წყარო: interpressnews.ge
რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უკვე დაიწყო წინადადებაზე მუშაობა, რომელიც იმ ქვეყნებისთვის ემბარგოს დაწესებას გეგმავს, რომლებიც ევროკავშირის ანტირუსულ სანქციებს შეუერთდნენ. ამის შესახებ "რია ნოვოსტის" სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
"ამ დროისთვის მუშავდება მთავრობის დადგენილების პროექტი შვიდ ქვეყანასთან დაკავშირებით", - განაცხადეს უწყებაში. მათივე თქმით, ჯერ უცნობია ვადა, თუ როდისთვის დასრულდება დოკუმენტზე მუშაობა.
სამინისტროში დაადასტურეს, რომ კონტრზომების შემოღების საკითხი საქართველოსთან მიმართებაშიც მუშავდება. "ქვეყნების სია ზუსტდება" ,- განაცხადეს სამინისტროში.
რუსეთის პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრს ინფორმაციის გადამოწმება დაავალა იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგიერთი ქვეყანა, რომლებიც დღემდე არ მონაწილებდნენ ანტირუსულ სანქციებში, შეუერთდა ამ სანქციებს და თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, განახორციელოს საპასუხო სამრეწველო ემბარგოს კორექტირება და შესაბამისი წინადადებით პრეზიდენტს მიმართონ.