ოპერაცია „ჩეჩევიცა“: საბჭოთა კავშირის უდიდესი მასობრივი ეთნიკური დეპორტაციის ისტორია

17 სექტემბერი 2020 Shadow

სტატია მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია, Команда 29 - ის მიერ.
ტექსტი: დიმიტრი შაბელნიკოვი, რედაქტორი: ტატიანა ტოროჩეშნიკოვა, ილუსტრაციები: ალინა კუგუშევა.
თარგმანი: ანტონ ვაჭარაძე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
სტატიის ორიგინალს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: https://team29.org 

სტატია ქვეყნდება ავტორების თანხმობით, მცირედი დამატებით.

 

76 წლის წინ დაიწყო საბჭოთა კავშირის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეთნიკური დეპორტაცია. ჩეჩნები და ინგუშები ძალის გამოყენებით გადაასახლეს ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკიდან ყაზახეთსა და ყირგიზეთში. ნახევარი მილიონი ადამიანის გასასახლებლად სტალინსა და ბერიას დასჭირდათ სულ რაღაც ორი კვირა. ოპერაციას კოდური სახელით - „ჩეჩევიცა“, ათიათასობით ადამიანი ემსხვერპლა - ნაწილი გზაში დაიღუპა, დანარჩენი კი სპეციალური გადასახლების ადგილებში, ურთულესი საცხოვრებელი პირობების გამო. მოგითხრობთ, თუ როგორ გაანადგურა საბჭოთა ხელისუფლებამ ჩეჩნების თითქმის 1/3 და თუ როგორი ვითარებაა დღესდღეობით დეპორტაციის ხსოვნის კუთხით.

 

ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (ასსრ)

მოკლედ: 1944 წლის 23 თებერვალს დაიწყო ჩეჩნების და ინგუშების მასობრივი გადასახლების ოპერაცია ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ ტერიტორიიდან. თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი ჩასხეს სატვირთო ვაგონებში და გაიყვანეს ყაზახეთსა და ყირგიზეთში, ნება დართეს თან წაეღოთ მხოლოდ აუცილებელი საჭიროების ნივთები. მთელ ოპერაციას დასჭირდა ორ კვირაზე ოდნავ მეტი. საბჭოთა ხელისუფლების ოფიციალური ვერსიით, დეპორტაციის მიზეზი გახდა ჩეჩნების მიერ გერმანელების მხარდაჭერა მეორე მსოფლიო ომის დროს. თავად ავტონომიური რესპუბლიკა დაანაწევრეს და შეუერთეს მეზობელ რესპუბლიკებს.

 

„აცრემლდა, თუმცა თავი ხელში აიყვანა“

1943 წელს, ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ მთელ ტერიტორიაზე შეკრება დაიწყეს ჯარის ნაწილებმა და შინსახკომის (НКВД) თანამშრომლებმა. ოფიციალური მონაცემებით - მასშტაბური წვრთნების მიზნით. „ადგილობრივი მოსახლეობა იჩენს ცნობისმოყვარეობას მათ დასახლებულ პუნქტებში სამხედრო ნაწილების გამოჩენის გამო“ - იტყობინებოდნენ მოხსენებით ბარათში შინსახკომის ხელმძღვანელ ბერიას მოადგილეები, ბოგდან ქობულოვი და ვასილი ჩერნიშევი. „ზოგიერთი მოსახლე ამტკიცებს, რომ წითელარმიელები აქ ჩამოვიდნენ ჩეჩნების გასასახლებლად“.

მოსახლეობის დასამშვიდებლად სამხედრო ნაწილებმა ჩაატარეს ტაქტიკური წვრთნები და სროლები (ისინი ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით წინასწარ გააფრთხილეს). ზოგიერთი სამხედრო ნაწილი კოლმეურნეობებს ეხმარებოდა მარცვლეულის განთავსებაში, გარდა ამისა გარნიზონებში აწყობდნენ კინოსეანსებს და კონცერტებს ადგილობრივებისთვის.

პარალელურად კი მიდიოდა მზადება მასშტაბური დეპორტაციისთვის. თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტმა შინსახკომს (НКВД) დაავალა ხალხის ტრანსპორტირება ყაზახეთსა და ყირგიზეთში, ხოლო სხვა უწყებებს - მოემზადებინათ ეშელონები, მოეწყოთ სანდამუშავების საგზაო წერტილები და შეექმნათ მიმღები პუნქტები ჩეჩნებისთვის ჩამორთმეული  საქონლისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების მისაღებად.

სპეცოპერაციის ხელმძღვანელად დაინიშნა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი - ლავრენტი ბერია. 1944 წლის 29 იანვარს მან დაამტკიცა „ინსტრუქცია ჩეჩნებისა და ინგუშების გასახლების შესახებ“.

თავდაპირველად დეპორტაციის შესახებ აცნობეს ჩეჩნეთის და ინგუშეთის ასსრ რამდენიმე ადგილობრივ ხელმძღვანელ პირს. მათ დააკისრეს მთავრობის გადაწყვეტილების გაცნობა მოსახლეობისთვის. ხოლო რესპუბლიკის პარტიულ და საბჭოთა მუშაკებს დაავალეს 2-3 ადამიანის შერჩევა ყოველ დასახლებულ პუნქტში, რომლებიც ოპერაციის დაწყებისას ადგილობრივი მამაკაცებისგან შემდგარ კრებას გააცნობდნენ მთავრობის გადაწყვეტილებას.

გარდა ამისა ბერია პირადად გაესაუბრა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ყველაზე გავლენიან უმაღლეს სასულიერო ლიდერებს, რომელთაც ასევე შესთავაზა ეწარმოებინათ აგიტაცია სხვა სასულიერო პირებისა და მოლების მეშვეობით მოსახლეობასთან.

1944 წლის 17 თებერვალს ბერია სტალინს უგზავნის ტელეგრამას, რომელშიც აცნობებს, რომ გასახლებისათვის მზადება დასასრულს უახლოვდება.

20 თებერვალს ის მოადგილეებთან ერთად ჩავიდა გროზნოში, რათა პირადად ეხელმძღვანელა ოპერაციისთვის. ისტორიკოსების შეფასებით, ოპერაციაში მონაწილეობას იღებდა НКВД, НКГБ და „СМЕРШ“-ის 19 ათასამდე ოპერმუშაკი და НКВД-ს 100.000-მდე ოფიცერი და მებრძოლი.

22 თებერვალს ბერია შეხვდა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ ხელმძღვანელობას. სტალინს ამის შესახებ მან ამგვარად აცნობა: „მე გამოვიძახე სოვნარკომის მოადგილე მოლაევი, რომელსაც გავაცანი ხელისუფლების გადაწყვეტილება ჩეჩნების და ინგუშების შესახებ და მოტივები, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას. მოლაევი ჩემი საუბრის შემდეგ აცრემლდა, თუმცა თავი ხელში აიყვანა და დამპირდა შეესრულებინა ყველა დავალება, რომელსაც მას მივცემდით გადასახლებასთან დაკავშირებით“.

23 თებერვალს, ადგილობრივი დროით 02:00 საათზე დაიწყო ოპერაცია „ჩეჩევიცა“.

 

 

 

მამის კალთას ამოფარებული შვილები

გადასახლების ოპერაცია მომზადდა ექსკლუზიურად ეთნიკური ნიშნით. ის შეეხო ჩეჩნებსა და ინგუშებს, რომლებიც „დეპორტაციის მომენტში ბინადრობდნენ ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ ტერიტორიაზე, ასევე მოსაზღვრე რაიონებში“.

ზემოაღწერილი მიდგომა ბადებდა ორ შეკითხვას: რა უნდა მოემოქმედებინათ შერეული ოჯახების შემთხვევაში და რა გადაწყვეტილება მიეღოთ ვაინახების (ჩეჩნების, ინგუშების და ჩრდილო კავკასიის მცირე ხალხების თვითშერქმეული სახელი) შემთხვევაში, რომლებიც ფიზიკურად არ  იმყოფებოდნენ ავტონომიურ რესპუბლიკაში. მეორე შემთხვევაში საქმე ეხებოდა სამხედროებს და პატიმრებს,  ამ ორივე ჯგუფში შემავალი ადამიანების რიცხვი 1944 წლისთვის საკმაოდ მაღალი იყო.

ბერიას მიერ 29 იანვარს ხელმოწერილ ინსტრუქციაში მითითებული იყო, რომ ჩეჩენი და ინგუში ქალები, რომლებიც იმყოფებოდნენ ქორწინებაში სხვა ეროვნების მამაკაცებთან არ ექვემდებარებოდნენ დეპორტაციას. რუსი ეროვნების ქალები, რომლებიც იყვნენ ჩეჩნების და ინგუშების ცოლები - ექვემდებარებოდნენ გადასახლებას საერთო წესებით (თუმცა მათ შეეძლოთ გადასახლებამდე განქორწინება).  ბავშვები, მიყვებოდნენ მამებს, ვინაიდან სხვა დაზუსტებები ამასთან მიმართებით ინსტრუქციაში მოცემული არ იყო.

დეპორტაციამდე დაიწყეს ვაინახების დემობილიზაცია წითელი არმიიდან. მათ  განუსაზღვრეს ალმა-ათაში გადაყვანა და ყაზახეთის სსრ НКВД-ს სპეცდასახლებების განყოფილების დაქვემდებარებაში გადასვლა.[1] 1944 წელს ჯამში დემობილიზაციას დაექვემდებარა 710 ოფიცერი, 1696 სერჟანტი და 6488 ჯარისკაცი.

ჩეჩნები და ინგუშები, რომლებიც დეპორტაციის დროს ბანაკში იხდიდნენ სასჯელს, გათავისუფლების შემდეგ ასევე გადადიოდნენ ყაზახეთის სსრ НКВД-ს სპეცდასახლებების განყოფილების დაქვემდებარებაში. ასეთი ყოფილი პატიმრების რაოდენობამ ოპერაცია „ჩეჩევიცას“ მიმდინარეობისას შეადგინა - 16.000.

თან შეიძლებოდა ტანსაცმლის, წვრილი საყოფაცხოვრებო ნივთების, ინვენტარის და   მარცვლეულის წაღება - თითო ოჯახზე 500 კილოგრამის ოდენობით. სხვა ყველაფერი უნდა ჩაებარებინათ და გადაეცვალათ  ქვითრებში, რომლითაც უკვე ადგილზე გამოუყოფდნენ მარცვლეულსა და საქონელს.

 

„დილით მოვიდნენ, წაიყვანეს ყველა მამაკაცი სახლიდან - თითქოსდა შეკრებაზე. გაიყვანეს სოფლის განაპირას, სადაც მათ იარაღიანმა ჯარისკაცებმა შემოარტყეს ალყა, ჯარისკაცების ნაწილმა კი სახლებში ჩამოვლა დაიწყო. ქალებს და ბავშვებს უნდა შეეგროვებინათ ნივთები - ის, რისი წამოღებაც ხელით შეიძლებოდა, პატარა ტომარა. საჭმელიც ამავე ტომარაში უნდა ყოფილიყო და მეტი არაფერი. ყველანი ჩასხეს ავტომანქანებში. როდესაც მთელი სოფელი შეკრიბეს, კაცები ოჯახებთან გაუშვეს და ყველანი ერთად წაიყვანეს რკინიგზის სადგურზე გუდერმესში. ყველანი ჩასხეს სატვირთო ვაგონებში.“ იიუბ ტიტიევი, ჩეჩენი უფლებადამცველი, გროზნოს “მემორიალის“ ყოფილი ხელმძღვანელი.

 

დეპორტირებულების სახლებში განსაზღვრული იყო  მაცხოვრებლების ჩასახლება მეზობელი რეგიონებიდან და ცენტრალური რუსეთიდან, რისთვისაც მათ დაუწესეს შეღავათები: სახელმწიფო ვალების ჩამოწერა, 1 წლით გადასახადებისგან გათავისუფლება, ფულადი დახმარება, სამშენებლო მასალებით მომარაგება და უფასო მგზავრობა.

ტერიტორიების დასახლება მიმდინარეობდა გარდამავალი წარმატებით. მაისის შუა რიცხვებში ჩეჩნეთში ჩასახლებულთა საერთო რაოდენობამ შეადგინა გადასახლებული ვაინახების 40%. 50-იანი წლების დასაწყისამდე დაღესტნის მთიანი რეგიონებიდან ჩამოასახლეს 65.000 ადამიანი, მათ შორის 50.000 გროზნოს ოლქის ვაკე ადგილებში. ამან და რესპუბლიკის ტერიტორიაზე საერთო სიტუაციამ შემდგომში გამოიწვია სასოფლო-სამეურნეო სამუშაოს ჩაშლა, ეპიდემიები და შიმშილი.

 

„ღალატობდნენ რა სამშობლოს, გადადიოდნენ ფაშისტი ოკუპანტების მხარეს“

1944 წლის 7 მარტს, ოპერაცია „ჩეჩევიცას“ დასრულებისთანავე, საბჭოთა ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ბრძანებულება,  სადაც ხსნიდა დეპორტაციის მიზეზებს.

მთავრობის ვერსიით, სამამულო ომის დროს ჩეჩნები და ინგუშები „გადადიოდნენ ფაშისტი ოკუპანტების მხარეს, ღალატობდნენ რა სამშობლოს, გერმანელების მითითებით ქმნიდნენ შეიარაღებულ ბანდებს საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ, ასევე, ხანგრძლივი დროის მანძილზე, არ იყვნენ დაკავებული პატიოსანი შრომით ახდენდნენ ბანდიტურ თავდასხმებს მეზობელი ოლქების კოლმეურნეობებზე, ძარცვავდნენ და კლავდნენ საბჭოთა ხალხს“.

საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა დაადგინა გაესახლებინათ ყველა ჩეჩენი და ინგუში, რომლებიც ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ ტერიტორიაზე ცხოვრობდა,   თავად რესპუბლიკა კი ლიკვიდირებულ იქნა.

ამასთან, არანაირი ფაქტი, რომელიც დაადასტურებდა რომელიმე ერის მასობრივ გადასვლას ნაცისტების მხარეს არ არსებობდა. კოლაბორაციის ცალკეული შემთხვევები იკვეთებოდა ნებისმიერ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მაცხოვრებელ ერთან, გარდა იმ ერებისა, რომლებიც ფრონტიდან ათასობით კილომეტრით იყო დაშორებული.

მეტიც, ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ არ ყოფილა ოკუპირებული მეორე მსოფლიო ომის დროს - თუ არ ჩავთვლით ხანმოკლე პერიოდს. „კავკასიისთვის ბრძოლის“ მიმდინარეობისას, 1942 წლის სექტემბერში გერმანულმა ძალებმა მიაღწიეს მოზდოკამდე, ორჯონიკიძემდე (ვლადიკავკაზი), მოახდინეს თერგის ფორსირება და დაიპყრეს მალგობეკი (ამჟამად ინგუშეთი). თუმცა უკვე შემდეგი წლის იანვრის დასაწყისში, ინგუშეთის მცირე ოკუპირებული ნაწილი საბჭოთა ჯარისკაცებმა გაათავისუფლეს. რთულად წარმოსადგენია, რომ ამ სამ თვეში მოსახლეობაში კოლაბორაციონიზმს ღრმად გაედგა ფესვები.

ჩეჩნები და ინგუშები დიდი ხანია იწვევდნენ გაღიზიანებას საბჭოთა ხელისუფლებაში - ანტისაბჭოთა გამოსვლების გამო, რომელსაც ნამდვილად ჰქონდა ადგილი რესპუბლიკაში  20-30-იან წლებში - თუმცა დეპორტაციის ოფიციალური განმარტება ვერ უძლებდა ვერანაირ კრიტიკას.

საბჭოთა ხელისუფლების სიფრთხილე შესაძლოა გასაგები ყოფილიყო 1942 წლის სექტემბერში, როდესაც ფრონტი რესპუბლიკას მიუახლოვდა, მაგრამ 1944 წლის თებერვლის ბოლოს გერმანული არმიის დანაყოფები უკვე დნეპრის უკან იყვნენ დახეული.

7 მარტის ბრძანებით, განხორციელდა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ს ლიკვიდაცია. სანაცვლოდ შეიქმნა გროზნოს ოლქი, რომელიც მალე გახდა დამოუკიდებელი ერთეული რუსეთის საბჭოთა სოციალისტური ფედერაციის შემადგენლობაში. მის შემადგენლობაში შევიდა ყიზლარის ოლქი და ნაურის რაიონი, რომელიც ადრე სტავროპოლის მხარის შემადგენლობაში შედიოდა. რესპუბლიკის აღმოსავლეთით მდებარე მთიანი რაიონები გადავიდა დაღესტნის ასსრ შემადგენლობაში, დასავლეთი - ქალაქ მაგოლბეკი და მიმდებარე ნაყოფიერი მიწები - ჩრდილო ოსეთის ასსრ შემადგენლობაში, ხოლო სამხრეთი - გახდა საქართველოს სსრ ნაწილი[2].

 

გზა

მოკლედ: გზას დასჭირდა დაახლოებით 2 კვირა. სატვირთო ვაგონებში სივიწროვე იყო, საჭმელს არ იძლეოდნენ. გზაში მრავალი დაიღუპა სისუსტით და შიმშილით. გზაში ჯამში ოფიციალური მონაცემებით დაიღუპა 2000-ზე მეტი ადამიანი.

 

23 თებერვალი. ბერია - სტალინს:

დღეს, 23 თებერვალს გამთენიისას დავიწყეთ ჩეჩნების და ინგუშების გასახლების ოპერაცია. პროცესი მიმდინარეობს ნორმალურად. რაიმე ყურადსაღები შემთხვევები არ გამოვლენილა. 6 შემთხვევაში ადგილი ჰქონდა წინააღმდეგობას ცალკეული პირებისგან, რაც აღიკვეთა დაკავებით ან იარაღის გამოყენებით. ოპერაციასთან დაკავშირებით ასაყვან პირებს შორის დაკავებულია 842. დილის 11 საათისთვის უკვე გაყვანილ იქნა 94.741 ადამიანი, ანუ 20%-ზე მეტი ვინც ექვემდებარებოდა გასახლებას. მათგან 20.023 უკვე განთავსდა  ვაგონებში.

24 თებერვალი. ბერია - სტალინს:

„დასახლებული პუნქტებიდან გაყვანილია 333.739 ადამიანი, მათ შორის 176.950 განთავსდა სარკინიგზო ეშელონებში. 23 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში მთელი რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოვიდა ჭარბი თოვლი, რის გამოც შეიქმნა დაბრკოლებები ხალხის გადაყვანაში, განსაკუთრებით კი მთიან რაიონებში.“

29 თებერვალი. ბერია - სტალინს:

„ვაგონებში განთავსდა 478.479 ადამიანი, მათ შორის 91.250 ინგუში და 387.229 ჩეჩენი. შეივსო 177 ეშელონი, რომელთაგან 159 უკვე გაემგზავრა დანიშნულების ადგილას. დღეს გაიგზავნა ეშელონი ყოფილი ხელმძღვანელი პირებით და რელიგიური ავტორიტეტებით, რომლებიც ჩვენ გამოვიყენეთ ოპერაციის ჩატარებისას. ოპერაციამ ჩაიარა ორგანიზებულად, წინააღმდეგობის და სხვა სერიოზული ინციდენტების გარეშე.“

 

ბერია ატყობინებს სტალინს, რომ ოპერაციამ ჩაიარა სერიოზული ინციდენტების გარეშე - თუმცა მწირი საარქივო დოკუმენტებიდან ცნობილია, რომ „ინციდენტებს“ მაინც ჰქონდა ადგილი. ზოგიერთ რაიონში, ძირითადად მთიანეთში ადგილი ჰქონდა ჯვარედინ სროლას ადგილობრივებსა და ჯარისკაცებს შორის. დეპორტაციის შემდეგ, გალანჩოჟის რაიონში ჯარისკაცებმა, როგორც მოხსენებიდან ჩანს დაუშვეს რევოლუციური კანონიერების დარღვევის მთელი რიგი უხეში ფაქტები, თვითნებურად დახვრიტეს დარჩენილი ჩეჩნები - მოხუცი ქალები, ავადმყოფები, ხეიბრები,  ისინი ვინც ვერ გადაიტანდნენ ტრანსპორტირებას.

НКВД-ს კონვოის ჯარების უფროსი ბოჩკოვი ბერიას მოხსენებაში ატყობინებდა, რომ რესპუბლიკის ტერიტორიიდან გაიგზავნა 180 ეშელონი, თითო 65 ვაგონით, საერთო ჯამში 463.269 ადამიანით. საშუალოდ 2740 ადამიანი თითო ეშელონში.

 

„ზრდასრულმა მამაკაცებმა ვაგონებში მოაწყვეს ტუალეტის კუთხე. თუმცა ჩეჩენი ქალებიდან ძალიან ბევრი დაიხოცა შარდის ბუშტის გახეთქვით. მათ არ შეეძლოთ თავიანთი ზნეობრივი შეხედულებების დაძლევა და სხვა ხალხის თვალწინ ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება.“ რუსლან კუტაევი, ჩეჩენი საზოგადო მოღვაწე, კავკასიის ხალხთა ასამბლეის ხელმძღვანელი.

 

ეშელონები გზაში იმყოფებოდნენ 9-დან 23 დღემდე, საშუალოდ - 16 დღე. დანიშნულების ადგილას ჩავიდა 180 ეშელონი, რომელშიც იყო 491.748 ადამიანი. როგორც მოხსენებიდან ჩანს, გზაში „დაიბადა 56 ახალშობილი, სამკურნალოდ გადაიყვანეს - 285, გარდაიცვალა 1.272 ადამიანი, რაც დაახლოებით 1000-ზე 2,6 ადამიანს უდრის“.[3]

 

„ყველა, ვისთანაც მე მისაუბრია ყვებოდა, რომ ჩავიდა მხოლოდ 2/3. უფრო სწორად „ჩავიდა“ არასწორი ნათქვამია, 1944-1945 წლებში მთელი მოსახლეობიდან გადარჩა 2/3. გზაში კვდებოდნენ შიმშილით და სიცივით. სადგურებზე ოფიცრები აჩერებდნენ, თოვლს გაქექავდნენ და ტოვებდნენ მიცვალებულებს.“ იიუბ ტიტიევი, ჩეჩენი უფლებადამცველი, გროზნოს “მემორიალის“ ყოფილი ხელმძღვანელი.

 

სიკვდილიანობის მიზეზებში ბოჩკოვი ასახელებს გადასახლებულთა „მხცოვან ან მცირე ასაკს“, ქრონიკულ დაავადებებს და ფიზიკურ სისუსტეს გამოწვეულს სხვადასხვა სენით. გარდა ამისა, გადასახლებულები ავადდებოდნენ ტიფით - ბოჩკოვი იშველიებს მონაცემებს, რომ 35 ეშელონს სულ ჩახსნეს 70 ვაგონი (2896 ადამიანი) „დაავადებულთა გამოსაყვანად და სანიტარული დამუშავების მიზნით“.

 

ყაზახეთი და ყირგიზეთი

მოკლედ: ჩეჩნები და ინგუშები ყაზახეთსა და ყირგიზეთში გააგზავნეს „სამუდამოდ“. ბევრი ოჯახი დაანაწევრეს ისე, რომ ოჯახის  წევრებს ერთმანეთის ნახვა არ შეეძლოთ - გადასახლებულებს ეკრძალებოდათ საცხოვრებელი ადგილის დატოვება სპეციალური ნებართვის გარეშე. გაქცევა ისჯებოდა კატორღით. გადასახლებულთათვის სამუშაო ადგილები თითქმის არ იყო, ოჯახებს უწევდათ თვითგადარჩენა - ნივთების, სახლის, საკვების გარეშე, პატარა ბავშვებთან ერთად. გარდა ამისა, ვაინახებს მოსდიოდათ შეტაკება ადგილობრივებთან, რომლებიც ასევე არ ცხოვრობდნენ უკეთ. გადასახლების პირველ წლებში ჩეჩნებს და ინგუშებს შორის სიკვდილიანობა ძალიან მაღალი იყო  - მკვლევრები მიიჩნევენ, რომ დაიღუპა გადასახლებულთა მესამედი.

ჩამოსახლებულები გაანაწილეს ყაზახეთის ყველა ოლქში (ორი უკიდურესი დასავლეთ ოლქის გარდა) და ყირგიზეთის ხუთი ოლქიდან სამში - ანუ ძალიან დიდ ტერიტორიაზე. თავდაპირველად ისინი უნდა ჩაესახლებინათ კოლმეურნეობის ცარიელ შენობებში, მეურნეობებში და დაწესებულებებში, ასევე უნდა „გაემსხვილებინათ“ ოჯახები.

ჩამოსახლებულთა აღრიცხვას ეწეოდა НКВД-ს სპეცკომენდატურა. ჩასახლების ადგილიდან გასვლა აკრძალული იყო - ეს აღიქმებოდა როგორც გაქცევა და იწვევდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას: 20 წლიან კატორღას. გაქცეულების შეფარებისთვის კი 5 წლიანი სასჯელი იყო გათვალისწინებული.

გადასახლებულები მაინც ცდილობდნენ გაქცევას. 1944 წლის 15 ნოემბერს გამოიცა სპეცგადასახლების განყოფილების უწყისი, რომელშიც ეწერა, რომ „დასახლების დღიდან“ 1 ოქტომბრამდე (დაახლოებით 7 თვე) გაიქცა დაახლოებით 16.000 ადამიანი, რომელთაგან 2.600 კვლავ იძებნებოდა.

გადასახლებულებს ეძლეოდათ სესხი 5000 რუბლის ოდენობით სახლის მშენებლობისთვის 7 წლის ვადით. მაგრამ ბიუროკრატიული პრობლემების გამო, ეს თანხები გაიცემოდა დიდი დაყოვნებითა და შეფერხებებით.

პრაქტიკაში კი ტრანსპორტირების საშინელი პირობებით გადაღლილი გადასახლებულები, რომლებიც ჩვეულ ცხოვრების წესსა  და საკუთარ მიწას მოსწყვიტეს ხშირად ვარდებოდნენ უკიდურეს გაჭირვებაში. არ იყო ნორმალური საცხოვრებელი ადგილი, საჭმელი, თბილი ტანსაცმელი, სამედიცინო დახმარება და სამსახური. ამის შესახებ სახელმწიფოებრივი არქივებიდანაც კი ცნობილია.

1944 წლის 6 ოქტომბერს ყაზახეთის ცენტრალური კომიტეტის სახალხო კომისარმა პარტიულ ორგანოებში დააგზავნა ტელეგრამა, რომელშიც მათ შორის აღნიშნული იყო „გადასახლებულთა უკიდურესად არასახარბიელო მდგომარეობა“. ისინი აგრძელებდნენ ცხოვრებას სამეურნეო ნაგებობებში, კლუბებში და სხვა შენობებში, რომლებიც სრულად გამოუსადეგარი იყო ზამთარში, ისინი სნებოვნდებოდნენ პედიკულოზით - ტილებით, რაც საბოლოო ჯამში იწვევდა მრავალ დაავადებას.

1944 წლის ბოლოს საქონელი გაიცა ოჯახების 82%-ზე, თუმცა პრაქტიკულად არ არსებობდა ცხოველების საკვები, ასევე შიმშილის გათვალისწინებით უწევდათ საქონლის დაკვლა

 

„ოჯახში, რაც თავი მახსოვს ყველა წევრი და ნათესავი ლაპარაკობდა დეპორტაციაზე. მეხსიერებაში ეს ისე ძლიერ ჩამებეჭდა, თითქოს მეც მათთან ერთად ვიყავი დეპორტირებული, ყველაფერს ვხვდებოდი და ვაცნობიერებდი. ჩემებს ოდნავ უფრო გაუმართლა - თუმცა იყვნენ ადამიანები, რომელსაც უბრალოდ ჩამოსვამდნენ სტეპებში და ბედის ანაბარა ტოვებდნენ.“ რუსლან კუტაევი, ჩეჩენი საზოგადო მოღვაწე, კავკასიის ხალხთა ასამბლეის ხელმძღვანელი.

 

ზემოაღწერილმა სიდუხჭირემ და უკიდურესმა გაჭირვებამ   გამოიწვია უზარმაზარი ადამიანური დანაკარგები ჩეჩნებსა და ინგუშებს შორის. არ არსებობს სტატისტიკური მონაცემები კონკრეტულად მათ სიკვდილიანობაზე, თუმცა არის ზუსტი მონაცემები ყველა გასახლებული ჩრდილოკავკასიელი ერის შესახებ. 1945 წელს მოსახლეობის კლებამ (დაბადების და გარდაცვალების სხვაობა) შეადგინა 42.000 ადამიანი უარყოფითი ნიშნულით; 1946 წელს - 10.000, 1947 და 1948 წლებში - 4.000.

მხოლოდ 1949 წელს დაიწყო დაბადებულთა რიცხოვნობის ზრდა და გაუსწრო გარდაცვლილთა რაოდენობას.  შესაბამისად, დეპორტაციის გამო გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი შეგვიძლია შევაფასოთ მხოლოდ მიახლოებით, რომელიც მერყეობს 90.000-145.000 ადამიანის ფარგლებში.

 

„მე იქ ბაბუა მომიკვდა. ის მხოლოდ 49 წლის იყო. ძალიან ჯანმრთელი კაცი იყო, თითქმის 2 მეტრი სიმაღლის, ძალიან ძლიერი - თუმცა მოკვდა. ჩვენი გვარიდან ყაზახეთში მიწას მივაბარეთ 6 თუ 7 ახალგაზრდა.“ რუსლან კუტაევი, ჩეჩენი საზოგადო მოღვაწე, კავკასიის ხალხთა ასამბლეის ხელმძღვანელი.

 

ძნელი იყო დეპორტირებულებისთვის საერთო ენის გამონახვა ჩინოვნიკებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთანაც. რესპუბლიკის ხელმძღვანელობა იღებდა არაერთ შეტყობინებას ჩეჩნებისა და ინგუშების მიმართ ადგილობრივთა აგდებულ მოპყრობაზე, ინფორმაციას მათი დაცინვის და ცემის შესახებ. კიდევ ერთი დიდი პრობლემა იყო ოჯახების დაყოფა - მხოლოდ ჩრდილოეთ ყაზახეთის ოლქში დაანაწევრეს 1000-მდე ოჯახი.

დანაშაულებს და დარღვევებს ყაზახეთსა და ყირგიზეთში გადასახლებულები უმეტესად გამოუვალი და უსასოო მდგომარეობის გამო სჩადიოდნენ. ყველაზე გავრცელებული დანაშაული იყო საქონლის დაკვლა, საკვები პროდუქტების მოპარვა და საცხოვრებელი ადგილის თვითნებურად დატოვება.

ხდებოდა ეთნიკური კონფლიქტები ვაინახებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის - ყაზახეთში განსაკუთრებით ბევრი იყო გადასახლებულები და ე.წ. „დავერბოვკებულები“, ხალხი რომლებიც სამშენებლო სამუშაოებზე იყვნენ ჩაყვანილი.

 

„რამდენადაც გამიგია, ადგილობრივი მოსახლეობა მტრულად იყო ჩვენი გადასახლებულების მიმართ განწყობილი. ამბობდნენ, რომ მოდიან კაციჭამიები, ვიღაც ცხოველები. ისინი შემდგომში ჩვენებს ეუბნებოდნენ რომ მათ ასე ჩააგონეს. ბევრმა ჩამოსულები მტრულად მიიღო - სახლებში არ უშვებდნენ ამიტომ ისინი ბოსლებში, სარდაფებში, საქათმეებში, ქუჩებში და მსგავს ადგილებში აფარებდნენ თავს. თუმცა იყვნენ ღირსეულებიც - ისინი საუკეთესო ადგილებს გამოყოფდნენ. ადგილობრივებიც ძლივს-ძლივობით სულდგმულობდნენ, ერთმანეთს უნაწილებდნენ რაც შეეძლოთ.“ იიუბ ტიტიევი, ჩეჩენი უფლებადამცველი, გროზნოს“ მემორიალის“ ყოფილი ხელმძღვანელი.

 

დაბრუნება

მოკლედ: 1957 წელს, დესტალინიზაციის შემდეგ, ჩეჩნებს მიეცათ დაბრუნების უფლება. რესპუბლიკა აღადგინეს - თუმცა ოდნავ შეცვლილ საზღვრებში. დაბრუნებაც არ იყო ადვილი - 13 წლის თავზე ყველაფერი ახლიდან უნდა დაეწყოთ და მეურნეობა ხელახლა წამოეწიათ. სამსახური ისევ არ იყო, სახლების ნაწილი სხვა ხალხის მიერ დაკავებული დახვდათ - ამიტომ ხშირად ადგილი ჰქონდა ეთნიკურ კონფლიქტებს. 1961 წელს რეპატრიაცია დასრულდა, ჩეჩნეთში დაბრუნდა დაახლოებით 360.000 ჩეჩენი და 76 ათასი ინგუში.

1953 წელს სტალინი მოკვდა, ბერია გაასამართლეს და დახვრიტეს. პარტიულ ორგანოებში დაიწყო წერილების შემოდინება რეპრესირებული ერების მიერ რეაბილიტაციის თხოვნებით. ცვლილებები დაიწყო მხოლოდ 1956 წელს, როდესაც ხრუშჩოვი გამოვიდა თავისი ცნობილი მოხსენებით - „პიროვნების კულტისა და მისი შედეგების შესახებ“ კომპარტიის XX ყრილობაზე და გააკრიტიკა „მთელი ერების მასობრივი გადასახლება საცხოვრებელი ადგილიდან“.

1956 წელის 12 ივნისს ჩეჩენმა ლინგვისტმა, იუნის დეშერიევმა და ინგუშმა მწერალმა, იდრის ბაზორკინმა ჩამოაყალიბეს საინიციატივო ჯგუფი და კრემლში შეხვდნენ ანასტას მიქოიანს, რომელიც იმ დროს სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. თავის დროზე სწორედ მიქოიანი იყო ჩეჩნეთის ავტონომიური ოლქის შექმნის ინიციატორი, ასევე ერთადერთი, ვინც დეპორტაციის შესახებ სტალინთან გარკვეული ეჭვები სიფრთხილით გააჟღერა - ყურადღება გაამახვილა სსრკ საერთაშორისო იმიჯზე. მიქოიანისა და საინიციატივო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ სიტუაციის შეცვლა დაიწყო.

1956 წლის 16 ივლისს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა მიიღო დადგენილება, რომელმაც ჩეჩნებს, ინგუშებს და ყარაჩაელებს მოუხსნა ყოველგვარი უფლებრივი შეზღუდვა, თუმცა იმ დათქმით, რომ ეს არ ნიშნავდა სამშობლოში დაბრუნების უფლებას. თუმცა მრავალმა ვაინახმა იმთავითვე დაიწყო თვითნებურად წამოსვლა, რაც იწვევდა მღელვარებას და ინციდენტებს.

1957 წლის 9 იანვარს გამოიცა ბრძანება ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ აღდგენის თაობაზე. რამდენიმე ყოფილი რაიონი დატოვეს ჩრდილო-ოსეთის შემადგენლობაში - თუმცა კომპენსაციის სახით ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-მ მიიღო ნაურის და შელკოვსკოის რაიონის დაბლობები.

ამ მომენტისთვის ახალშექმნილი რესპუბლიკის ტერიტორია დასახლებული იყო პირველ რიგში ცენტრალური რეგიონების რუსებით, ასევე აქ ცხოვრობდნენ ოსები, დაღესტნელები და ქართველები. 1957 წლის დასაწყისში ამ ტერიტორიაზე ცხოვრობდა 540.000 ადამიანი. ჩეჩნები და ინგუშების რაოდენობა  ცენტრალურ აზიაში შეადგენდა 570.000.

ხელისუფლები გეგმა მდგომარეობდა იმაში, რომ არ დაეშვათ რესპუბლიკებში მცხოვრები ახალმოსახლეების, განსაკუთრებით კი რუსების მასობრივი წასვლა. დაბრუნებულ ჩეჩნებს არ აძლევდნენ უფლებას აღმოსავლეთის მთიან რაიონებში დასახლებულიყვნენ. გეგმის თანახმად დაბრუნება ეტაპობრივად უნდა განხორციელებულიყო, თუმცა რეალურად წლის ბოლომდე 80 ათასი ადამიანის ნაცვლად 200.000 დაბრუნდა.

იყო მცდელობები ეს დაბრუნებულთა  ნაკადი პოლიციური ძალებით შეეჩერებინათ. ადგილობრივი ხელისუფლება აწყობდა საბოტაჟს, არ აკეთებდა არაფერს დაბრუნებულების მისაღებად - ხშირად დაბრუნებულს სახლში ხვდებოდა სხვა, ჩასახლებული ოჯახი, რაც იწვევდა კონფლიქტებს. არ იყო საკმარისი საცხოვრისი და სამუშაო. 1958 წელს გროზნოში იფეთქა მასობრივმა ანტიჩეჩნურმა გამოსვლებმა, რომელშიც 10.000 ადამიანი მონაწილეობდა.

 

„როცა დაბრუნდნენ დახვდათ ურთულესი დრო, იმიტომ რომ სამუშაო ადგილები პრაქტიკულად არ იყო. ოჯახში ხუთნი ვიყავით, ასეთი სურათი იყო თითქმის ყველა ოჯახში. ჩვენ გაგვიმართლა - მამა მოეწყო სამუშაოდ მილიციის საპასპორტო განყოფილებაში. ძირითადად მხოლოდ მისი შემოსავლით ვცხოვრობდით.“ იიუბ ტიტიევი, ჩეჩენი უფლებადამცველი, გროზნოს “მემორიალის“ ყოფილი ხელმძღვანელი.

 

დეპორტაციამდე ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ ტერიტორიაზე ცხოვრობდა 697.000 ადამიანი, რომელთაგან 58.4% იყო ვაინახი (1939 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით). 1961 წლის ბოლოს რესპუბლიკაში დაბრუნდა 336.000 ჩეჩენი და 76.000 ინგუში. ვაინახების წილმა ამჯერად შეადგინა 41%.

 

„ადამიანი მთელი ცხოვრება ერთა ადგილას ცხოვრობდა, შემდე ის ფესვებიანად ამოგლიჯეს. კავკასიელ ხალხს ფესვები ძლიერი აქვთ. დაბრუნების პირველ წლებში მხოლოდ ამაზე იყო საუბრები. ბავშვობაში ამას ნაკლებ ყურადღება აქცევ, თუმცა დაბრუნებაც იყო ძალიან რთული.“ იიუბ ტიტიევი, ჩეჩენი უფლებადამცველი, გროზნოს “მემორიალის“ ყოფილი ხელმძღვანელი.

 

ხსოვნა დეპორტაციაზე

მოკლედ: ჩეჩნებისთვის გასახლების დაწყების დღე - ისტორიაში ყველაზე ცუდი დღეა. დეპორტაციის შესახებ ხსოვნა ცოცხლობს ოჯახების უმეტესობაში და მამიდან შვილს გადაეცემა. ყოველი წლის 23 თებერვალს ოჯახები იხსენებენ დაღუპულებს. 2011 წელს რამზან კადიროვმა გლოვის დღე გადაიტანა 10 მაისს - რადგან ის ემთხვეოდა რუსეთის არმიის დღეს. 2014 წელს, ჩეჩნეთის საზოგადო მოღვაწეებმა გამართეს კონფერენცია, რომელიც დეპორტაციის 70 წელს მიეძღვნა. ამის შემდეგ ისინი გამოიძახეს კადიროვთან და ბოდიში მოახდევინეს, ხოლო ორგანიზატორს, რუსლან კუტაევს ნარკოტიკების შენახვაში დასდეს ბრალი და 4 წელი მიუსაჯეს.

1989 წელს სსრკ უზენაესი საბჭოს დეკლარაციით მოხდა გადასახლებული ერების მიმართ რეპრესიული ქმედებების არასამართლიანად და დანაშაულებრივად ცნობა. 1991 წელს ცალკე კანონი მიიღეს რეპრესირებული ერების უფლებების და მათი ზარალის ანაზღაურების შესახებ (თუმცა ეს კანონი დეკლარაციის დონეზე დარჩა). 2004 წელს ევროპულმა პარლამენტმა აღიარა ჩეჩნების დეპორტაცია (და არა ინგუშების) გენოციდად (ამასაც არანაირი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია).

 

„ასეთი მრავალრიცხოვანი ერის სიკვდილი ასეთი მასშტაბებით - ძნელია ეს დაივიწყო და გადაიტანო. პრაქტიკულად არც ერთი ოჯახი არ დარჩა მსხვერპლი რომ არ გაეღო. წყენა ყოველთვის რჩება. წყენა ხელისუფლებაზე - რომელმაც ეს ყველაფერი დაუშვა და განახორციელა.“ იიუბ ტიტიევი, ჩეჩენი უფლებადამცველი, გროზნოს “მემორიალის“ ყოფილი ხელმძღვანელი.

 

ყოველ წელს, 23 თებერვალს ჩეჩნურ ოჯახებში მოიგონებენ დაღუპულებს. ამ დღეს ბევრი მიიჩნევს ყველაზე რთულ და მძიმე დღედ მთელი ერის ისტორიაში. მეჩეთებში კითხულობენ ლოცვებს, რაიონულ ცენტრებში ატარებენ რელიგიურ რიტუალებს დაღუპულების მოსახსენებლად. „ჩვენ ამ დღეს არასოდეს ვაწყობდით მიტინგებს და გამოსვლებს. საბჭოთა ეპოქის შემდეგ დავიწყეთ დეპორტაციის ხსოვნას მიძღვნილი ღონისძიებების გამართვა“ - ჰყვება ჩეჩნეთის რესპუბლიკის ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი ხელმძღვანელი.

2010 წელს ჩეჩნეთის პრეზიდენტმა, რამზან კადიროვმა ხელი მოაწერა ბრძანებას, 23 თებერვლის გლოვის დღედ გამოცხადების შესახებ მთელი რესპუბლიკის მასშტაბით. თუმცა 1 წელიწადში კადიროვმა გადაიფიქრა. მან განაცხადა, რომ რესპუბლიკაში შემოიღო გლოვის ერთიანი დღე - 10 მაისი, მისი მამის, ახმადის დაკრძალვის დღე, რომელიც 2004 წლის 9 მაისს მოკლეს. „ჩვენი ერის ისტორიაში იყო მრავალი ტრაგიკული დღე, მაგრამ არ მინდა, გლოვის დღეები დაემთხვეს საერთო-რუსულ დღესასწაულებს“ - განაცხადა კადიროვმა. პარლამენტის მაშინდელმა სპიკერმა კი დაამატა, რომ „ჩეჩნებმა უნდა იზეიმონ 23 თებერვალი და 9 მაისი, რადგან ისინი რუსეთის მოქალაქეები არიან“.

2014 წელს გროზნოში აიღეს დეპორტაციის მსხვერპლთა მემორიალი, რომელიც პირველი პრეზიდენტის, ჯოხარ დუდაევის ინიციატივით დაიდგა. იქამდე მემორიალის ტერიტორია დიდი ღობით შემოსაზღვრეს, ხოლო საფლავების ძეგლები გადაიტანეს ახმად კადიროვის სახელობის პროსპექტზე. რამზან კადიროვმა ეს ფაქტი იმით  განმარტა, რომ ძველი ადგილი არ იყო კომფორტული მასობრივი მონახულებებისათვის. მეჩეთ „ჩეჩნეთის გულის“ გვერდით, პატარა სკვერში განთავსდა გრანიტის ფილები, რომელიც დეპორტირებულთა მემორიალის ნაწილი იყო. იქვე 90-იან წლებში დაღუპული ჩეჩენი მილიციელების და სასულიერო ლიდერების საფლავის ქვებიცაა განთავსებული.

2014 წლის 18 თებერვალს, დეპორტაციის 70 წლისთავზე, გროზნოს ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით - „ჩეჩენი ერის დეპორტაცია. რა იყო ეს და შეიძლება თუ არა ამის დავიწყება?“. კონფერენციის ორგანიზატორი და წამყვანი იყო კავკასიის ხალხთა ასამბლეის ხელმძღვანელი, რუსლან კუტაევი. კონფერენცია არ იყო შეთანხმებული ხელისუფლებასთან - და წარიმართა კადიროვის მიერ ინიციირებული ცვლილებების საპირისპიროდ.

მეორე დღეს კონფერენციის ყველა ჩეჩენი მონაწილე - მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები, მწერლები დაიბარეს კადიროვთან. მან მკაცრად გაკიცხა ისინი. მონაწილეებმა ბოდიში მოიხადეს და მათ შეუნდეს.

კადიროვთან მიწვევა მიიღო რუსლან კუტაევმაც - მას დაურეკა მაგომედ „ლორდ“ დაუდოვმა, ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის იმჟამინდელმა ადმინისტრაციის უფროსმა. კუტაევმა „ფადიშაჰთან“ ვიზიტზე უარი განაცხადა. მეორე დღეს მას მიაკითხეს, დააკავეს და წაუყენეს ბრალი ნარკოტიკების უკანონო შენახვაში - მას თითქოს და უპოვეს 3 გრამი ჰეროინი. ბრალი მან არ აღიარა, ასევე განაცხადა, რომ გამოძიების მსვლელობისას მას აწამებდნენ. ივლისში კუტაევს მიუსაჯეს 4 წელი (შემდეგ ეს ვადა შეამცირეს 3 წლამდე და 10 თვემდე). თავად კუტაევმა განაცხადა  რომ დიდი ხნის მანძილზე ელოდა დაკავებას და კონფერენცია ხელისუფალთათვის მხოლოდ ბოლო წვეთი იყო.

მალევე გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან ედილბეკ ხასმაგომედოვი- ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი 1979 წლიდან. კონფერენციის შემდეგ მას გადასცეს, რომ „ზევით“ უკმაყოფილო არიან მისით.

 

[1] 1943 წლის დასაწყისში შეწყდა ფრონტზე ჩეჩნებისა და ინგუშების მობილიზაცია, აბსურდული და, როგორც შემდეგში გამოირკვა, სრულიად თვალთმაქცური მოტივით - მცირერიცხოვანი ერების გადარჩენისა და ვაინახების მიერ არმიაში ღორის ხორცით კვებაზე უარის თქმის გამო. წყარო: http://archive.ge/ka/blog/68

[2] საქართველოს სსრ-ს მიუერთეს ითუმყალეს რაიონი მთლიანად და გალაშკის, გალანჩოჟის, შაროის და პრიგოროდნის რაიონები - ნაწილობრივ, სულ 220.000 ჰექტარი ტერიტორია. წყარო: http://archive.ge/ka/blog/68

[3] სინამდვილეში ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ მხოლოდ ტრანსპორტირებისას, საშინელ სიცივეში, შიმშილისა და გადამდები დაავადებების აფეთქების პირობებში დაიღუპა 37.000-მდე ადამიანი.