ანტისაბჭოთა აჯანყებები

31 აგვისტო 2015 Shadow

 

 წყარო: matiane.wordpress.com

 

 აჯანყების პირველი ტალღა – სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქართლი, ფშავ-ხევსურეთი

1921 წლის თებერვალში ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დამოუკიდებელ საბჭოთა რესპუბლიკად საქართველოს გამოცხადებას, რაც ფაქტობრივად ქვეყნის ოკუპაციასა და ანექსიას ნიშნავდა, ქართველი ერი არ შეჰგუებია. თავს დამტყდარი ტრაგედიიდან ხალხი მალე გამოერკვა, გააცნობიერა სამშობლოს სავალალო მდგომარეობა და დაიწყო პერმანენტული სახალხო გამოსვლები და გაფიცვები ბოლშევიკური ხელისუფლებისა და რუსული არმიის წინააღმდეგ.

რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ მიმართულ ასეთ დაპირისპირებებს ბოლშევიკებმა განუკითხავი და შეუბრალებელი სისხლიანი ანგარიშსწორებით უპასუხეს, რასაც ახორციელებდა კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ცენტრალური კომიტეტის ბიურო სერგო ორჯონიკიძის თავმჯდომარეობით.

ქვეყანაში გამეფდა ფართომასშტაბიანი რეპრესიები: მასობრივად აპატიმრებდნენ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეებს, დამფუძნებელი კრების და მუშათა და გლეხთა პარტიების წევრებს, ყველას, ვინც არ თანაუგრძნობდა კომუნისტურ (ბოლშევიკურ) პარტიასა და საოკუპაციო ხელისუფლებას. აპატიმრებდნენ და ზოგს ციხეში ამწყვდნენ, ზოგს შორეულ აღმოსავლეთში ასახლებდნენ, ზოგს სიკვდილს უსჯიდნენ. სასჯელის ფორმა და ზომა სხვადასხვა იყო, მაგრამ სიმკაცრით გამორჩეული.

საქართველოში დამსჯელ ძალად გამოიყენებოდა რუსეთის მე-11 წითელი არმია, რომელსაც 1921 წლის მაისში მხოლოდ სახელი გამოუცვალეს და განსაკურებული დანიშნულების რაზმი (“ჩონი”) უწოდეს, ხოლო 7 ოქტომბერს მიიღეს დადგენილება განსაკურებული დანიშნულების რაზმის სპეცნაწილების შექმნის შესახებ. მანამადე კი, 4 აპრილს საქართველოს “რევკომმა” დაამტკიცა რევოლუციური ტრიბუნალის დებულება.

ასე რომ, ულმობელი პოლიციისა და მრისხანე “ჩეკას” “წყალობით” დაპატიმრება, დახვრეტა, გადასახლება ცხოვრების ყოველდღიურობად იქცა, ხოლო ქვეყანაში ძარცვა-გლეჯა, დაუნდობლობა, ტერორი ცხოვრების ნორმად.

mazmishviliრეპრესიების მსხვერპლნი გახდნენ: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მოადგილე გრიგოლ ლორთქიფანიძე, სამხედრო მინისტრი პარმენ ჭიჭინაძე, ყოფილი სამხედრო მინისტრი გრიგოლ გიორგაძე, სახელგამთქმული გენერალი გიორგი მაზნიაშვილი, ცნობილი მოღვაწეები: სილიბისტრო ჯიბლაძე, ისიდორე რამიშვილი …

დამოუკიდებლობის დასაცავად სტუდენტი ახალგაზრდობაც აღდგა, რასაც მათი უმრავლესობის დახვრეტა, დაპატიმრება და გადასახლება მოჰყვა.

ტერორი ეკლესიასა და ეკლესიის მსახურთაც შეეხო. დაიწყო ეკლესია-მონასტრების მასობრივი ძარცვა და ნგრევა, სულ 1500 ეკლესია დაანგრიეს, ბევრი საწყობად და თავლად აქციეს. სასულიერო პირთა უმიზეზო დევნა-დაპატიმრება, სიკვდილით დასჯა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ნაძარცვი საეკლესიო სიმდიდრე საზღვარგარეთ ჩალის ფასად იყიდებოდა. ეს იყო ნამდვილი ათეისტური დიქტატურა, რომელიც შეურაცხოფდა ხალხის რწმენას, ზნეობას, ტრადიციებს, კულტურას…

ეროვნული მოძრაობის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს მოვლენას წარმოადგენდა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ამბროსი (ბესარიონ) ხელაიას დაპატიმრება. სულიერი მამის ერთადერთი “დანაშაული” საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენის მოთხოვნა იყო. მან ტერორის გამტარებელ ხელისუფლებას შემდეგი სიტყვებით მიმართა: “სული ჩემი ღმერთს ეკუთვნის, გული – ჩემს სამშობლოს, მძორი, ჯალათებო, თქვენ და რაც გინდათ, ის უყავით მას!”

1921 წლის ზაფხულში მთელ საქართველოში ამბოხებათა ახალი ტალღა აგორდა. პირველად ანტისაბჭოთა აჯანყების დროშა სვანებმა ააფრიალეს. მათ სათავეში ედგათ მოსოსტრ დადეშქელიანი, ნესტორ გარდაფხაძე (საარქ. N24333), ბიძინა პირველი. აჯანყებულებმა სვანეთში შეჭრილი წითელი არმიის ნაწილები განააიარაღეს და საბჭოთა ხელისუფლება დაამხეს. ისინი 6 თვე უმკლავდებოდნენ დამსჯელი რაზმების შემოტევას. სამწუხაროდ, საქართველოს სხვა რეგიონებმა აჯანყებულებს მხარი ვერ აუბეს, წითელმა არმიამ სვანეთის სრული იზოლაცია მოახერხა და ბოლოს აჯანყება სისხლში იქნა ჩახშობილი.

აჯანყდნენ რაჭა-ლეჩხუმშიც, რომელიც ასევე ლიკვიდირებულ იქნა.

სულიერად გატეხვისა და დამონებისაკენ მიმართული მკაცრი სადამსჯელო ღონისძიებების მიუხედავად, ხალხში საბრძოლო სულიკვეთება მაინც ვერ ჩაკლეს და ქართველები თავის პროტესტს დაუმორჩილებლობითა და მასობრივი აჯანყებებით გამოხატავდნენ. 1922 წლის 26 მაისის მასობრივი მანიფესტაციები მოეწყო თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში.

1921 წ. 5 ნოემბერს პარიზში გაიმართა ამიერკავკასიის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა კონფერენცია, რომელმაც აირჩია “სამხედრო კომისია” კავკასიაში აჯანყების მოსამზადებლად.

საქართველო კი 1922 წლის მარტში ინკორპორირებულ იქნა ამიერკავკასიის ფედერაციაში, რომელიც თავის მხრივ 30 დეკემბერს საბჭოთა კავშირში გაერთიანდა. საბჭოთა საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალა მხოლოდ და მხოლოდ მოსკოვის ნების აღმსრულებელი იყო.

შეიარაღებულ გამოსვლების მომზადებას და განხორციელებას ხელმძღვანელობდა საქართველოს ანტისაბჭოთა პარტიების ინტერპარტიული იატაკქვეშა გაერთიანება საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი (იგივე პარიტეტული კომიტეტი).

გაერთიანებას საფუძველი ჩაეყარა 1922 წლის აგვისტოში. ამას წინ უსწრებდა დაძაბული მოლაპარაკებები ქართველ მენშევიკებს და მათ ყოფილ პოლიტიკურ ოპონენტებს, – ეროვნულ-დემოკრატებს, სოციალ-ფედერალისტებს, ესერებსა და “სხიველების” ორგანიზაციას შორის. საბოლოოდ პარტიები შეთანხმდნენ მოქმედების საერთო გეგმაზე და ხელი მოაწერეს შეთანხებას, რომელიც ხუთი მუხლისგან შედგებოდა:

  1. პარტიები ერთიანდებიან იმისთვის, რათა საერთო ძალით იბრძოლონ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის;
  2. იმ შემთხვევაში, თუ აღდგენილი იქნება საქართველოს დამოუკიდებლობა, მოწვეული იქნება დაფუძნებული კრება, რომელსაც ჩააბარებენ ანგარიშებს თავიანთი მოღვაწეობის შესახებ როგორც საზღვარგარეთ მყოფი მთავრობა, ისე ის მთავრობა, რომელიც შედგენილი იქნება გარდამავალ მომენტში;
  3. დაფუძნებული კრების სხდომაზე ირჩევენ ახალ მთავრობას კოალიციური პრინციპების მიხედვით. ამასთანავე, არცერთ პარტიას უფლება არა აქვს დაიკავოს ერთ მესამედზე მეტი;
  4. ირჩევენ პარიტეტულ კომისიას ძველი მთავრობის მოღვაწეობის განსახილველად;
  5. ამ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის დღიდან პარიტეტულ საფუძველზე არჩეულ იქნეს კომიტეტი, რომელსაც უნდა ეწოდოს “საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი”.

შეთანხებას ხელი მოაწერეს: საქართველოს სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) პარტიისაგან – გოგოტა ფაღავამ, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისაგან – იასონ ჯავახიშვილმა, მემარჯვერე სოციალ-ფედერალისტებისაგან – გრიგოლ რცხილაძემ, სხიველებისაგან – მუხრან ხოჭოლავამ, მემარჯვენე ესერებისაგან – იოსებ გობეჩიამ.

დამკომის პირველი თავჯდომარე იყო გოგიტა ფაღავა, რომელიც მალე ნიკოლოზ ქარცივაძემ ჩაანაცვლა. მას შემდეგ, რაც ქარციცაძე 1923 წლის 16 მარტს ჩეკამ დააპატიმრა, დამკომის თავმჯდომარე გახდა კოტე ანდრონიკაშვილი. ეროვნულ დემოკრატი იასონ ჯავახიშვილი დამკომის უცვლელი მდივანი იყო მთელი მისი არსებობის მანძილზე.

ტექსტი საგანგებო წერილთან ერთად გაეგზავნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრაციაში მყოფ მთავრობას. კავშირს კომიტეტსა და მთავრობას შორის ახორციელებდა ე.წ. “კონსტანტინეპოლის ბიურო” რომელიც წარმართავდა ასევე საიდუმლო (და, სამწუხაროდ, უშედეგო) მოლაპარაკებებს თურქეთის, საფრანგეთის, გერმანიის და დიდი ბრიტანეთის მთავრობებთან დახმარების თაობაზე.

დამკომთან შეიქმნა “სამხედრო ცენტრი”, რომელსაც უშუალო ხელმძღვანელობა უნდა გაეწია შეიარაღებული გამოსვლებისათვის. მის პირველ ხელმძღვანელად არჩეულ იქნა გენერალი კოტე აფხაზი.

ხალხი ოკუპანტი ბოლშევიკების დასამხობად დღითიდღე ირაზმებოდა. საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ყველა რეგიონში იქმნებოდა პარტიზანული რაზმები (თულნი). მარტო აღმოსავლეთ საქართველოში ათამდე რაზმი მოქმედებდა. ქართლში გამოირჩეოდა მიხეილ ლაშქარაშვილის პარტიზანული რაზმი. 1922 წელს პარტიზანულმა მოძრაობამ განსაკუთრებით ფართო ხასიათი მიიღო კახეთსა და ფშავ-ხევსურეთში, მას სათავეში ედგა სახელგანთქმული ოფიცერი ქაქუცა (ქაიხოსრო) ჩოლოყაშვილი..

ხელისუფლება კი დაუნდობლად უსწორდებოდა აჯანყებულებს.

პარტიზანული რაზმების წინააღმდეგ ყველა მაზრაში შეიქმნა დამსჯელი ექსპედიციები, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას აწიოკებდნენ იმ მიზეზით, რომ “ბანდიტებს ინახავდნენ”. ისინი მასობრივად ხვრეტდნენ უდანაშაულო ხალხს, წვავდნენ მათ სახლ-კარსა და ავლა-დიდებას. ვინმე ი. ტალახაძე, რომელიც გურიაში დამსჯელად იყო დანიშნული, მისთვის საეჭვო პირებს განუკითხავად ნებისმიერ ადგილზე ხვრეტდა.

ულმობელმა რეპრესიებმა იმსხვერპლა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სხვა მოღვაწეებიც.

1923 წლის თებრვალში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სტუდენტთა კომიტეტის წევრმა კ. მისაბიშვილმა გასცა სამხედრო ცენტრი, რომლის წევრები დააპატიმრეს. მარტში “საქართველოს სსრ”-ის ე.წ. “საგანგებო კომისია”-მ (“ჩეკა”) დამკომის საიდუმლო სტამბა აღმოაჩინა.

კპ (ბ) ცკ-ის მოთხოვნით, 1923 წლის 19 მაისს გაუსამართლებლად დახვრიტეს სამხედრო ცენტრის მეთაური, კოტე აფხაზი; გენერლები ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, ვარდენ წულუკიძე, პოლკოვნიკები გიორგი ხიმშიაშვილი,ელიზბარ გულისაშვილი, ივანე ქუთათელაძე; როსტომ მუსხელიშვილი,ალექსანდრე მაჭავარიანი; როტმისტრები: სიმონ ბაგრატიონ–მუხრანელი, ლევანკლიმიაშვილი; კაპიტნები ნიკოლოზ ზანდუკელი, იასონ კერესელიძე (გენერალ ლეო კერესელიძის უმცროსი ძმა), სიმონ ჭიაბრიშვილი, ივანე ქუთათელაძე,გიორგი (გოგიტა) ფაღავა, დიმიტრი ჩრდილელი, ფარნაოზ ყარალაშვილი, ივანე ყარანგოზიშვილი. მალე მათი ბედი ვაჟა-ფშაველას ვაჟმა – ლევან რაზიკაშვილმაც(საქმე N2370) გაიზიარა.

სამხედრო ცენტრის პირველი შემადგენლობის განადგურების შემდეგ, რაც პირველი დიდი დარტყმა იყო დამოუკიდებლობის კომიტეტისათვის, ცენტრის ახალ ხელმძღვანელად დაინიშნა გენერალი სპირიდონ ჭავჭავაძე, ხოლო მის თანაშემწედ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამხედრო კომისიის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი სოლომონ ზალდასტანიშვილი.

1924 წლის აჯანყება

1924 წელს რეპრესიების პიკი იყო. ამ პერიოდში ბოლშევიკურმა შურისძიებამ ყველანაირ ზღვარს გადააბიჯა… მაგრამ რეპრესიების გაძლიერებამ ვერ გატეხა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რადგან არსებული სახელმწიფო წყობილებით უკმაყოფილო იყო საზოგადოების ყველა ფენა: თავად-აზნაურობა, ბურჟუაზია, სამღვდელოება, მუშათა კლასი, გლეხობა.. ქვეყანაში ამბოხების მოსამზადებლად ხელსაყრელი პირობები შეიქმნა.

აჯანყების ორგანიზატორად მოგვევლინა “დამოუკიდებლობის კომიტეტი” (“დამკომი”) ანუ “პარიტეტული კომიტეტი”, რომელშიც შედიოდნენ სოციალ-დემოკრატი მენშევიკები, ეროვნულ-დემოკრატები, სოციალისტ-ფედერალისტები, სოციალისტ-რევოლუციონერები, “სხიველები”…

აჯანყების პრაქტიკული მომზადება დაევალა “დამკომთან” არსებულ “ცენტრალურ სამხედრო კომისიას”. “კომისიის” წევრები იყვნენ: კონსტანტინე ადრონიკაშვილი(საარქ. N22310), იასონ ჯავახიშვილი (საარქ. N25326), ნიკოლოზ ქარცივაძე, კირილე ნინიძე (საარქ. N2262), მიხეილ ბოჭორიშვილი (საარქ. ძვ. N24352-62), მიხეილ იშხნელი, გიორგი ჯინორია, შალვა ამირეჯიბი, ნიკიფორე იმნაიშვილი(საარქ. N22140), სამსონ დადიანი (საარქ. N2254), გიორგი (გოგიტა) ფაღავა (საარქ. N21151), ვასო ნოდია (საარქ. N21157), გიორგი წინამძღვრიშვილი, გიორგი ზალდასტანიშვილი…

1924 წლის 17 აგვისტოსათვის დაინიშნა ქართველი ერის ისტორიაში ყველაზე დიდი აჯანყება.

კომისიის მიერ შედგენილი გეგმით აჯანყება ყოველ ქალაქსა და მაზრაში ერთდროულად უნდა დაწყებულიყო. ადგილებზე ხელისუფლების აღების შემდეგ დაიწყებოდა საერთო ლაშქრობა თბილისზე. ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმს ენიჭებოდა. მთავარსარდლად გენერალი სპირიდონ ჭიჭინაძე დაინიშნა. ემიგრანტულ მთავრობასთან შესათანხმებლად “დამკომმა” საზღვარგარეთ ვასო ნოდია მიავლინა.

1924 წლის მაისში ვ. ნოდიასთან ერთად ფარულად ჩამოვიდნენ ემიგრანტული მთავრობის წარმომადგენლები – ვალიკო ჯუღელი (საარქ. N24160), ნოე ხომერიკი(საარქ. N23587), ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილი (საარქ. #24343), ვლასა მგელაძე…

“ჩეკამ” მიაგნო აჯანყების მესვეურთა კვალს და დააპატიმრა გ. წინამძღვრიშვილი, ნ. ხომერიკი, გ. ფაღავა, გ. ჯინორია… 6 აგვისტოს კი – ვ. ჯუღელი და ბ. ჩხვიკიშვილი დააპატიმრეს და ისევ დაიწყო მასობრივი რეპრესიები.

აჯანყება 29 აგვისტოსთვის გადაიდო.

შვიდიოდე დღით ადრე “დამკომი” და აჯანყებულთა არმიის საერთო შტაბი შეიკრიბა შიომღვიმის მონასტერში, სადაც ქართველი მეფეები მიდიოდნენ ბრძოლის წინ სალოცავად და ლოცვა-კურთხევის მისაღებად.

qaqucaმაგრამ, გაურკვეველი მიზეზების გამო, აჯანყება ერთი დღით ადრე დაიწყო… 28 აგვისტოს მოხდა შეიარაღებული გამოსვლა ჭიათურაში. თავდაპირველად გამოსვლები წარმატებით ვითარდებოდა. დიდი ქალაქების გარდა, კომუნისტების წინააღმდეგობები სუსტი აღმოჩნდა. წითელი არმიისა და “ჩეკას” რაზმების საკმაო ნაწილი დამარცხდა. ამბოხებულებმა შეძლეს ჭიათურის და ზოგიერთი სხვა ქალაქის (სენაკი, სამტრედია და სხვა) აღება და საქართველოს ემიგრირებული მთავრობის იურისდიქციის აღდგენა გამოაცხადეს. საქართველოს ქალაქებისა და სოფლების დიდი ნაწილი აჯანყებულთა ხელში აღმოჩნდა.

…მაგრამ ამოქმედდა წითელი ჯარი. ორკვირიანი უმძიმესი ბრძოლების შემდეგ აჯანყება სისხლში ჩაახშეს წითელი არმიისა და ჩეკას ნაწილებმა.

ქაქუცა ჩოლოყაშვილმა დუშეთი კი დაიკავა, მაგრამ წინსვლა ვეღარ შეძლო, ფშავ-ხევსურეთისა და შემდეგ კახეთის აჯანყება ვერ მოახერხა. თბილისზე იერიშის მიტანა კი მხოლოდ მის განკარგულებაში მყოფი ძალებით ვერ გაბედა. ის იძულებული გახდა თავის “შეფიცულებთან” ერთად საზღვარგარეთ გაქცეულიყო.

აჯანყებულები გურიასა და სამეგრელოშიც დამარცხდნენ.

სვანეთში თავმოყრილმა აჯანყებულებმა ამაოდ სცადეს ქუთაისის აღება.

ერთი დღით ადრე ჭიათურის გამოსვლამ საბედისწერო როლი შეასრულა: მთავრობის საგანგებო ორგანოებს შესაძლებლობა მიეცათ დროულად განეხორციელებინათ სალიკვიდაციო ღონისძიებები. სამხედრო ოპერაციებს თან ერთვოდა 1924 წლის 30 აგვისტოდან სექტემბრის დამლევამდე განხორციელებული, მანამდე უპრეცედენტო რეპრესიები, რომელმაც საერთო ჯამში 12 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ქართველ ხალხს ყველაზე მასშტაბური სისხლიანი დღეები ჰქონდა, რადგან ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლაც ყველაზე მასშტაბური შეიარაღებული გამოსვლა იყო.

შორაპანში დახვრეტილ იქნენ რკინიგზის ვაგონებში გამომწყვდეული უდანაშაულო ადამიანები. დახვრეტილთა რაოდენობა დღემდე უცნობია. მათი სისხლი ღელესავით მოედინებოდა.

უმკაცრესი რეპრესიები განხორციელდა სენაკისა და ზუგდიდის მაზრებში. სენაკში 500 კაცზე მეტი კაცი დახვრიტეს…

განადგურდა ეროვნულ-პოლიტიკური ოპოზიციის დიდი ნაწილი. ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე დაიხვრიტა უამრავი ადამიანი, პოლიტიკური ოპოზიციის, ოფიცრობის, თავადაზნაურობის, ინტელიგენციის, სამღვედელოების, გლეხობის და სამოქალაქო საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლები. მთლიანად განადგურდა რამდენიმე ქართული არისტოკრატული საგვარეულო.

აჯანყების უკანასკნელ დღეებში, 1924 წლის 4 სექტემბერს, ჩეკამ მიაგნო დამკომის მთავარ შტაბს შიო მღვიმეს მონასტერში და დააპატიმრა მისი ლიდერები, მათ შორის თავმჯდომარე კოტე ანდრონიკაშვილი. ისინი პირადად ლავრენტი ბერიამ, ამიერკავკასიის და საქართველოს “ჩეკა”-ს უფროსის მოადგილემ, დაკითხა თბილისში და ხელი მოაწერინა მოწოდებაზე, რომელიც აღიარებდა აჯანყებას დამარცხებას და მოუწოდებდა პარტიზანულ რაზმებს დაეყარათ იარაღი. თავად სასიკვდილოდ განწირული შეთქმულები დათანხმდნენ მხოლოდ იმ პირობით, თუ დაუყოვნებლად გაიცემოდა მასობრივი რეპრესიების შეწყვეტის ბრძანება. მიუხედავად ამისა, წითელი ტერორი საქართველოში კიდევ დიდხანს გაგრძელდა. კომიტეტის წევრების უმრავლესობა სიკვდილით დასაჯეს.

მიუხედავად დამარცხებისა, 1924 წლის აგვისტოს აჯანყებას ჰქონდა დიდი მნიშვნელობა ეროვნული სულისკვეთების განმტკიცებისათვის, რისი დასტურიც არის 1937-1939 წლების “წითელ ტერორამდე” ქართველი ერის პერმანენტული ბრძოლა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისათვის. ყოველივე ამას თვალნათლივ ადასტურებს ის დიდძალი დოკუმენტური მასალა, რომელიც დაცულია თბილისში, საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში.

ქართველების სისხლის ღვრა არც 20-იანი წლების მეორე ნახევარში შემწყდარა, რადგან ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა აჯანყების ჩახშობის შემდეგაც გრძელდებოდა. მართალია, მას მასობრივი ხასიათი არ ჰქონია, მაგრამ ანტისაბჭოთა პოლიტიკური პარტიები საქმიანობას კვლავაც განაგრძობდნენ.

განსაკუთრებით აქტიურობდა სოციალ-დემოკრატიული პარტია. მან აღადგინა და გააძლიერა ადგილობრივი ორგანიზაციები, შეიარაღებული რაზმები, აღადგინა არალეგალური სტამბა და ეწეოდა აქტიურ პროპაგანდისტულ მოღვაწეობას. გამოცოცხლდა ახალგაზრდა მარქსისტული ორგანიზაციების მუშაობაც. 1927 წლისათვის ორგანიზაციაში 6 000 ახალგაზრდა ირიცხებოდა.

ადგილობრივ ანტისაბჭოთა მოძრაობებს ზურგს უმაგრება სამშობლოდან გადახვეწილი პოლიტიკური მოღვაწეები. ემიგრანტ ქართველებს ფარ-ხმალი მრავალი წლის განმავლობაში არ დაუყრიათ. 1924 წ. პარიზში მათ შექმნეს ორგანიზაცია “თეთრი გიორგი”. დაჯგუფების მიზანი იყო აქტიური კონტრრევოლუციური მოძრაობა და ანტისაბჭოთა აგიტაცია.

“თეთრი გიორგი” საქართველოშიც შეიქმნა. კონსპირაციულ ჯგუფს ხელმძღვანელობდა ევგენი ღვალაძე (“სამეულის” ოქმები, დასჯის თარიღი 15.10.1937).

ამ პერიოდში არც საბჭოთა ხელისუფლება იყო პასიურად. მან თავისი აგენტურის დახმარებით ემიგრაციაში მყოფი ქართველებისათვის შექმნა ორგანიზაცია “სამშობლოში დაბრუნებისათვის”, რომელსაც სათავეში ჩაუდგა გრიგოლ ვეშაპელი(ენციკლ., ტ. 4, 389).

რეპრესიებითა და აგენტურული მუშაობის მეშვეობით ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა თანდათანობით დასუსტდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ, რასაც მნიშვნელოვანი დარტყმა კოლექტივიზაციის მოსამზადებელ პერიოდში გატარებულმა სადამსჯელო ღონისძიებებმა მიაყენა. მხოლოდ 1926-1927 წწ. თითქმის 10 000 კაცი დააკავეს და დასაჯეს საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით, ხოლო 1930 წ. 4 თებერვალს დაახლოებით 1 500 კაცი დააპატიმრეს.