ავტორი: გრიგოლ გეგელია
წყარო: liberali.ge
საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში ტრადიციისამებრ გაძლიერებული იყო ანტიდემოკრატიულ და რეგრესისტულ ძალათა საქმიანობაც. მათი უმთავრესი მიზანია საქართველოში პროგრესისტული პოლიტიკის დასუსტება, საქართველოს დაბრუნება რუსეთის გავლენის ორბიტაზე და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის საბოლოოდ მოსპობა გახლდათ. ამ ძალათაგან ზოგიერთი ერთმნიშვნელოვნად პრორუსულია და ამას არც მალავს. მათ შორისაა, ევრაზიის ინსტიტუტი, ევრაზიული არჩევანი, გორჩაკოვის ფონდი და სხვანი.
მაგრამ, მათ შორისაა, აგრეთვე, ობსკურანტული იდეოლოგიის პარტიები თუ პერსონები, რომლებიც უფრო ჭკვიანურ თამაშს თამაშობენ და თავს არა გარე ძალის მხარდამჭერად, არამედ ე. წ. „პროქართულ“ ძალებად ნათლავენ. ტიპურად, ისინი ფარად იყენებენ „კონსერვატიზმს“, როგორც პოლიტიკურ იდეოლოგიას და „ტრადიციას“, როგორც ისტორიულ კატეგორიას. ისინი იმალებიან ირაციონალური განსჯის, შეთქმულების თეორიებისა და ემოციების ბურუსში, რომელსაც თავადვე ქმნიან და თავადვე იყენებენ. რეალური ადამიანების რეალურ პრობლემებზე საუბრის ნაცვლად, ისინი მეასეხარისხოვანი თემების გამოყენებით თვითონ ქმნიან პანიკას, რომლის წყალობითაც, შემდეგ თვითონვე იღებენ პოლიტიკურ სარგებელს.
ეს ძალები უფრო საშიშია, ვიდრე ღიად პრორუსული ძალები, რადგან ბევრი არ დაუჭერს მხარს ღიად პრორუსულ ძალას რუსეთისადმი ანტიპათიისა თუ მორალური სირცხვილის გამო, მაგრამ ბევრი დაუჭერს მხარს ძალას, რომელიც რუსეთს კი არ ემხრობა, არამედ რაღაც სხვას უარყოფს, რაღაცას აპროტესტებს. აი, მაგალითად, ჩოხოსან კონსერვატორს, რომელიც ამბობს, რომ „საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, 80% კი - ლიბერალური ფაშიზმის მიერ“. ბევრი, ვინც რუსეთის იმპერიალისტურ ბოროტებას და საქართველოს სიძულვილს ჯეროვნად აცნობიერებს, შესაძლოა, მაინც მოხიბლული დარჩეს გზავნილის დანარჩენი ნაწილით, მაგრამ არავინ არ მოტყუვდეს: ეს სწორედ რუსეთის ახალი პროპაგანდისტული ხრიკია.
ბევრის აზრით, რუსეთის პროპაგანდის ისტორიაში ახალი ფაზა 2008 წლის რუსულ-ქართული ომის შემდეგ დაიწყო, როდესაც სამხედრო გამარჯვების მიუხედავად, რუსეთი ინფორმაციულ ომში დამარცხდა. სწორედ ამ დროიდან მოყოლებული, ახალი პროპაგანდისტული ფილოსოფიით შეიარაღებულმა რუსეთმა ახალი ომი დაიწყო, რომელსაც ახალი მიზნები, ახალი სამიზნე აუდიტორია და ახალი მონაწილეები ჰყავს. საბჭოთა ეპოქიდან მოყოლებული, რუსული პროპაგანდის ტრადიციული მისია მსოფლიოსათვის კრემლის საშინაო და საგარეო პოლიტიკის დადებითად წარმოჩენა იყო.
თანამედროვე რუსული პროპაგანდა, გარკვეულწილად, კვლავ ინარჩუნებს ამ ტრადიციას. თუმცა დღეს მას ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა ამოძრავებს, რაც გულისხმობს არა იმდენად საკუთარის პოზიტიურ ჭრილში წარმოჩენას, რამდენადაც მოწინააღმდეგის უარყოფითად წარმოდგენას. რუსეთის ახალი მიდგომა ძველ მიდგომებზე უფრო საშიშიცაა, რადგან ის სუბვერსიულია და განიზრახავს ოპონენტის შინვე დამარცხებას, იმ ფუნდამენტურ სვეტებზე თავდასხმითა და დასუსტებით, რომელსაც მოწინააღმდეგის პოლიტიკური და კულტურული წესრიგი ეფუძნება.
შესაბამისად, ამ ტიპის პროპაგანდის სამოქმედო ველი გვხვდება არა იმდენად შინ, როგორც გარეთ. მისი მოქმედების არეალია არა რუსეთი, არამედ დასავლეთი და საზოგადოდ პროდასავლური ქვეყნები. მისი პოტენციური მსხვერპლი კი არა რუსი ხალხი, არამედ პირველ რიგში - ყველა სხვა. თანამედროვე რუსული პროპაგანდის უმთავრესი მიზანია, დაარწმუნოს საერთაშორისო საზოგადოებები არა რუსეთის სიკარგეში, არამედ საკუთარი მთავრობების არალეგიტიმურობაში, ისე, როგორც სრულიად დასავლური წესრიგის სისუსტესა და ნეგატიურობაში. ეს სუბვერსიული მიდგომა მიზნად ისახავს ბებერი ევროპის საძირკვლის შიგნიდან გამოხვრას, რამაც საბოლოოდ მისი კოლაფსი უნდა გამოიწვიოს.
ახალი პროპაგანდისტული მისიის ხასიათი რუსული მედიის სტრატეგიებშიც ნათლად ჩანს. რუსულმა საინფორმაციო აპარატმა შექმნა სრულქმნილი პროპაგანდისტული პლატფორმა შეთქმულების თეორეტიკოსების, ნეოფაშისტების, ნეონაცისტებისა და ულტრაკონსერვატორებისათვის. Russia Today-ს და მსგავსი გამოცემების კომენტატორებად ხშირად გვევლინებიან ოდიოზური ფიგურები, რომელთაც აერთიანებთ ევროპული „ისთაბლიშმენტის“, „სისტემის“ და ევროპული კავშირის სიძულვილი. ბევრი მათგანი ჩვეულებრივი ფაშისტია, რომელიც ჰოლოკოსტის არსებობას უარყოფს, ბევრიც - ჩამოყალიბებული რასისტი, ზოგი კი სეპარატისტი, როგორიცაა, მაგალითად, იტალიის ჩრდილოეთის ლიგის ლიდერი მატეო სალვინი. სხვათა შორის, სალვინი კვაზიდიპლომატიურ ურთიერთობებს ამყარებს სამხრეთ კავკასიის სეპარატისტულ ენერგიებთან, მათ შორის ე. წ. „სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლობებთან“ რომში.
სხვადასხვა ჯურის ფაშისტების, რასისტების, შეთქმულების თეორეტიკოსების, ჩვეულებრივი ევროსკეპტიკოსებისა თუ სეპარატისტების მიზიდვით, რუსეთი ცდილობს, გააცოცხლოს და ასპარეზზე დააბრუნოს მივიწყებული, უმეტესად არაპოპულარული და მარგინალიზებული დასავლური პოლიტიკური ჯგუფები. მაგალითად, რუსული მედია „ცნობილ გეოპოლიტიკურ ანალიტიკოსად“ წარმოაჩენს უცნობ პოლონელ ნეონაცისტ მატეუშ პიკორსკის, რომელიც მარადჟამ კრემლის გეოპოლიტიკური პოზიციების ადვოკატია. კიდევ ერთ „სახელგანთქმულ ანალიტიკოსად“ გვევლინება ავსტრიის თავისუფლების პარტიის ლიდერი ჰაინც-ქრისტიან შტრახე, რომელიც რუსეთმა პირველად 2008 წლის რუსულ-ქართული კონფლიქტის შეფასებისას თავისი პოზიციების დამცველად და საქართველოს ინტერესებისა და პრეზიდენტ სააკაშვილის კრიტიკოსად მოიშველია.
ანალიტიკოს ანტონ შეხოვცოვის ანალიზის მიხედვით, თუკი უწინ რუსული მედია კმაყოფილდებოდა ევროპის კრიტიკული მომენტების უბრალოდ ფართოდ გაშუქებით, ბოლო წლებში მან დაიწყო იმ ადამიანთა კომენტატორებად მიწვევა, ვინც ამ კრიზისებს კრემლისათვის სახარბიელო იდეოლოგიურ შეფასებებს აძლევს. ამის მაგალითია ფრანგი ულტრანაციონალისტი მარინ ლე პენი, რომელიც 2013 წლამდე თვითონ იყო სიახლეების მასალა, მას შემდეგ კი კომენტატორად და ამდენად საჯარო აზრის შემქმნელად მოგვევლინა. არანაკლებ მნიშვნელოვანია თვით ის გარემოება, რომ ეს ჯგუფები ევროპული ჯგუფებია. რუსეთი ცდილობს, ევროპელთა პირითვე დააკნინოს ევროპული წესრიგი და იდეალები, ხოლო ეს ევროპული ჯგუფები მონათლოს, როგორც სიმართლისათის მებრძოლი, არაკონფორმული ჯგუფები. შეხოვცოვის თქმით, „რუსეთის მედიამ ურთიერთობა დაამყარა ძალებთან, რომლებიც ცდილობენ დასავლეთისათვის ძირის გამოთხრას და ცდილობს, აამაღლოს მათი სანდოობა და ხედვადობა“ .
თუკი უწინ რუსეთი პროპაგანდის უმთავრეს ამოცანად საკუთარი წესრიგის სიკარგის მტკიცებას მიიჩნევდა, მომხრეებსაც იდეოლოგიურად ირჩევდა. შესაბამისად, რუსეთის გავლენის ბუნებრივ და ტრადიციულ აგენტებს წარმოადგენდნენ ევროპის კომუნისტური პარტიები და ზოგიერთი სხვა მემარცხენე ინტელექტუალი თუ გაერთიანება. ახალი პროპაგანდისტული ბრძოლის კონტექსტში კი კრემლის პოზიციების ერთგულ გულშემატკივრად რადიკალი მემარცხენეები ისევე გვხვდებიან, როგორც რადიკალი მემარჯვენეები. ახალმა მიდგომამ, რომელიც ცდილობს, თავის სამსახურში ჩააყენოს, თავის მხრივ, ერთმანეთისაგან იდეოლოგიურად განსხვავებული საპროტესტო მოძრაობები, ბუნებრივად გამოიწვია მომხრეთა არეალის გაფართოებაც.
რუსეთი დღემდე ინარჩუნებს გავლენას ევროპის მემარცხენე ძალების გარკვეულ ნაწილზე, რომელთა შორის შევხვდებით არა მარტო ძველებური ყაიდის კომუნისტურ პარტიებს, არამედ უფრო ახლებური ტიპის მემარცხენე ძალებსაც - მაგალითად, გერმანულ Die Linke-ს. მსგავსად ამისა, ბერძნული მემარცხენე SYRIZA-ს რამდენიმე წევრს უთანამშრომლია რუს ნაციონალისტ იდეოლოგ, ალექსანდრე დუგინთან, თუმცა ევროპულ პოლიტიკაში რუსეთის კიდევ უფრო სერიოზულ დასაყრდენ ძალებს რადიკალი მემარჯვენეები წარმოადგენენ. მათ შორისაა ანტისემიტური Jobbik უნგრეთში, ნეოფაშიტური Golden Dawn საბერძნეთში, ულტრანაციონალისტური Front national საფრანგეთში, ავსტრიის თავისუფლების პარტია, UKIP გაერთიანებულ სამეფოში, ნაციონალისტურ-ფაშისტური Атака ბულგარეთში და მრავალი სხვა დაჯგუფება.
რადიკალ მემარჯვენე ძალთა უმრავლესობას აერთიანებს ექსტრემალური ნაციონალიზმი, ქსენოფობია, ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების არაღიარება და უგულებელყოფა, ისევე, როგორც ევროპული კავშირის სიძულვილი. იოშკა ფიშერი, გერმანიის მემარცხენე ლიდერი და წარსულში ვიცე-კანცლერი, სამართლიანად აღნიშავს, რომ „მათთვის, პოლიტიკური ერთობა არ არის კონსტიტუციური და ლეგალური წესრიგის მიმართ მოქალაქეთა საერთო სწრაფვის პროდუქტი... 1930-იანების მსგავსად, ისინი ერის წევრობას განსაზღვრავენ საერთო წარმომავლობისა და რელიგიის მიხედვით“. მათი პროექტი, ერთად აღებული, ახალი ფაშისტური ევროპის პროექტია. შესაბამისად, ისინი იწონებენ პუტინის მიერ ადამიანის უფლებების რეგულარულ უგულებელყოფას ისე, როგორც პუტინის ოპოზიციას ევროპული კავშირის იდეისა და პოლიტიკის წინააღმდეგ.
ხოლო რადიკალ მემარცხენეთა ჯგუფებს ამერიკის იმპერიალისტური საგარეო პოლიტიკისა და ჰეგემონიის, ისე როგორც დასავლური კაპიტალიზმის სიძულვილი ახასიათებს. რაოდენ ლეგიტიმურიც არ უნდა იყოს მემარცხენეთა სურვილი სისტემის რეფორმისა, სამწუხაროდ, სრულიად ამორალური, არაპრინციპული და ანტისოლიდარულია ამის გამო საერთო ენის გამონახვა ვლადიმერ პუტინთან, რომელიც არც დემოკრატიას ცნობს, არც სამოქალაქო თავისუფლებას და მემარცხენე აქტივიზმსაც სრულიად რუსეთის მასშტაბით დევნის.
იდეოლოგიის მიუხედავად, მარგინალურ ჯგუფებს, აგრეთვე, აერთიანებთ ფინანსებისა და პოპულარულობის ნაკლებობა და სწორედ აქ იჩენს თავს გულუხვი კრემლი, რომელიც ფინანსური და ეკონომიკური წახალისების პოლიტიკითა და საეთერო დროის მინიჭებით, საკუთარი პოლიტიკის სამსახურში აყენებს მარგინალურ საპროტესტო ენერგიებს. ბევრ ჩვენგანს ემახსოვრება ხმები იმის თაობაზე, თუ როგორ დაჰპირდა პუტინი საბერძნეთს ფინანსურ სარგებელსა და მხარდაჭერას, თუკი ის გავიდოდა ევროპული კავშირიდან. უნგრეთმა, რომელსაც პუტინისა და „არალიბერალური დემოკრატიის“ მომხრე ავტორიტარი ვიქტორ ორბანი მართავს, რუსეთისაგან 10 მილიარდის ოდენობით სესხი მიიღო.
იმავე პუტინის რუსეთმა, რუსი ბიზნესმენების დახმარების სანაცვლოდ, 900 000 ევრო გადასცა ავსტრიის თავისუფლების პარტიის აწ უკვე გარდაცვლილ ლიდერს, იორგ ჰაიდერს. და პირიქით, რუსეთის მომხრე ევროპელი პოლიტიკოსები იღებენ სარფიან ეკონომიკურ შეთავაზებებს რუსეთში. მაგალითად, ფრანგმა ბიზნესმენმა და ევროსკეპტიკური ჯგუფის „მოძრაობა საფრანგეთისათვის“ ლიდერმა, ფილიპ დე ვილიერმა, რომელიც პუტინსაც შეხვდა პირადად, ყირიმში თემატური პარკის აშენების მეტად სარფიანი კონტრაქტი მიიღო. ის პირველი ევროპელი ბიზნესმენია, ვინც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ იქ საქმიანობა წამოიწყო.
ამის სანაცვლოდ, რადიკალური ჯგუფები პოზიტიურად აფასებენ რუსეთის პოლიტიკას და რიგ შემთხვევაში, ევროპულ პარლამენტში რუსეთის პოზიციების სასარგებლოდაც აძლევენ ხმას. მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპის რადიკალმა მემარჯვენეებმა 2008 წელს მხარი დაუჭირეს რუსეთის აგრესიას საქართველოს სუვერენული ტერიტორიისა და მისი მოქალაქეების მიმართ. საბერძნეთის მთავრობაში მოსვლამდე, SYRIZA-ს წევრებმა ევროპარლამენტში თავი შეიკავეს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერისაგან, ამასთანავე არ შეუერთდნენ რეზოლუციას, რომელიც გმობდა რუსეთში ადამიანის უფლებათა დამცველ არასამთავრობოთა მემორიალის დახურვას და არც ყირიმის ანექსიის შემდეგ მოსკოვისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას მიემხრნენ. UKIP-ის ლიდერმა, ნაიჯელ ფარაჟმა უკრაინა-რუსეთის კრიზისს უწოდა „ევროპული კავშირის მიერ პროვოცირებული“ და მხარი დაუჭირა ყირიმის ანექსიას, ავსტრიის თავისუფლების პარტიის პარლამენტარები კი საერთოდაც ყირიმს ეწვივნენ.
ამდენად, რუსეთი თანაბრად იყენებს რადიკალურ მემარჯვენე და რადიკალურ მემარცხენე ენერგიებს თავისი მიზნების განსახორციელებლად, თუმცა მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რომ წარსული დროებისაგან განსხვავებით, როდესაც საბჭოთა რუსეთის ბრძოლა იდეოლოგიური ხასიათის იყო, თანამედროვე რუსეთის ომი არც იდეოლოგიური ხასიათისაა და არც რომელიღაც იდეოლოგიური პრინციპების განხორციელებას ან ერთგულებას გულისხმობს. მეტიც, რუსეთის იდეოლოგიური უპრინციპობა ყველგან ჩანს. რუსეთი, რომელიც თვითონ აფინანსებს ევროპულ ნეოფაშიზმს, ყირიმის კრიზისის ჟამს უკრაინის ხელისუფლებას მოიხსენიებდა ფაშისტებად. რუსეთი, რომელიც წარმატებით იყენებს ამერიკის წინააღმდეგ განწყობილ რიგ მემარცხენე ძალებს ევროპაში, მისსავე საზღვრებში დევნის და უსწორდება მემარცხენე აქტივისტებს, მოაზროვნეებსა და ჟურნალისტებს. რუსეთი, აგრეთვე, დევნის ეკოლოგიურ აქტივისტებსაც, მიუხედავად იმისა, რომ NAთO-ს ინფორმაციის თანახმად, იგივე რუსეთი წარმატებით იყენებს ევროპის ეკოლოგიურ მოძრაობებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ბუნებრივი რესურსების ძიების პროცესში ბუნების საქმეებში დამატებით ჩარევას, რაც რუსეთის, როგორც ევროპისათვის გაზის მთავარი მიმწოდებლის, პირდაპირ ინტერესებშია.
წარსულისგან განსხვავებით, როცა რუსეთი იდეოლოგიურ ბრძოლებში იყო ჩართული და გამარჯვებასაც იდეოლოგიური ხასიათისას ეძებდა, თანამედროვე რუსული პროპაგანდისტული ფილოსოფია განსხვავებულია. რუსეთი შეგნებულად თანამშრომლობს განსხვავებული იდეოლოგიის ძალებთან, რომელთაც განსხვავებული ტიპის პროტესტი აქვთ. მთავარი რუსეთისათვის არა მათი პროტესტის შინაარსი, არამედ ის არის, რომ ამ ძალებს გარკვეული ფორმის პროტესტი აქვთ და ცდილობენ დასავლეთის იდეისა და პრაქტიკის დაკნინებას და უარყოფითად შეცვლას. მთავარი ის არის, რომ მათი მესიჯი ანტიევროპულია: ამა თუ იმ მიზეზის გამო, დასავლეთი განიცდის დაღმასვლას, მისი ბიუროკრატია არაეფექტიანი და ცუდია. ის ვერ უმკლავდება იმიგრაციას, ის არის მორალურად უფრო ნაკლოვანი, ვიდრე პუტინის რუსეთი, მიუხედავად იმისა, რომ იქ არ არსებობს არც სამოქალაქო თავისუფლება, არც უსაფრთხოება და არც მომავლის იმედი.
ძველად თუ იტყოდნენ, ბარბაროსები კარიბჭეს მოსდგომიანო, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბარბაროსები კარიბჭის შიგნით შემოპარულან. ციცერონისა არ იყოს, ისინი შეცნობილ მტერზე უფრო საშიშნი არიან, რადგან ისინი აქ და ახლა, ჩვენს ირგვლივ ფარულად იღწვიან ქალაქის კარიბჭის დასაცემად. მათი ძალა მათივე ფარულ სუბვერსიულობაშია. თუმცა, თანამედროვე საქართველოში, პოლიტიკური პროცესის ანალიზისას ხშირად ვხვდებით პოლიტიკურ ძალთა „პროევროპულ“ და „პრორუსულ“ ძალებად დაყოფას, რომელიც ხშირად ჯეროვნად არ აფასებს მტრის ფარულ სუბვერსიულობას. ახალი პროპაგანდისტული დროის კონტექსტში შესაძლოა, ეს უკვე არაფრისმთქმელი დაყოფაც იყოს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ფორმალურად და მოჩვენებით ე.წ. „პროქართული“, სინამდვილეში კი კრემლის პოლიტიკის ერთგული ძალების საქმიანობა სწორედ რუსეთის ახალი პროპაგანდისტული მისიის ჭრილში განვიხილოთ. სწორედ უახლესი წლების რუსული პროპაგანდის მიდგომების გათვალისწინებით, უმჯობესი იქნება, თუ ჩვენი ანალიტიკური აქცენტი ღია „პრორუსულობის“ ძიებიდან მარგინალურ ულტრამემარჯვენე ჯგუფთა პროტესტის შინაარსის ანალიზსა და მასთან პირდაპირ დაპირისპირებაზე გადავა. რადგან სწორედ ამ საპროტესტო ენერგიის მიღმა იმალება პუტინის რუსეთი, რომელიც ცდილობს, მისით დაამხოს ჩვენი პოლიტიკური და კულტურული წესრიგი.
რა თქმა უნდა, შესაძლოა, ამ ჯგუფების პროტესტის შინაარსი დროდადრო სამართლიანიც იყოს, მაგრამ ყველაზე ხშირად ის ცრუ ინფორმაციას და ემოციებით მანიპულირებას ემყარება. სინამდვილესთან კი საერთო არაფერი არ გააჩნია. ამ ჯგუფების პოლიტიკური შინაარსი ჩვენი შემდეგი წერილის საგანი იქნება, ამასობაში კი ერთი რამ ცხადია: სანამ ისინი არსებობენ და ძლიერდებიან, ქართული დემოკრატია საფრთხეშია. განსხვავებით დასავლური დემოკრატიებისგან, ის ჯერ კიდევ სუსტია, მისი ინსტიტუციური წესრიგი კი - კვლავ მყიფე. დასავლურ დემოკრატიებს აქვთ სისტემური იმუნიტეტი, რომელიც ყოველთვის გაუძლებს რუსული პროპაგანდის მცდელობას, მოახდინოს სუბვერსიული, ჩუმი რევოლუცია შიგნიდან, მაგრამ, იმავეს ვერ ვიტყვით დემოკრატიებზე, სადაც ძლიერი და თავდაცვისუნარიანი ინსტიტუციური წესრიგი ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა, მომავალს კი მეტი გაფრთხილება სჭირდება.