2008 წლის აგვისტოს ომის 14 წლისთავის მოახლოებასთნ ერთად ულტრამემარჯვენე და ღიად პრორუსულმა პლატფორმამ, ალტ-ინფომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით აქტიურად დაიწყო პროპაგანდისტული ნარატივების გავრცელება. აღსანიშნავია, რომ ალტ-ინფოს სატელევიზიო ეთერი აგვისტოს ომთან დაკავშირებულ საკითხს მხოლოდ 8 აგვისტოს დაეთმო, რაც ომთან დაკავშირებით მათი მთავარი მესიჯის გაგრძელებაა. ნარატივის მიხედვით ომის დაწყების თარიღი 8 აგვისტოა, და არა 7 აგვისტო.
გარდა უშუალოდ 2008 წლის აგვსიტოს ომის შესახებ პროპაგანდისტული ნარატივების გავრცელებისა, ალტ-ინფოს წარმომადგენლებმა კარგად მოარგეს აგვისტოს ომის კონტექსტი უკრაინაში მიმდინრე ომს და, მათ შორის, აღნიშნული ომის ფონზე საქართველოს წინაშე უსაფრთხოების კუთხით მდგარ გამოწვევებს.
ბლოგი აანალიზებს ალტ-ინფოს ნარატივებს, რომელიც გაჟღერდა ჯგუფის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში “В контакте”, სატელევიზიო გადაცემებში, რომლებიც ეთერში 6, 7 და 8 აგვისტოს გავიდა. კერძოდ, ანალიზი ეფუძნება შემდეგ გადაცემებს:
ალტერნატიული ხედვა 21:00 საათზე, (08.08.22)
გეოპოლიტიკის დრო (07.08.22)
ალტ-ანალიტიკა 21:00 საათზე (06.08.22)
ანალიზის საფუძველზე ირკვევა, რომ ჯგუფი საქართველოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხსა და ტრავმას, კვლავ პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავების ინსტრუმენტად იყენებს.
ჯგუფის მიერ გავრცელებული ერთ-ერთი ნარატივის თანახმად:
2008 წლის აგვისტოს ომამდე მიხეილ სააკაშვილის “არაგონივრულმა” პოლიტიკამ მიგვიყვნა.
აღნიშნული ნარატივის მიხედვით, მთავარი მიზეზი, რატომაც მივიდა საქართველო ომამდე იყო იმჟამინდელი საქართველოს ხელისუფლების ე.წ “გაღიზიანების” პოლიტიკა. Ნარატივის ლოგიკის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ჯერ კიდევ 2006 წლიდან იცოდა, რომ რუსეთი ომს აპირებდა საქართველოსთან, მან უარი არ თქვა “მავნებლურ” პოლიტიკაზე, რაც რუსეთის გაღიზიანებას ისახავდა მიზნად და დასავლელ პარტნიორებთან “კეკლუცობის” გამო წამოიწყო ეს ომი. პროპაგანდა ასევე ომის მიხეილ სააკაშვილის მიერ დაწყების მიზეზად, 2008 წლისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის (ენმ) დაბალ რეიტინგს ასახელებს, რომლის მიხედვითაც პარტიას ომი დაკარგული რეიტინგის მოსაპოვებლად სჭირდებოდა.
პროპაგანდის სხვა მნიშვნელოვან ნარატივს წარმოადგენს მტკიცება:
2008 წლის ომი დასავლეთის მიერ იყო პროვოცირებული
აღნიშნული ნარატივი ერთმანეთს უკავშირებს უკრაინისა და საქართველოს კონტექსტებს. Კერძოდ, აღნიშნული ნარატივის მიხედვით, საქართველო და უკრაინა არ წარმოადგენენ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს, არამედ 1992 წლიდან მოყოლებული ისინი აშშ-ს კონტროლქვეშ მყოფი კოლონიები არიან. ორივე ქვეყნის შემთხვევაში, საქართველოს იმჟამინდელი მთავრობა- მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას და უკრაინის დღევანდელი მთავრობა, ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტობის დროს წარმოადგენდა და წარმოადგენს მარიონეტულ ხელისუფლებას. აღნიშნული ნარატივის მიხედვით, ორივე მთავრობა დასმული იქნა, რათა სწორედ ამ ქვეყნებში ომი გაჩაღებულიყო. დასავლეთმა, და კონკრეტულად აშშ-მ, წააქეზა საქართველოს ხელისუფლება ომისკენ. Ულტრა-მემარჯვენე ჯგუფის მიხედვით, აგვისტოს ომი ერთგვარი “ექსპერიმენტი”, “მიკრო-ოპერაცია” იყო და იმავე “მიკრო-ოპერაცია” ხორციელდება დღეს უკრაინაში. ალტ-ინფო ავითარებს ნარატივს, თითქოს, ისევე როგორც უკრაინა, საქართველოც რუსეთისა და აშშ-ს ინტერესების დაპირისპირების ადგილს წარმოადგენს.
ასევე პროპაგანდის ერთ-ერთ ნარატივს წარმოადგენს მტკიცება:
აშშ-ს ჰეგემონობის დასუსტების ფონზე, იგი ცდილობს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ცეცხლოვანი კერები შექმნას.
ნარატივის მიხედვით 2008 წლის ომი გარდაუვალი იყო რადგან, იმ პერიოდში აშშ უნიპოლარულ მსოფლიოში ჰეგემონი იყო და საქართველოს მთავრობაც იძულებული იყო დამორჩილებოდა მას. Შესაბამისად, აღნიშული ნარატივი ამტკიცებს, რომ საქართველო ჩათრეული აღმოჩნდა ამ ომში. დღესდღეობით კი აშშ თანდათან კარგავს ჰეგემონის სტატუსს და იმისთვის, რომ შეინარჩუნოს აღნიშნული სტატუსი მისი მიზანია, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში დაძაბულობის კერების შექმნა - ამრიგად ორივე კონფლიქტის ანალიზი, უკრაინასა და საქართველოში არა რუსეთის, არამედ აშშ-ის კონტექსტშია განხილული.
პროპაგანდა ავითარებს ერთგვარ ჯაჭვს, რომლის მიხედვითაც პირველი იყო საქართველო, შემდეგი უკრაინა, ახლა კი “აშშ-ს ტაივანშიც უკრაინის მოწყობა სურს.” თუმცა საქართველოს ამ დაპირისპირებაში ჩართვის მცდელობა დღესაც გრძელდება. ულტრა-მემარჯვენე ჯგუფის მტკიცებით, დასავლელი პარტნიორები ამჟამადაც აქტიურად ცდილობენ საქართველოში “საცეცხლე წერტილის” გააქტიურებას. პროპაგანდის ავითარებს აზრს, რომ დასავლეთის მიზანი რუსეთის ირგვლივ ერთგვარი “ცეცხლოვანი სარტყელის” შექმნაა, რაც რუსეთის მეზობელ ქვეყნებში “საცეცხლე კერების” გაჩენას ისახავს მიზნად. საქართველომაც ერთ-ერთი ასეთი კერის როლი უნდა შეასრულოს აშშ-ს სტრატეგიაში. ამრიგად, ორივე კონფლიქტში რუსეთი ერთგვარ პასიურ აქტორად არის წარმოჩენილი, მაშინ, როდესაც ჯგუფის ნარატივები მთავარი პასუხისმგებლობის დასავლეთზე გადატანას ცდილობენ.
აღსანიშნავია, რომ პროპაგანდა აქტიურად ეწევა ყველა იმ პოლიტიკური ფიგურის დისკრედიტაციას, ვინც ომის დროს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებდა. ამ მხრივ აღსანიშნვია იმდროინდელი მთავრობის წევრების არაკომპეტენტურ, აშშ-ს მხრიდან მარტივად კონტროლირებად პიროვნებებად გამოცხადება და მათსა და ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობის წევრებს შორის პარალელების გავლება. პროპაგანდის მიხედვით, ორვე შემთხვევაში ისინი ე.წ. “ერთი შაიკის” ხალხია. აღსანიშნავია, რომ პროპაგანდა აქტიურად მიმართავს იმ დასავლელი ლიდერების დისკრედიტაციასაც ვინც აგვისტოს ომის დროს აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს. მაგალითად პროპაგანდა “კინტოებად” და “საქართველოს მტრად” მოიხსენიებს ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს, რომლებმაც 2008 წლის 12 აგვისტოს რუსთაველის გამზირზე გამოხატეს საქართველოს მიმართ მხარდაჭერა.
ალტ-ინფოს მწვავე კრიტიკა მოჰყვა “კოალიცია ინფორმაციის სანდოობის” მიერ შექმნილ ვიდეო-კლიპს “რუსეთს უნდა ომი, არა დასავლეთს”. ალტ-ინფოს წარმომადგენელმა ზურა მახარაძემ, კოალიცია საინფორმაციო ომი წარმოებასა და დასავლეთის მიმართ პრეტენზიების წაყენების საკითხის აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ღირსების შელახვის საკითხთან გაიგივებაში დაადანაშაულა.