IDFI - გრიფით საიდუმლო 9 აპრილის შესახებ

9 აპრილი 2016 Shadow

წყარო: IDFI.ge

27 წელი გავიდა 1989 წლის აპრილის ტრაგედიიდან. სპეციალურად ამ დღისთვის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) პირველად გამოაქვეყნა ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) საარქივო ფონდებში დაცულ საიდუმლო დოკუმენტებს. დოკუმენტები მოიცავს შეერთებული შტატების შესაბამისი სამსახურების მიერ (დაზვერვის დირექტორატი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, მოსკოვში აშშ-ის საელჩო) 1989 წლის აპრილის თვეში საქართველოში მომხდარი მოვლენების შესახებ მომზადებულ ანალიტიკურ ცნობებს.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის პარტნიორმა ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებულმა ეროვნული უსაფრთხოების არქივმა, IDFI-ს თხოვნით გამოითხოვა დოკუმენტები, რომლებიც ეხება საქართველოში 1989 წლის 9 აპრილს განვითარებულ მოვლენებს და რომლებიც წლების განმავლობაში გრიფით საიდუმლო ინახებოდა აშშ-ის სახელმწიფო არქივებში.

დოკუმენტები, ეხება არა მარტო 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს, არამედ იმ პოლიტიკურ დაძაბულობას, რომლის პიკიც იყო 9 აპრილის ტრაგედია. ეს არის ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყნდება შეერთებული შტატების სახელმწიფო არქივებში დაცული და გასაიდუმლოებული დოკუმენტები საქართველოს უახლესი ისტორიის შესახებ.

დოკუმენტებში განხილულია 1989 წლის 9 აპრილამდე განვითარებული მოვლენები, რომლებმაც სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიეს:

• დოკუმენტი 1. 1989 წლის 6 აპრილი - „პოლიტიკური არეულობა საქართველოში აფხაზეთთან დაკავშირებით
• დოკუმენტი 2. 1989 წლის 7 აპრილი - "აფხაზეთის პირველი მდივანი გადაყენებულია; თბილისში დემონსტრაციები გრძელდება"
• დოკუმენტი 3. 1989 წლის 8 აპრილი - „საქართველოს რესპუბლიკაში ეთნიკური კონფლიქტი იწყება“

ასევე, 9 აპრილის ტრაგედიისა და მისი თანმხლები მოვლენების ანალიზი:

• დოკუმენტი 4. 1989 წლის 10 აპრილი - „საპროტესტო აქციები ძალადობაში გადაიზარდა“
• დოკუმენტი 5. 1989 წლის 11 აპრილი - „საქართველოში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია“
• დოკუმენტი 6. 1989 წლის 12 აპრილი - „საქართველოში დაძაბული სიმშვიდეა“
• დოკუმენტი 7. 1989 წლის 15 აპრილი - „საქართველოს კომპარტიის ახალი მდივანი“

• დოკუმენტი 8. 1989 წლის 26 აპრილი - „პროტესტის კონტროლისთვის თბილისში მომწამლავი ნივთიერებები გამოიყენეს“

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დოკუმენტია ლენინგრადში შეერთებული შტატების საკონსულოს ოფიცრის 1989 წლის 27 მაისს თბილისში ვიზიტის ამსახველი მოხსენება, რომელშიც გადმოცემულია საკონსულოს წარმომადგენლის და ეროვნული მოძრაობის ლიდერ ზვიად გამსახურდიას შორის გამართული საუბრის შინაარსი:

• დოკუმენტი 9. 1989 წლის 27 მაისი - "საუბარი ქართველ დისიდენტთან“

ისტორიულ დოკუმენტში კარგად არის ასახული ეროვნული მოძრაობის ლიდერის დამოკიდებულება 9 აპრილის დარბევის, საქართველოს დამოუკიდებლობის პერსპექტივებისა და აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და სპეცსამსახურები ინტენსიურად აკვირდებოდნენ საბჭოთა საქართველოში დაწყებულ ისტორიულ ძვრებს, თუმცა არ ჰქონდათ ადგილზე მიღებული ფაქტობრივი ინფორმაცია და მეტწილად ეყრდნობოდნენ საბჭოთა და საერთაშორისო პრესის მიერ წარმოდგენილ ცნობებს. 9 აპრილის ტრაგედიაზე აშშ-ის საარქივო ფონდებში დაცული საიდუმლო დოკუმენტების უკეთ გასაცნობად იხილეთ ბმული:

IDFI - გრიფით საიდუმლო 9 აპრილის შესახებ