31 მარტს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეა.
1989-1990 წლის ოქტომბერში ხელისუფლების სათავეში ეროვნული მოძრაობიდან მოსული ხელისუფლების წინაშე უამრავმა გადასაჭრელმა პრობლემამ მოიყარა თავი: უნდა გარკვეულიყო სსრკ-ს მემკვიდრეობის საკითხი; უნდა დაჩქარებულიყო დიპლომატიური მუშაობა საერთაშორისო არენაზე მას შემდეგ, რაც ქვეყანა დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა - სხვა ქვეყნების მიერ მისი აღიარების მიზნით; უნდა ჩამოყალიბებულიყო ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სტრუქტურები და, რაც მთავარია, ჯერ ხალხს, სრულიად საქართველოს ქართველ და არაქართველ მოსახლეობას, ქვეყნის მოქალაქეებს უნდა გაეცათ პასუხი კითხვაზე, სურდათ თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობა.
1991 წლის 31 მარტს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მმართველობის საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხზე. რეფერენდუმის კითხვა იყო : "თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?" კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 90-მა პროცენტმა და მათგან 98 პროცენტმა, 3,672,403 ამომრჩევლიდან 3,295,493 ამომრჩეველმა ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. ეს იყო უკანასკნელი რეფერენდუმი, რომელიც ჩატარდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე - აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩათვლით.
რუსულმა მედიამ ამბავი ჩვეულ, იმპერიულ სტილში გააშუქა და აღნიშნა, რომ რეფერენდუმის შედეგები 1 აპრილს გახდა ცნობილი და ხაზი გაუსვა, რომ ეს დღე ტყუილის დღედაა მიჩნეული.
რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს მიღებულ იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. რეფერენდუმის მნიშვნელობა ასახულია კონსტიტუციაში, რომლის თანახმად: "საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით".
ამ არჩევანით ქართველმა ხალხმა (არამარტო ქართველმა) უარი თქვა სსრ კავშირის მემკვიდრეობაზე. რეფერენდუმი საოცარი ერთსულოვნების ფონზე ჩატარდა და ეს ერთსულოვნება არ გამოხატულა მხოლოდ დასმულ კითხვაზე დადებითი პასუხის გაცემით: 1991 წლის 31 მარტს მილიცია თითქმის უსაქმოდ იყო: არანაირი ექსცესი, არანაირი დაპირისპირება, არანაირი ყოყმანი: საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ხმის მისაცემად გამოსულ ხალხზე მეტი არც ერთ შემდგომ პერიოდს არ ახსოვს. იმავე დღეს აშშ-ის კონგრესმა საგანგებო რეზოლუციით ლეგიტიმურად სცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები, რაც წარმოადგენდა საქართველოს დამოუკიდებლობის დე ფაქტო ცნობას. 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა იმას ნიშნავდა, რომ საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ იქნებოდა 1918-1921 წლებში არსებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე, თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მსოფლიოს სახელმწიფოებმა და გაერომ საქართველოს დამოუკიდებლობა ცნეს არა როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრის, არამედ როგორც საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე
რეფერენდუმი საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ჩაატარა. 31 მარტი ამასთანავე საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. ზვიად გამსახურდია მერაბ კოსტავასთან ერთად მეოცე საუკუნის 70-80-იან წლებში საქართველოში ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობისა და ბრძოლის სულისჩამდგმელი იყო.