ავტორი: ლია კერესელიძე
გამოქვეყნდა ჟურნალ "საარქივო მოამბეში"
ქართველისთვის ქრისტიანობა და საქართველო განუყრელი ცნებებია. საუკუნეების განმავლობაში სამშობლოსათვის ბრძოლა ქრისტიანობისთვის ბრძოლას ნიშნავდა და პირიქით. ეს კარგად იცოდა ყველა დამპყრობელმა და პირველი იერიშიც სწორედ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე მოჰქონდა, რადგან თუ ქართველ კაცს წაართმევდნენ სარწმუნოებას, ეროვნულ სულსაც ადვილად ჩაუკლავდნენ... მოდიოდნენ ხმლით, ხიშტით, ჩექმით, მაცდური სიმდიდრით...
სისასტიკითა და ვერაგობით არც რუსეთის იმპერია ჩამორჩენია ისლამურ სამყაროს...
XIX ს. დასაწყისშივე გამოაჩინა თავისი ნამდვილი სახე ჩვენმა ,,უფროსმა ძმამ": - სამეფო ტახტი გაგვიუქმა, სახელმწიფოებრიობა მოგვიშალა, რიგით გუბერნიად გვაქცია, ავტოკეფალია წაგვართვა, ეკლესიებში ფრესკები შეგვითეთრა, წირვა-ლოცვა რუსულ ენაზე აღგვივლინა, ქართველისთვის გაუგებარი გახადა რუდუნებით გადარჩენილი დედა-რელიგია. XX ს. 20-30-იან წლებში ახლა უკვე ბოლშევიკურმა რუსეთმა აშკარად და დაუნდობლად, ცინიკურად და სიძულვილით დაიწყო მიზანმიმართული ბრძოლა მართლმადიდებლური საქართველოს წინააღმდეგ:
,,მე მამას მოვკლავ,
დავახრჩობ დედას,
რევოლუციამ თუკი მიბრძანა! ~
და ეცემოდა დედო-ზარები, ინგრეოდა ეკლესიები, ეწამებოდნენ და იხვრიტებოდნენ ჩვენი სულებისა და ქვეყნისთვის მლოცველი ღვთისმსახურები, იქმნებოდა იდეოლოგია, რომელიც აკნინებდა ყველაფერ ეკლესიურს, რელიგიურს, ტრადიციულს... და ამ ყოველივეს, ვაი, რომ გადაგვარებული ქართველის ხელით აკეთებდნენ! დიახ, გადაგვარებული ქართველი კომკავშირელები, კომუნისტები _ საგანგებო კომისიის (ЧК), სახელმწიფო პოლიტსამმართველოს (ГПУ), შინსახკომის (НКВД) თანამშრომლები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ,,ანტირელიგიური კამპანიის” გატარებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოში დაცული მასალები საშუალებას გვაძლევს გარკვეული წარმოდგენა შევიქმნათ იმ დროს არსებულ მძიმე ვითარებაზე. ჩვენ მიერ მოკრძალებულად შემოთავაზებული სტატია დღის შუქს ჰფენს იმ ,,საქმეებს", რომლებიც მშრალად გადმოსცემს ,,სამშობლოს მოღალატისა~ და ,,ხალხის მტრის~ _ სასულიერო პირების ,,დანაშაულებებსა~ და ბედ-იღბალს.
1923 წლის 3 ივნისს თბილისის ქართველი სამღვდელოების საინიციატივო ჯგუფმა განცხადებით მიმართა უმაღლეს ხელისუფლებას. ამ განცხადების პირველ ნაწილში ყურადღება გამახვილებულია იმ ღვაწლზე, რომელიც ქრისტიანობას მიუძღვის ქართველი ერის ისტორიაში:
,,ეკლესია შედუღებულ-შესისხორცებული იყო ჩვენი ერის სულიერ თუ ნივთიერ კულტურაში... სასულიერო თუ საერო მწერლობა, მწიგნობრობა, ყოველივე ესე ან სასულიერო პირთა შექმნილია, ან ქრისტიანობის ღრმა ზეგავლენით არის წარმოებული... ჩვენი ეკლესია, თვის სამღვდელოებით, დრო და ჟამის შესაფერათ ერთგულად სწევდა ერის და სამშობლო ქვეყნის საერთო ჭაპანს"...
მიმართვაში მინიშნებულია, რომ საქართველოში ეკლესია და სამღვდელოება ყოველთვის დიდი პატივით ეპყრობოდა სხვა სჯულის აღმსარებელს, არ დევნიდა და ავიწროებდა მას, რომ ჩვენში ,,ადამიანის სინდისის თავისუფლება მუდამ დაცული იყო..."
თუ ვინმე უღირსი გაერეოდა სასულიერო პირებში და ,,ეკლესიაშიც შემოჰქონდა თავისი გამხრწნელი ზეგავლენა... საქართველოს ეკლესია ებრძოდა ამ დუხჭირ მოვლენას, შეძლებისდაგვარად სცხრილავდა ის სამღვდელოებას ასეთი ელემენტებისაგან...
გრძნობენ რა თავიანთ განწირულ მდგომარეობას, ავტორები განცხადების დასკვნით ნაწილში ცდილობენ, დაარწმუნონ ,,ძლიერნი ამა ქვეყნისანი”, რომ ქრისტიანობა ,,შემაფერხებელი არ არის ქვეყნის და კაცობრიობის წინმსვლელობისა, პირიქით, ის მოგვიწოდებს, როგორც ზნეობრივ, ისე გონებრივ უსაზღვრო განვითარებაში” და სთხოვენ, ,,საბჭოთა ხელისუფლებამ მისცეს ქართველ სამღვდელოებას შესაძლებლობა თავისუფლად მოაწესრიგოს რელიგიური მოთხოვნილება მორწმუნე ერისა... ქვეყნის და კულტურის საკეთილდღეოდ ჩვენ გთხოვთ გარკვეულ და შესაფერ კანონმდებლობის ქვეშე გამოცხადებულ იქნას ჩვენი ეკლესია და მისი სამღვდელოება.
...სარწმუნოებრივი ორგანიზაცია ჩვენი სდგას და იდგება ყოველივე პარტიულ და პოლიტიკური მიმდინარეობის გარეშე, ლოიალურ მოქალაქეობრივ ცხოვრების გზაზე, _ საერთო სახელმწიფოებრივი კანონების წინაშე პასუხის მგებლობით”...
საგულისხმოა, რომ სასულიერო პირები უარს არ ამბობენ ეკლესიის მართვა-გამგეობაში სათანადო ცვლილებებზე, წმინდა წერილის მიხედვით საეკლესო წესების გამარტივებაზე, მაგრამ ეს მიმართვა ისევე, როგორც მრავალი სხვა, დარჩა ,,ქვად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა," ისევ იჭერდნენ, ისევ ხვრეტდნენ, ისევ ხურავდნენ...
ასე დაიხურა 1923 წლის გაზაფხულზე თელავის მაზრის ყველა ეკლესია. მიუხედავად იმისა, რომ მორწმუნენი ,,ურწმუნოთა რიცხვის შედარებით შეადგენენ შეუდარებელ უმრავლესობას, და რომლისთვისაც სამლოცველო სახლები საჭიროა მათ სარწმუნოებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფოლებლად,” ,,არამც თუ არ გახსნეს, არამედ ერთი ეკლესია, უძველესი და უძვირფასესი, რომელსაც ქართველი ერისთვის დიდი ისტორიული მნიშვნელობა აქვს, სრულებით დაცალეს და მისი ქონება სხვა ეკლესიაში გადაიტანეს, არ ვიცით იმ ეკლესიის შენობა რისთვის უნდათ..." _ ვკითხულობთ სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხა ცხაკაიასადმი გაგზავნილ თხოვნაში, _ ,,ასეთი უპატივცემლობა ადამიანის რწმენისადმი აღელვებს ხალხს, ამისთვის გთხოვთ გასცეთ განკარგულება, რათა თელავში გახსნან ყველა ეკლესიები, და ამით მისცეთ საშუალება მორწმუნეებმა შეასრულონ ღვთის მსახურება”...
ამ მიმართვას ხელს აწერს 765 კაცი.
რა თქმა უნდა, თელავის ეკლესიები არ გახსნილა...
არ გახსნილა არც სიღნაღის მაზრის დახურული ეკლესიები. აი, როგორ აღწერენ სოფელ აფენის მცხოვრებნი _ დარია შუბითიძე და ელენე აბესაძე სამრევლო ეკლესიის გაუქმების ამბავს: _ ,,მიტინგზე დასვეს საკითხი ამგვარად ,,ეკლესია, მღვდელი, ნათვლა გინდათ თუ არაო~?! ხალხმა სიტყვა ,,გინდაზე" ასწია ხელი _ ესე იგი გვინდაო, _ განაცხადა, ხოლო ,,არაზე~ _ დასწია. მიუხედავად ამისა მიტინგის ხელმძღვანელებმა დაიძახეს: ,,არ უნდათ, არ უნდათო~! და დღემდე დაკეტილია ჩვენი ეკლესია, ჩვენი შრომითა და ხარჯით აგებული...
ჩვენ არ შეგვიძლია უეკლესიოდ ან უმღვდლოდ ცხოვრება, _ ჩვენ ვასრულებთ მთავრობის ყოველივე კანონიერ მოთხოვნილებას, ოღონდD ნუ შეეხებიან ჩვენს რწმენას და სინიდისს...~
ასევე უყურადღებოდაა დარჩენილი მათხოჯის წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღოლის _ იღუმენია ქეთევანის მიმართვა საქართველოს რესპუბლიკის კომისართა საბჭოს თავმჯდომარისადმი, რომელიც თარიღდება 1923 წლის 3 მაისით.
მონასტერში ცხოვრობდა ოცდაათი მონაზონი, ამათგან თექვსმეტი _ მოხუცი და უმწეო. მონაზვნები თავს თავად ირჩენდნენ. ჭრა-კერვა, ქარგვა, ქსოვა მათი შემოსავლის მთავარი წყარო იყო ორმოცი წლის განმავლობაში. რადგან მონასტერი მაღალ და ,,კარგ ჰაეროვან" ადგილზე იყო, საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა საავადმყოფოს გახსნა. მონაზვნებს ქუჩა-ქუჩა მათხოვრობა დაემუქრათ. იღუმენი ქეთევანი სთხოვს ხელისუფალთ: _ ,,თუ მონასტრის დახურვა მთავრობას განუზრახავს პრინციპიალურის მოსაზრებით _ მაშინ რა ვქნათ შეველევით და დახურეთ ეკლესია, ხოლო ჩვენ კი დაგვტოვეთ ჩვენს ბინაში ან ყოველ შემთხვევაში საავათმყოფო თუ გაიხსნა ჩვენც იქ გვამსახურონ..."
რა ბედი ეწიათ მონაზვნებს, წარმოდგენა თქვენთვის მოგვინდვია...
იმერეთში, სოფელ როდინაულში მომხდარი ტრაგედია ერთ-ერთი ჩვეულებრივი ამბავი იყო იმ დროისათვის. ბოლშევიკებმა სოფლის ეკლესია გააუქმეს და გადააკეთეს თეატრად, მაგრამ მორწმუნეების დაჟინებული მოთხოვნით ეკლესიას პირვანდელი ფუნქცია დაუბრუნდა. საჭირო გახდა მისი ხელმეორედ კურთხევა, რისთვისაც 1924 წლის 30 ივლისს სოფლის საეკლესიო საბჭოს წევრმა ვლადიმერ მაღლაკელიძემ თხოვნით მიმართა ქუთათელ მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას. იერარქი სხვა საეკლესიო პირებთან ერთად 2 აგვისტოს ეწვია როდინაულს. მწუხრის და ცისკრის ლოცვის შემდეგ, დაახლოებით საღამოს 8-9 საათზე, სოფლის მღვდელ მამა დომენტი გიორგაძესთან ერთად მოსასვენებლად ესტუმრნენ ახლომოსახლე გლეხ მათე ჩუბინიძეს, სადაც დაგვიანების გამო ვახშმადქცეული სადილი გაიმართა.
რასაკვირველია, ეს ამბავი უყურადღებოდ არ დარჩებოდათ მავანთ. სოფელ სვირის რაიაღმასკომში სასწრაფოდ მივიდა ცნობა ,,როდინოულის თემში" ჩატარებული ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკომუნისტური ,,სერობის~ შესახებ. რეაქციამაც არ დააყოვნა. რაიაღმასკომის თავმჯდომარის მოადგილემ ამბერკი ჯუღელმა და რაიპარტკომის ინსტრუქტორმა გიგინეიშვილმა ოპერატიულად გაგზავნეს სვირის რაიმილიციის უფროსის მოადგილე ბარნაბა გედევანის ძე მაღლაკელიძე დავალებით: _ ,,წასულიყო, მოენახა მღვდლები, დაეპატიმრებინა და წარმოედგინა სვირის რაიაღმასკომში~.
იმ საღამოს მათე ჩუბინიძის სახლს მიადგნენ ხელისუფლების წარმომადგენლები: როდინაულის თემის საბჭოს თავმჯდომარე ხაჭაპურიძე, სვირის რაიმილიციის უფროსის მოადგილე მაღლაკელიძე, მილიციელები: უგრეხელიძე და ბურჯანაძე. დავალება წარმატებით იქნა შესრულებული: _ ,,მონახულ და დაპატიმრებულ~ იქნა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაზარი ლეჟავა, დეკანოზი გერმანე ჯაჯანიძე, დეკანოზი ვასილ დოლაბერიძე, დეკანოზი იერეთეოზ ნიკოლაძე, მღვდელი სიმონ მჭედლიძე, მღვდელი პოლიევტო ვარდოსანიძე, მღვდელი დომენტი გიორგაძე, პროტოდიაკონი ბესარიონ კუხიანიძე, მთავარდიაკონი ისიდორე სვანიძე, მოწაფე ნიკოლოზ ლეჟავა, მოწაფე არჩილ ლეჟავა (მიტროპილიტის ძმისშვილები).
აი, რას წერს დაკითხვის ოქმში 56 წლის მიტროპოლიტი: _ ,,...ჩემი საწოლიდან კვლავ ამაგდეს და გამაგდეს ზალაშიდ, საიდანაც კვლავ ცემა ტყეპით და შემდეგ მიჩვენა რაღაცა წითელი მელნით წარწერა რომლითაც მათ ევალებოდათ დაეპატიმრებიათ მღვდლები და არა მიტროპოლიტი და მღვდელ მთავარი, ამ საშინელი წამების შემდეგ მე დაღლილ დაქანცულს შეუძლებლათ მიმაჩნდა მათ გავყოლოდი, და ვფიქრობდი რომ ისინი მე დამატყვევებდნენ სახლშიდ, მაგრამ მათ მე სულ მთლად გაშიშვლებული პერანგის ამხანაგის სამარა ღამის პირველი საათი იქნებოდა დაახლოებით ძალით დამაწვინეს ურემზედ, შემიკრეს ხელ ფეხი ვით ბოროტ ავაზაკს, და საშინელი ურმის რაძგუნით და ტკივილების გრძნობით ღამითვე მიმიყვანეს ერთ სახლშიდ, რომელიც ბოლოს აღმოჩნდა აღმასკომის და იქ შემაგდეს როგორც პატიმარი ერთ პატარა ოთახშიდ: ჩვენება ესე ჩემს მიერ სისწორით ნაჩვენები და რომელიც წამიკითხა და შემდეგ ჩემს საკუთარ ხელს ვაწერ ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი~
დაპატიმრებულები, სულ თერთმეტი კაცი, თანდართული ოქმებით 1924 წლის 4 აგვისტოს გადაეგზავნენ ქუთაისის მაზრის პოლიტბიუროს.
მათ, რომლებიც განსაკუთრებით საშიშნი იყვნენ, რომლებმაც არ უარყვეს მღვდელმსახურება, კონტრრევოლუციური მიზნებისთვის არალეგალური შეკრებისა და ადგილობრივი ხელისუფლებისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, ქუთაისის პოლიტბიუროს საგანგებო სამეულის სხდომის 1924 წლის 1 სექტემბრის დადგენილებით, მიესაჯათ სასჯელის უმაღლესი ზომა _ დახვრეტა! დახვრეტილ იქნენ: მიტროპოლიტი ნაზარი ლეჟავა _ 56 წლის, დეკანოზი გერმანე ჯაჯანიძე _ 56 წლის, დეკანოზი იერეთეოზ ნიკოლაძე _ 59 წლის, მღვდელი სიმონ მჭედლიძე _ 60 წლის, პროტოდიაკონი ბესარიონ კუხიანიძე _ 53 წლის.
დანარჩენები ,,განთავისუფლებულ იქნენ დარაჯ ქვეშ ყოფნიდან.~ საქმე #590 დაიხურა და გადაეგზავნა საქართველოს საგანგებო კომისიას არქივში ჩასაბარებლად.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით მიტროპოლიტ ნაზარსა და მასთან ერთად დაპატიმრებულ სასულიერო პირებს არა თუ სიკვდილით დასჯა, არამედ ხანგრძილივი პატიმრობაც არ შეიძლებოდათ შეფარდებოდათ, უბრალოდ, 1924 წლის აგვისტოში დაიწყო დიდი აჯანყება, რომელსაც მოჰყვა საშინელი ანგარიშსწორება, სწორედ ამ დროს გადაწყდა მიტროპოლიტ ნაზარისა და მასთან ერთად დაპატიმრებულების სიკვდილით დასჯა. მათი საქმე განაჩენის გამოსატანად გადაეცა სწორედ იმ სამეულს, რომელიც 1924 წლის აგვისტოს აჯანყებულებს ასამართლებდა!
1994 წ. მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა ბოლშევიკური რეჟიმის მიერ დახვრეტილი მიტროპოლიტი ნაზარი წმინდანთა დასში შერაცხა წმინდა მღვდელმოწამე ნაზარის სახელწოდებით. მისი ხსენების დღეა 27 აგვისტო.