კიბერთავდასხმა უკრაინაზე

29 ივნისი 2017 Shadow

სამშაბათს, 27 ივნისს ძლიერმა კიბერთავდასხმამ არაერთი კომპანია დააზარალა რამდენიმე ევროპულ სახელმწიფოში, თუმცა განსაკუთრებული ზიანი მიადგა უკრაინის ელექტრონულ სისტემებს.

ვირუსმა ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის, სატელეკომუნიკაციო კომპანიების, ბანკების კომპიუტერები დააზარალა. კიბერთავდასხმის მსხვერპლი გახდა უკრაინის ენერგოგამანაწილებელი სახელმწიფო კომპანიაც, შეფერხებული იყო მეტროსა და აეროპორტების მუშაობა.

უკრაინის ვიცე-პრემიერმა პავლო როზენკომ თავის „ტვიტერის“ გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ვირუსით დაზიანებული კომპიუტერის ჩაბნელებული ეკრანი ჩანდა. ფოტოს მინაწერში კი ამბობდა, რომ მინისტრთა კაბინეტის სამუშაო კომპიუტერები ახლა ამ მდგომარეობაშია და უკრაინა კიბერთავდასხმის მსხვერპლი გახდა.

ამავე ინფორმაცია გაავრცელეს რიგმა უკრაინულმა კომპანიებმა და ბანკის შესახებაც, რომელთა მუშაობაც ასევე შეფერხებულია მსგავსი პრობლემების გამო.

cyber

კიბერთავდასხმის ობიექტი გახდა ქვეყნის სახელმწიფო ენერგოგამანაწილებელი სისტემაც. „უკრენერგოში“ ამბობენ, რომ მათი სისტემა დაზიანდა, მაგრამ საფრთხე არ შექმნია ენერგო მარაგებსა და დისტრიბუტორის უფრო მსხვილ ოპერაციებს.

უკრაინის მთავრობის ვებ-გვერდები ჰაკერთა მსხვერპლი აქამდეც რამდენჯერმე გახდა, რის შემდეგაც კიბერუსაფრთხოება სახელმწიფო უსაფრთხოების ერთ-ერთ პრიორიტეტად დასახელდა.

უკრაინა ქვეყანაზე განხორციელებულ წინა კიბერთავდასხმებში რუსეთს ადანაშაულებდა. მათ შორის, 2015 წლის ბოლოს ენერგო-სისტემაზე მიტანილი კიბერიერიშზე, რამაც დასავლეთ უკრაინის ნაწილი დროებით ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. თუმცა რუსეთი ამ თავდასხმებზე პასუხისმგებლობას უარყოფდა.

უკრაინული გამოცემა „კიევ-პოსტის“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ ამ თავდასხმის მოწყობაშიც რუსეთი დაადანაშაულა. მისი თქმით, ეს იყო „ქრიფტოლოქერი“ – „ვონაქრაი“-ის მსგავსი ვირუსი. ამ უკანასკნელმა მაისში 150-ზე მეტ ქვეყანაში 200 000-ზე მეტი კომპიუტერი დააზიანა. ვირუსი ამ კომპიუტერებში დაცულ მონაცემებს ბლოკავს და აკონტროლებს, სანამ თითოეული მათგანიდან კონკრეტული რაოდენობის თანხა არ ირიცხება. ამ ვირუსმა სერიოზული ზიანი მიაყენა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემას. „ამ თავდასხმის მიზანი ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციაა“, - დაწერა გერაშჩენკომ „ფეისბუქ“ პოსტში, სადაც ასევე დასძინა, რომ ეს თავდასხმები სავარაუდოდ რუსეთიდან მოდის.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნით ადრე, უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, რუსეთიდან მომავალი შესაძლო კიბერთავდასხმის შესახებ განცხადება გააკეთა. კიბერუსაფრთხოების ექსპერტები რუსეთს ამ მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ძალად მიიჩნევენ.

ეს არის ძალიან დიდი კიბერთავდასხმა უკრიანულ კომპანიებზე, ბანკებზე, მედიაზე, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო სისტემებზე, რომელიც ორგანიზებული იყო რუსეთის დაზვერვის სამსახურების მიერ და ეს მხოლოდ ერთი შემადგენელი ნაწილია იმ ჰიბრიდული ომისა, რომელსაც რუსეთი უკრიანის წინააღმდეგ აწარმოებს“, - განაცხადა გერაშჩენკომ ერთ-ერთი უკრიანული ტელევიზიის ეთერში.

მისი თქმით, თავდასხმა კომპიუტერულ ვირუსს ჰგავს, რომელიც ელექტრონული ფოსტის საშუალებით რამდენიმე დღისა და კვირის განმავლობაში იტვირთებოდა სახელმწიფო უწყებებისა და კერძო კომპანიების კომპიუტერულ სისტემებში.

„კომპიუტერებში წინასწარ შეყვანილი ვირუსი დღეს გააქტიურდა. ესაა ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარეობს, ვფიქრობ, სპეციალური სამსახურები, კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტი და პოლიცია მალე გაარკვევენ, როგორ შეაღწია ამ ვირუსმა ჩვენს კომპიუტერებში და ვიპოვით გზას, როგორ გადავჭრათ ეს პრობლემა“, - განაცხადა გერაშჩენკომ.

უკრიანის პრემიერ-მინისტრმა ვოლოდიმირ გროისმანმა კი დღევანდელ თავდასხმას უკვე უწოდა „უპრეცედენტო“, თუმცა განმარტა, რომ საკვანძო მნიშვნელობის IT სისტემები არ დაზარალებულა.

„ჩვენი IT ექსპერტები იცავენ სტრატეგიულ ინფრასტუქტურას, მნიშვნელოვანი სისტემები არ დაზარალებულა“ - დაწერა მან “ფეისბუქის“ გვერდზე.

სხვადასხვა ცნობებით, შეფერხებული იყო მუშაობა კიევის ბორისპილის საერთაშორისო აეროპორტებშიც, მეტროს სისტემაში ბარათით გადახდის სისტემა არ მუშაობდა, შეზღუდული იყო ავტო-გასამართი სადგურების რამდენიმე ქსელისა და ფოსტის ფუნქციონირება. მედიაში გავრცელებული ცნობებით, „სბერბანკი“, „უკრსოტსბანკი“, „უკრგასბანკი,OTP ბანკი და „პრივატ ბანკი“ ასევე დაზარალდნენ.