შესავალი
28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ საქართველოს ხელისუფლების სახელით განაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლამდე არ იქნება დღის წესრიგში. მან ასევე ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები დაადანაშაულა გამოყოფილი გრანტებისა და სესხების საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟისთვის გამოყენებაში. კობახიძემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების გახსნის შეჩერებასთან ერთად, უარს ამბობენ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.
იმავე დღეს, ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგანგებო რეჟიმში შეხვდა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. მან ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქართველი ხალხი არ შეეგუება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას და გაუწევს წინააღმდეგობას. ბრიფინგის დასრულების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებთან მივიდა. თბილისის პარალელურად საპროტესტო აქციებმა სხვა დიდ ქალაქებსაც მოიცვა.
საპროტესტო ტალღა, რომელიც თბილისის ქუჩებში დაპირისპირებებისა და აქციის მონაწილეების ძალისმიერი დაშლის ფონზე მიმდინარეობდა, მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრში მოექცა.
მიმდინარე საპროტესტო აქციებს ასევე ყურადღებით აკვირდებიან მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთში. აზერბაიჯანული და სომხური მედიასაშუალებები თითქმის ყოველდღიურად, თუმცა ერთმანეთისგან განსხვავებული რიტორიკით აშუქებენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
მიმოხილვის მთავარი მიზანია, აზერბაიჯანული და სომხური მედიის მიერ საქართველოში 28 ნოემბრიდან მიმდინარე საპროტესტო აქციების გაშუქების მეთოდებისა და პოლიტიკოსების განცხადებების შესწავლა, ზემოხსენებული ქვეყნების ევროკავშირთან და აშშ-თან ურთიერთობებისა და კავშირების ანალიზი.
საპროტესტო აქციების გაშუქება აზერბაიჯანულ მედიაში
აზერბაიჯანული მედიასაშუალებების მონიტორინგი აჩვენებს, რომ პროსახელისუფლებო მედიის მიერ „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციებისა და 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პერიოდის მსგავსად, 28 ნოემბრიდან დაწყებული პროტესტი საკმაოდ ნეგატიურად, ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე მიმდინარეობდა.
აზერბაიჯანის სახელმწიფო ტელევიზია [AzTv] თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე თითქმის ყოველდღიურად ამზადებს სიუჟეტს.
1 დეკემბერს გამოქვეყნებულ სიუჟეტში AzTv-ის ჟურნალისტი ე.წ ექსპერტებზე დაყრდნობით (არ ასახლებს მათი სახელებს) აცხადებდა, რომ საპროტესტო აქციებზე შექმნილია სპეციალური ჯგუფები, რომლებიც პოლიციას მოლოტოვის კოქტეილს, ქვას და სხვა ნივთებს ესვრიან. მისი თქმით, დასავლეთი, არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელების მეშვეობით, ცდილობს საქართველოში თავისი გავლენებს გაზრდასა და ინტერესების გატარებას.
[დასავლეთის თამაშების პირისპირ - საპროტესტო აქციები არ ჩერდება]
სახელმწიფო ტელევიზიის ჟურნალისტი რუსლან ჰასანოვი აზერბაიჯანულ საზოგადოებას უმტკიცებდა, რომ ეუთო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები დადებითად შეაფასა. აღნიშნულ სიუჟეტში მან საქართველოს ოპოზიციური პარტიები „რადიკალურ ოპოზიციად“ მოიხსენია. მისი თქმით, არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის არცერთი „ტყუილი“ ეუთო-ს მიერ არ იყო გაზიარებული.
“AzTv” საქართველოს კრიტიკულ მედიასაშუალებებს, ქვეყანაში არეულობის შექმნის მიზნით, “ქართული ოცნების” ლიდერებთან მიმართებით დეზინფორმაციულ კამპანიაში ადანაშაულებდა, და მათ დასავლეთის მედიასაშუალებებად მოიხსენიებდა.
[ერთმანეთის მიყოლებით თანამდებობებს ტოვებენ? - დასავლურმა მედიამ ქვეყანაში საინფორმაციო ომი დაიწყო]
პროსახელისუფლებო “BakuTv” ასევე გამოირჩეოდა საკმაოდ ანტიდასავლური რიტორიკით. არჩევნების დღესთან და შემდგომში მიმდინარე საპროტესტო ტალღასთან დაკავშირებით აღნიშნულმა ტელევიზიამ დოკუმენტური ფილმიც მოამზადა, სადაც აზერბაიჯანული საზოგადოების შეცდომაში შეყვანას შემდეგი არგუმენტებით ცდილობდა:
საქართველოსთვის 2003 წელს დაწერილი სცენარი გრძელდება;
-რადიკალური ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები დასავლეთის გრანტებით ფინანსდებიან და დასავლეთის აგენტები ხდებიან;
-არჩევნები დასავლეთის ტოტალური ზეწოლის პირობებში მიმდინარეობდა, თუმცა სამართლიანად, სტანდარტების ფარგლებში ჩატარდა და „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა;
-საპროტესტო აქციის მონაწილეები თავიანთი ნებით არ გამოსულან ქუჩაში და ისინი არ წარმოადგენენ ქართველი ხალხის ნებას;
-აქციებზე აშშ-სა და უკრაინის დროშებს აფრიალებენ და ამით ცდილობენ უკრაინისთვის დაწერილი სცენარის გამეორებას საქართველოში;
-USAID-ი საქართველოს აზერბაიჯანული თემის ახალგაზრდებს აქციებზე მონაწილეობის სანაცვლოდ ფულს უხდის.
აზერბაიჯანის კიდევ ერთმა პროსახელისუფლებო ტელევიზიამ, REAL TV-მ გაავრცელა ირაკლი კობახიძის ინტერვიუ, სადაც იგი ქვეყანაში მიმდინარე ბოლო მოვლენებს აფასებდა. 23 წუთიან ინტერვიუში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი მირშაჰინ აღაევი ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩეოდა.
“კოლექტიურმა დასავლეთმა რატომ არ მოიწონა ქართული ოცნების გამარჯვება?! რასაც ვხედავთ დასავლეთის მხრიდან, ეს მათივე დემოკრატიულ სტანდარტებს არ შეესაბამება. ჩვენ საქართველოში ვხედავთ სიტყვის თავისუფლებას, მედიაც თავისუფალია და აშუქებს უწყვეტ პროტესტს. პოლიცია ყველაფერს აკეთებს, რათა აქციები მშვიდობიანად წარიმართოს. ამ ყველაფრის მიუხედავად, დასავლეთს ეს მაინც არ მოსწონს, რატომ?!” - ჰკითხა REAL TV-ს ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს.
“არიან გარკვეული ძალები, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ, რომ ქვეყანაში შეცვალონ ხელისუფლება. ეს პროცესი არ არის ახალი და რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ჩვენ საარჩევნო პერიოდშიც ვნახეთ აქტიური ჩარევები, რომლებიც ქვეყნის სუვერენიტეტს ეწინააღმდეგება. ჩვენთან მედია პლურალისტურია. 2012 წლის შემდეგ საქართველოში დემოკრატიის კუთხით მნიშვნელოვანი წინსვლა დაფიქსირდა.
გარკვეულ ძალებს ასევე სურდათ საქართველოს ომში ჩართვა. რა თქმა უნდა, მოგვიწევდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გაწირვა და ჩვენ ეს არ გავაკეთეთ. როგორც ჩანს, რადგან მიზანს ვერ მიაღწიეს, ახლა სურთ ჩვენი დასჯა. მაგრამ, რეალურად მათი რესურსები შეზღუდულია. იმედი გვაქვს, მომავალი [2025] წლიდან ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად შეიცვლება,”- განაცხადა ინტერვიუში კობახიძემ.
კობახიძემ ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ 28 ნოემბრიდან დაწყებული პროტესტი მოსალოდნელი იყო, რადგან გარკვეული მედიასაშუალებების მხრიდან მოხდა მისი განცხადებების არასწორი ინტერპრეტაცია ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით, რამაც გაამწვავა სიტუაცია.
აზერბაიჯანის საზოგადოებრივი მაუწყებელი - İctimai Tv საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სხვა პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებისგან განსხვავებით უფრო დაბალანსებულად აშუქებდა.
ტელევიზიების მსგავსად, ბეჭდური მედიის საშუალებების მხრიდანაც აქტუალურად შუქდებოდა საქართველოში მიმდინარე მოვლენები. აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ, AZƏRTAC-მა „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციებისა და საპარლამენტო არჩევნების პერიოდის მსგავსად, 28 ნოემბრიდან დაწყებული საპროტესტო ტალღის გაშუქებისას არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციური პარტიების, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების დისკრედიტაციას ცდილობდა. სააგენტო მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრებისა და ანტიდასავლური რიტორიკით გამორჩეული ექსპერტების ინტერვიუებს ავრცელებდა.
საქართველოს მე-3 [ფრაქცია „მწვანეები“] და მე-7 მოწვევის [ფრაქცია „ენმ] პარლამენტის წევრმა, ანტიდასავლური რიტორიკით გამორჩეულმა პეტრე მამრაძემ (2023 წელს შეუერთდა „ერთიან ნეიტრალურ საქართველოს“) AZƏRTAC-თან ინტერვიუსას განაცხადა, რომ დასავლეთის ზოგიერთი ქვეყანა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელით, საქართველოს „არჩეული პარლამენტისა და პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძურ კამპანიას ახორციელებენ“. მისი თქმით, ეს ყველაფერი არის „მაკკეინის ინსტიტუტის“ გეგმა.
„ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ვატო შაქარაშვილმა საქართველოში მიმდინარე პროცესების შეფასებისას განაცხადა, რომ „ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკისა და სხვა ევროპელი დიპლომატების ხელი ქართველი ხალხის სისხლით არის შეღებილი“ და ისინი „ქართველ ხალხს ატყუებენ“.
აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ასევე აქტიურად აშუქებდა მმართველი პარტიის წევრების პროპაგანდისტულ განცხადებებს. “ქართული ოცნების” დეპუტატი ნინო წილოსანი AZƏRTAC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარე აქციების უკან “სოროსის ფონდი” დგას. დეპუტატი ირაკლი კირცხალია მიიჩნევს, რომ 28 ნოემბრიდან დაწყებული პროტესტი „ჯაშუშების მიერ დაგეგმილია და მისი მთავარი მიზანი სახელმწიფო გადატრიალებაა“. „ქართული ოცნების“/ “ხალხის ძალის” კიდევ ერთი დეპუტატის, ეკა სეფაშვილის შეფასებით, დასავლეთი საქართველოსთან მიმართებით იყენებს „ორმაგ სტანდარტებს“ და ცდილობს, საპროტესტო აქციებს „მშვიდობიანი პროცესი“ უწოდოს. იგი ასევე ადანაშაულებდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს „ვადამდელი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით დასავლეთიდან ინსტრუქციის მიღებაში“.
აზერბაიჯანელი პოლიტიკოსების შეფასებები
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პირველი კომენტარი რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტული არხებთან- „სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანიისა“ (ВГТРК) და „რია ნოვოსტისთვის“ (РИА Новости) ინტერვიუს დროს გააკეთა.
„საქართველო არის მნიშვნელოვანი ფაქტორი კავკასიისთვის ბრძოლაში, თუ როგორი იქნება კავკასია მომავალში. კარგია, რომ ვითარება [საქართველოში] უკვე სტაბილიზაციისკენ მიდის. საქართველო ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი და ახლო მეგობარია. ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია საფრთხის შემცვლელია აზერბაიჯანის სტაბილურობისთვისაც. ამიტომ, ჩვენგან გამომდინარე, ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ვითარება სრულიად პოლიტიკურ ჩარჩოებში იყოს მოქცეული, რათა გაგრძელდეს ქვეყნის წარმატებული განვითარება“- განაცხადა ალიევმა.
მან ასევე საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაც შეაფასა და აზერბაიჯანის მაგალითზე განაცხადა, რომ ეს ქვეყნისთვის „საფრთხის შემცველია“.
„გაირკვა, რომ საქართველოში ფუნქციონირებს ათასობით არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც დაფინანსებას დასავლეთისგან იღებენ. ადამიანები, რომლებიც ამ ორგანიზაციებში მუშაობენ, იღებენ, სავარაუდოდ, დიდ დაფინანსებას. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ეს მოცემულობა. მაგალითად, აზერბაიჯანული მედია არ შეიძლება ფინანსდებოდეს უცხოური წყაროდან არცერთი პროცენტით. არ შეიძლება. რატომ? ჩვენ ხომ არ ვაფინანსებთ მედიას აშშ-ში? მათ რატომ უნდა დააფინანსონ ჩვენი მედია?“ - განაცხადა მან.
აზერბაიჯანის მმართველი პარტიის წევრი, საკანონმდებლო ორგანოს - „მილი მეჯლისის“ დეპუტატი ვუგარ რახიმზადე აცხადებდა, რომ დასავლეთს სურს საქართველოში „ხავერდოვანი რევოლუცია“ განახორციელოს:
„დასავლეთის მცდელობები, ჩაერიონ ამა თუ იმ სახელმწიფოს საშინაო საქმეებში, ამძაფრებს სიტუაციას და იწვევს კონფლიქტის ახალი კერების გაჩენას. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, აზერბაიჯანის მეზობელ და ახლო მეგობარ საქართველოში მიმდინარე მოვლენები, განსაკუთრებით დასავლეთის მიერ მართული ოპოზიციის საქმიანობა, რომელიც მიზნად ისახავს არჩევნების შედეგების უსაფუძვლოდ გაუქმებას და ახალი არჩევნების დანიშვნას, ნათლად აჩვენებს, რომ დასავლეთმა ამ ქვეყანაში დაგეგმა „ფერადი რევოლუცია“. აღნიშნული რევოლუციის მთავარი მიზანი არის დღევანდელი ხელისუფლების დამხობა და საქართველოში პროდასავლური, დასავლეთის მიერ კონტროლირებადი ძალაუფლების გუნდის ჩამოყალიბება. სცენარი, რომლის განხორციელებაც დასავლეთს სურს საქართველოში, არის დადასტურება პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის უკრაინასა და საქართველოში, 2004 წელს, ისევე როგორც 2014 წელს უკრაინაში მომხდარი „ფერადი რევოლუციების“ უნიკალური ფორმით გაგრძელება.
ევროკავშირმა და სხვა დასავლურმა ინსტიტუტებმა საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოში არეულობისთვის ნიადაგის მომზადება დაიწყეს. იცოდნენ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საპარლამენტო დებატების შემდეგ დამარცხდნენ, უცხოურ წრეებს მიაჩნდათ, რომ მიზნების მიღწევა თბილისის ქუჩებში უწყვეტი საპროტესტო აქციების მოწყობით შეეძლოთ. თუმცა ხალხმა, არჩევნებში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით ერთიანობა გამოავლინა“.
“ახალი აზერბაიჯანის” პარტიის [მმართველი ძალა] კიდევ ერთი წევრი, მილი მეჯლისის” დეპუტატი, მეჰრიბან ვალიევაც თავისი კოლეგების მსგავსად, რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით უსაფუძვლოდ ადანაშაულებს დასავლეთს. იგი ირიბად აცხადებს, რომ საქართველოს და სომხეთის პროდასავლური პოლიტიკა “აზერბაიჯანისთვის საფრთხის შემცველია”.
„დასავლეთის ქვეყნებს სურთ სამხრეთ კავკასია ცეცხლში ჩააგდონ და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ. ჯგუფები, რომლებიც ვერ არღვევენ პოლიტიკურ სტაბილურობას, ხალხისა და სახელმწიფოს ერთიანობას აზერბაიჯანში, ცდილობენ თავიანთი ბინძური პოლიტიკა განახორციელონ საქართველოსა და სომხეთში. აზერბაიჯანი არ შეიძლება დარჩეს იმ ძალების თამაშის მაყურებლად, რომლებიც სომხეთისთვის იარაღის მიწოდებითა და საქართველოში პოლიტიკური კონფლიქტის შექმნით ცდილობენ დაარღვიონ მშვიდობა და სტაბილურობა სამხრეთ კავკასიაში, რადგან გატარებული ბინძური პოლიტიკის უარყოფითი შედეგები საფრთხეს შეუქმნის ჩვენს უსაფრთხოებას”.
საქართველოში მიმდინარე მოვლენები აზერბაიჯანის ოპოზიციონერი ლიდერების ყურადღების ცენტრშიც იყო. „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის“ ლიდერი ალი ქარიმლი თავისი სოციალური მედიის პლატფორმების მეშვეობით ხშირად აზიარებს თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფოტოებს. მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ ხალხს ართმევს ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას.
„დღეები გადის, ქართველი ხალხი არათუ იღლება, არამედ უფრო ორგანიზებული ხდება. ქართველ ხალხს ესმის, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არის შესაძლებლობა, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ქვეყნის და მთლიანად ხალხის ბედი. ასეთ სიტუაციაში ისინი ვერ შეეგუებიან საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც მათ ართმევს ამ შესაძლებლობასა და პერსპექტივას“.
აზერბაიჯანის ურთიერთობები ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან
აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები 1991 წლიდან იღებს სათავეს. 1996 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს “აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას”, რომელიც მოიცავს ვაჭრობის, ინვესტიციების, ეკონომიკური განვითარების, საკანონმდებლო სისტემისა და კულტურის მიმართულებით თანამშრომლობას.
აზერბაიჯანი ევროკავშირის მიერ მომზადებული და მეზობლებთან თანამშრომლობის მიმართულებით მნიშვნელოვანი მექანიზმის - აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრია. 2014 წლის 1 2024 წლის სექტემბრიდან, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ძალაში შევიდა სავიზო რეჟიმის გამარტივებული წესი. შეთანხმების თანახმად, მოკლევადიანი ვიზები [90 დღე 180 დღის განმავლობაში] საშუალებას მისცემს აზერბაიჯანის მოქალაქეებს თავისუფლად გავიდნენ აზერბაიჯანიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. გარდა ამისა, ვიზის ღირებულება 60-დან 35 ევრომდე შემცირდება.
ევროკავშირი ასევე არის აზერბაიჯანის უდიდესი სავაჭრო პარტნიორი და ქვეყნის უდიდესი ინვესტორი.
მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ევროპის ენერგოუსაფრთხოების კუთხით, აზერბაიჯანის როლი იზრდება. 2022 წლის 18 ივლისს ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც აზერბაიჯანიდან ევროკავშირის ქვეყნებში 2027 წლამდე გაზის იმპორტის გაორმაგებას გულისხმობს.
ეკონომიკური თანამშრომლობის მიუხედავად, ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობები არც ისე სტაბილურია. ევროპარლამენტი ერთმანეთის მიყოლებით იღებს რეზოლუციებს აზერბაიჯანში ყოველწლიურად უფრო და უფრო გაუარესებულ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ აზერბაიჯანში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრებისა და კრიტიკული მედიის შევიწროება და მათ მიმართ რეპრესიები კვლავ გრძელდება.
ქვეყანაში „ამერიკის ხმის“ და რადიო თავისუფლების ოფისები 2009 და 2014 წლებში დაიხურა. ამჟამად, ორივე მედიასაშუალება აზერბაიჯანულ ენაზე საკუთარი სათავო ოფისიდან მუშაობს - „ამერიკის ხმა“ ვაშინგტონიდან, ხოლო რადიო თავისუფლება - პრაღიდან.
საერთაშორისო ორგანიზაციები პერიოდულად შემაშფოთებელ განცხადებებს ავრცელებენ აზერბაიჯანში დემოკრატიულ ვითარებასთან დაკავშირებით. Freedom Hause-ის მიერ 2024 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, აზერბაიჯანი
გლობალური თავისუფლების ინდექსით შეფასებულია 7 ქულით (100-ქულიანი სისტემით), რომელიც რეგიონში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მონაცემების თანახმად, ეს ბოლო 20 წლის ყველაზე ცუდი შედეგია, რაც აზერბაიჯანში დაფიქსირდა.
2003 წელს გლობალური თავისუფლების ინდექსით, აზერბაიჯანს 35 ქულა ჰქონდა.
2007 წელს დამტკიცებული აზერბაიჯანის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის თანახმად, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაცია, საერთაშორისო უსაფრთხოებაზე წვლილის შეტანა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაა. თუმცა, ამის მიუხედავად, აზერბაიჯანის მხრიდან დასავლური ინტეგრაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგმულა. წლების განმავლობაში აზერბაიჯანმა პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობები ძირითადად თურქულენოვან სახელმწიფოებთან განავითარა. ილჰამ ალიევი მიიჩნევს, რომ „აზერბაიჯანის ერთადერთი ოჯახი თურქული სამყაროა”.
2024 წლის დეკემბერში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, სადაც აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანი არ ასრულებს ორგანიზაციის წინაშე აღებულ ვალდებულებებს და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსაც კი სათანადოდ არ უზრუნველყოფს. აღნიშნული რეზოლუციის შემდეგ, აზერბაიჯანმა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობა.
ევროკავშირის მსგავსად, აზერბაიჯანმა ორმხრივი ურთიერთობები აშშ-თანაც დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე დაიწყო. მხარეებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები ყოველწლიურად ვითარდება. 2020 წლის მონაცემებით, ეკონომიკური ბრუნვის მოცულობა 660 მილიონ დოლარს აღწევდა.
აშშ-ს მთავრობები წლების განმავლობაში აზერბაიჯანში დემოკრატიულ უკუსვლასთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით შემაშფოთებელ განცხადებებს აკეთებენ და აზერბაიჯანის მთავრობას მოუწოდებენ უზრუნველყოს და დაიცვას მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების უფლებები.
2025 წლის 16 იანვარს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გამო „აშშ აზერბაიჯანს სჯის“ და არ არის საჭირო USAID-მა აზერბაიჯანში გააგრძელოს საქმიანობა.
ილჰამ ალიევი მიიჩნევს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია აზერბაიჯანის მიმართ საკმაოდ მიკერძოებული იყო.
აზერბაიჯანი იმედოვნებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ორმხრივი ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეს მიაღწევს.
საპროტესტო აქციების გაშუქება სომხურ მედიაში
საქართველოში 28 ნოემბრიდან დაწყებული უწყვეტ საპროტესტო აქციებს სომხური მედიასაშუალებებიც აქტიურად აშუქებენ. სომხეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი [Հանրային հեռուստաընկերություն] მიმდინარე საპროტესტო აქციებს ნეიტრალურად აშუქებდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე ყოველდღიურად გვხვდებოდა ახალი ამბები თბილისის ქუჩებში მიმდინარე პროტესტზე, პოლიტიკოსების და აქციების მონაწილეების დაკავების ფაქტებზე.
[საქართველოში აქციების 30-ე დღეა]
საზოგადოებრივი მაუწყებელი ასევე აშუქებს ევროპელი დიპლომატების განცხადებებს, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მიერ საპროტესტო აქციებზე მონაწილეების ძალისმიერი მეთოდებით დაშლის პროცესში მონაწილე ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის დაწესებული სანქციების შესახებ ინფორმაციას.
საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის ფონზე სომხურ მედიაში აქტუალურობას იჩენდა შემდეგი საკითხი - გავლენას მოახდენს თუ არ ეს ყველაფერი სომხეთის ევროპულ ინტეგრაციაზე? ამასთან დაკავშირებით, სომხურ მედიაში ხშირად შუქდება სხვადასხვა პოლიტიკოსის, საგარეო პოლიტიკის სპეციალისტების მოსაზრებები. სომხეთში მიიჩნევენ, რომ საქართველოს მხრიდან პროევროპული კურსის გაგრძელება სომხეთისთვისაც მომგებიანი იქნებოდა. აღნიშნულ რეალობაში კი, სომხეთი შეიძლება დარჩეს ერთადერთი სახელმწიფო სამხრეთ კავკასიაში, რომელსაც სურს ევროკავშირთან დაახლოება.
სომხური მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრში ასევე იყო სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა ევროპარლამენტში, სადაც იგი ყურადღებას ამახვილებდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესაძლო გავლენებზე სომხეთის ევროინტეგრაციის პროცესზე.
წყარო: Meganews.am [ http://meganews.am/articles/126933 ]
„თუ საქართველო ისევ რუსეთის კონტროლის ქვეშ ჩავარდება, შედეგები იქნება ძალიან მძიმე. ეს ყველაფერი აისახება შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და სომხეთის ევროპულ მომავალზე“.
პოლიტოლოგი რობერტ გევონდიანის შეფასებით, საქართველოში მიმდინარე მოვლენების გავლენა მთელ რეგიონში უარყოფითი იქნება. პოლიტოლოგი მიიჩნევს, „ქართული ოცნების“ მიერ 28 ნოემბერს გაკეთებულმა განცხადებამ შესაძლოა, მათი მხარდამჭერებიც გააღიზიანოს, რადგან მმართველი პარტია წინასაარჩევნო პერიოდში თავის ამომრჩეველს ჰპირდებოდა, რომ ევროინტეგრაციის პროცესს გააგრძელებდა. გევონდიანის შეფასებით, მიმდინარე კონფლიქტის ერთ მხარეს ხალხია, ხოლო მეორე მხარეს - ხელისუფლება, რომელსაც გააჩნია საკმაოდ დიდი რესურსი.
რობერტ გევონდიანი კონკრეტულად სომხეთისთვის მოსალოდნელ საფრთხეებზეც ამახვილებდა ყურადღებას და აცხადებდა, რომ საქართველოს შემდეგ, შესაძლოა, სომხეთი დარჩეს სერიოზული გამოწვევების წინაშე. უფრო კონკრეტულად, ექსპერტი მიიჩნევს, რომ საქართველოზე კონტროლის დამყარების შემდეგ, „რუსეთმა შესაძლოა აზერბაიჯანის საშუალებით შეეცადოს სომხეთის დასჯას“.
ანტი-დასავლური რიტორიკით გამორჩეული პოლიტიკოსები სომხეთშიც ცდილობდნენ სხვადასხვა მანიპულაციური განცხადებებით „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯების გამართლებას. მათ შორის ერთ-ერთი იყო სტეფან დანიელიანი, რომელიც საქართველოს პროსახელისუფლებო მედიის მსგავსად, ამტკიცებდა, რომ ამერიკელი კიმბერლი ლოუ „ქართულ ოცნებასა“ და ტრამპის ადმინისტრაციას შორის ურთიერთობებს დაალაგებდა:
„ტრამპის ადმინისტრაციიდან აშშ-ს ევროკავშირში წარმომადგენლის პოზიციაზე კანდიდატად დასახელებულმა კიმბერლი ლოუმ განაცხადა, რომ ევროკავშირი სამართლიანად არ ექცევა საქართველოს და როცა ის ევროკავშირში შეერთებული შტატების წარმომადგენელი გახდება, გაწევრიანების პროცესში დაეხმარება საქართველოს.
ამასობაში, ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს არჩეულ ხელისუფლებას უცხადებს მხარდაჭერას და აღიარებს არჩევნების შედეგებს“,- აღნიშნავს სტეფან დანიელიანი.
კიდევ ერთი ანტიდასავლურად განწყობილი პოლიტიკოსი, არმან აბოვიანი 168.am- ის ეთერში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს შეეხო. იგი თბილისის ქუჩებში მიმდინარე საპროტესტო აქციის სომხური საზოგადოების თვალში დისკრედიტაციას შეეცადა და თქვა, რომ საპროტესტო აქციების ლიდერები ანტისომხური რიტორიკით გამოირჩევიან, თუმცა მას დაუკონკრეტებია და თუ რას გულისხმობს ამაში.
[აბოვიანი: საქართველოში მიმდინარე პროტესტის ხელმძღვანელები ღიად ანტი-სომხური პოზიციით გამოირჩევიან]
სომეხი პოლიტიკოსების განცხადებები:
პარტია „რესპუბლიკისთვის“ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მდივანმა არნოლდ ბალაიანმა ერთ-ერთ გადაცემაში საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება. მისი შეფასებით, მიმდინარე მოვლენების უკან რუსეთი დგას და, შესაძლოა, საქართველოში ბელარუსული სტილის რეჟიმი ჩამოყალიბდეს. იგი ასევე აფასებს ირაკლი კობახიძის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებებს და აღნიშნავს, რომ ეს იყო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას მაშინ დატოვებს, როცა მიხვდება, რომ ვერ აკონტროლებს სიტუაციას.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარტია „დემოკრატიული ალტერნატივას“ ლიდერმა სურენ სურენიანმა საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, რამდენიმე დაუსაბუთებელი განცხადება გააკეთა. 168.am-ის გადაცემაში მან თქვა, რომ ფაშინიანი დაინტერესებულია საქართველოში ხელისუფლების ცვლილებებით და, ამ მიზნით, მიმდინარე საპროტესტო აქციებზე მონაწილეობის მისაღებად სომხეთიდან თბილისში 400-500-მდე აქციის მონაწილე ჩავიდა. მან ასევე განაცხადა, რომ ძირითადი საპროტესტო კერა იმ ორგანიზაციების ირგვლივ ვითარდება, რომლებიც დასავლეთიდან ფინანსდებიან. მისი შეფასებით, საქართველოში სახელისუფლებო ცვლილებები იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ევროკავშირი ამ უკანასკნელთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილებას მიიღებს. ამან შესაძლოა, უფრო დიდი საპროტესტო ტალღა გამოიწვიოს და მოხდეს ხელისუფლების ცვლილება.
[სურენ სურენიანი: საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე სომხეთიდან 400-500 ადამიანი მონაწილეობს]
სომხეთის ურთიერთობები ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან
ევროკავშირსა და სომხეთ შორის ურთიერთობები ამ უკანასკნელის მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დაიწყო. 1999 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს „ევროკავშირსა და სომხეთს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას“, რომელიც მიზნად ისახავდა ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა სფეროში. სომხეთი ასევე ევროკავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმის - აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრია.
წლების განმავლობაში, სომხეთი რუსეთს თავისი „უსაფრთხოების გარანტორად“ მიიჩნევდა, თუმცა, პარალელურად, ცდილობდა აშშ-თან და ევროკავშირთანაც ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების განვითარებას. მხარეებმა 2013 წელს დაასრულეს ასოცირების შეთანხმების პუნქტებზე მუშაობა. თუმცა, რუსეთის ზეწოლის გამო, სომხეთი მაშინდელმა პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა უარი თქვა მასზე ხელის მოწერაზე. 2013 წლის 3 სექტემბერს, სოჭში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, სომხეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სომხეთი მზადაა გაწევრიანდეს ევრაზიის საბაჟო კავშირში, რომელიც რუსეთის დირექტივებით შეიქმნა.
სომხეთი 2015 წელს ოფიციალურად გახდა ზემოხსენებული ორგანიზაციის წევრი. იგი ასევე 1992 წლიდან დსთ-ს, ხოლო 2004 წლიდან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრია.
მართალია, სომხეთმა 2017 წლის ნოემბერში, ბრიუსელში “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტის ფარგლებში ევროკავშირთან ყოვლისმომცველ და გაფართოებულ შეთანხმებას ხელი მოაწერა, თუმცა აღნიშნული შეთანხმება ნაკლებად ამბიციურია, 2013 წლის შეთანხმებასთან შედარებით, რომელსაც პრეზდიენტმა ხელი არ მოაწერა. 2013 წლის შეთანხმება შეიცავდა თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტსაც.
2018 წლის გაზაფხულზე სომხეთში მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო ტალღა რევოლუციით დასრულდა. ამავე წლის დეკემბერში ჩატარებულ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკურმა ალიანსმა ხმების 70.4% მოაგროვა.
მთიანი ყარაბაღის მეორე ომმა, რომელიც სომხეთისთვის საკმაოდ მტკივნეული შედეგებით დასრულდა, სომხური საზოგადოება კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ რუსეთი და კუხო ვერ იქნება სომხეთის უსაფრთხოების გარანტორი. პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 2024 წლის ივნისში განაცხადა, რომ შესაფერის დროს მიიღებს გადაწყვეტილებას კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (CSTO/ОДКБ) გასვლის შესახებ. იმავე წლის 4 დეკემბერს მან განაცხადა, რომ ერევანმა მოსკოვის ორბიტის გარშემო შექმნილ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (კუხო) მონაწილეობა გაყინა.
პარალელურად, სომხეთის მთავრობა ურთიერთობებს ავითარებს თავის დასავლელ პარტნიორებთან. მიმდინარე წლის 9 იანვარს, სომხეთის მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა.
აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) სომხეთში 1992 წლიდან აქტიურად მუშაობს მცირე ბიზნესის ხელშეწყობაზე, ენერგომომარაგების რეგულირებაზე, საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებაზე, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის გაზრდაზე. USAID-ი ასევე ახორციელებს სომხეთისთვის ჰუმანიტარული და ტექნიკური დახმარების უამრავ პროგრამას.
აშშ ასევე ეუთო-ს მინსკის ჯგუფის წევრია, რომელიც წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა და მისი მთავარი მიზანი იყო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით დარეგულირება.
მხარეებს შორის ძალაშია ორმხრივი შეთანხმებები ვაჭრობისა და ინვესტირების მიმართულებით. ასევე წლების განმავლობაში მიმდინარეობდა სტრატეგიული დიალოგი, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში წარმატებით დასრულდა.
ორმხრივი ურთიერთობები 2018 წელს, ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლით გაძლიერდა. შეერთებული შტატები აცხადებს, რომ მხარს უჭერს სომხეთის მთავრობის ძალისხმევას, განავითაროს ინსტიტუტები და შექმნას გარემო მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის.
ინტენსიური მოლაპარაკებების ფონზე, 2015 წლის 15 იანვარს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ხელი მოაწერეს სომხეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას.
შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან აზერბაიჯანსა და სომხეთში.
აზერბაიჯანის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ რეგიონის ქვეყნებმა უნდა გაატარონ „დაბალანსებული პოლიტიკა“ დასავლეთსა და რუსეთს შორის. შესაბამისად, თვლის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უნდა შეინარჩუნოს სტატუს-კვო და არ გაატაროს პრო-დასავლური პოლიტიკა, ასევე რეგიონში დემოკრატიის გაძლიერებას საფრთხედ ხედავს. აზერბაიჯანული მედიასაშუალებების უმრავლესობა ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა და ეს გავლენას ახდენს მათ სარედაქციო პოლიტიკაზეც. შესაბამისად, სახელმწიფო ტელევიზია და სხვა პროსახელისუფლებო მედიები საქართველოში მიმდინარე პროცესებს, აზერბაიჯანის ხელისუფლების ინტერესების დაცვით, საკმაოდ ნეგატიურად აშუქებენ.
სომხეთის ხელისუფლებისთვის საქართველოს პროდასავლური პოლიტიკის შენარჩუნება უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო ერთადერთია მის [სომხეთის] მეზობლებს შორის, რომელიც ათწლეულების განმავლობაში დასავლეთთან ძლიერ კავშირს ინარჩუნებდა. სომხეთში შიშობენ, რომ საქართველოში კონტროლის დამყარების შემდეგ, რუსეთი შესაძლოა შეეცადოს სომხეთის უფრო მკაცრად დასჯას. ხელისუფლების მსგავსად, მოსალოდნელი საფრთხეები სომხეთის დამოუკიდებელი მედიასაშუალების ყურადღების ცენტრშია, თუმცა პრორუსული განწყობით გამორჩეული მედიასაშუალებები და პოლიტიკოსები ცდილობენ, საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღის ფონზე ქვეყნის ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დასავლეთის დისკრედიტაციას.