„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ „გაზპრომის“ პროდუქციას შეიძენს

28 დეკემბერი 2015 Shadow

წყარო: batumelebi.netgazeti.ge

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ რუსული „გაზპრომის“ პროდუქციას შეიძენს. 92 ათასი ლარის ღირებულების საცხებ-საპოხ მასალებზე ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან 31 დეკემბრამდე უნდა გაფორმდეს.

სატრანსპორტო საშუალებებისთვის საჭირო საცხებ-საპოხი მასალების შესყიდვაზე ტენდერი „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ 2015 წლის 10 დეკემბერს გამოაცხადა, სავარაუდო ღირებულებით – 110 780 ლარი.

ტენდერში სამი კომპანია მონაწილეობდა: „ჯენტო ტრეიდინგი“ [საბოლოო ფასი – 105 900 ლარი],  „თეგეტა მოტორსი“ [96 585 ლარი] და „ემ-ენ ჯორჯია“ [92 000 ლარი].

სატენდერო კომისიამ ყველაზე დაბალი ფასის მიხედვით „ემ-ენ ჯორჯიას“ წინადადება განიხილა. კომპანიამ კი შემსყიდველს რუსული, „გაზპრომის“ მიერ   წარმოებული პროდუქცია შესთავაზა, რაც „ბათუმის ავტოტრანსპორტისთვის“ მისაღები აღმოჩნდა.

gazprom1

შპს „ემ-ენ ჯორჯია“-ს წილის 100%-ის მფლობელი მიმდინარე წლის 23 დეკემბრამდე სააქციო საზოგადოება „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ იყო, ხოლო საჯარო რეესტრის 23 დეკემბრის ამონაწერით კომპანიის მესაკუთრეა შპს „ვისოლ ავტო ექსპრესი“, რომელმაც „ემ-ენ ჯორჯია“-ს წილის 100% „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიასგან“ 1 მილიონ 187 ათას ლარად შეისყიდა.

მეორე დღესვე, შპს „ემ-ენ ჯორჯია“ შეერწყა „ვისოლ ავტო ექსპრესს“, რომლის მესაკუთრეც ასევე „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიაა“.

კომპანიების შერწყმის შედეგად, „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ სატენდერო კომისიის მიერ გამარჯვებულად დასახელებულმა კომპანია „ემ-ენ ჯორჯიამ“ არსებობა შეწყვიტა. შესაბამისად, საცხებ-საპოხი მასალების შესყიდვაზე  ხელშეკრულება „ბათუმის ავტოტრანსპორტსა“ და „ვისოლ ავტო ექსპრესს“ შორის გაფორმდება. პროდუქციის მიწოდება კი მოხდება ეტაპობრივად, 2016 წლის 31 დეკემბრამდე.

garemos-dacva

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ რუსულ პროდუქციას პირველად არ ყიდულობს. მაგალითად:

2015 წლის 25 თებერვლის ხელშეკრულებით, ასევე „გაზპრომის“ მიერ წარმოებული საცხებ-საპოხი მასალები „ავტოტრანსპორტმა“ შპს „ჯეო-ტრენდისგან“ 79 900 ლარად შეისყიდა.

jeotreidi

2014 წლის 9 იანვარს შპს „ავტოფორმულასთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ 89 980 ლარად შეიძინა რუსული კომპანია „ლუკოილის“ პროდუქცია – 22 ათასი ლიტრი დიზელის ძრავის ზეთი.

lukoili

2013 წლის 10 იანვრის ხელშეკრულებით შპს თეგეტა მოტორსისგან „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ, ასევე შეძენილი იქნა რუსეთში წარმოებული დიზელის ძრავის ზეთი, 59 390 ლარად.

Tegetamotorsi