3 აპრილს თბილისში ახალი რუსულენოვანი მედიაპორტალის, “პირველი სლავურის” (www.firstslavic.ge) პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას რუსეთის საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს (RIA Novosti) პრეს-ცენტრმა უმასპინძლა, რომელიც გრიბოედოვის თეატრის შენობაშია განთავსებული.
ღონისძიების ორგანიზატორად ორგანიზაცია “საქართველოს სლავ ხალხთა ეროვნული კონგრესი” დასახელდა, ხოლო მფლობელად — ამავე ორგანიზაციის თავმჯდომარე, ლიკა ზახაროვა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთთან დაკავშირებული სხვა მედიაპროექტებისა და ორგანიზაციების მსგავსად, აქაც გაუსვეს ხაზი მართლმადიდებლურ თემატიკას, რაც პოსტსაბჭოთა სივრცეში კრემლის ამჟამინდელ პიარ-სტრატეგიას ემთხვევა. “მართლმადიდებლობის პორტალთან” ერთად, საიტზე ასევე რადიოს, საბავშვო და ვეტერანების პორტალების შექმნას გვპირდებიან.
26maisi.com-ისთვის ჯერჯერობით უცნობია, რა წყაროდან დაფინანსდება პროექტი, რომელიც, ორგანიზატორების განცხადებით, სულ ცოტა ხუთ ჟურნალისტს დაასაქმებს.