„ალტ-ინფოს“ პროპაგანდისტული ნარატივები რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ

27 ივლისი 2022 Shadow

ავტორი: ელიტა ხმელიძე

IDFI-ის სტაჟიორი

 

მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საქართველოში სულ უფრო ძლიერდება ანტი-დასავლური პროპაგანდა. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობს „ალტ-ინფო“, ულტრა-მემარჯვენე პრორუსულ მედიასაშუალება, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მოყოლებული ანტი-დასავლურ დეზინფორმაციასა და პროპაგანდას ავრცელებს. გარდა რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ გავრცელებული ნარატივებისა, რომლებიც ღიად რუსეთის მხარდამჭერია, „ალტ-ინფომ“კონფლიქტის ნარატივები ქართულ რეალობასაც მოარგო.

 

ნარატივი # 1

ერთ-ერთი მათი პროპაგანდისტული ნარატივის თანახმად, უკრაინა ერთგვარ „საზარბაზნე ხორცს“ წარმოადგენს დასავლეთისთვის. დასავლეთს რუსეთის მიმართ საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესები გააჩნია, რაც რუსეთის დასუსტებას, დაშლასა და განადგურებას ისახავს მიზნად. უკრაინა კი იარაღია დასავლეთის ხელში აღნიშნული მიზნის მისაღწევად. შესაბამისად, დასავლეთს უკრაინაში ომის არათუ დასრულება, არამედ მისი გახანგრძლივება სურს, რათა მიაღწიოს თავის მიზნებს და ამას ის ბოლო უკრაინელი ჯარისკაცის სისხლის ფასად გააკეთებს.

აღნიშნული ნარატივი „ალტ-ინფოს“ პროპაგანდისტებმა შემდეგნაირად დაუკავშირეს ქართულ რეალობას. ყველანაირი ზეწოლა, რომელიც დასავლეთის მხრიდან მოდის საქართველოს ხელისუფლების და, კონკრეტულად, ბიძინა ივანიშვილის მიმართ, მიზნად ისახავს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის შეცვლას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან მიმართებაში და საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას. დასავლეთის მიზანია, მსგავსად „უკრაინული ავღანეთისა“  საქართველოს ომში ჩათრევით რეგიონში „კავკასიური ავღანეთი“ მოაწყოს, რათა თავის გეოპოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს. საქართველოს ომში ჩართვა კი ნარატივის მიხედვით შემდეგი სქემის მიხედვით უნდა განხორციელდეს:

1. ზეწოლის განხორციელება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე

2. ზეწოლის წარუმატებლობის შემთხვევაში საქართველოში არეულობის პროვოცირება

3. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება

4. საქართველოს ომში ჩართვა

 

ნარატივი # 2

„ალტ-ინფოს“პროპაგანდის მიხედვით დასავლეთმა უკრაინასა და საქართველოში ერთი და იგივე სცენარი განავითარა. უფრო კონკრეტულად, ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი მთავრობა წარმოადგენენ მარიონეტულ ხელისუფლებას, რომლებიც უკრაინაში დასავლეთმა დასვა და ისინი დასავლეთის ინტერესებს ატარებენ. ვოლოდიმირ ზელენსკის შეეძლო „გონივრული პოლიტიკით“ უკრაინისთვის ომი თავიდან აეცილებინა, მაგრამ მან უკრაინა გაწირა. ზელენსკის და მისი მთავრობის მსგავსად, 2003 წელს ვარდების რევოლუციის შედეგად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლებაში მოიყვანა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ასევე დასავლეთის მარიონეტი იყო. ხოლო 2008 წლის ომი, ისევე როგორც დღეს უკრაინაში მიმდინარე ომი, დასავლეთის წაქეზებით დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი, ასევე მიხეილ სააკაშვილი პროპაგანდის მიერ მოხსენიებულნი არიან, როგორც „ნაცისტები.“

 

ნარატივი # 3

პროპაგანდა ასევე ავითარებს შემდეგ დილემას: დემოკრატია - ნგრევა vs ავტორიტარიზმი - წესრიგი.

აღნიშნული დილემის თანახმად დემოკრატია და საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია თავისთავად გულისხმობს არასტაბილურობას, დესტაბილიზაციასა და ომს საქართველოში, მაშინ როდესაც ავტორიტარიზმი, პირიქით, საქართველოს მოუტანს მშვიდობას და სტაბილურობას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ „ალტ-ინფოს“ პროპაგანდისტებს საქართველოსთვის ამგვარი ავტორიტარული წესრიგის მისაბაძ მაგალითად ბელორუსული მოდელი მიაჩნიათ. მათი ხედვით, ქართულ რეალობაში ავტორიტარიზმი უნდა ეფუძნებოდეს კონსერვატიზმს და სრულიად გამორიცხავდეს ლიბერალიზმს.

 

ნარატივი # 4

აღსანიშნავია პროპაგანდის მიერ ბოლო ხანს საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად გამართული მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დისკრედიტაციაც. პროპაგანდის მიხედვით აქციების მიზანი საქართველოში „უკრაინული მაიდნის“ განმეორება იყო. აქციაზე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” უნდა გარკვეული ქმედებით არეულობა უნდა გამოეწვია, რაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის მწვავე დაპირისპირებას გამოიწვევდა, რაც საბოლოოდ საქართველოს ხელისუფლების დამხობითა და ხელისუფლებაში ისევ „ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნებით დასრულდებოდა. საბოლოოდ კი საქართველო უკრაინის მსგავსად ტერიტორიებს დაკარგავდა და ომში ჩათრეულიც აღმოჩნდებოდა.