საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში რუსეთის დუმის წევრის ოთარ არშბას კუთვნილი სასტუმრო გახსნა. ”Colosseum Marina” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა.
მთავრობის მეთაურმა სასიხარულო უწოდა ბათუმში კიდევ ერთი თანამედროვე ტიპის სასტუმროს გახსნის ფაქტს და იმედი გამოთქვა, რომ კოლიზეუმის ფორმის ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო, გამორჩეული დიზაინისა და უნიკალური მდებარეობის გამო, მიმზიდველი იქნება ტურისტებისთვის. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ინვესტორს-ინგა არშბას და მის ოჯახს წლების განმავლობაში ბათუმში განხორციელებული ინვესტიციებისთვის.
სასტუმრო კომპანია „მარი გრუპმა“ ააშენა, რომელიც KGB-ს პოლკოვნიკსა და ბიზნესმენს, რუსეთის პარლამენტის წევრს ЕДИНАЯ РОССИЯ-დან, ოთარ არშბას ეკუთვნის. თუმცა, ოფიციალურად კომპანიის დამფუძნებელი მისი შვილი, ინგა არშბაა.
„მარი გრუპს“ ეკუთვნის ტურისტული ცენტრი “მარინა” განლაგებული შავი ზღვის სანაპიროზე, რომელსაც უჭირავს 10.000 კვ.მ ფართობი. ასევე ბათუმში მდებარე 86 ნომრიანი სასტუმრო “სანაპირო”, კაფე „პრივეტ იზ ბატუმა“, სარფი-თბილისის ავტომაგისტრალზე მდებარე სავაჭრო ცენტრი “ბაგრატიონი” 5000 კვ.მ ფართობით, 30.000 კვ.მ მიწის ფართობი ბათუმი-ხულოს ტრასაზე.
მოსკოვში მცხოვრები ოთარ, იგივე თენგიზ არშბა, რუსეთის პარლამენტის ერთ-ერთი მდიდარი დეპუტატია. როგორც მის დეკლარაციაშია აღნიშნული, ფლობს რამდენიმე მიწის ნაკვეთს საქართველოსა და რუსეთში, აქვს ოთხი ფეშენებელური სახლი მოსკოვში, ორი კერძო სახლი კი საქართველოში, ჰყავს პირადი დაცვა, რამდენიმე ძვირადღირებული ავტომანქანა, არის დაახლოებით 10-მდე მსხვილი კომპანიისა და რამდენიმე მედიასაშუალების აქციების მფლობელი, მათ შორის ტელეკომპანია ”ტვ მოსტის” 50%-ის.
Bpn-ს ინფორმაციით, რუსეთის დუმის მილიარდერი დეპუტატის სახელი ასევე მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთ-ერთი უმსხვილეს რუსულ სამთო-მეტალურგიულ კომპანიასთან, ”ევრაზჰოლდინგთან”. საერთაშორისო კვლევითი ცენტრის International Iron and Steel Institute-ის მონაცემებით, ”ევრაზ ჯგუფი” (ყოფილი ”ევრაზიაჰოლდინგი”) მსოფლიოში მე-14 უმსხვილესი კომპანიაა მეტალურგიის სფეროში და რამდენიმე წლის წინ მისი კაპიტალიზაცია 42 მილიარდ დოლარს შეადგენდა. სხვა აქციონერებს შორის, ”ევრაზ ჯგუფის” ერთ-ერთი მსხვილი აქციონერია რომან აბრამოვიჩიც.
დუმის დეპუტატობასთან ერთად, ოთარ არშბა დღემდე კვლავ რჩება ”ევრაზ გრუპის” დირექტორთა საბჭოს წევრად.
რაც შეეხება საქართველოში, კერძოდ კი ბათუმში ოთარ არშბას ბიზნესცენტრებს, არაოფიციალური მონაცემებით ცნობილია, რომ ბათუმში სავაჭრო სახლის, სასტუმროსა და რესტორნების ქსელის მფლობელია მისი მეუღლე მარინა ზენაიშვილი. დეპუტატის მეუღლის სახელს უკავშირდება ასევე ”სახალხო აფთიაქის” და ყოფილი ”სახალხო ბანკის”, ამჟამად კი ”ლიბერთი ბანკის” აქციების გარკვეული წილი.
სხვადახვა წყაროების თანახმად, მარინა ზენაიშვილს ეკუთვნის ბათუმის მრავალპროფილიანი სავაჭრო ცენტრიც, რომელიც 2008 წელს მიხეილ სააკაშვილმა გახსნა.