ბრიტანულმა ბანკმა “ბერკლიმ” რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფუძნებული საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო “Россия сегодня-ს” საბანკო ანგარიში დაუხურა და ანგარიშის შესახებ ინფორმაციაზე წვდომა შეუზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჰოლდინგ “Россия сегодня-ში” შემავალი რუსული სააგენტო “რია ნოვოსტი” ავრცელებს.
როგორც “რია ნოვოსტი” იუწყება, ბრიტანულმა ბანკმა “Россия сегодня-ს” ანგარიშის დახურვის არგუმენტაცია და ოფიციალური განმარტება არ წარუდგინა.
“რია ნოვოსტი” ბანკთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ბრიტანეთის სახაზინო სამსახურმა სანქცირებულ პირთა სიაში შეიყვანა “Россия сегодня-ს” გენერალური დირექტორი დმიტრი კისილიოვი, რაც შეიძლება, თავის მხრივ, “Россия сегодня-ს” ანგარიშის დახურვისა და ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვის მიზეზი გამხდარიყო.
2015 წლის ივნისში საფრანგეთისა და ბელგიის სასამართლოებმა დააყადაღეს რამდენიმე მსხვილი რუსული კომპანიის ქონება და საბანკო ანგარიშები. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ფედერაციას ნავთობკომპანია “იუკოსის” ყოფილი აქციონერებისთვის 50 მილიარდი აშშ დოლარის გადახდა დააკისრა.
დასავლეთის სახელმწიფოებმა, მათ შორის აშშ-მ და კანადამ 2014 წლის აპრილიდან უკრაინაში წამოწყებული სამხედრო კონფლიქტის გამო რუსეთის ფედერაციის თანამდებობის პირებისა და რუსული სახელმწიფო კომპანიების მიმართ სანქციები აამოქმედეს, სანქცირებულთა სია კი პერიოდულად ფართოვდებოდა.