პუტინის მიერ ნაწინასწარმეტყველები ლიბერალიზმის აღსასრული, ევრაზიანიზმი და საქართველო

28 ნოემბერი 2019 Shadow

 

2019 წლის ივნისში, Financial Times-თან ინტერვიუში ვლადიმირ პუტინმა ლიბერალიზმი „მოძველებულ“ იდეოლოგიად მოიხსენია და თქვა: "ლიბერალები ვერავის ვეღარაფერს უკარნახებენ, როგორც ამას ბოლო ათწლეულების განმავლობაში ცდილობდნენ. ლიბერალური იდეა მოძველდა. ის კონფლიქტშია მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებთან. ლიბერალური იდეა უშვებს, რომ არაფრის გაკეთება არ არის საჭირო. მიგრანტებს შეუძლიათ მოკლან, გააუპატიურონ და ეს ყველაფერი დაუსჯელად იმიტომ, რომ მიგრანტების უფლებები დაცული უნდა იყოს".[1] ამ ინტერვიუმ განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ პუტინის განცხადება აღქმული იქნა, როგორც მხარდაჭერა დასავლეთში მოძლიერებული ულტრამემრაჯვენე ძალებისა და ლიდერების მიმართ. ამგვარი ძალების მთავარი მანიპულაციის საგანი, როგორც წესი, სწორედ მიგრანტთა გაზრდილი ნაკადია, რაზეც პუტინი საუბრობს ინტერვიუში და რასაც ისინი ხშირად მიაწერენ შემცირებულ სამუშაო ადგილებსა და გაზრდილ კრიმინალს. ამ საკითხს აქტიურად ლობირებს რუსული პროპაგანდისტული მედია დასავლეთში და ავრცელებს დეზინფორმაციას. მაგალითად, 2016 წელს, Первый канал-მა გადმოსცა, რომ გერმანიაში 13 წლის რუსი გოგონა ლიზა ფ. „სამხრეთული გარეგნობის მქონე“ თავშესაფრის მაძიებლებმა გაიტაცეს და ჯგუფურად გააუპატიურეს, რასაც მასობრივი ანტიმიგრაციული საპროტესტო აქციები მოჰყვა, მაგრამ მოგვიანებით, გერმანიის პოლიციის გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს.[2] გარდა დასავლეთში მომძლავრებული ანტიმიგრაციული და ულტრანაციონალისტური განწყობების მხარდაჭერისა, პუტინის ეს განცხადება ერთგვარი ანარეკლია მისი იდეოლოგიისა, რომელიც რუსეთს განსაკუთრებულ, დასავლეთისგან განსხვავებულ, ევრაზიულ ცივილიზაციად აღიქვამს და იმ პრინციპებისა, რომელზე დაყრდნობითაც ცდილობს გავლენის სფეროების შენარჩუნებასა და გაფართოებას განსაკუთრებით პოსტ საბჭოთა სივრცეში - ქვეყნებში სადაც რუსული ენა აქტიური საკომუნიკაციო საშუალებაა.

 

 

ევრაზიანიზმის იდეებისა და ანტიდასავლური, ანტილიბერალური განწყობების გასავრცელებლად აქტიურად მუშაობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციები, ე.წ. „რბილი ძალის“ ინსტრუმენტები. აღნიშნული ორგანიზაციები აფინანსებენ და მხარდაჭერას უცხადებენ დაწესებულებებსა და მოძრაობებს სხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით - რუსეთის სამეზობლოში, რომლებიც ევრაზიანიზმის იდეებსა და რუსულ კულტურულ, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ გავლენებს ლობირებენ. ამ მხრივ, არც საქართველოა გამონაკლისი, სადაც ამ კუთხით, რამდენიმე ორგანიზაცია აქტიურ საქმიანობას ეწევა. მათი ხელმძღვანელები ხშირად პირდაპირ იმეორებენ პუტინის მიერ გაჟღერებულ ანტილიბერალურ რიტორიკას. იქიდან გამომდინარე, რომ მსგავსი ჯგუფების მოძლიერებამ შესაძლოა საფრთხის ქვეშ დააყენოს ქვეყნის ევრო-ატლანტიკური კურსი და საქართველო დააბრუნოს რუსულ ორბიტაზე, მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იმის შესახებ, თუ, ერთი მხრივ, რატომ უცხადებს ვლადიმირ პუტინის რეჟიმი მხარდაჭერას ანტილიბერალურ მოძრაობებს, მეორე მხრივ კი როგორ ავრცელებენ რუსეთის ფედერაციის ამ პოლიტიკას მისი გავლენის ქვეშ მყოფი ორგანიზაციები და ინდივიდები საქართველოში.

 

რუსეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფცია და ევრაზიული ცივილიზაცია

 

რუსეთის ფედერაციაში ამჟამად 2016 წელს პუტინის მიერ ხელმოწერილი რუსეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფცია მოქმედებს. ამ დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ თანამედროვე სამყაროში, დასავლეთის ეკონომიკური და პოლიტიკური ჰეგემონია დასრულდა და ძალაუფლების ცენტრმა აღმოსავლეთისკენ, აზიისა და წყნარი ოკეანისკენ გადაინაცვლა, რის შედეგადაც სამყარო გახდა მულტიპოლარული, როგორც ეკონომიკურად და პოლიტიკურად, ასევე - კულტურულად. „სამყაროს კულტურული და ცივილიზაციური მრავალფეროვნება და განვითარების სხვადასხვა მოდელების არსებობა გახდა უფრო ცხადი, ვიდრე ოდესმე“, - წერია მასში.[3] „განვითარების სხვადასხვა მოდელები“ აქ უპირველეს ყოვლისა უნდა გავიგოთ, როგორც დასავლური ლიბერალური დემოკრატიის ალტერნატიული სისტემები, რომლებიც ფართოდაა გავრცელებული თანამედროვე სამყაროში. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ კი 1990-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დასავლური ლიბერალური დემოკრატია განიხილებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებისა და საზოგადოებების განვითარების უალტერნატივო მოდელად, 21-ე საუკუნეში მას დაუპირისპირდა, ერთი მხრივ, რადიკალური ისლამი, მეორე მხრივ კი - ისეთი ზესახელმწიფოებრივი მოდელები, როგორებიცაა ჩინეთი და რუსეთი.

მართალია, საბჭოთა კავშირის ნგრევისა და ჩეჩნეთთან ომისგან დასუსტებულ რუსეთში არსებობდა პოლიტიკური ელიტა, რომელიც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გზას მის ლიბერალიზაციასა და დემოკრატიზაციაში ხედავდა, მაგრამ ხელისუფლებაში ვლადიმირ პუტინის მოსვლის შემდეგ, 2000-იანი წლებიდან, რუსეთის პოლიტიკური ვექტორი თანდათანობით მკვეთრად შეიცვალა. ეს უმთავრესად განპირობებული იყო იმით, რომ პუტინი დასავლეთს აღიქვამს, პირადად მისი და რეჟიმის საფრთხედ. რუსეთის ლიბერალიზაცია და დემოკრატიზაცია, რის წყაროდაც დასავლეთი მიიჩნევა, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მის ძალაუფლებას. პუტინის შიშები განპირობებული იყო, ერთი მხრივ, ფერადი რევოლუციების ტალღით პოსტ საბჭოთა სივრცეში, რისი განმეორებაც რუსეთში მისი რეჟიმის დასასრულს ნიშნავდა, მეორე მხრივ კი - დასავლეთის ინტერვენციით იუგოსლავიაში, ერაყსა და ლიბიაში, რაც რუსულმა პოლიტიკურმა ელიტამ შეაფასა, როგორც „იძულებითი დემოკრატიზაცია“. რუსეთის შემთხვევაში ეს ისევ და ისევ არსებულ რეჟიმს შეუქმნიდა საფრთხეს. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვლადიმირ პუტინმა ეტაპობრივად განავითარა ახალი პოლიტიკური კონცეფცია, რომელიც რუსეთს წარმოაჩენს დასავლეთისგან განსხვავებულ ცივილიზაციად განსაკუთრებული ღირებულებითი სისტემითა და კულტურული მახასიათებლებით, რომელიც მოკავშირეებს ევრაზიაში ეძებს. ეს იდეოლოგია სათავეს მე-20 საუკუნის დასაწყისში იღებს, თუმცა დღესდღეისობით მისი ერთ-ერთ მთავარი იდეოლოგიური აპოლოგეტი რუსი ფილოსოფოსი ალექსანდრ დუგინია, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული რუსეთის ხელისუფლებასთან და შეიარაღებულ ძალებთან. მან 1990-იანი წლებიდან განავითარა რუსეთის ე.წ. ევრაზიული იდეა, რომელიც ევრაზიის კონტინენტზე რუსეთის ექსპანსიასა და მის უპირატეს პოლიტიკურ, კულტურულ და სულიერ როლს გულისხმობს. ამ იდეის მიხედვით, ევრაზია უნდა გადაიქცეს ქვეყნების ერთგვარ კონფედერაციად, ცალკე ცივილიზაციად, რომელსაც რუსეთი უხელმძღვანელებს. ამ იდეის ხორცშესასხმელად კი იგი რუსეთის პოტენციურ მოკავშირეებად თეთრ ნაციონალისტებს მოიაზრებს. 

ევრაზიული ეკონომიკური კავშირის[4], როგორც ევროკავშირის ალტერნატივის შექმნა, ასევე, რუსეთის გაწევრიანება შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში[5], რომელიც ხშირად განიხილება, როგორც NATO-ს გავლენების „დამაბალანსებელად“ ცენტრალური აზიის რეგიონში, ან კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის[6] შექმნა ჯერ კიდევ 1992 წელს და შემდგომ  მისი განვითარება ნათელი მაგალითებია იმისა, თუ როგორ ცდილობს რუსეთი დასავლეთის ალტერნატიული როგორც ეკონომიკური, ასევე სამხედრო ერთობისა და ძალაუფლების ცენტრების გაჩენას, თუმცა გარდა ეკონომიკური და სამხედრო სფეროებისა, ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს პოლიტიკური და კულტურული ფაქტორები.

რუსეთის, როგორც განსხვავებული, ევრაზიული ცივილიზაციის წარმოჩენა უმთავრესად გულისხმობს მისი ღირებულებებისა და კულტურის დანარჩენი მსოფლიოსგან განსხვავებულობის დემონსტრირებას. ამ განსხვავებულობის ყველაზე თვალსაჩინო მახასიათებლად მართლმადიდებლური ქრისტიანობაა მიჩნეული, რისი სახელითაც ხშირად ხდება დასავლურ ღირებულებებთან დაპირისპირება. მაგალითად, 2013 წელს, Pussy Riot-ის მიერ მოსკოვის მართლმადიდებლურ ეკლესიაში გამართული საპროტესტო პერფორმანსის შემდეგ, როდესაც პუტინი მესამე ვადით გახდა პრეზიდენტი, რუსეთში მიიღეს კანონი, რომელიც კრძალავს „რელიგიური გრძნობების“ შეურაცხყოფას.[7] ასევე, 2013 წელს, მიიღეს ე.წ „გეი პროპაგანდის“ საწინააღმდეგო კანონი „ბავშვების დაცვის შესახებ იმგვარი ინფორმაციისგან, რომელიც ტრადიციული ოჯახის ღირებულებების უარყოფას ადვოკატირებს“.[8] აქედან მალევე კი პუტინმა გააკეთა განცხადება, რომელშიც ისაუბრა იმაზე, რომ დასავლური ქვეყნებისგან განსხვავებით, რუსეთი „ტრადიციული მორალის“ დამცველი ქვეყანაა. „დღესდღეობით, ბევრ ქვეყანაში მორალური და ეთიკური ნორმების გადაფასება ხდება: ეროვნული ტრადიციები, ეროვნული განსხვავებები და კულტურა იშლება [...] ისინი ახლა უკვე მოითხოვენ არა მარტო რწმენის, პოლიტიკური შეხედულებებისა და პირადი ცხოვრების თავისუფლებას, არამედ - ცუდისა და კარგის, რაც ბუნებრივად ურთიერთგამომრიცხავი კონცეფციებია, თანასწორობის იძულებით აღიარებას“, - თქვა მან.[9]

ამგვარად, რუსეთი წარმოჩინდება, როგორც დასავლური ლიბერალური დემოკრატიის ალტერნატიული ცივილიზაცია, რომელიც ე.წ. ტრადიციულ ღირებულებებს იცავს. სწორედ ამ პრინციპებზე დაყრდნობით უპირისპირდება ვლადიმირ პუტინი ლიბერალიზმს, თუმცა ამგვარი ანტილიბერალური, პოპულისტური რიტორიკა არ ემსახურება მხოლოდ მისი რეჟიმის შენარჩუნებას რუსეთის შიგნით, არამედ ორიენტირებულია რუსეთის უკვე არსებული გავლენის სფეროების შენარჩუნებასა და გაფართოებაზე. რუსეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფციაშიცაა აღნიშნული, რომ რუსეთის როლის გასაზრდელად საერთაშორისო ასპარეზზე, რუსეთის ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია რუსული ენისა და კულტურის გავრცელება მსოფლიო მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საშუალებით. აქვე ხაზგასმულია რბილი ძალის მნიშვნელობა საერთაშორისო დონეზე ქვეყნის ინტერესების გასატარებლად.[10] სწორედ ამ მიზნებისთვის, 2010 წელს რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის ბრაძანების საფუძველზე, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააფუძნა გორჩაკოვის ფონდი. ფონდის ვებ-გვერდზე წერია: „მსოფლიო პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პროცესების გლობალიზაციის პირობებში, რუსეთის საგარეო ინტერესების გასატარებლად სახალხო დიპლომატია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ამ მხრივ, ფონდის მისიაა, განავითაროს სახალხო დიპლომატიის სფერო რუსეთისთვის სასარგებლო სახალხო, პოლიტიკური და ბიზნეს კლიმატის შესაქმნელად“.[11] თავისი მიზნების მისაღწევად ფონდი ეხმარება არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიასაშუალებებს, საგანმანათლებლო ცენტრებსა და სხვა დაწესებულებებს მსოფლიო მასშტაბით, რომლებიც ფონდის მისიასა და ხედვას იზიარებენ.

საქართველო, რომელსაც, როგორც მედვედევმა აღნიშნა 2008 წელს, რუსეთი საკუთარი „პრივილეგირებული გავლენის სფეროდ“ მიიჩნევს[12], ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელზე საკუთარი გავლენის გასაზრდელადაც რუსეთი იყენებს რბილი ძალის სხვადასხვა მეთოდებს, რომელთა მეშვეობითაც ავრცელებს ანტილიბერალურ და ანტიდასავლურ რიტორიკას, რათა მოხდეს საქართველოს დაშორება დასავლეთისგან და „რუსულ ცივილიზაციასთან“ დაახლოება როგორც ეკონომიკურად და პოლიტიკურად, ასევე - კულტურულად და ღირებულებითი ვექტორებითაც.

 

რუსული გავლენები საქართველოში, ანტილიბერალიზმი და ევრაზიანიზმი

 

გორჩაკოვის ფონდთან პირდაპირ დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში არის „ე.მ. პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი“, რომელიც გორჩაკოვის ფონდისა და  საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მიერ დაარსდა 2013 წელს. რუსეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების კვალდაკვალ, „პრიმაკოვის ცენტრი“ აფინანსებს რუსული ენის შემსწავლელ კურსებს, კულტურულ და სხვა სახის აქტივობებს, ასევე - პოლიტიკურ დისკუსიებს. აღნიშნული ცენტრის დირექტორი ამჟამად არის დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელიც გამოირჩევა ანტიდასავლური და ანტილიბერალური რიტორიკით. მაგალითად, 2019 წელს, მან ფაქტობრივად გაიმეორა ერთი მხრივ, რუსეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფციის მთავარი ხაზი, რომელიც გულისხმობს გლობალური დღის წესრიგის ცვლილებასა და ძალაუფლების ცენტრის გადანაცვლებას დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, მეორე მხრივ კი კიდევ ერთხელ გაახმოვანა პუტინის ნათქვამი ლიბერალიზმის „მოძველებულობის“ შესახებ. მან თქვა:

„ის საშინელი ისტერიკული რიტორიკა, რომელიც, ბოლო რამდენიმე წელია, გვესმის ამ ლიბერალური დღის წესრიგის დამქაშებისგან, მათი იდეოლოგიის აღსასრულის მომასწავებელი პოლიტიკური აგონიაა. [...] მე ვერ ვიტყოდი ერთმნიშვნელოვნად, რომ ევროპაში, ამერიკაში გლობალისტური დღის წესრიგი დასრულდა და საქართველოში ეს საერთოდ არ იგრძნობა. არა, იქაც არის ჯერჯერობით სერიოზული პრობლემები [...] კი, ამერიკელ მოსახლეობაში დიდია მხარდაჭერა კონსერვატიული იდეებისადმი; კი, დომინანტი სწორედ ეს იდეოლოგიაა და ლიბერალიზმის დიქტატურა კრახს განიცდის, მაგრამ იდეოლოგია, რომელიც ათწლეულების განმავლობაში სრულ პოლიტიკურ მონოპოლიას ფლობდა, ცხადია, ასე იოლად ვერ ამოიძირკვება [...] საქართველო ჯერ კიდევ არის ქვეყანა, რომელსაც დღის წესრიგს უდგენენ თეთრი სახლის წინა ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები. [...] შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ძველი ინერცია, ძველი სისტემის გადმონაშთი. ლიბერალური იდეოლოგიის კრიზისი ვახსენე და ამ იდეოლოგიის მესვეურებმა გააფთრებული ბრძოლა კონსერვატიული ფლანგის წინააღმდეგ დაიწყეს 2007 წელს, როდესაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა ერთპოლუსიანი სამყაროს დასრულების აუცილებლობაზე. იმის შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი აგრესია თანამედროვე დასავლური სამყაროსი, რომლის პოლიტიკური ველიც დიდწილად ისევ მონოპოლიზებულია გლობალისტური ისტებლიშმენტის მიერ, მიმართულია სწორედ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, ქვეყნისა, რომელიც მსოფლიოში ერთგვარ ლოკომოტივად იქცა ანტიგლობალისტური მოძრაობის, ანტილიბერალური განწყობებისა და იდეების“.[13]

აღსანიშნავია, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძე ბოლო დროს მჭიდროდაა დაკავშირებული არაფორმალურ ულტრანაციონალისტურ გაერთიანება „ქართულ (ქართველთა) მარშთან“, რომელიც ასპარეზზე 2017 წელს გამოჩნდა.[14] ლორთქიფანიძე მარშს რეგულარულად უცხადებს მხარდაჭერას და მათთან ერთად მოანწილეობს დემონსტრაციებში.[15] შინაარსობრივად, „ქართული მარში“ რუსული მოძრაობა „რუსული მარშის“[16] ანალოგია, რომელიც აქტიურად ილაშქრებს უცხოელი მიგრანტებისა და ეთნიკური უმცირესობების წინააღმდეგ და ამასთანავე, გამოირჩევა ანტიდასავლური, ანტილიბერალური, ჰომოფობიური და სექსისტური რიტორიკითა და აქტივიზმით. მათი აქტივიზმის უკანსაკნელი გამოვლინება იყო ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის ჩაშლის მცდელობა იმ მოტივით, რომ, მათი თქმით, ფილმი „გეი-პროპაგანდას“ წარმოადგენს და შეუარცხყოფს ქართულ ტრადიციებს.[17] ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძეა, რომელმაც 2019 წლის მაისში ფაქტორბივად გაიმეორა პუტინის მოსაზრება ლიბერალური პრინციპების „იძულებით აღიარებასთან“ დაკავშირებით:

„ჩვენ დღეს საქართველოში დამყარებული გვაქვს ლგბტ დიქტატურა და მე ამის არაერთი მაგალითის მოყვანა შემიძლია, თუნდაც ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია, რომ ლიბერალური ლგბტ დიქტატურა არის დამყარებული, ჩვენი ტელევიზიები. [...] აბსოლუტურად ყველა ტელევიზია დაკეტილია კონსერვატორულად მოაზროვნე ადამიანებისთვის. ფაქტობრივად, დახშობილია. ეს არის ლიბერასტულ-ლგბტ დიქტატურის ნათელი მაგალითი, თუ როგორ არიან ისინი შერწყმულები ბოლშევიზმთან. კომუნისტების მმართველობის დროს "ამერიკის ხმას" და "რადიო თავისუფლებას" ვუსმენდით ხოლმე, რომ თავისუფალი აზრი გაგვეგო. აი, ასე გვიწევს სადღაც გაძრომა-გამოძრომა, რომ ჩვენი აზრი მივაწოდოთ ადამიანებს იმიტომ, რომ დახშული არის ეს სივრცე“.[18]

 

"პრიმაკოვის ცენტრის" და ქართული მარშის ხელმძღვანელები, დიმიტრი ლორთქიფანიძე და სანდრო ბრეგაძე

 

ქართულ მარშთან კიდევ ერთი მჭიდროდ დაკავშირებული საჯარო ფიგურა ბიზნესმენი ლევან ვასაძეა. გარდა იმისა, რომ იგი, დიმიტრი ლორთქიფანიძის მსგავსად, აქტიურად უცხადებს მხარდაჭერას ქართული მარშის ისეთ აქტივობებს, როგორიცაა ლგბტ თემატიკაზე გადაღებული ფილმის ჩვენების ჩაშლის მცდელობა, Tbilisi Pride-ის ჩაშლა და ა.შ.[19], საყურადღებოა, რომ ის ევრაზიანიზმის იდეის ერთ-ერთ მთავარ აპოლოგეტთან, ალექსანდრ დუგინთან დაახლოებული პირია. დუგინი ერთ-ერთ ვიდეომიმართვაში პირდაპირ საუბრობს ვასაძეზე:

„განხეთქილება რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებში უდიდესი ტრაგიზმით ხასიათდება: ნებისმიერ მოძმე ქვეყანასთან განხეთქილება ცუდია, მაგრამ საქართველოსთან ურთიერთობების შემთხვევაში ეს უბრალოდ კატასტროფულია, რადგან ეს არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, ეს არის სრულიად უნიკალური, ტრადიციული, სრულიად არადასავლური, არალიბერალური უძველესი კულტურა, რომელიც ყველა რუს ადამიანს ყოველთვის უყვარდა; [...] როგორც უდიდესი ქართველი პატრიოტი, დიდი ინტელექტუალი ლევან ვასაძე აღნიშნავს, „ქართველებს ისტორიაში არაფერი უძებნიათ, ამიტომაც დარჩნენ იქ, სადაც გაჩნდნენ“. და ეს მართლაც გრანდიოზული მიღწევაა, გამორჩეული, უნიკალური ფასეულობა. [...] რუსული და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღოლების სიბრძნე აჩვენებდა, რომ ჩვენი პოლიტიკური წინააღმდეგობები უბრალოდ ანომალიაა, რაღაც არაბუნებრივი, რაღაც, რაც მიმართულია ჩვენი  მართლამადიდებელი ხალხების მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის, ძმობის განადგურებისკენ – ხალხებისა, რომლებიც რეალურად ერთმანეთს ჰაერივით სჭირდებიან  და უპირველესად – სწორედ სულიერად. [...] იგივე ლევან ვასაძე მას [საქართველოს] „მეორე იერუსალიმს“ უწოდებს, ხოლო მოსკოვს – «მესამე რომს»... ასე, რომ საქართველოს სულიერი, საკრალური მნიშვნელობა ჩვენთვის კოლოსალურად დიდია. [...] მაგრამ ამერიკის ეგიდით მოქმედი ქართული ნაციონალიზმის მხრიდან რუსეთის ინტერესების სრული უგულებელყოფით აფხაზებისა და ოსებისთვის ნებისმიერ ფასად ლიბერალური, პროდასავლური კურსის თავს მოხვევისკენ სწრაფვამ საბოლოო ჯამში, კატასტროფამდე მიგვიყვანა. დგება ეტაპი, როცა ეს ყველაფერი წარსულს ბარდება“.[20]

დუგინთან კავშირი არც ვასაძეს უარყვია, თუმცა მან განაცხადა, რომ რუსი ფილოსოფოსი 2015 წელს გაიცნო და დაარწმუნა იმაში, რომ რუსეთის ინტერესებშია არა - მტრული, არამედ მეგობრული საქართველო, რის შემდეგაც დუგინს საქართველოზე აზრი შეაცვლევინა.[21] მიუხედავად ამისა, ლევან ვასაძეს, როგორც ქართველი ტრადიციონალისტების წარმომადგენელს, რომლებსაც დუგინი მისი ევრაზიული იდეის განსახორციელებლად მთავარ მოკავშირეებად მოიაზრებს, არა ერთხელ გაუმეორებია ანტიდასავლური, ანტილიბერალური რიტორიკა, რომელზეცაა დამყარებული პუტინის რეჟიმის საგარეო პოლიტიკის ხედვა. მაგალითად, 2019 წლის ოქტომბერში მან თქვა:

„აღარ დარჩა დრო ამ ლიბერალური ტიტყნაობისთვის, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თქვენ [საქართველოს მთავრობას] თავისუფლად შეგიძლიათ, დასაჯოთ ის პროვოკაციული ელემენტები, რომლებიც ობსტრუქციას უწყობენ ჩვენს სახელმწიფოს ასაკრძალი ლიბერალური იდეოლოგიით... აი, როგორც მარქსიზმია აკრძალული და ფაშიზმი, ზუსტად ასე უნდა აიკრძალოს ჩვენს ქვეყანაში ლიბერალიზმიც და აუცილებლად უნდა გამოცხადდეს მარგინალურ იდეოლოგიად, რომელიც დაუშვებელია, ხალხში ესეც არის, მაგრამ ხალხი გელოდებათ თქვენ, ჩვენს პოლიტიკოსებს და ყველანაირად დაგიჭერთ მხარს, რამდენიც არ უნდა იჭიჭყინონ მომაკვდავი ლიბერალიზმის წარმომადგენელმა უცხოელმა ელჩებმა“.[22]

მიუხედავად იმისა, რომ ლიბერალიზმი ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პოლიტიკური იდეოლოგია შეიძლება იქცეს კრიტიკის საგნად კონსერვატორების თუ სოციალისტების მხრიდან, საყურადღებოა ანტილიბერალური ტენდენცია იმ მხრივ, რომ ხშირად ამგვარი განწყობები და რიტორიკა მართულია რუსეთის ხელისფულებისა და მის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების მიერ, რაც ემსახურება არა თავისთავად პოლიტიკური იდეოლოგიის კრიტიკას, არამედ - მის ინსტრუმენტალიზაციას რუსეთის ინტერესების გასატარებლად, მისი გავლენის სფეროების გასაფართობლად და პუტინის რეჟიმის შესანარჩუნებლად. იმ ქართული ორგანიზაციებისა და ლიდერების საქმიანობა და რიტორიკა, რომლებიც პირდაპირ ფინანსდებიან ან მხარდაჭერილი არიან რუსული რბილი ძალის გამტარებელი ინსტიტუციების მიერ, ამის ნათელი მაგალითია. აღსანიშნავია, რომ მათ მიერ ლიბერალიზმის კრიტიკა მიემართება არა მხოლოდ ლიბერალიზს, როგორც იდეოლოგიას, არამედ, უპირველეს ყოვლისა - დასავლეთს და მის ალტერნატივად გვთავაზობენ ანტილიბერალურ ევრაზიას, სადაც წამყვანი ძალა რუსეთია. თუკი დასავლეთის შემთხვევაში ამგვარი განწყობებისა და იდეების გაღვივებამ შეიძლება გამოიწვიოს ულტრანაციონალისტური ძალების აღზევება და იზოლაციონისტური პოლიტიკის გატარება, რაც რუსეთსა და პუტინის რეჟიმს მეტ ასპარეზს მისცემს მსოფლიოში მისთვის სასურველი პოლიტიკის გასატარებლად, საქართველოსა და პოსტ საბჭოთა სივრცის შემთხვევაში, ეს პირდაპირ ნიშნავს რუსულ ორბიტაზე დაბრუნებას და დასავლეთისგან მაქსიმალურ დისტანცირებას.

 

დასკვნა

ვლადიმირ პუტინის მიერ გაჟღერებული ანტილიბერალური რიტორიკა, რომელმაც დიდი ყურადღება მიიქცია დასავლურ მედიაში, უმთავრესად იმ პოლიტიკის გაჟღერებაა, რომელსაც პუტინის ხელისუფლება მიმართავს საკუთარი რეჟიმის გადასარჩენად, ვინაიდან დასავლური ლიბერალური დემოკრატიის ან რუსეთში ამგვარი საპროტესტო ტალღის აღზევების პირობებში, შეუძლებელი იქნება არსებული რეჟიმის შენარჩუნება. ერთი მხრივ, პუტინის „ანტილიბერალური კურსი“ ემსახურება რუსეთის შიგნით ლიბერალური საპროტესტო მუხტის განეიტრალებს. გარდა ამისა, როგორც რუსეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფციაშია აღნიშნული, ეს პოლიტიკა მიმართულია სამყაროში მულტიპოლარული დღისწესრიგის შექმნისკენ, რაშიც, ამ შემთხვევაში, იგულსიხმება დასავლეთის ალტერნატიული ძალაუფლების ცენტრების შექმნა და მათი გაძლიერება. დასავლეთში ულტრანაციონალისტური ძალების გააქტიურება, რომლებიც იზოლაციონიზმს ქადაგებენ, ერთი მხრივ, რუსეთს მეტ ასპარეზს აძლევს საკუთარი გავლენის სფეროების გასაფართოებლად მსოფლიო მასშტაბით, მეორე მხრივ კი ესაა გარანტია პუტინის რეჟიმისთვის, რომ ის კიდევ დიდხანს შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას.

რაც შეეხება პოსტ საბჭოთა სივრცესა და კონკრეტულად - საქართველოს, ანტილიბერალურ განწყობებთან შერწყმული ევრაზიანისტული კურსი, რომელსაც ის ორგანიზაციები და ინდივიდები ავრცელებენ, რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფინანსებულ ე.წ. რბილი ძალის გამტარ ორგანიზაციებთან, ემსახურება ქვეყნის დისტანცირებას დასავლეთისგან და მის ინტეგრაციას ე.წ. ევრაზიულ სივრცეში. საქართველოს შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო პირდაპირი რუსული აგრესიის ქვეშ იმყოფება, ამგვარი განწყობების მოძლიერებამ შესაძლოა პირდაპირი საფრთხე შეუქმნას არა მარტო ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსს, არამედ - მის სუვერენიტეტსაც. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ როგორც - სამთავრობო, ასევე არასამთავრობო სექტორმა აქტიური ნაბიჯები გადადგას საქართველოს მოსახლეობის ინფორმირების კუთხით იმის თაობაზე, თუ რატომ შედის რუსეთის ხელისუფლების ინტერესებში ანტილიბერალური, ანტიდასავლური და ევრაზიანისტული იდეების გავრცელება და როგორ ახორცილებეს ის ამას სხვა ქვეყნებში რბილი ძალის სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით.

 

 

[1] https://www.ft.com/content/670039ec-98f3-11e9-9573-ee5cbb98ed36

[2] https://www.nato.int/docu/review/articles/2016/07/25/the-lisa-case-germany-as-a-target-of-russian-disinformation/index.html

[3] https://www.mid.ru/en/foreign_policy/official_documents/-/asset_publisher/CptICkB6BZ29/content/id/2542248?p_p_id=101_INSTANCE_CptICkB6BZ29&_101_INSTANCE_CptICkB6BZ29_languageId=ru_RU

[4] ევრაზიული ეკონომიკური კავშირი არის 2014 წელს შექმნილი ეკონომიკური გაერთიანება, რომელშიც გაწევრიანებული არიან სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და რუსეთი.

[5] შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია არის ევრაზიული პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების ალიანსი, რომლის წევრებიც არიან: რუსეთი, ჩინეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ინდოეთი და პაკისტანი. დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობენ ბელარუსი, ავღანეთი, ირანი, მონღოლეთი. ასევე ე.წ. „დიალოგის პარტნიორის“ სტატუსი აქვთ მინიჭებული სომხეთს, აზერბაიჯანს, კამბოჯას, ნეპალს, შრი ლანკასა და თურქეთს.

[6] კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია 1992 წელს დაფუძნებული სამხედრო ალიანსია, რომელშიც ამჟამად გაწევრიანებული არიან რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, ავღანეთი და სერბეთი. აზერბაიჯანმა, უზბეკეთმა და საქართველომ ორგანიზაცია დატოვეს.

[7] https://www.bbc.com/news/world-europe-22090308

[8] https://www.theguardian.com/world/2013/jun/11/russia-law-banning-gay-propaganda

[9] https://www.independent.co.uk/news/world/europe/president-vladimir-putin-hails-russias-defence-of-traditional-values-in-his-state-of-the-nation-9001470.html

[10] https://www.mid.ru/en/foreign_policy/official_documents/-/asset_publisher/CptICkB6BZ29/content/id/2542248?p_p_id=101_INSTANCE_CptICkB6BZ29&_101_INSTANCE_CptICkB6BZ29_languageId=ru_RU

[11] https://gorchakovfund.ru/en/about/

[12] https://www.nytimes.com/2008/09/01/world/europe/01russia.html

[13] http://geworld.ge/ge/%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%9B%E1%83%98/

[14] https://www.radiotavisupleba.ge/a/kartvelta-marshis-shesakheb/28625386.html

[15] http://liberali.ge/news/view/36599/qartuli-marshi-orshabats-rustavelze-shekrebili-moqalaqeebis-tsinaaghmdeg-gamosvlas-gegmavs

[16] https://www.svoboda.org/a/30252668.html

[17] https://1tv.ge/news/filmis-da-chven-vicekvet-sawinaaghmdego-aqciebi-dasrulda/

[18] http://www.tabula.ge/ge/verbatim/148822-bregadze-qvekanashi-aris-liberastul-lgbt-diqtatura-romelic-bolshevizmtanaa

[19] https://www.radiotavisupleba.ge/a/30000900.html

[20] http://accentnews.ge/newsdetails.php?lang=1&NewsID=896

[21] https://1tv.ge/news/levan-vasadze-aravitari-interesi-ar-mamodzravebs-arc-rusetshi-arc-evropashi-arc-amerikashi-garda-chemi-qveynis-interesebisa/

[22] http://www.tabula.ge/ge/verbatim/157519-vasadze-mtavrobas-unda-aikrdzalos-liberalizmi-xalxi-gelodebat-tqven