წყარო: lenta.ru
დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტი ამზადებს განცხადებას, რომლითაც დაგმობს საქართველოს და კიდევ ხუთი ქვეყნის გადაწყვეტილებას შეუერთდნენ ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას.
როგორც კომიტეტის წევრმა იან ზელინსკიმ გამოცემა „ლენტას“ განუცხადა, კომიტეტი რუსეთის მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს, ანალოგიური ზომები მიიღოს, რისთვისაც კომიტეტი მოითხოვს საქართველოდან ღვინისა და “ბორჯომის” იმპორტის შეჩერებასა და აკრძალვას.
„ვალდებული ვართ რეაგირება მოვახდინოთ, ჩვენ ქართული ღვინის გარეშეც იოლად გავალთ და არც მინერალური წყალი გვჭირდება. ჩვენიც საკმარისი გვაქვს. ჩვენ უნდა განვავითაროთ ყირიმი, სადაც ქართული ღვინისგან განსხვავებით, ყოველგვარი ქიმიური მინარევების გარეშე შეგვიძლია ღვინის მიღება“, - განმარტა რუსმა დეპუტატმა. მისი მოსაზრებით, ამ ქვეყნებმა „სისულელე“ ჩაიდინეს, რადგან საპასუხო რუსული ზომებისგან გაცილებით უფრო მეტად დაზარალდებიან.
გუშინ გახდა ცნობილი, საქართველო შეუერთდა ევროკავშირის გადაწყვეტილებას, გაახანგრძლივოს სანქციები ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ 2017 წლის 23 ივნისამდე. საქართველოსთან ერთად ევროკავშირის საბჭოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას შეუერთდნენ მონტენეგრო, ალბანეთი, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და უკრაინა. ევროკავშირის საბჭომ ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივება 17 ივნისს გადაწყვიტა. სანქციები ყირიმსა და სევასტოპოლის წინააღმდეგ პირველად 2014 წლის ივნისში დაწესდა.
როგორც პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე განმარტავს, რომ ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებულ პროდუქციასთან დაკავშირებულ სანქციებს საქართველო 2014 წელს შეუერთდა და რაიმე ახალ გადაწყვეტილებასთან საქმე არ გვაქვს.
2014 წლის 23 ივნისს ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებულ პროდუქციასთან დაკავშირებით გარკვეული სანქციების შემოღების შესახებ. იმავე წელს საქართველო შეუერთდა ამ გადაწყვეტილებას. გასული წლის ივნისში ეს გადაწყვეტილება ავტომატურ რეჟიმში გაგრძელდა კიდევ ერთი წლით. რამდენიმე დღის წინ ავტომატურ რეჟიმში ეს გადაწყვეტილება კვლავ გაგრძელდა და ძალაში რჩება. ასე, რომ რაღაც ახალ გადაწყვეტილებასთან, ახალ სანქციასთან არ გვაქვს საქმე. ეს არის 2014 წელს შემოღებული შეზღუდვები, რომელიც ყოველწლიურად გრძელდება ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ამას ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ეს მხოლოდ სევასტოპოლსა და ყირიმს არ ეხება. ჩვენც ანალოგიური ვითარება გვაქვს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ამიტომ საქართველო ამ საკითხს განსაკუთრებული სენსიტიურობით ეკიდება“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.