აშშ-ის დაზვერვა: რუსეთი აშშ-ის არჩევნებში უხეშად ჩაერია

9 იანვარი 2017 Shadow

2017 წლის 6 იანვარს, გამოქვეყნდა აშშ-ის დაზვერვის ანგარიში, რომელიც ვრცლად მიმოიხილავს რუსეთის მცდელობას გავლენა მოეხდინა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე. აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები რუსეთს ადანაშაულებენ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში უხეშ ჩარევაში და ბრალს სდებენ კრემლს კიბერშეტევებისა და პროპაგანდის კამპანიის ორკესტრირებაში.

ანგარიში აერთიანებს აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოების შემადგენელი ნაწილების (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA), გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო (NSA)) მიერ მოძიებულ და გაანალიზებულ ინფორმაციას.

ანგარიში წარმოადგენს საიდუმლო დოკუმენტის საჯარო ვერსიას. შესაბამისად, ანგარიშში გაჟღერებული მიგნებები და დასკვნები საიდუმლო დოკუმენტის დასკვნების შინაარსის იდენტურია, თუმცა არ ასაჯაროებს ამ დასკვნების გამამყარებელ ინფორმაციას. ანგარიშის ძირითადი დასკვნები ეფუძნება რამდენიმე სხვადასხვა სანდო წყაროს.  

აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოება იშვიათად აქვეყნებს საკუთარი მიგნებების და შეფასებების სრულ ვერსიას, რადგან მსგავსი ინფორმაციის გასაჯაროება გამოაშკარავებდა იმ მეთოდებსა და წყაროებს, რომელზე დაყრდნობითაც მუშაობს აშშ-ის სახელმწიფო დაზვერვა.

ანგარიშის თანახმად:

„კიბერსივრცის თავისებურებები კიბეროპერაციების განმახორციელებელთა ვინაობის დადგენას ართულებს, თუმცა ეს შეუძლებელი არაა. ყველა ტიპის კიბეროპერაცია ტოვებს კვალს და აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურების ანალიტიკოსები იყენებენ ამ ინფორმაციას.“

ანგარიშში მოხვედრილი დასკვნები დაფუძნებულია იმ ინფორმაციაზე, რომელიც აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა მოიძიეს 2016 წლის 29 დეკემბრამდე.

კრემლის მიერ აშშ-ის არჩევნების წინააღმდეგ გატარებული კამპანია ორ ძირითად ნაწილს მოიცავს - პროპაგანდას და კიბერთავდასხმას. პროპაგანდის შემთხვევაში, კრემლის საინფორმაციო საშუალებების და საინფორმაციო მანიპულაციების გამოყენებით ჰილარი კლინტონის ნეგატიურ ჭრილში წარმოჩენა ხდებოდა, რათა დონალდ ტრამპი უკეთეს კანდიდატად წარმოჩენილიყო.

კიბერთავდასხმის მსხვერპლი გახდა აშშ-ის დემოკრატიული პარტია, კერძოდ მისი საარჩევნო შტაბი. პარტიაზე განხორციელებული კიბერშეტევის შედეგად, კრემლმა მოიპოვა პარტიის შიდა კომუნიკაციები და პარტიული მიმოწერები, რომელზეც დააფუძნა ზემოთხსენებული პროპაგანდა. აშშ-ის დაზვერვის შეფასებით ეს კამპანია ვლადიმერ პუტინის მიერ იყო სანქცირებული.

რუსეთის ფედერაციის თავდაპირველი მიზანი იყო აშშ-ის დემოკრატიული არჩევნების, ხოლო შემდგომ ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიის დისკრედიტაცია. აშშ-ის დაზვერვის  სამივე შტო დარწმუნებულია ამ მოსაზრების სისწორეში.

ანგარიშის თანახმად, რუსეთის სამხედრო დაზვერვის მთავარმა სამმართველომ გამოიყენა Guccifer 2.0-ის პერსონა, DCLeaks.com და Wikileaks, რათა მოპოვებული ინფორმაცია გაევრცელებინათ.

Guccifer 2.0 არის ჰაკერი ან ჰაკერთა ჯგუფი, რომლებმაც პასუხისმგებლობა აიღეს აშშ-ის დემოკრატიული პარტიის შიდა საინფორმაციო ბაზის გატეხვაზე. Guccifer 2.0-ის თანახმად მათ მოიპოვეს საიდუმლო ინფორმაცია და შემდგომ მიაწოდეს მედიასა და Wikileaks-ს.

წინამდებარე ვერსიისგან განსხვავებით, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების რწმენით, რუსეთმა დემოკრატიული პარტიის ქსელთან წვდომა მოიპოვა 2015 წლის ივლისში და წვდომა შეინარჩუნა 2016 წლის ივნისამდე. ამავე სამსახურების ღრმა რწმენით, Wikileaks-მა ინფორმაცია დემოკრატიული პარტიის შიდა მიმოწერების შესახებ ზუსტად რუსეთის ფედერაციისგან მიიღო.

რუსეთი საკუთარი პროპაგანდის ინსტრუმენტების გამოყენებასაც ცდილობდა აშშ-ის არჩევნებზე ზეგავლენა ჰქონოდა. პროპაგანდის სამიზნე იყო აშშ-ის მოსახლეობა, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოება. პროპაგანდის ძირითადი ღერძი იყო რუსეთის საერთაშორისო სატელევიზიო ქსელი - RT, საინფორმაციო სააგენტო Sputnik და ინტერნეტ ტროლები.[1]

რამდენიმე გარემოება მიუთითებს, რომ კრემლის პროპაგანდა მოვლენების განვითარებასთან ერთად ნარატივსაც ცვლიდა. არჩევნებამდე, რუსი დიპლომატები საჯაროდ აკრიტიკებდნენ საარჩევნო პროცესს. კრემლის მოლოდინით, დონალდ ტრამპის გამარჯვების შანსი დაბალი იყო, შესაბამისად, გზავნილების მთავარი გამჟღერებლები ცდილობდნენ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას. კრემლის ბლოგერებმა არჩევნებამდე 1 დღით ადრე მოამზადეს ტვიტერის კამპანია #DemocracyRIP, რომლის მიზანი იყო არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენება და კრიტიკა ჰილარი კლინტონის გამარჯვების შემთხვევაში.

ანგარიშის თანახმად, პროპაგანდა ისევე როგორც კიბერთავდასხმები იყო სანქცირებული კრემლის მიერ“.

ანგარიში, ასევე მიუთითებს კრემლის პროპაგანდის აპარატსა და Wikileaks-ს შორის კავშირზე. კრემლის პროპაგანდის ძირითადი საშუალება საერთაშორისო დონეზე RT, Wikileaks-თან აქტიურად თანამშრომლობს. RT-ის მთავარმა რედაქტორმა Wikileaks-ის დამაარსებელი - ჯულიან ასანჟი მოინახულა 2013 წლის აგვისტოში ეკვადორის საელჩოში ლონდონში, სადაც მათ განიხილეს ასანჟის კონტრაქტის გაგრძელების პერსპექტივა RT-სთან.

ამასთანავე, აშშ-ის მთლიანი საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, რუსული პროპაგანდა ჰილარი კლინტონს ნეგატიურ ჭრილში მოიხსენიებდა, ბრალს სდებდა მას კორუფციაში, ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში, ასევე ეჭვქვეშ აყენებდა მის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოების ანგარიშის დასკვნაში წერია, რომ რუსეთის აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის და მასზე გავლენის მოხდენის მცდელობა უპრეცედენტოა.  ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ დემოკრატიული პარტიის შიდა პარტიული საიდუმლო ინფორმაციის გასაჯაროებასთან დაკავშირებით პუტინის საჯარო განცხადებები მიუთითებს, რომ კრემლი მომავალშიც შეეცდება განაგრძოს კიბეროპერაციებსა და პროპაგანდაზე დაფუძნებული კამპანიები, რათა საკუთარი ინტერესები გაატაროს სხვადასხვა ქვეყნებში. ოფიციალურ რუსეთს ანგარიშის შინაარსთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

 

[1] ტროლი (troll) - ინტერნეტ ჟარგონი, რომელიც აღნიშნავს ადამიანს, რომელიც პოსტავს (დებს) არაადეკვატურ და პროვოკაციულ პოსტებს/სიახლეებს და ტოვებს მსგავსი შინაარსის კომენტარებს სხვა სიახლეებზე.