რუსული პროპაგანდა ჩეხეთში

23 მარტი 2016 Shadow

რუსული პროპაგანდა გააქტიურებულია ევროპაში და ევროკავშირის თითქმის ყველა წევრ ქვეყანას მოიცავს, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს. ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ჩეხეთის რესპუბლიკა, სადაც პროპაგანდა საკმაოდ ეფექტიანად მუშაობს. კრემლის ინფორმაციული ომის საპასუხოდ, ჩეხეთის სკოლებსა და კოლეჯებში სტუდენტებს ასწავლიან თუ როგორ ამოიცნონ რუსული პროპაგანდა.

აღნიშნულ საკითხს რადიო თავისუფლებამ რეპორტაჟი მიუძღვნა. damoukidebloba.com გთავაზობთ აღნიშნული რეპორტაჟის ვიდეორგოლსა და მისი ტრანსკრიპტის თარგმანს.

 

ჩვეულებრივ, ჩეხეთის ეს ტექნიკური კოლეჯი ყურადღებას ამახვილებს ისეთ საგნებზე როგორიცაა - ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT) ან დიზაინი და ინჟინერია. თუმცა დღევანდელი გაკვეთილი ეთმობა კრემლის პროპაგანდისგან მომავალ საფრთხეს.

მასწავლებელი: „ჩვენს გარშემო საინფორმაციო ომი მძვინვარებს“

მასწავლებელი სტანისლავ მელიხარი სტუდენტებს ურიგებს ამობეჭდილ სტატიებს, რათა მათზე იმსჯელონ.

მოსწავლე: „მაშასადამე, ჩვენ გვაქვს (სტატია) 10 ტყუილი უკრაინის შესახებ. მაგალითად, ტყუილი N 8 - უკრაინის ახალი მთავრობის სათავეში რადიკალური ნაციონალისტები და ფაშისტები არიან. როდესაც მსგავს სტატიას ვკითხულობთ, ის ან შეესაბამება სიმართლეს ან არა, რადგან მის ავტორს შეუძლია დაწეროს რაც მას სურს“.

მელიხარის გაკვეთილი დაფუძნებულია ჩეხეთის ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის „People in Need“-ის მიერ მომზადებულ მასალაზე, რომელიც ხელმისაწვდომია ინტერნეტში. მათ მიერ მომზადებული ვიდეოებისა და საინფორმაციო ბუკლეტების თანახმად, კრემლი მიზნად ისახავს ძირი გამოუთხაროს ჩეხეთის პროევროპული მთავრობის მხარდაჭერას საზოგადოებაში.

სტანისლავ მელიხარი: „ამ ვიდეოში მოყვანილია ჩეხურენოვანი საიტები, რომლებიც სავსეა ნახევარსიმართლეებითა და კონსპირაციის თეორიებით, რომლებიც ეხმაურება ძირითად მიმდინარე მოვლენებს. არის მაგალითები უკრაინაზე, თუმცა ეს საიტები ჩეხეთში განვითარებულ მოვლენებზეც მუშაობენ. როდესაც აშშ-ის სამხედრო კონვოი ჩეხეთის გავლით გადაადგილდებოდა, პრორუსული საინფორმაციო საიტები გააქტიურდნენ და გაჩნდა სტატიები სადაც საუბარი იყო ღალატსა და ოკუპანტის ჯარის გატარებაზე.“

კოლეჯში, სტუდენტები ჯგუფებში აანალიზებენ სტატიებს, რომლებიც ძირითადი ჩეხური მედია საშუალებებიდან, ასევე ნაციონალისტური და პრორუსული ვებგვერდებიდანაა აღებული. სტუდენტებს უჭირთ ერთის გარჩევა მეორისგან (ანუ რომელია ინფორმაციაა მართალი და რომელი მცდარი).

მოსწავლე: „მედია შეიძლება თავისუფალია, თუმცა, ინფორმაცია შეიძლება იყოს მცდარი ან მანიპულაციის საგანი გახდეს. შესაბამისად, დანამდვილებით ვერ გვეცოდინება. საკვანძო საკითხებია: ვინ წერს, როგორია მათი პოზიცია საკითხთან მიმართებაში და რა წყაროზე დაფუძნებით ვრცელდება ინფორმაცია.“

მელიხარის აზრით, ბევრი მისი სტუდენტი შესაძლოა უკვე რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშაა. მასწავლებლის თანახმად, (რუსულმა პროპაგანდისტებმა) ისეთი ეჭვი და გაურკვევლობა ჩანერგეს საინფორმაციო სივრცეში, რომ სტუდენტებმა არ იციან რას ენდონ.

სტანისლავ მელიხარი: მე ვხედავ დეზინფორმაციას აღმოსავლეთიდან, რუსეთიდან. პროპაგანდა საკმაოდ ეფექტიანია არა იმ გაგებით, რომ მათ (სტუდენტების) აზრს აყალიბებს, არამედ იმიტომ, რომ მათ აბნევს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მათ ხმის მიცემის უფლება აქვთ... საკამოდ ადვილია მათი მანიპულაცია.

გაკვეთილი ნათელს ფენს იმას, თუ როგორ აღიქვამენ ზოგიერთი სტუდენტები მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. ერთ-ერთის თანახმად, ამერიკული პროპაგანდაა გავრცელებული, ხოლო მეორეს აზრით, გერმანიაში ცენზურაა, სხვები კი აღიარებენ, რომ უბრალოდ დაბნეულები არიან.

მოსწავლე: „სიმართლე გითხრათ, არ მგონია რომ მესმის (რუსული ამბები), რადგან დიდი რაოდენობით ინფორმაციას ვიღებ. ასე მგონია, შეუძლებელია ვთქვა რა არის სიმართლე და რა არა.“

ზოგიერთმა უბრალოდ უდრტვინველობითა და აპათიით უპასუხეს გაკვეთილის შინაარს, თუმცა შესაძლოა,  სხვები მეტად დაფიქრდნენ იმ ინფორმაციის წყაროზე და განზრახვაზე, რომელსაც კითხულობენ ინტერნეტში, განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება კრემლის ინფორმაციას.