საქართველოს ხელისუფლებას არ ყოფნის გამბედაობა, რათა რუსეთთან დიალოგი უფრო მაღალ დონეზე აწარმოოს, მიიჩნევს დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტოს "რია ნოვოსტი” წერს.
“ამის მზაობა რომ ყოფილიყო, მსგავსი შეხვედრა უკვე შემდგარი იქნებოდა, რადგან ვლადიმერ პუტინმა პრაქტიკულად 2-3-ჯერ განაცხადა, რომ რუსეთის მხარე მზად არის საქართველოს ხელისუფლებასთან მაღალ დონეზე შეხვედრის გასამართად”, - თქვა ნინო ბურჯანაძემ.
“რია ნოვოსტის” ცნობით, ბურჯანაძემ ასევე განაცხადა: “მე მგონია, რომ ჩვენს ხელისუფლებას, უბრალოდ, არ ყოფნის სიმამაცე, რათა გადადგას ეს ნაბიჯი, არადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაღალ დონეზე გამართული დიალოგის გარეშე ძალიან რთული იქნება იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც დაგროვდა რუსულ-ქართულ ურთიერთობებში”
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, რის შემდეგაც საქართველომ მასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. ამჟამად საქართველო-რუსეთის ურთიერთობები ჟენევის დისკუსიის ფარგლებში შემოიფარგლება აბაშიძე-კარასინის რეგულარული შეხვედრებით, რომელიც პრაღაში იმართება.