წყარო: IDFI.GE
საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური ბანაკის დაშლის შემდეგ, მრავალმა ყოფილმა სოციალისტურმა ქვეყანამ მიიღო კანონმდებლობა, რომელიც კრძალავს კომუნისტური სიმბოლიკის დემონსტრირებასა და კომუნისტური იდეების აგიტაციას. მსგავსი კანონმდებლობა საქართველოს პარლამენტმა მიიღო 2011 წლის 31 მაისს. საქართველოს კანონი „თავისუფლების ქარტია“ მიზნად ისახავს:
- კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიების საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარებას;
- კომუნისტური და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი სიმბოლიკის აკრძალვასა;
- მათი პროპაგანდის სხვა საშუალებების აღმოფხვრას.
მსგავსი კანონმდებლობის არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოსტ კომუნისტურ სივრცეში, რათა თავიდან იქნას აცილებული კომუნისტური იდეოლოგიის გავრცელება და ტოტალიტარული რეჟიმის აღდგენა. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამგვარი აკრძალვა შესაძლოა წინააღმდეგობაში მოდიოდეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა, ერთი მხრივ, კომუნისტური პროპაგანდის აკრძალვასა და, მეორე მხრივ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას შორის. ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია საქართველომ გაითვალისწინოს ს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გამოცდილება.
შესაძლებელია თუ არა პოლიტიკური პარტიის საქმიანობის შეზღუდვა ისე, რომ სახელმწიფოს არ დაეკისროს პასუხისმგებლობა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში არამართლზომიერი ჩარევისთვის?
ამ კითხვაზე პასუხი მოცემულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ ორ პრეცედენტულ გადაწყვეტილებაში:
1. FRATANOLÓ უნგრეთის წინააღმდეგ
საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა უნგრეთის მიერ კონვენციის მე-10 მუხლის (სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება) დარღვევა, რადგან მოსარჩელეს არამართლზომიერად დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობა კომუნისტური სიმბოლიკით აგიტაციისთვის.
კერძოდ, საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, მოსარჩელე გაწევრიანებული იყო უნგრეთის მუშათა პარტიაში, რომელიც გამოირჩეოდა, როგორც მკვეთრად მემარცხენე ძალა. 2004 წლის პირველ მაისს, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების აღნიშვნის და საერთაშორისო მუშათა დღეს იგი დაკავებულ იქნა წითელი ხუთ-ქიმიანი ვარსკვლავის ტარების ბრალდებით და დაეკისრა შესაბამისი სანქცია.
მოსარჩელის დაკავების საფუძველს წარმოადგენდა უნგრეთის სისხლის სამართლის კოდექსის ის ჩანაწერი, რომელიც კრძალავს ტოტალიტარული კომუნისტური სიმბოლიკის დემონსტრირებას, თუნდაც მათი ტარების მიზანს არ წარმოადგენდეს კომუნისტური იდეოლოგიის პროპაგანდა. გადაწყვეტილება ბრალდებულმა გაასაჩივრა ჯერ სააპელაციო, შემდეგ კი უზენაეს სასამართლოებში, რის შემდეგაც მან საკუთარი უფლებების დასაცავად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, იმისთვის, რომ ხუთ-ქიმიანი ვარსკვლავის ტარების აკრძალვა იყოს დასაშვები, უნდა არსებობდესმყისიერი სოციალური საფრთხე, ე.ი. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის ქმედებას უნდა შეექმნა კომუნისტური მმართველობის აღდგენის რეალური საშიშროება.სასამართლოს განმარტებით, ხუთქიმიანი ვარსკვლავის ტარების აკრძალვა მხოლოდ პოტენციური კომუნისტური პროპაგანდის საფუძველზე არ შეიძლება ჩაითვალოს მისაღებად, თუ მის მატარებელ პირს ან პირთა ჯგუფს განზრახული არ აქვთ ტოტალიტარული რეჟიმის აღდგენა და ამგვარად სახელმწიფო ინტერესებისთვის საფრთხის შემქმნელი პროპაგანდის წარმართვა.
საქმეში მოსარჩელეს წარმოადგენდა ერთ-ერთი უნგრული პოლიტიკური მოძრაობის ლიდერი. მოძრაობის მთავარ მიზნად განცხადებული იყო უნგრული ტრადიციების და კულტურის დაცვა, რაც უნდა განხორციელებულიყო მასობრივი დემონსტრაციების გზით. პარტიის დაარსებიდან მოკლე დროში, მოძრაობამ დაიწყო ისეთი ქმედებების განხორციელება, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა მისი წესდებით გათვალისწინებულ დებულებებს. ეს გამოიხატებოდა ეთნიკურ ნიადაგზე პირთა დევნასა და დემოკრატიული წყობის წინააღმდეგ განცხადებების გაკეთებაში.
2008 წლის დეკემბერში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, პარტია დაიშლა. სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა ძალაში დატოვეს ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებაში, ხელისუფლებას გააჩნია უფლებამოსილება, მიიღოს პრევენციული მექანიზმები, რათა დაიცვას ის ღირებულებები, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებას.
პარტია საკუთარი საქმიანობით საფრთხეს უქმნიდა სახელმწიფოს დემოკრატიულ წყობას და მის ქმედებებში აღინიშნებოდა ნაცისტური იდეოლოგიის ნიშნები. მოსარჩელემ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და მიუთითა, რომ სახელმწიფოს ქმედებით დაირღვა მისი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, გარანტირებული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით.
წინა საქმისგან განსხვავებებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა. მან გაიზიარა უნგრეთის უზენაესი სასამართლოს პოზიცია და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს გააჩნდა უფლებამოსილება მიეღო ზომები ქვეყანაში დემოკრატიის დასაცავად. მოძრაობის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების მსვლელობისას შეინიშნებოდა, როგორც ნაცისტური, ისე სხვა ტოტალიტარული რეჟიმების ნიშნები; ეთნიკურ-რელიგიურ ნიადაგზე მოსახლეობის ნაწილის წინააღმდეგ გამოსვლები და უნგრეთის დემოკრატიული წყობის მწვავე კრიტიკა, რაც საფრთხეს უქმნიდა ფუნდამენტურ დემოკრატიულ პრინციპებს. სასამართლომ ასევე გაითვალისწინა ქვეყნის წარსული კავშირი ტოტალიტარულ რეჟიმებთან და მიიჩნია, რომ არსებობდა აღნიშნული პარტიის საქმიანობის აკრძალვის მწვავე საზოგადოებრივი საჭიროება.
სასამართლოს მსჯელობა და გამართლებული ჩარევის კრიტერიუმები
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მოცემულ საქმეებში მიმართავს შემდეგ მსჯელობას: იმისათვის, რომ გამართლებულ იქნას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ჩარევა უნდა იყოს აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში (necessary in a democratic society), რაც, თავის მხრივ, გულისხმობს მყისიერი საზოგადოებრივი საჭიროების არსებობას (pressing social need).
„ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ თითოეულ ხელმომწერ სახელწმიფოს მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვროს, არის თუ არა უფლების შეზღუდვის მყისიერი საზოგადოებრივი საჭიროება. გარდა ამისა, ჩარევა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
1. შესაბამისობა და გონივრულობა (relevant and sufficient) - ჩარევა შესაბამისი და გონივრულია, თუ შეუძლებელი იყო საზოგადოებრივი ინტერესის დაცვა სხვა ნაკლებად შემზღუდველი ქმედებით.
2. პროპორციულობა (proportionate) - ჩარევა პროპორციულია, როდესაც სახელმწიფოს ქმედება მისაღწევი მიზნის პროპორციულია.
განხილული პრეცედენტები აჩვენებს, რომ, ერთ შემთხვევაში (FRANTANOLO უნგრეთის წინააღმდეგ), სასამართლომ მიიჩნია, რომ უნგრეთის სისხლის სამართლის კოდექსის ის ჩანაწერი, რომელიც კრძალავს კომუნისტური სიმბოლიკის დემონსტრირებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ამის მიზანი არ არის კომუნისტური იდეოლოგიის პროპაგანდა, არ აკმაყოფილებდა შესაბამისობისა და გონივრულობის კრიტერიუმს. ხოლო, მეორე შემთხვევაში (VONA უნგრეთის წინააღმდეგ), დაადგინა, რომ პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციაზე უარის თქმა არ წარმოადგენდა კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევას, რადგან არსებობდა პარტიის საქმიანობის შეზღუდვის მყისიერი საზოგადოებრივი საჭიროება.
დასკვნა
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული საქმეები ძალზე მნივშენლოვანია ქართულ რეალობაში, რადგან უნგრეთის მსგავსად საქართველოშიც მოქმედებს კანონმდებლობა, რომელიც კრძალავს ტოტალიტარული სიმბოლიკით აგიტაციას.
საქართველოს კანონი „თავისუფლების ქარტია“ იძლევა კომუნისტური, ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარების საშუალებას. მართალია, წინასაარჩევნო პერიოდში შესაძლებელია განსაკუთრებით გააქტიურდნენ საქართველოში რეგისტრირებული კომუნისტური იდეოლოგიის მქონე პარტიები, თუმცა, მათი საქმიანობის უპირობო აკრძალვა დაარღვევდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.
განხილული პრეცედენტები ხაზს უსვამენ ბალანსის დაცვის აუცილებლობას, ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლებასა და, მეორე მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოების და დემოკრატიის დაცვას შორის. როგორც ეს საქმიდან VONA უნგრეთის წინააღმდეგ გამოჩნდა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება და ის შესაძლებელია შეიზღუდოს სახელმწიფოს მიერ, თუ ჩარევა მიზნად ისახავს უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას დემოკრატიულ საზოგადოებაში.
საქართველოს უახლოესი ისტორიის გათვალისწინებით, სახელმწიფოს შესაძლოა ჰქონდეს კანონიერი ინტერესი, რომ არ დაუშვას ქვეყანაში ტოტალიტარული რეჟიმის აღდგენა. თუმცა, ეს უნდა განხორციელდეს ისეთი სამართლებრივი მექანიზმების მეშვეობით, რომლებიც დამყარებულია კანონის უზენაესობაზე და ადამიანის უფლებებზე. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი მექანიზმები არ პასუხობენ კონსტიტუციურ მოთხოვნებს, „სახელმწიფო თავად დაემსგავსება იმ რეჟიმს, რომლის აღმოფხვრისკენაც მიისწრაფვის“.