წყარო: ekhokavkaza.com
თარგმანი: accent.com.ge
ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა მოულოდნელი ვიზიტი განახორციელა ცხინვალის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში, სადაც ე.წ. ალანიის ეპარქიის საბჭოსა და მრევლის წევრებს შეხვდა. განხილვის თემას ეპარქიის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მართვის ქვეშ შესვლა წარმოადგენდა. ბიბილოვმა განაცხადა, რომ ეს საკითხი რუსეთის პატრიარქთან უკვე განიხილა. დე ფაქტო პრეზიდენტის ვიზიტმა არაერთი სასულიერო პირი და მრევლი შეაშფოთა.
ცნობისთვის: მე–20 საუკუნის 90-იან წლებში კონფლიქტის დაწყების შემდეგ ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ქართველი სასულიერო პირების მსახურება შეწყდა, ამდენად, 2000-იანი წლების დაწყებამდე ე.წ. სამხრეთ ოსური ეკლესია „რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის“ შემადგენლობაში შედიოდა. თუმცა მას შემდეგ, რას ეს უკანასკნელი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას შეუერთდა, რომელიც ცხინვალის რეგიონს საქართველოს კანონიკურ ტერიტორიად აღიარებს, ოსური ეკლესია მისი შემადგენლობიდან გაიყვანეს და მან დახმარება „დაპირისპირებულთა ბერძნული სინოდისგან“ ითხოვა. უშუალოდ ე.წ. ალანიის ეპარქია 2003 წელს შეიქმნა, მის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი სწორედ ბერძნულმა ეკლესიამ შეიტანა, რომლის ღვთისმსახურები და ეპისკოპოსები, საბჭოს წევრთა განცხადებით, ყოველთვის უწევდნენ მათ შესაძლებელ დახმარებას. პირველ ეპისკოპოსად გიორგი (ფუხათი) ხელდასვეს. შემდეგი ეპისკოპოსი მეუფე ამბროსი გახდა.
როგორც "Эхо Кавказа" იუწყება, ჟურნალისტები ამ შეხვედრაზე არ დაუშვეს, შესაბამისად, ადგილობრივ მედიას იგი არ გაუშუქებია. "Эхо Кавказа"–სთან პრივატულ საუბარს კი ამ შეხვედრის ორი მონაწილე დასთანხმდა. კონფიდენციალურობის დაცვის თხოვნის მოტივად მათ ის გარემოება დაასხელეს, რომ იმედი აქვთ, მომზადდება ხსენებულ საბჭოსთან შეთანხმებული ოფიციალური პრეს–რელიზი. აღნიშნულმა პირებმა შეხვედრაზე მოვლენათა ქრონოლოგია და ის დეტალები აღწერეს, რომლებმაც მათი განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია.
როგორც "Эхо Кавказа"–ს თანამოსაუბრეები ყვებიან, წელს მეუფე ამბროსი ცხინვალის რეგიონში 21 სექტემბერს, დიდ მართლმადიდებლურ დღესასწაულზე ჩავიდა. 23 სექტემბერს მან ტაძრის წინამძღვარ მამა იაკობთან ერთობლივი პრეს–კონფერენცია გამართა, რომელზეც გამოცხადდა, რომ ე.წ. ალანიის ეპარქია თვითმართვადი გახდება და დამოუკიდებლობას მიიღებს. მამა იაკობ ხეთაგუროვმა აცნობა შეკრებილთ, რომ ზემოთთქმულთან დაკავშირებით დაიწყება ეკლესიის ხელახალი რეგისტრაციის პროცესი და მისი წესდების შეცვლა.
ამ პრეს–კონფერენციიდან ორიოდ დღეში მამა იაკობი დე ფაქტო პრეზიდენტთან დაიბარეს, რომელმაც მას სასიხარულო ამბავი აცნობა: რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია („რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესია") მზად არის, ე.წ. ალანიის ეპარქია თავის შემადგენლობაში მიიღოს. როგორც აღინიშნა, ამის შესახებ საუბარი იყო ბიბილოვსა და პატრიარქ კირილს შორის შეხვედრაზე. თავის მხრივ, ხეთაგუროვმა უპასუხა ბიბილოვს, რომ მსგავს გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად ვერ იღებს და ჰკითხა, რა პირობებით აპირებდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ამის გაკეთებას. ბიბილოვი ამ კითხვაზე საპასუხოდ მზად არ აღმოჩნდა. მოგვიანებით, მეუფე ამბროსისთან კონსულტაციის გავლის შემდეგ ე.წ ალანიის ეპარქიამ „რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის“ კანცელარიაში წერილი გაგზავნა თხოვნით ეკლესიის პოზიციის განმარტების შესახებ. თუმცა „Эхо Кавказа"–ს თანამოსაუბრეები ყვებიან, რომ პასუხი ამ დრომდე არავის მიუღია.
მიუხედავად იმისა, რომ სექტემბერში ბიბილოვმა მეუფე აბროსისთან შეხვედრა არ ისურვა, მან ეს უკანასკნელი ახლა დაიბარა, რათა დაერწმუნებინა, ზეგავლენა მოეხდინა ეპარქიის ღვთისმსახურებზე და ისინი თავის მხარეს გადაებირებინა. მეუფე ამბროსიმ ასევე მისცა ბიბილოვს რეკომენდაცია, საბჭოს შეჰხვედროდა, რადგან გადაწვეტილებებს ის არ იღებს.
ბიბილოვთან საუბარი, როგორც „Эхо Кавказа"–ს თანამოსაუბრეები ყვებიან, მძიმე იყო:„რწმენასთან დაკავშირებული ბევრი საკითხი მას არ ესმის და ნათელი იყო, რომ ყველაფერ ამას იგი პოლიტიკის გადასახედიდან ეკიდება“.
დე ფაქტო პრეზიდენტის არგუმენტები ასევე გაუგებარი იყო მრევლისთვის. მაგალითად, როდესაც ბიბილოვმა იკითხა: „რატომ უნდა იყვნენ სამხრეთ ოსები გამოყოფილები ჩრდილოელი ძმებისაგან?“ და საინტეგრაციო პროცესების ფარგლებში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შემდგენლობაში შესვლა ურჩია, მრევლის ერთ–ერთმა წევრმა უპასუხა, რომ „ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის სასულიერო პირებს ერთმანეთთან კომუნიკაციის პრობლემა არ აქვთ და მეტიც, თავად ის მოსკოვის სასულიერო სემინარიაში სწავლობს და ხშირად ჩადის ჩრდილოეთ ოსეთის ტაძრებში“.
ბიბილოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ შეხვედრაზე გამოცხადდა "არა როგორც პრეზიდენტი, არამედ როგორც ანატოლი ბიბილოვი საკუთარი აზრის გამოსათქმელად". საუბარი შეეხო ეკლესიის "სახელმწიფოსგან" გამიჯნვის პრინციპსაც, რომელიც „სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციაშია“ გაწერილი. საპასუხოდ ბიბილოვმა განაცხადა, რომ „მზადაა, ძირითადი კანონი დაარღვიოს, თუკი ეს ხალხს წაადგება“.
„Эхо Кавказа"–ს თანამოსაუბრეებს განსაკუთებით აშფოთებთ შემდეგი საკითხები: რატომ ხდება ე.წ. ალანიის ეპარქიის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში შესვლის იდეის აქტივიზაცია რუსული ეკლესიის გავლენიანი წარმომადგენლის -მიტროპოლოლიტ ილარიონის (რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საეკლასიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე) საქართველოში ვიზიტისა და პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრის ფონზე? თუ ბიბილოვი რუსეთის პატრიარქ კირილს ორი თვის წინ შეხვდა, რატომ გააჟღერა ინფორმაცია მხოლოდ ახლა, თანაც დააზუსტა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში შესვლის შესახებ წერილი–თხოვნა თავად ეპარქიამ უნდა წარადგინოს?
ოსი მართლმადიდებლები შეშფოთებულები არიან იმასთან დაკაშირებით, რომ ეს შესაძლოა, პროვოკაცია იყოს „ალანიის სუვერენული ეპარქიის განადგურების მიზნით“ და რომ ამას შესაძლოა, ქართული მართმადიდებელი ეკლესიის წიაღში დაბრუნება მოჰყვეს.
„არ მესმის ჩვენი პრეზიდენტის ლოგიკა: სამხრეთ ოსეთის მრევლმა და სასულიერო პირებმა ხომ ამ სუვერენულობის, დამოუკიდებლობისთვის ამდენი სისხლი დაღვარეს! რატომ უნდა განადგურდეს ეს ყველაფერი?! ხომ შენდება ცხინვალის ცენტრში რუსული ტაძარი? ვისაც უნდამ იაროს!“- განაცხადა მევლის ერთ-ერთმა წევრმა.
მრევლის მხრიდან ჟღერდა უფრო ცინიკური გამონათქვამებიც: „ბიბილოვს, რომელმაც თავის მთავარ პოლიტიკურ ლოზუნგად რუსეთთან ინტეგრაცია და მის შემადგენლობაში შესვლა აირჩია, მასში ნებისმიერ ფასად შესვლა სჭირდება, მაგალითად, ე.წ. ალანიის ეპარქიის განადგურების ფასად".
„Эхо Кавказа"–ს თანამოსაუბრეებმა ბიბილოვთან შეხვედრის შედეგი ასე შეაფასეს:
„ხალხი აღშფოთებული წავიდა. ერთმანეთის აზრები მოვისმინეთ და დავშორდით“.
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში გამოიყენება.