კითხვები, რომელსაც სი ძინპინმა უნდა უპასუხოს

9 აპრილი 2020 Shadow

The Sunday Times-ში გამოქვეყნებული სტატია და მასში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის გამოჩენილ ისტორიკოსს და ჰუვერის ინსტიტუტის მკვლევარს, ნიალ ფერგიუსონს.[1]

ლიუ ციქსინის არაორდინალურ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის რომანში „სამი სხეულის პრობლემა“, პლატენა ტრისოლართან კონტაქტის დამყარებით და შემდგომ ტრისოლარის ბინადრების შემოჭრისათვის ხელის შეშლით, ჩინეთი წინდაუხედავად ქმნის და შემდგომ ვითომ უმკლავდება კაცობრიობისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს.

მახსოვს, როდესაც წავიკითხე ეს მოთხრობა წინა წელს, ვფქრობდი, რომ უცნაური სტრუქტურა აქვს. დასავლურ ლიტერატურაში სამეცნიერო ფანტასტიკის სიუჟეტი ასე არ მუშაობს. ცუდი ბიჭები (გერმანელები, რუსები, ჩინელები ან უცხოპლანეტელები) აკეთებენ ცუდ რამეებს და შემდეგ კარგი ბიჭები (ვთქვათ, ინგლისელები) გადაარჩენენ სამყაროს. ერთ-ერთი, რაც ამ რომანის კითხვისას ვისწავლე არის ის, რომ ამ და ბევრი სხვა მიმართულებით ჩინეთი განსხვავებულია. ჩინეთისთვის ნორმალურია, რომ დააავადოს სამყარო იმისთვის, რომ შემდეგ ის გადაარჩინოს.

ის რეალური, არაფანტასტიკური საფრთხე კაცობრიობის წინაშე, რასაც დღეს შევეჩეხეთ, რა თქმა უნდა, უცხოპლანეტელების შემოჭრა არაა. COVID-19 სხვა პლანეტიდან არ მოსულა, მაგრამ ტრისოლარის ბინადრებთან ის საერთო აქვს, რომ მასაც სურს ჩვენი კოლონიზაცია. ფაქტია, რომ COVID-19-ის პირველი შემთხვევა ჩინეთში იყო ისევე, როგორც ტრისოლარიდან წამოსული პირველი მესიჯები ჩინეთმა მიიღო.

თუ თქვენ შეპყრობილი ხართ ჩვენი თანამედროვე დეკადანტური ობსესიით კულტურული ინკლუზიისა და სენსიტიურობის შესახებ, შეიძლება არ მოგწონთ, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი მას „ჩინურ ვირუსს“ უწოდებს. მაგრამ მას აქვს უფლება ასე უწოდოს ისევე, როგორც 1968 წელს ადამიანებს უფლება ჰქონდათ, რომ A ტიპის ვირუსისთვის (H3N2) ეწოდებინათ „ჰონგ-კონგის გრიპი“ იმიტომ, რომ ჰონგ-კონგი იყო პირველი ადგილი, სადაც ის დაფიქსირდა.

ჩინეთმა გამოიწვია ეს კატასტროფა, მაგრამ ახლა უნდა, რომ ჩვენი მისგან გადარჩენა საკუთარ თავზე მიიწეროს. ტესტებისა (რომელთანაგნ ზოგიერთი არ მუშაობს) და სახის ნიღბების (რომელთა უმეტესობაც, ალბათ, მუშაობს, მაგრამ მე მაინც ტაივაინდან ჩამოტანილი მაქვს, დიდი მადლობა) ლიბერალური ექსპორტით ჩინეთი ცდილობს გამარჯვება მიიტაცოს იქ, სადაც მანვე გამოიწვია მარცხი.

ყველაზე უარესი არის ის, რომ დასავლური სამყარო იმდენადაა მოშლილი ტრამპის აშლილობის სინდრომით, ან კორუმპირებული ჩინური ფულით, იტალიის შემთხვევაში კი იმდენად გულგატეხილი ევროპელი მეგობრების გულგრილობით მათთან COVID-19-ის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომ ისინი ყლაპავენ ამ ფარისევლობას და ტყუილებს. წელს თებერვალში ფლორენციის მერის კამპანიაზე „ჩაეხუტე ჩინელს“ უფრო სულელური რამე იყო?

მოდი აღვადგინოთ საღი აზრი რამდენიმე კითხვით, რომელიც ჩვენ უნდა დავუსვათ ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს, როდესაც Zoom-ით, FaceTime-ით, Google Hangout-ით ან WeChat-ით ჩავერთვებით მას მორიგ ჯერზე.

პირველი, ზუსტად რა ხდებოდა ვუჰანში ისეთი, რამაც ხელი შეუწყო COVID-19-ის წარმოშობას? თუ ვირუსი წამოვიდა ღამურისგან თქვენ ერთ-ერთ საშინელ „სველ“ ბაზრობაზე (სადაც ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი ველური ცხოველები იყიდება ქათამთან და საქონლის ხორცთან ერთად), რომელიც თქვენს რეჟიმს არ დაუხურავს, ეს ძალიან ცუდია. თუმცა, თუ ეს გაჩნდა ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ერთ-ერთ ფილიალში, ვუჰანში მოუწესრიგებელი საქმიანობის გამო, კიდევ უარესია. სიგიჟეა, რომ ზოონოზებზე, როგორიცაა კორონავირუსი, კვლევები მიმდინარეობდეს ისეთი მეტროპოლისის შუაგულში, როგორიცაა ვუჰანი.

მეორე, რამდენად დიდი როლი ითამაშა ცენტრალურმა მთავრობამ ამის დაფარვაში მას შემდეგ, რაც ვუჰანში დადასტურდა ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა? ჩვენ ვიცით, რომ 12 დეკემბრიდან თვის ბოლომდე 104 შემთხვევა, მათ შორის 15 სიკვდილი იყო დაფიქსირებული. რატომ იყო ჩინეთის ოფიციალური პოზიცია 31 დეკემბერს, რომ ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის უტყუარი საბუთი არ არსებობდა? და რატომ არ შეიცვალა ეს ოფიციალური პოზიცია 20 იანვრამდე?

მესამე, როდესაც გაირკვა, რომ საქმე გვქონდა ფართომასშტაბიან ეპიდემიასთან, რომელიც ვრცელდებოდა ვუჰანიდან მთელ ჰუბეის პროვინციაში, რატომ შეაჩერეთ მიმოსვლა ჰუბეისა და ჩინეთის სხვა ნაწილებს შორის, მაგრამ არა ჰუბეიდან და მთელი დანარჩენი მსოფლიოს მიმართულებით?

მე არ ველი ამ კითხვებზე იმაზე უფრო პირდაპირ პასუხებს, ვიდრე ჩვენ ვიღებდით საბჭოთა კომუნისტური პარტიიდან ჩერნობილის შესახებ.

თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა განვაგრძოთ ამ კითხვების დასმა მხოლოდ იმიტომ, რომ ავიცრათ სხვა ახალ ვირუსზე, რომელიც ახლა ჩინეთიდან მოედინება - ვირუსული დეზინფორმაცია, რომლის შესახებაც სიმ ისწავლა თავისი რუსი მეგობრისგან, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისგან, თუ როგორ გაავრცელოს ის ინტერნეტით.

ჩინეთს პრობლემა აქვს. ეს არაა „სამი სხეულის პრობლემა“, რომელიც შეგვახსენებს, რომ ჩინელ ხალხს შეუძლია შექმნას დიდებული ლიტერატურა ისევე, როგორც ჩინელ მეცნიერებს შეუძლიათ ჩაატარონ დიდებული კვლევები.

ჩინეთის პრობლემაა ის, რაც იყო რუსეთის პრობლემა 1991 წლამდე (და არის დღესაც - damoukidebloba.ge), ანუ ერთპარტიული მმართველობა. და მანამ, სანამ კაცობრიობის ერთი მეხუთედი დამოკიდებილია არასანდო, კორუმპირებულ და ძალაუფლებას დახარბებულ ორგანიზაციაზე, რომელსაც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ხანგრძლივი ისტორია აქვს, არც დანარჩენი კაცობრიობა იქნება უსაფრთხოდ.

 

[1] ორიგინალი: https://www.theglobeandmail.com/opinion/article-lets-zoom-xi-he-has-questions-to-answer/?fbclid=IwAR32JiNrCL8qYjgYsxAWGGCLSX4nE1rG5ug7WXiEOJnKviCHKpSpn1cqEGs