თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულების დროს ქართველი სამხედრო მოსამსახურე, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ გელას ძე ყულჯანიშვილი დაიღუპა.
პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილის გარდაცვალების გამო სახელმწიფო დროშები დაუშვეს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებსა და მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე.
პატრულირების დროს დაიჭრა საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სერჟანტი პაატა ზაურის ძე როსტობაია. 43-ე ბატალიონის მთავარი სამხედრო ექიმის განცხადებით, სერჟანტ პაატა როსტობაიას მდგომარეობა სტაბილურია. დაჭრილი მკურნალობას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე არსებულ აშშ-ს არმიის მთავარ სამხედრო ჰოსპიტალში გადის. დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობას იღებენ 2009 წლის ნოემბრის თვიდან. "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 2010 წლიდან 2015 წლის აპრილის თვემდე საქართველოდან 29 დაღუპული და 274 დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე იყო.
იხილეთ ინფოგრაფიკა: