რუსული ტელეარხის, "твц"-ის გადაცემა "право голоса"-ში, სადაც საქართველოს განიხილავდნენ, ჩეხმა ჟურნალისტმა საქართველოს მხარე დაიჭირა და კონსტანტინ ზატულინს და სხვა სტუმრებს ურჩია, მცირე ერებთან საუბარი ისწავლონ.
გადაცემის წამყვანმა საქართველოსთან დაკავშირებით, მაგალითად, ქართული პროდუქტის ევროპულ ბაზარზე შეტანა დაასახელა და ჩეხ ჟურნალისტს ჰკითხა, რომ ნუთუ ევროკავშირის ბაზარზე ქართული ღვინო შეუშვეს. "რა თქმა უნდა, ევროკავშირის ბაზარი ქართველებისთვის ღიაა", - უპასუხა ჟურნალისტმა.
“აქ მთავარი სხვა რამ არის. ევროკავშირისთვის საქართველო ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ღვინისა და ბორჯომის შემომტანი ქვეყანა. საქართველო ევროკავშირის პოლიტიკური მოკავშირეა, საქართველოს მსგავსი მოკავშირე, რუსეთი ვერ გახდება, რადგან ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, თქვენ ამბობთ, რომ ეს ისტორიაა, არა, ეს ისტორია არ არის, საქართველოსთვის ეს მუდამ პრობლემა იქნება. თქვენ უნდა დაიცვათ პატარა ქვეყნის ინტერესები", - მიუგო ირჟი იუსტმა რუს პოლიტიკოსებს.
PalitraTV.ge-ს ჟურნალისტი ჩეხ კოლეგას დაუკავშირდა და მისგან ექსკლუზიური ინტერვიუ აიღო. ჩეხი ჟურნალისტი ირჟი იუსტი პოსტ-საბჭოთა სივრცით არის დაინტერესებული და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს საქართველოშიც იმყოფებოდა. ინტერვიუში იუსტი აღნიშნავს, რომ მისთვის მიუღებელია რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია საქართველოს და მცირე ერების მიმართ. იუსტი წინა წლებშიც აქტიურად გამოთქვამდა საკუთარ ზარს რუსეთის ხელისუფლების ქმედებების მიმართ, კონკრეტულად, გმობდა რუსეთის ქმედებებს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში. ჩეხი ჟურნალისტის თქმით, მისი რუსი კოლეგები, უმეტესად, რუსეთის ხელისუფლების მეინსტრიმულ პოზიციას იზიარებენ, რომლის მიხედვითაც არ არსებობს არანაირი ოკუპაცია და ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელი ქვეყნები არიან, რუსეთს კი მხოლოდ სამშვიდობო როლი აკისრია.