არჩევნების ისტორია საქართველოში (1918-2016)

24 ოქტომბერი 2016 Shadow

1918 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნები

საქართველოში არჩევნების ისტორია იწყება 1919 წლის თებერვლიდან, როდესაც ქვეყნის მოსახლეობამ პირველად აირჩია საკანონმდებლო ორგანო - დამფუძნებელი კრება. საქართველოს ისტორიაში პირველი მრავალპარტიული, დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა 1919 წლის 14-16 თებერვალს. დამფუძნებელ კრებას  უნდა განესაზღვრა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური საფუძვლები და შეემუშავებინა კონსტიტუცია. დამფუძნებელმა კრებამ შეცვალა ეროვნული საბჭო და დაამტკიცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 1918 წლის 26 მაისის აქტის სამართლებრივი ძალმოსილება. დამფუძნებელ კრებაში სოციალ-დემოკრატიული პარტიის გამარჯვების შემდეგ მთავრობა მხოლოდ ამ პარტიამ დააკომპლექტა. არჩევნებში მონაწილოება მოსახლეობის 60%-მა მიიღო.

მანამდე კი, 1918 წლის 22 ნოემბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნულმა საბჭომ დაამტკიცა დამფუძნებელი კრების დებულება. იგი ითვალისწინებდა საყოველთაო, თანასწორ, პირდაპირ და ფარული ხმის მიცემით დამფუძნებელი კრების 130 წევრის არჩევას. 1919 წლის არჩევნების შედეგად 130 დეპუტატიდან 5 ქალი იყო.

1

ფოტო: http://www.tabula.ge/ge/elections-2016/history

დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა 1919 წლის 12 მარტს ჩატარდა. კრებამ 1921 წლის 21 თებერვალს მიიღო საქართველოს კონსტიტუცია, რომელმაც მხოლოდ ოთხი დღე იმუშავა, რადგან 25 თებერვალს ბოლშევიკურმა რუსეთმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინა.

1990 წლის საპარლამენტო არჩევნები

საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევიდან სამოცდაათი წლის შემდეგ, 1990 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოში კვლავ ჩატარდა დემოკრატიული მრავალპარტიული არჩევნები, რომელშიც 14 პარტია მონაწილეობდა.

არჩევნები ჩატარდა შერეული სისტემით. აირჩიეს უზენაესი საბჭო 250 დეპუტატი (125 პროპორციული და 125 მაჟორიტარული სისტემით) 5 წლის ვადით. ეროვნული ძალების ზეწოლის შედეგად არჩევნებს ეწოდა „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს“ არჩევნები, ნაცვლად „საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს არჩევნებისა“. ზვიად გამსახურდიას პოლიტიკურმა ბლოკმა- „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“, რომელიც შვიდი პოლიტიკური ჯგუფისგან შედგებოდა , ხმათა 62% მიიღო და ჯამში, პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით 155 ადგილი მოიპოვა. კომუნისტურმა პარტიამ კი 25.6%-ით 73 ადგილი მიიღო. კომუნისტური პარტიის დამარცხება სიგნალს უგზავნიდა, რომ საქართველო მზად იყო დამოუკიდებლობისთვის. ამით, 1989 წლის 9 აპრილს ნომინალურად ქცეული კომუნისტების მმართველობა ლეგალურადაც დასრულდა.

არჩევნებში მონაწილეობა მიიღო მოსახლეობის 67%-მა.

1991 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

1991 წლის 14 აპრილს, არჩევნებიდან ექვს თვეში, საქართველოში პრეზიდენტის ინსტიტუტი შემოიღეს. მანამდე კი, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. ამ დროისთვის, უზენაეს საბჭოს უკვე გამოცხადებული ჰქონდა საქართველოს დამოუკიდებლობა. არჩევნები 1991 წლის 26 მაისს ჩატარდა. არჩევნების უპირობო ლიდერი უზენაესი საბჭოს თავჯდომარე ზვიად გამსახურდია იყო, რომელმაც ხმების 82%-ით მიიღო. მეორე კანდიდატი კი ნოდარ ნათაძე იყო.  

1992 წლის საპარლამენტო არჩევნები

1991-1992 წლების საელმწიფო გადატრიალების შემდეგ, ძალაუფლება ხელში აიღო დროებით შექმნილმა სამხედრო საბჭომ. ხელისუფლების ლეგიტიმაციისთვის, სამხედრო საბჭომ მოიწვია საქართველოს კომუნისტური პარტიის ყოფილი პირველი მდივანი და საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე. სამხედრო საბჭო სახელმწიფო საბჭოდ გადაკეთდა და მისი მეთაურობა სწორედ შევარდნაძეს დაეკისრა. შევარდნაძეს საერთაშორისო აღიარება და გამოცდილება ჰქონდა, კიტოვანი და იოსელიანი კი სამხედრო ძალას აკონტროლებდნენ.

სახელმწიფო საბჭოს არსებობის სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო, საჭირო იყო ხელისუფლების ლეგიტიმაცია. ამისთვის 1992 წლის შემოდგომაზე დაინიშნა საპარლამენტო არჩევნები. არჩევნებში იმ დროისთვის მოქმედი ყველა პოლიტიკური გაერთიანება იღებდა მონაწილეობას, დევნილი პრეზიდენტის პოლიტიკური ძალის გარდა.

1992 წლის 11 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიც შერეული სისტემით გაიმართა. მისი ჩატარების წესი განსხვავდებოდა სხვა არჩევნებისაგან. საარჩევნო სისტემა წარმოადგენდა ერთმანდატიანი რაიონების (85 ადგილი) და კენჭისყრის პარტიული სიების (150 ადგილი) კომბინაციას. რეგიონალური პარტიებისთვის შანსის მიცემის მიზნით საქართველოს თორმეტივე რეგიონისთვის წარმოდგენილი იყო ცალკეული პარტიების სიები.

არჩევნებში მონაწილეობდა 36 პოლიტიკური პარტია და საარჩევნო ბლოკი. ბარიერი გადალახა 24-მა. ეს იყო საქართველოს ისტორიაში ყველაზე მრავალპარტიული პარლამენტი, რომლის არჩევაში მონაწილოება მიიღო 2 575 197 ამომრჩეველმა. არჩევნებში არ იყო დადგენილი ე.წ. ბარიერი, ანუ მინიმალური პროცენტული ზღვარი, რომლის გადალახვაც აუცილებელია მანდატების მოსაპოვებლად, ამიტომ ყველა მონაწილე პარტიამ მიიღო ადგილი პარლამენტში.

2

ფოტო: http://www.tabula.ge/ge/elections-2016/history

1995 წლის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები

1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც, იმავე წლის შემოდგომაზე, 5 ნოემბერს ჩატარდა საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევნები. მასში მონაწილეობის მიღების უფლება ჰქონდა იმ პარტიასა და პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელიც წარმოადგენდა 50 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერას, ან რომელსაც ჰყავდა წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში კონსტიტუციის მიღების დღისთვის.

პარლამენტის საარჩევნო სისტემაში არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა 1992 წელთან შედარებით, თუმცა დეპუტატების რაოდენობა და გადანაწილება იგივე დარჩა. გადასალახი ზღვარი 5%-მდე გაიზარდა, რამაც პარტიებს გაერთიანებისკენ უბიძგა. მხოლოდ სამმა პარტიამ მოახერხა 5%-იანი ბარიერის გადალახვა.

1995 წლის არჩევნებზე მოვიდა საქართველოს ამომრჩეველთა 75%, თუმცა ამ არჩევნებში უკვე არ იღებდნენ მონაწილეობას ქვეყნიდან გასული რეგიონები- აფხაზეთი და ე.წ . სამხრეთ ოსეთი, ამიტომ აფხაზეთის დეპუტაციას უფლებამოსილება გაუგრძელდა. აფხაზეთის წარმომადგენლობა შედგებოდა 12 დეპუტატისაგან.

3

ფოტო: http://www.tabula.ge/ge/elections-2016/history

1995 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იყო პირველი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში კონსტიტუციის მიღების შემდგომ. არჩევნებზე ედუარდ შევარდნაძემ ადვილად გაიმარჯვა და ხმების 74.04 % მიიღო. მისი მთავარი ოპონენტი იყო ჯუმბერ პატიაშვილი- 1985-89 წლებში საქართველოს კომუნისტური პარტიის ლიდერი, რომელმაც ხმათა დაახლოებით 13% მიიღო.

1999 წლის საპარლამენტო არჩევნები

1999 წლის არჩევნებისთვის საქართველოს მოსახლეობა ნათლად ხედავდა ქვეყნის წინაშე მდგომ პრობლემებს- კორუფციას, ორგანიზებულ დანაშაულს და ეკონომიკური განვითარების ნელ ტემპს. გაიზარდა არასამთავრობო ორგანიზაციების რაოდენობა, გამოჩნდა ბევრი  ახალი ახალგაზრდა ლიდერი.  1999 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კამპანია ძირითადად ფოკუსირებული აღმოჩნდა ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე. მაგალითად, მმართველი პარტიის, საქართველოს მოქალაქეთა კავშირის საარჩევნო სლოგანი იყო "სტაბილურობიდან კეთილდღეობამდე". მისი მთავარი კონკურენტი ამ არჩევნებზე ასლან აბაშიძის ბლოკი "აღორძინება" იყო.

1999 წელს გარკვეული ცვლილები შევიდა კანონში „არჩევნების შესახებ“. კერძოდ, შეამცირეს საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა. ცვლილება შევიდა კონსტიტუციაშიც და პროპორციული წარმომადგენლობის სისტემაში ბარიერი 5%-დან 7%-მდე გაიზარდა. მხოლოდ სამმა პარტიამ შეძლო 7%-იანი ზღვრის გადალახვა. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისმა თავისი 12 ძირითადი თანამშრომელი გამოაგზავნა თბილისში, ასევე, დამკვირვებლები არჩევნების დღისთვის როგორც თბილისში, ისე რეგიონებისთვის. დამკვირვებლებმა აღნიშნეს ზოგიერთი დარღვევა, მათ შორის დაშინების და ძალადობის შემთხვევები არჩევნებამდე პერიოდში და არჩევნების დღეს, გამჭირვალობის ნაკლებობა არჩევნების ადმინისტრაციის საქმიანობაში. 

 არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2 133 878 ამომრჩეველმა.

4

ფოტო: http://www.tabula.ge/ge/elections-2016/history

2000

2000 წლის 9 აპრილს რიგით მეორე საპრეზიდენტო არჩევნები იყო საქართველოში კონსტიტუციის მიღების შემდგომ. მიუხედავად ცხოვრების დაბალი დონის, ზამთარში ელექტროენერგიის უკმარისობის, განსაკუთრებით დიდი უმუშევრობის, გადასახადების ამოღების წარუმატებელი მცდელობის და კორუფციის მაღალი დონისა,  79%--ით გაიმარჯვა კვლავ მოქმედმა პრეზიდენტმა შევარდნაძემ, რომლის მთავარი კონკურენტიც წინა საპრეზიდენტო მსგავსად ჯუმბერ პატიაშვილი იყო. მათ გარდა, არჩევნებში 4 კანდიდატი მონაწილეობდა. რუსეთმა არ დაუჭირა მხარი შევარდნაძის მოწინააღმდეგებს არჩევნებში, თუმცა მას ეს თავისუფლად შეეძლო. „ნეზავისიმაია გაზეტამ’, რომელსაც რუსი ოლიგარქი ბორის ბერეზოვკსი აკონტროლებდა, ასე დაახასიათა რუსეთის მიდგომა შევარდნაძისადმი. „რუსი დიპლომატია... ინდიფერენტულად კი არ უყურებდა, როგორ მიაღწია N1 კანდიდატმა არჩევნებში ტრიუმფს, არამედ აქტიურად უჭერდა მას მხარს. მაგალითად, რამდენიმე დღით ადრე არჩევნებამდე რუსულმა კომპანიამ “AES როსიამ“ ჩართო საქართველოში სინათლე და გათბობა, ამაზე კიდევ ორი კვირით ადრე კი შეწყდა ლაპარაკი ტერორისტულ ბანაკებზე თუ ჩეჩნების საევაკუაციო გზებზე საქართველოში“.

სულ მოსახლეობის 75%-მა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.

2003 წლის საპარლამენტო არჩევნები

2003 წლის არჩევნებს წინ მძიმე პოლიტიკური სიტუაცია უსწრებდა. 2001 წლის ოქტომბერში ტელევიზია „რუსთავი 2“-ში სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ აუდიტის ჩატარება მოითხოვა, რაზეც უარი მიიღეს, რადგანაც კომპანიის თქმით, არც თუ ისე დიდი ხნის წინ უკვე იყო აუდიტი ჩატარებული. მოსახლეობამ ხელისუფლების ეს მცდელობა სიტყვის თავისუფლებაზე იერიშად აღიქვა. ნელ-ნელა იშლებოდა მმართველი პარტია, ყველაზე გამბედავი ოპოზიციონერები კი პრეზიდენტის გადადგომას ითხოვდნენ. ახლადშექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას აკრიტიკებდნენ ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის და სამოქალაქო თავისუფლების ამაღლებაზე ზრუნავდნენ.

2003 წლის საპარლამენტო არჩევნებს უარყოფითი შეფასება მოყვა საერთაშორისო დამკვირვებლებისგან. უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა ამომრჩეველთა სიები, შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნო სია არ არსებობდა, მხოლოდ მან მისცა ხმა, ვინც წინასწარ დარეგისტრირდა. საბოლოოდ, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 498 012 ამომრჩეველმა.  გაყალბებულმა შედეგებმა მოსახლეობის ხანგრძლივი პროტესტი გამოიწვია, რასაც  „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის- მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით „ვარდების რევოლუცია“ მოყვა,  შედეგად გადადგა პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. თავის მხრივ, უზენაესმა სასამართლომ გააუქმა არჩევნების შედეგები - უფრო კონკრეტულად, მისი პროპორციული ნაწილი, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეთა კავშირს 21%, დემოკრატიული აღორძინების კავშირს 18% და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 18% ჰქონდა. უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა მაჟორიტარული არჩევნების შედეგები.

არჩევნები დაინიშნა 2004 წლის 28 მარტს. გამომდინარე სასამართლოს გადაწყვეტილებიდან, იგი მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდა და ნაციონალურმა მოძრაობამ ხმათა უმრავლესობა მოიპოვა. სააკაშვილის კოალიციამ „ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები“ ხმების 66.24% მიიღო.  არჩევნებში მონაწილეობა მოსახლეობის 64%-მა მიიღო.

5

2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

2004 წლის 4 იანვარს პირველი რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა საქართველოს ისტორიაში. მიხეილ სააკაშვილს 5 კონკურენტი ყავდა, თუმცა შედეგები იოლი მისახვედრი იყო - არჩევნები ვარდების რევოლუციის ლიდერის გამარჯვებით დამთავრდა - სააკაშვილმა ხმათა თითქმის 96% მიიღო.  

ქვეყანაში არჩევნების შეფასებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2004 წლის შემდეგ ჩატარებული არჩევნები (ანუ 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდში). 2004 წლიდან ჩატარდა შვიდი არჩევნები (აქ არ არის გათვალისწინებული შუალედური არჩევნები, რომლებიც სხვადასხვა ოლქში მუდმივად ტარდება მაჟორიტარული კანდიდატების ვაკანტური ადგილების შესავსებად) 2006 წელს ადგილობრივი არჩევნები, 2008 წლის იანვარში საპრეზიდენტო არჩევნები, 2008 წლის მაისში საპარლამენტო არჩევნები, 2010 წლის მაისში - ადგილობრივი არჩევნები, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები. მნიშვნელოვანი ცვლილები არჩევნების გამჭირვალედ და სამართლიანად ჩატარებისკენ სწორედ 2004 წლის შემდეგ გადაიდგა. საერთაშორისო დამკვირვებლებიც აქტიურად სწორედ ამის შემდეგ აკვირდებიან არჩევნებს და მნიშვნელოვან წინსვლას აფიქსირებენ.

6

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

2007 წლის 7 ნოემბრის აქციების შემდეგ, მოქმედი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადადგა - მანდატის განახლების და ხელახალი ნდობის მოპოვების მიზნით. სააკაშვილმა თანამდებობა ნოემბრის ბოლოს დატოვა, ხოლო რიგგარეშე არჩევნები კი 5 იანვარს ჩატარდა. სააკაშვილის მთავარი და წონიანი კონკურენტი ლევან გაჩეჩილაძე იყო, რომელმაც დაახლოებით ნახევარი მილიონი ხმა მიიღო. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მიხეილ სააკაშვილმა ხმათა 54% მიიღო, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, როდესაც 2004 წლის არჩევნებში მონაწილე მოსახლეობის 96%-მა დაუჭირა მხარი.

2008 წლის საპარლამენტო არჩევნები

არჩევნებში ერთმანეთის ძირითადი კონკურენტები იყვნენ მმართველი პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ცხრა ოპოზიციური პარტი გაერთიანებული ოპოზიცია.

7

 ამ არჩევნებზე, შერეული, პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით, უკვე 150 დეპუტატი აირჩეოდა. თავდაპირველად უნდა არჩეულიყო 100 დეპუტატი პროპორციული, 50 კი მაჟორიტარული წესით. 2008 წლის მარტში კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც პარლამენტის წევრად აირჩეოდა 75 დეპუტატი პროპორციული და 75 მაჟორიტარული წესით.  პროპორციულ სისტემაზე საარჩევნო ბარიერმა 7%–დან დაიწია 5%–მდე, ამასთან მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებისთვის საჭირო გახდა კენჭისყრის დღეს კანდიდატს მიეღო ამომრჩეველთა სულ მცირე 30%-იანი მხარდაჭერა.

მაჟორიტარული წესით ჩატარებულ არჩევნებში გაიმარჯვა სამმა პარტიამ: "ნაციონალური მოძრაობა" - 71 მანდატი; "გაერთიანებული ოპოზიცია" - 2 მანდატი და  "რესპუბლიკური პარტია" - 2 მანდატი. თუმცა, გაერთიანებული ოპოზიცია პარლამენტში არ შესულა.

არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 859 407 ამომრჩეველმა.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნები

2010 წელს განხორციელებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა გაზარდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობა, რამდენადაც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მთავრობის დაკომპლექტება მთლიანად პარლამენტის უფლებამოსილებაში შედიოდა. სწორედ ამიტომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება ჯერ კიდევ 2011 წლის ზამთარში დაიწყო, როცა შეიქმნა 8 პოლიტიკური პარტიის გაერთიანება ე.წ. „ოპოზიციური რვიანი“, რომელიც ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით. 2011 წლის ზაფხულში „რვიანი დაიშალა, ხოლო საარჩევნო კოდექსზე შეთანხმებას მიაღწიეს პარტიებმა: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, ახალი მემარჯვენეები, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და “ჩვენ თვითონ„. წინასაარჩევნოდ შეიქმნა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისია. კომისიამ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 613 851-ით განისაზღვრა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო 1990 წლის არჩევნების შემდეგ

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ ველზე ახალი მოთამაშე, საზოგადოებისთვის იქამდე პრაქტიკულად უცნობი ფიგურა, ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა. მილიარდერმა ირგვლივ ოპოზიციური პარტიების დიდი უმრავლესობა შემოიკრიბა და პარტია „ქართული ოცნება“ დააფუძნა. წინასაარჩევნო კამპანიამ და არჩევნებმა დაძაბულ პოლიტიკურ ფონზე ჩაიარა და არჩევნების დღემდე რთული იყო მისი შედეგების წინასწარმეტყველება.

არჩევნებში მონაწილეობა 2 215 661 ამომრჩეველმა მიიღო. არჩევნებში ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა, მეორე ადგილზე კი მმართველი პარტია - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გავიდა.

8

ეს იყო საქართველოს ისტორიაში პირველი არჩევნები, რომელშიც მმართველი პარტია დამარცხდა და ხელისუფლების ცვლილება მშვიდობიან გზით განხორციელდა. არჩევნების შედეგები აღიარა ყველა მონაწილე მხარემ. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური გუნდი დამარცხდა და ოპოზიციაში გადადის. არჩევნები აღიარეს ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ.

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები დიდ პოლიტიკურ მოვლენას აღარ წარმოადგენდა. საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, მნიშვნელოვნად შეიკვეცა პრეზიდენტის უფლებამოსილებები. ამან განაპირობა თვისებრივად განსხვავებული საარჩევნო კამპანიაც და წინა საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით დაბალი აქტივობაც. კონკრეტულად, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 46,96%-მა, რაც წინა საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია.  ქართული ოცნების კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა 62.12 %მიიღო. მეორე ადგილზე კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი - დავით ბაქრაძე გავიდა ხმათა 21 %-ით.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები

ბოლო არჩევნები საქართველოში 2016 წლის 8 ოქტომბერს ჩატარდა. პროპორციული სისტემით გამარჯვება მმართველ პარტიას - ქართულ ოცნებას ერგო. მაჟორიტარული სისტემით კი უმეტეს უბნებში გამარჯვებული არ გამოვლენილა. არჩევნების მეორე ტური 2016 წლის 30 ოქტომბერს ჩატარდება, რის შემდეგაც გახდება შესაძლებელი უკანასკნელი არჩევნების საბოლოოდ შეფასება და წინა არჩევნებთან შედარება. 

საქართველოს საარჩევნო სისტემის უმთავრეს პრობლემად ისევ რჩებოდა ის ფაქტი, რომ საარჩევნო ოლქებს სხვადასხვა წონა აქვს მაგალითად, გლდანის ოლქში 132 ათასზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული, ხოლო ყაზბეგში 6 ათასამდე. არადა, ორივე ოლქი ირჩევდა ერთ წარმომადგენელს.

2008 წლის მაისში, საპარლამენტო არჩევნების წინ, მაჟორიტარული და პროპორციული სისტემით ასარჩევი მანდატების თანაფარდობა დადგინდა, განისაზღვრა, რომ 150-კაციან პარლამენტში 75 დეპუტატი აირჩეოდა მაჟორიტარული წესით, ხოლო 75 ეროვნული პარტიული სიებით. მართალია, უმრავლესობა ამ გადაწყვეტილებას ასაბუთებდა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობის უზრუნველყოფის აუცილებლობით, მაგრამ ისიც ცხადი იყო, რომ ამგვარი სისტემა ხელს აძლევდა მმართველ გუნდს. მართლაც, ოპოზიციის ერთიანობის არარსებობის პირობებში, 2008 წლის არჩევნებში 75 მაჟორიტარული მანდატიდან მმართველმა პარტიამ 71 მოიპოვა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ერთმანდატიან ოლქებში პირველ ტურში გამარჯვების წინაპირობად მიცემული ხმების 50 %-იანი მინიმუმის დადგენას ითხოვდნენ, რაც გაართულებდა გამარჯვებულის გამოვლენას პირველსავე ტურში და, გავრცელებული მოსაზრებით, გაზრდიდა ოპოზიციის შანსებს. ასევე, რამდენიმე პოლიტიკური პარტია აყენებდა მაჟორიტარული სისტემის რეგიონულ-პროპორციული სისტემით ჩანაცვლების საკითხს.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გარკვეული ცვლილებები შევიდა, კერძოდ, მაჟორიტარული ოლქები რაიონებს აღარ ემთხვევა.

9

ფოტო: sknews.ge

 ბოლო 10 წლის განმავლობაში, ამომრჩევლების ყველაზე მაღალი აქტივობა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 60,8%-მა მიიღო მონაწილეობა. ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიც, ამ შემთხვევაში საარჩევნო ყუთთან საკუთარი არჩევანი მოქალაქეების 56,62%-მა დააფიქსირა.  შემდეგ მოდის 2008 წლის საპარლამენტო არჩევნები 53%-ით, 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნები 49%-ით. შედარებით დაბალი აქტივობით გამოირჩეოდა 2006 წლის თვითმმართველობის არჩევნები, ამ დროს ხმა მოქალაქეების 47,29%-მა მისცა, შემდეგ მოდის 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 46,6%-ით, ბოლო ადგილზეა 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნები 43,31%-ით. ევროკავშირის ქვეყნებში 2014 წლის მონაცემებით, მოსახელების საშუალო აქტიურობა 42%-ს შეადგენს. თუმცა, პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში ეს მაჩვენებელი უფრო დაბალია. 

10

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ საზოგადოება საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებას კვლავაც დღის წესრიგში აყენებს. მნიშვნელოვან პრობლემად რჩევა ასევე ახალგაზრდების ჩართულობის ნაკლებობა.

დამოუკიდებლობის 25 წლის განმავლობაში საქართველოში მრავალპარტიული სისტემა არსებობდა, თუმცა სისტემაში ყოველთვის დომინირებდა ერთი სახელისუფლებლო პარტია. თავდაპირველად ეს „მრგვალი მაგიდა“, „მოქალაქეთა კავშირი“, შემდეგომ „ნაციონალური მოძრაობა“, ბოლო პერიოდში კი „ქართული ოცნება“. ძირითადად, ქაღალდზე უამრავი პოლიტიკური პარტიაა, მაგრამ ცხოვრებაში ცოტა მათგანს თუ აქვს გამართული სტრუქტურა და პოლიტიკური პარტიისთვის დამახასიათებელი მოქმედებები. მმართველი პარტიების მოღვაწეობას ახასიათებდა დემოკრატიული ფასეულობების უგულვებელყოფა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის.  მმართველი პარტიების ლიდერები ყოველთვის ხმათა დიდ უმრავლესობას იღებდნენ: ზვიად გამსახურდიამ- 86%, ედუარდ შევარდნაძემ - 80 %, მიხეილ სააკაშვილმა- 96%. ეს კი შეიძლება ითქვამს, რომ სიტუციის გამოსწორება ერთ რომელიმე ქარიზმატულ ლიდერს შეეძლო და სწორედ მასზე ამყარებდა უკეთესი მომავლის იმედს. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ეს ტენდეცია შედარებით შესუსტდა და მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილმა კანდიდატმა - გიორგი მარგველაშვილმა ხმათა 62% მიიღო. 2012 წლის არჩევნების შემდეგ, რომელიც ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის პირველი შემთხვევა იყო, გაძლიერდა სტაბილური პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება. ბოლო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზიციები და საზოგადოება აქტიურად უბიძგებს მთავრობას მეტი გამჭირვალობისაკენ, რომელიც ამომრჩევლებს პასუხისმგებლობაზე დამყარებულ არჩევანის შესაძლებლობას მისცემს. 

 

ავტორი: ანა გაგუა

გამოყენებული მასალა:

tabula.ge

reasonancedaily.com

nplg.gov.ge

საქართველო: 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. დაგროვილი გამოცდილება- ევროპის საბჭო/ეუთო, თბილისი 2009 წელი