ენ ეპლბაუმის არის The Atlantic-ის ავტორი, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევარი, და წიგნის „Twilight of Democracy: The Seductive Lure of Authoritarianism“ ავტორი. წარმოგიდგენთ მის მიერ The Atlantic-ში გამოქვეყნებული სტატიის თარგმანს.
ენ ეპლბაუმი
მაშინაც კი, როდესაც ჩვენი ცივილიზაციის საბაზისო ღირებულებები განხილვის საგანია, არის რამდენიმე წესი და რეგულაცია, რომელიც ყველასათვის საერთოა. ასეთია, მაგალითად, საზღვაო კანონები ან ნორმები, რომლითაც რეგულირდება ფრენები. ნებისმიერი ეროვნების პილოტს, მაშინაც კი, როცა ის მიფრინავს კარაკასში, ჰავანაში ან ფხენიანში, არ აქვს არავითარი საფუძველი იფიქროს, რომ ინსტრუქციები, რომელსაც მიწიდან იღებს პოლიტიკური ან შეცდომაში შემყვანია, რისი მიზანიც უსაფრთხო დაჯდომის გარდა, რაიმე სხვაა.
ახლა კი ბელარუსის დიქტატორმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ შეარყია ეს რწმენა უპრეცედენტო საქციელით. გუშინ, იქ ავიაციურ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პირებმა გაიტაცეს Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც მიფრინავდა ათენიდან ვილნიუსში და კვეთდა ბელარუსის საჰაერო სივრცეს. ბელარუსის საჰაერო კონტროლმა პილოტი მოატყუა და შეატყობინა, რომ თვითმფრინავში იყო ბომბი. ბელარუსის სახელმწიფო მედიის ცნობით, თვითმფრინავი „ესკორტით“ დასვეს მინსკში. რეალურად კი თვითმფრინავში არანაირი ბომბი არ იდო, საფრთხე იყო გამოგონილი, მინსკი კი უახლოესი აეროპორტი არ ყოფილა. ხოლო, მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი დაჯდა, არავინ მისულა მასთან მგზავრების უსაფრთხოდ გადმოსაყვანად. ამ ქმედების მთავარი მიზანი მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც თვითმფრინავიდან ორი მგზავრი ჩაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი იყო რომან პროტასევიჩი, ბელარუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი და ბლოგერი. მეორე კი იყო მისი შეყვარებული, სოფია საპეგა. პროტასევიჩი იყო Nexta-ს ერთ-ერთი რედაქტორი. Nexta, Telegram-ის ერთ-ერთი არხია, რომელიც წინა ზაფხულს, მასობრივი ანტისამთავრობო დემონსტრაციების დროს მინსკში იყო საჯარო ინფორმაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო. პროტასევიჩმა ქვეყანა 2019 წელს დატოვა და მას შემდეგ ემიგრაციაში ცხოვრობს. ბელარუსმა იგი დაუსწრებლად გამოაცხადა ტერორისტად. როდესაც იგი ჩაჰყავდათ, მან უთხრა ერთ-ერთ მგზავრს: „მე სიკვდილით დასჯა მემუქრება“. ნამდვილად, ბელარუსი ბოლო ევროპული ქვეყანაა, სადაც სიკვდილით დასჯა კვლავ მოქმედებს, პატიმრობა კი შეიძლება მოიცავდეს საბჭოთა სტილის დაკითხვას, იზოლაციასა და წამებას.
რომან პროტასევიჩი
წყარო: The Moscow Times
ზოგიერთი დეტალი ბუნდოვანია. Ryanair თვითმფრინავის გატაცების შემდეგ, რამდენიმე საათის განმავლობაში უცნაურად ინარჩუნებდა სიჩუმეს, შემდეგ კი გამოაქვეყნეს ისეთი ნეიტრალური განცხადება, რომელიც რიგით პრობლემას შეიძლება ეხებოდეს. მხოლოდ დღეს დილით მოიხსენია კომპანიის აღმასრულებელმა ოფიცერმა მომხდარი „სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ გატაცებად“. თუმცა, რაც მოხდა, არანაირ ეჭვს არ ბადებს. იმისთვის, რომ გაეტაცებინა მგზავრები, ბელარუსის რეჟიმმა დაარღვია საჰაერო სივრცის კონტროლის პროცედურები, რომლის მიზანიცაა პილოტებისთვის ინფორმაციის მიწოდება რეალური საფრთხეების შესახებ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ისტორია უნდა მოთავსდეს ისეთი ისტორიების გვერდით, როგორიცაა რუსეთის ფედერაციის მიერ რადიოაქტიური საწამლავებისა და ნერვული აგენტების გამოყენება კრემლის მტრების წინააღმდეგ სოლსბერიში, ინგლისში; საუდის არაბეთის მიერ მისი მოქალაქის მკვლელობა სტამბულში, საკონსულოში; ირანის მიერ დისიდენტების მკვლელობა ნიდერლანდებსა და თურქეთში და პეკინის მიერ ჩინეთის იმ მოქალაქეების, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ ან უცხოეთის იმ მოქალაქეების, რომელთაც ჩინური წარმომავლობა აქვთ, გატაცება და დაკავება. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია Freedom House ამ პრაქტიკებს „საერთაშორისო რეპრესიებს“ უწოდებს და მოჰყავს 600-ზე მეტი ასეთი მაგალითი.
ყველა მოყვანილი შემთხვევა არის იმის ნაწილი, რაც ყალიბდება ახალ ნორმად: საკუთარი მტრების დევნაში, ავტორიტარული ქვეყნები ვეღარ გრძნობენ იმის საჭიროებას, რომ პატივი სცენ პასპორტებს, საზღვრებს, დიპლომატიურ ნორმებს ან ახლა უკვე საჰაერო სივრცის კონტროლის წესებს. ამ ახალ სამყაროში დიქტატორები მზად არიან დააკავონ ან მოკლან პოლიტიკური დისიდენტები ყველგან, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეობა აქვთ მათ ან რომელი საერთაშორისო ან უცხოური კანონი და ბიუროკრატიული პროცედურა იცავს მათ თეორიულად. ხანდახან ეს რეჟიმები სხვა ქვეყნებზეც ახდენენ ზეწოლას იმისთვის, რომ მათ დაეხმარონ. სხვა დროს ისინი იტაცებენ ადამიანებს. ფასი, რომელსაც ისინი იხდიან ამ ქმედებების შედეგად, რაც ძირითადად მოიცავს სანქციებს ან გაფუჭებულ ურთიერთობებს გარე სამყაროსთან, აშკარად აღარ აწუხებთ.
ეს კონკრეტული შემთხვევა საყურადღებოა, რადგან საუდის არაბეთის, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებისგან განსხვავებით, ლუკაშენკოს გაცილებით ნაკლები ბერკეტი აქვს საზღვარგარეთ. ბელარუსს არ აქვს დიდი სავაჭრო გავლენები, მნიშვნელოვანი ინვესტიციები ნიუ-იორკში ან ლონდონში, არ ჰყავს ოლიგარქები, რომლებიც ფლობენ ბრიტანულ საფეხბურთო კლუბებს და ეხმარებიან დიქტატორის მმართველობის ნორმალიზებას საზღვარგარეთ. ის ფაქტი, რომ ლუკაშენკო მზადაა ტყუილად შეაფერხოს და შესაძლოა საფრთხეც შეუქმნას ევროპაში რეგისტრირებულ თვითმფრინავს, რომელსაც გადაჰყავს უმეტესად ევროპის მოქალაქეები ევროკავშირის ერთი ქვეყნიდან მეორეში, მიანიშნებს იმაზე, რომ ის მზადაა სრულად გაწყვიტოს კავშირები ევროპასთან და რომ ის დარწმუნებულია, რომ რუსეთის მხრიდან ეკონომიკურ და პოლიტიკურ დახმარებას მიიღებს. რუსული სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საერთაშორისო ტელევიზიის, RT-ის ხელმძღვანელმა უკვე დაწერა Twitter-ზე, რომ ამ გატაცების გამო, მას ბელარუსის შურს. მან დაწერა, რომ ლუკაშენკომ „ლამაზად შეასრულა“. სხვა რუსმა ოფიციალურმა პირმა გატაცებას უწოდა “დასაშვები და საჭირო“. თუმცა, ეს არაა გასაკვირი: ავტორიტარი მმართველები რომ მხარს უჭერენ სხვა ავტორიტარ მმართველებს, რომლებიც არღვევენ საერთაშორისო წესებს, ახალი ნორმის კიდევ ერთი ელემენტია.
შემთხვევიდან რამდენიმე საათში, უამრავი დასავლელი ლიდერი გამოეხმაურა მომხდარს სოციალურ მედიაში. NATO-ს გენერალური მდივანი, ევროკომისიის პრეზიდენტი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მათ შორის იყვნენ, ვინც დაგმო თვითმფრინავის გატაცება. ლიეტუვის პრემიერმინისტრი თვითმფრინავს აეროპორტში დახვდა, როდესაც ის ვილნიუსში დაეშვა. ლატვიამ გააძევა ბელარუსის ელჩი, ბრიტანეთმა აკრძალა ბელარუსის ავიახაზები. მომდევნო დღეებში კიდევ ფურო მეტი კოორდინირებული გამოხმაურება იქნება, რაც მოიცავს ეკონომიკურ სანქციებს ბელარუსისთვის ან ფრენების აკრძალვას. დღეს კიდევ ერთმა უცნაურმა ინციდენტმა შეახსენა ევროპელებს, რომ ბელარუსი არის არა მხოლოდ არაკანონმორჩილი, საშიში ადგილი, არამედ - არაკანონმორჩილი, საშიში ადგილი პირდაპირ ევროკავშირის საზღვართან: შეფერხდა Lufthansa-ს თვითმფრინავი, რომელიც მინსკიდან ფრანკფურტში მიფრინავდა, ისევ მოჩვენებითი ბომბის საფრთხის გამო. ზოგიერთი დამკვირვებელი შიშობდა, რომ მგზავრები შესაძლოა ტყვეები გამხდარიყვნენ. როგორც უკრაინაში რუსეთის შეჭრამ გამოიწვია უარყოფითი შედეგები მთელ კონტინენტზე, ადამიანის უფლებების კატასტროფა ბელარუსში აუცილებლად იქონიებს გავლენას სხვა ევროპელებზე.
...და არა მხოლოდ ევროპელებზე: ავტორიტარულ ქვეყნებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დიქტატორები და მათი ხელქვეითები აკვირდებიან, თუ როგორ იმოქმედებს დასავლეთი - გაუვა თუ არა ლუკაშენკოს ეს და გახდება თუ არა შევიწროების ეს ახალი მექანიზმი ხელმისაწვდომი მათთვისაც. აუცილებლად, დანარჩენებიც შეეცდებიან მის გამოყენებას თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ეს იქნება გზავნილი დისიდენტებისა და ემიგრაციაში მყოფთათვის მათი ქვეყნებიდან: თქვენ არ ხართ დაცული. თქვენ არასოდეს ხართ დაცული. მაშინაც კი, როცა თქვენ დემოკრატიაში ცხოვრობთ; მაშინაც, როცა პოლიტიკური თავშესაფარი გაქვთ; მაშინაც, როცა კომერციულ თვითმფრინავში სხედხართ, მიწიდან ათასობით მეტრით მაღლა.