კულტურა, როგორც პროპაგანდის იარაღი

5 დეკემბერი 2022 Shadow

ავტორი: ედგარ ბრუტიანი

 

2022 წლის 30 ნოემბერს რუსეთის კულტურის სამინისტრომ გამოაქვეყნა 2023 წლისთვის კინოსათვის პრიორიტეტული თემების სია, რომლისთვისაც ჯამში ხელისუფლება 12 მილიარდ რუბლს გამოყოფს. 

17 თემიდან, უკრაინაში მიმდინარე ომისა და რუსეთის საინფორმაციო-პროპაგანდისტული კამპანიის ფონზე, ოთხი ნარატივი იპყრობს განსაკუთრებულ ყურადღებას, მათ შორის ერთ-ერთია ისტორია.

ისტორიული ფილმი: ისტორიის გაკვეთილები, მეხსიერების გაკვეთილები, ისტორიის ფალსიფიკაციის მცდელობების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები, რუსეთის ისტორიული გამარჯვებები, დიდ სამამულო ომში გამარჯვების მე-80 იუბილე, საბჭოთა ჯარისკაცის განმათავისუფლებელი მისია, თაობების კონფლიქტი, თაობათა განგრძობადობა.

რუსეთში ისტორიის ფალსიფიცირება და ფაქტების დამახინჯება სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს, რაც უკრაინაში შეჭრის შემდეგ განსაკუთრებით გააქტიურდა. მაგალითად, 2022 წლის 20 აპრილს პუტინმა მხარი დაუჭირა სკოლებში ისტორიის გაკვეთილების მოდიფიცირებას, რათა მიმდინარე ომზე “დეზინფორმაცია” არ გავრცელდეს. რუსული ნარატივის მიხედვით, უკრაინაში შეჭრა არის მეორე მსოფლიო ომის ერთგვარი გაგრძელება - ბრძოლა ნაცისტების წინააღმდეგ, რომლებიც XX საუკუნის ნაცისტებისა და ფაშისტების იდეური მემკვიდრეები არიან. რუსეთი კი ამ დროს წარმოჩენილია საბჭოთა კავშირის მემკვიდრედ, იმ ქვეყნისა, რომელმაც ნაციზმზე მოიპოვა გამარჯვება. ამ ფორმით, რუსეთი საკუთარ ხალხში აგრესიული საგარეო პოლიტიკის ლეგიტიმაციას ცდილობს. სწორედ ამიტომ კეთდება კინოს წამყვან თემატიკაში განსაკუთრებული აქცენტი “დიდ სამამულო ომზე”, თაობათა კონფლიქტსა და განგრძობადობაზე. რუსული პროპაგანდა ცდილობს სსრკ-ისა და რუსეთის, როგორც განმათავისუფლებელი და ნაციზმის წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნის, ბუნებრივი განგრძობადობა წარმოაჩინოს და გაამართლოს საკუთარი ქმედებები მეზობელ სახელმწიფოში. უფრო სწორად, ეჭვის ქვეშ დააყენოს თვით უკრაინის სუვერენიტეტიც კი - მათი ნარატივით, უკრაინის სახელმწიფოს შექმნა ხომ ბოლშევიკების დამსახურებაა; უკრაინელი და რუსი ხალხი ისტორიულად ერთი ერი იყო და შემდგომ ხელოვნურად გაიყო.

ნაციზმისა და ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას სიაში ცალკე თემა ეძღვნება: 

ნაციზმისა და ფაშიზმის იდეოლოგიების თანამედროვე გამოვლინებებთან გამკლავება, სპეციალური საომარი ოპერაციის ფონზე Რუსული არმიის ჰეროიზმის პოპულარიზაცია.

ამჯერადაც აქცენტი სპეციალურ საომარ ოპერაციაზეა (როგორც რუსეთი უწოდებს ომს უკრაინაში), რომელიც ისტორიულ მისიას - ნაციზმის თანამედროვე გამოვლინებასთან, ანუ უკრაინულ ნაციონალიზმთან ბრძოლას ემსახურება.

კრემლი რუსეთის იმპერიის დროინდელ მდგომარეობაზე აპელირებითაც ცდილობს, უკრაინის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. სიის ერთ-ერთი თემა ზუსტად ამ ნარატივებს ეძღვნება: 

…მალოროსია - როგორც რუსეთის ისტორიული მხარე.

მალოროსია რუსეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიაში შემავალი იმ მიწების სახელწოდებაა, რომლებიც ძირითადად თანამედროვე უკრაინის შემადგენლობაში შედის (მათ შორის, ბელარუსისა და პოლონეთის). ამ ნარატივზე აქცენტირებით პროპაგანდისტული მანქანა ცდილობს იმის წარმოჩენას, რომ რუსეთი რეალურად საკუთარი მეამბოხე შვილის მოთოკვას, მორჯულებას ცდილობს, რომელიც დასავლეთმა, ევროპამ გადაიბირა. 

კულტურის სამინისტრო დასავლეთის მადისკრედიტირებელ თემაზეც აკეთებს აქცენტს: 

ანგლო-საქსური სამყაროს ნეოკოლონიური პოლიტიკა, ევროპის დეგრადაცია, მრავალპოლუსიანი მსოფლიოს ფორმირება.

რუსეთი დასავლეთისგან ქმნის მტრის ხატს, რომელიც ხრწნის ყველაფერს ტრადიციულს, ქრისტიანულს და მისი, როგორც ერთმორწმუნე დიდი ძმის, ფუნქციაა დაიცვას საკუთარი სამეზობლო დეგრადირებული ევროპისგან. აქ იგრძნობა ზუსტად ის პათოსი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის მომენტისთვის RIA-Novosti-ის მიერ შეცდომით, ნაადრევად გამოქვეყნებულ სტატიაშია. დროზე ადრე გამოქვეყნებული სტატია ზეიმობდა რუსეთის წარმატებულ ინტერვენციას  უკრაინაში, ყველა რუსის (ბელარუსებისა და მცირე რუსების (უკრაინელების) გაერთიანებას და ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებას, სადაც ევროპასა და აშშ-ს საკუთარი ადგილი მიეჩინათ.

აშკარაა, რომ კულტურის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სია რუსული ნარატივებისა და რუსული დღის წესრიგის დეზინფორმაციულ პროპაგანდას ემსახურება. თუ ფილმის სცენარი სიის არცერთ თემას არ მოერგება, ის დაფინანსებას ვერ მიიღებს. 

გრანტი ერთ-ერთი ბერკეტია, რომლითაც კრემლი რუსეთში გადაღებული-გავრცელებული ფილმების სცენარს, შინაარსს ზღუდავს. მეორე, მეტად მასშტაბური, ბერკეტია გაქირავების უფლება. ეს უკანასკნელი რუსეთის დუმამ 2014 წელს მიიღო და გულისხმობს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ფილმების გადაღებაზე, ტირაჟირებასა და გავრცელებაზე კულტურის სამინისტროსგან ნებართვის მოპოვებას. Მაგალითად, სამინისტრომ უარი თქვა, დაედასტურებინა ზამიატინის რომანის მიხედვით ეკრანიზებული ფილმის “ჩვენ” გადაღება. როგორც ჩანს, კრემლს არ მოეწონა ტოტალიტარული რეჟიმის სისასტიკეზე ფილმის გადაღების იდეა და რუსული სოციუმისთვის შეუსაბამოდ მიიჩნია.

საბედნიეროდ, გაქირავების უფლება არ ეხება ფესტივალურ ჩვენებებს, ონლაინ კინოჩვენებებს და ზოგადად ინტერნეტს, თუმცა ინტერნეტის რეგულირებით, კრემლი უკვე ამ სფეროებსაც სწვდება.