაჟს ეკონომიკური სანქციებით, სამხედრო აგრესიის ღია მუქარას, ფსიქოლოგიურ ოპერაციებს) ახორციელებს სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნების მიმართაც (ყაზახეთი, მოლდოვა, ყირგიზეთი). რა სიტუაციაა ამ მხრივ საქართველოში, უცნობია, არ ჩატარებულა შესაბამისი სოციოლოგიური გამოკითხვები, სარეიტინგო კომპანიები არ იკვლევენ რუსეთის ფედერალური არხების გავრცელებისა თუ საინფორმაციო გადაცემების რეიტინგებს. ფაქტია, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ საქართველოს რეგიონებში ქართული სატელევიზიო თუ ბეჭდური მედია დღემდე ვერ ასრულებს ძირითადი საინფორმაციო წყაროს ფუნქციას და საერთაშორისო საკითხების მიმოხილვას, აღნიშნული რეგიონების მოსახლეობა, სწორედ რუსული მედია საშუალებებიდან ეცნობა. შესაბამისად, მაღალია მათი კრემლის საინფორმაციო ზეგავლენის ქვეშ მოქცევის ალბათობაც.
საინტერესოა აღინიშნოს, რომ მოსკოვის პროპაგანდის მანქანის აღორძინება 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ დაიწყო. თუ 2005 წელს Russia Today წლიური ბიუჯეტი 30 მილიონი დოლარს შეადგენდა, 2009 წელს ამ დაფინანსებამ უკვე 300 მილიონი შეადგინა. ეს მეტწილად სწორედ აგვისტოს ომში რუსეთის მიერ წარმატებულად განხორციელებული საინფორმაციო მხარდაჭერის კამპანიის დამსახურებაც იყო. რუსული მხარე ომის მსვლელობისას საკმაოდ პრიმიტიულ, მაგრამ ამავე დროს საბჭოთა კავშირში წლების განმავლობაში აპრობირებულ ხერხებს მიმართავდა. მაგ. თქვი რაც შეიძლება მეტი ტყუილი, გაავრცელე რაც შეიძლება მეტი გადაუმოწმებელი ინფორმაცია, ეცადე, გავლენა მოახდინო ადამიანთა ემოციებზე და არა გონებაზე, და მიუხედავად იმისა, რომ მომავალში რეალური ფაქტები გააქარწყლებენ ცრუ ინფორმაციის უმეტესობას, ზემოქმედების ობიექტების აღქმაში მაინც დარჩება რაღაც იმ წარმოდგენებიდან, რომლებიც შენ მიზანმიმართულად გაავრცელე.
მაგალითად. აგვისტოს ომის დროს წარმოებული წარმატებული ინფორმაციული ოპერაციების კარგი მაგალითია მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა არარეალური ციფრის გავრცელება კონფლიქტის მეორე დღეს. მიზანმიმართულად გავრცელებული ინფორმაცია ცხინვალში 2000 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის შესახებ ყოველდღე ფონად გასდევდა ყველა რუსულ საინფორმაციო გამოშვებას, მათ შორის ინგლისურენოვან Russia Today -ის. ამავე დროს, საგარეო პოლიტიკური ამოცანების გადასაწყვეტად, ეს მითი გამოყენებულ იქნა საქართველოს ოსური მოსახლეობის გენოციდში დასადანაშაულებლად და შემდგომი სამხედრო-პოლიტიკური ნაბიჯების გასამართლებლად (საინტერესოა, რომ თავად რუსული მხარის მიერ ჩატარებულმა “გამოძიებამაც” კი ცხადყო, რომ დაღუპულთა რეალური ციფრი წინასწარ გავრცელებულზე მინიმუმ ათჯერ ნაკლები იყო, საიდანაც უმეტესობას სამხედრო მოსამსახურეები შეადგენდნენ).
საკუთარ და საერთაშორისო საზოგადოებაზე ემოციური ზემოქმედებისთვის გამოყენებულ იქნა შეთხზული კლიშეების მასობრივად გავრცელების ტაქტიკა. ერთ-ერთ ნიმუშად გამოდგება “მძინარე ქალაქის დაბომბვა.” ამ პროპაგანდისტულ კლიშეში მთავარი აქცენტი გაკეთებულია სიტყვებზე მძინარე ქალაქი. გაუცნობიერებელ მაყურებელს უჩნდება თანაგრძნობა “მშვიდობიან ქალაქში” დაბომბვის ქვეშ მოყოლილი მძინარე ადამიანებზე. კიდევ ერთი კლიშე, რომელიც გავრცელდა ომის დღეებში, იყო ქართული ოპერაციის გამოგონილი სახელწოდება “чистое поле”, რასაც ასევე უნდა გაესვა ხაზი საქართველოს მიერ წარმოებული სამხედრო ოპერაციის არაჰუმანური და დანაშაულებრივი ხასიათისთვის. თუ საბჭოთა კავშირში უცხო ქვეყანაში ინტერვენციის გასამართლებლად იყენებდნენ ტერმინს “ინტერნაციონალური სოლიდარობა”, ამჯერად, თანამედროვე რეალიების გათვალისწინებით, გამოიყენეს ტერმინი “მშვიდობისკენ იძულების ოპერაცია.” ნამდვილი საინფორმაციო ომი იყო გაჩაღებული ინტერნეტ სივრცეში, როგორც კიბერ-ოპერაციების ისე საზოგადოებრივი აზრის ფორმირების კუთხით. მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ მეზობელ სახელმწიფოში სამხედრო ინტერვენციის აქტიურმა საინფორმაციო მხარდაჭერამ დიდი როლი ითამაშა რუსეთის აგრესიული პოლიტიკის ლეგიტიმაციის საქმეში (სამწუხაროდ მათ შორის საქართველოს მოსახლეობის ნაწილშიც) და მნიშვნელოვნად შეასუსტა საქართველოს საერთაშორისო პოზიციები. სწორედ აღნიშნული წარმატების ფონზე, მოსკოვმა მოახდინა საკუთარი საინფორმაციო შესაძლებლობების რეფორმირება და სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა საერთაშორისო თანამეგობრობა.
რუსეთის მიერ წარმოებული ღია პროპაგანდა პრობლემის მხოლოდ ერთ ნაწილს წარმოადგენს. გაცილებით საშიში შეიძლება აღმოჩნდეს ის ინფორმაციული ოპერაციები, რომლებიც ფარულად ხორციელდება. მაგალითად, ბოლო პერიოდში რუსეთის “რბილი ძალა” საქართველოში გააქტიურდა სხვა მიმართულებითაც. თუკი, აგვისტოს ომის შემდგომ ღია ანტი-დასავლური დისკურსი პოლიტიკოსებისა თუ ორგანიზაციების ავტომატურ მარგინალიზაციას იწვევდა, დღეს მსგავს თემაზე გაკეთებული საჯარო განცხადებები უკვე აღარ იწვევს მძაფრ საზოგადოებრივ უკურეაქციას. პოლიტიკური პლურალიზმისა თუ დემოკრატიული ღირებულებების საფარქვეშ, სხვადასხვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფების თუ ორგანიზაციების გამოყენებით, ვრცელდება მითები ლიბერალური ფასეულობების საშიშროებაზე ეროვნული ტრადიციების სისტემებისათვის, ინერგება ნიჰილიზმი საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივებისადმი, აღორძინდა ჯერ კიდევ 90-იან წლებში გაჟღერებული იდეა საქართველოსთვის ნეიტრალური სახელმწიფოს სტატუსის მინიჭების აუცილებლობაზე, რუსეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესების ფონზე საქართველოში გააქტიურდნენ ფინანსური ჯგუფები და პიროვნებები, ვისაც დეკლარირებული აქვთ რუსეთის საგარეო-პოლიტიკური ინტერესების გატარების მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, ოკუპირებული ტერიტორიების ფონზე ევრაზიულ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის იდეას პერსპექტივა არ აქვს, რასაც საზოგადოებრივი აზრის უახლესი გამოკითხვებიც ადასტურებს, თუმცა, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს არის რუსეთის ამოცანა საქართველოსთან მიმართებაში. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ქმედებების მიზანია საქართველოში არსებული პრო-რუსული დასაყრდენის ლეგალიზება საჯარო სივრცეში და მოსალოდნელი ეკონომიკური პრობლემების ფონზე ანტი-დასავლური განწყობების კულტივირება.
დღეს კრემლი ცდილობს ითამაშოს რუსეთის მიმართ ევროპულ სახელმწიფოთა განსხვავებულ მიდგომებზე და შეიტანოს დისონანსი მათ კოორდინაციაში. მსგავსია მოსკოვის სტრატეგიაც საქართველოსთან მიმართებაში, სადაც, სამწუხაროდ, მათ განხეთქილების გაღვივების და დისონანსის შემოტანის გაცილებით უფრო ფართო არეალი აქვთ. ამავე დროს, დასავლეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს აქვს შესაბამისი ქმედითი სამართლებრივი ინსტრუმენტები (კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ; “თავისუფლების ქარტია”) რომელთაც, ინფორმაციულ საფრთხეებიდან გამომდინარე, სჭირდებათ შესაბამისი ცვლილების შეტანა – მაგ. რუსეთიდან მიმდინარე დაფინანსებაზე კონტროლის გამკაცრება, რუსეთის მოქმედი ხელისუფლების პროპაგანდის გათანაბრება ტოტალიტარული იდეოლოგიების საფუძვლებთან შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისათვის და სხვა. თუმცა, იმისთვის, რომ ეს განხორციელდეს, პირველ რიგში, აუცილებელია, პოლიტიკური ნება და რისკების სათანადო შეფასება. სამწუხაროდ, სწორედ აქ ჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად აქვს ხელისუფლებას შეფასებული რუსული “რბილი ძალის” გააქტიურების საფრთხე საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის.
არ უნდა დაგვავიწყდეს არც ჩვენი ისტორიული წარსული და გამოცდილება. 1920 წელს, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და საბჭოთა რუსეთის სამშვიდობო ხელშეკრულების ფარული მუხლით, ქართულმა მხარემ აიღო ვალდებულებად ხელი არ შეეშალა ბოლშევიკური პარტიის საქმიანობისთვის საქართველოში. ხოლო როცა, მათი ზღვარგადასული ძირგამომთხრელი საქმიანობა კვლავ შეიზღუდა, ეს გამოყენებული იქნა როგორც ერთ-ერთი მიზეზი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის გასამართლებლად.