დამოუკიდებლობის ფასი

3 მაისი 2016 Shadow

საქართველო – ქვეყანა, რომლის მაშინდელ ხელისუფლებაში არ აღმოჩნდა არც ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც რუსების მხარეზე გადავიდოდა.

1918-1921 წლები – საქართველოს უახლესი ისტორიის ამ სამი წლის გარშემო კიდევ მრავალი კითხვა დაისმება. არქივებში დაცული ხელნაწერები ჯერ ბოლომდე არ წაკითხულა. უფრო ვრცლად არის მოსაყოლი ამბავი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისა, რომელსაც ჰქონდა თავისი კონსტიტუცია. ეროვნული საბჭოსი, სადაც კანონებს ქალებიც წერდნენ. ქვეყნისა, რომელიც იმდროინდელ ევროპის რუკაზე მოჩანდა როგორც პროგრესული, პროდასავლური სახელმწიფო.

მატარებელი

რკინიგზის სადგურზე ჟანგისფერი მატარებელი მძიმედ ჩამოდგა და შიშინით გაჩერდა. ვაგონიდან ხანშესული ქალი ჩამოვიდა. მხრებზე ნაცრისფერი შალი ჰქონდა მოხვეული – მკერდზე გადაჯვარედინებული და ზურგს უკან შეკრული. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების ყოფილი წევრი, მინადორა ტოროშელიძე, 14-წლიანი გადასახლებიდან სამშობლოში დაბრუნდა. სადგურზე ქალიშვილი სუსანა და სამი წლის შვილიშვილი, მარინე დახვდნენ. იქვე, სვეტების უკან იდგა და ამ შეხვედრას შორიდან აკვირდებოდა მინადორას ორი უახლოესი მეგობარი, რომელთაც მასთან მიახლოება აკრძალული ჰქონდათ. 1950 წლის ზამთრის მიწურული იყო, საქართველო კი – საბჭოთა კავშირის ნაწილი. დამფუძნებელი კრების დაშლისა და დამოუკიდებლობის გაუქმების შემდეგ 29 წელი იყო გასული.

კადრი, თუ როგორ ჩამოდის ჭაღარა ქალი ხანგრძლივი და შორეული მოგზაურობიდან, არასოდეს დაავიწყდება მინადორა ტოროშელიძის შვილიშვილს, მარინე ფირცხალავას, რომელმაც მაშინ პირველად ნახა ბებია. იმ დღის შემდეგ, მინადორა ტოროშელიძემ კიდევ 17 წელი იცოცხლა, თუმცა დამოუკიდებლობის სამ წელსა და დამფუძნებელი კრების ამბებზე თითქმის არასოდეს ულაპარაკია. დუმდა გადასახლების წლების შესახებაც. მოგვიანებით, თავის მოგონებებში მინადორა ტოროშელიძე მწირად, მაგრამ მაინც დაწერს დამოუკიდებლობის სამწლიან პერიოდზე.

minadora orjonikidze

მარინესა და მინადორას საწოლები გვერდიგვერდ იდგა. ალბათ, ერთ რომელიმე საღამოს თუ მოუთხრო შვილიშვილს 1921 წელს მომხდარი ამბავი – რუსეთის წითელი არმია უკვე საქართველოში იყო. ქვეყანა კოჯორ-ტაბახმელასთან დახოცილ იუნკრებს ასაფლავებდა. მინადორას სოფლელი და ოჯახის ახლობელი, ცნობილი ბოლშევიკი სერგო ორჯონიკიძე იმ დღეებში ჩასულა თბილისში და მისი ნახვა მოუნდომებია. მინადორას უარი უთქვამს, ის კი მის ოთახში აივნიდან გადამძვრალა და მინადორა მოუკითხავს, როგორ ხარო. როგორ ვიქნები, შენგან დახოცილებს ვმარხავო, უთქვამს მინადორა ტოროშელიძეს.

მარინე იხსენებს, რომ როცა სკოლაში, ისტორიის გაკვეთილზე, მენშევიკების პერიოდს მიადგნენ და იმ დროის შესაბამისი, უარყოფითი პათოსით ისწავლეს კიდეც, სახლში მისულს უკითხავს ბებიისთვის, კი მაგრამ, შენ მენშევიკი იყავიო? ჩვენ ყველანი სოციალ-დემოკრატები ვიყავითო, უპასუხია მინადორას. ამ დროს აღარც მინადორას ბოლშევიკი მეუღლე – მალაქია ტოროშელიძე იყო ცოცხალი და არც მისი ორი ვაჟი. სამივე ადრევე დახვრიტეს. ჯაშუშობა, ანტისაბჭოთა აგიტაცია და ა. შ. – ბრალდებების სია გრძელი იყო.

როგორ მოკვდა „მთავრობაძე“

1917 წლის გაზაფხულზე, რუსეთის იმპერია დაიშლება. მაშინდელ პეტროგრადში (ახლანდელი სანქტ-პეტერბურგი) მომხდარი გადატრიალება ხელისუფლებისკენ გზას ხალხის მმართველობას გაუხსნის. იმპერატორ ნიკოლოზ მეორისა და რომანოვების დინასტიის მმართველობას დროებითი მთავრობა შეცვლის. რამდენიმე თვეში კი, უკვე ოქტომბერში, ხელისუფლებაში ბოლშევიკები მოვლენ.

pirveli sxdoma

იმ პერიოდიდან შემორჩება ისტორიას სოციალ-დემოკრატ აკაკი ჩხენკელის წერილიც, გამოგზავნილი საქართველოს ეროვნული საბჭოსა და აღმასრულებელი კომიტეტის სახელზე, სადაც მათ დამოუკიდებლობის დაუყოვნებლივ გამოცხადებას სთხოვს: „ურისკოთ არაფერი არ კეთდება... სახელმწიფო ვის დაუარსებია ურისკოთ! საჭიროა, გამბედაობა და კიდევ გამბედაობა“.

ამბად შემორჩა, თითქოს მეფის რუსეთის დამხობა სოციალ-დემოკრატიული პარტიის თბილისის კომიტეტს პეტროგრადიდან ამავე პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, გოგიტა ფაღავამ შეატყობინა. თბილისში გამოგზავნილ დეპეშაში თურმე ეწერა: „პეტერბურგში უშფოთველად გარდაიცვალა მოქალაქე მთავრობაძე, შეატყობინეთ ნათესავებს და ნაცნობებს“. მერე თურმე ხუმრობდნენ კიდეც თბილისში, „რევოლუცია ფოსტით მივიღეთო“. რევოლუციამ რუსეთში, დააჩქარა მოვლენების განვითარება საქართველოში – დამფუძნებელი კრებაც ამ რევოლუციურ ორომტრიალში ჩამოყალიბდა.

დამფუძნებელი კრება – სიტყვაც და საქმეც

„ამიერიდგან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია. დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმა – დემოკრატიული რესპუბლიკაა“, – იტყვის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი – დასტური იმისა, თუ საით სურდა სვლა ამ ქვეყანას ასი წლის წინათ – სწრაფვა ევროპული აზროვნებისაკენ, დემოკრატიული წყობისკენ. დამოუკიდებლობის აქტს ჯერ 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე მიიღებენ. დამფუძნებელი კრება კი მას 1919 წლის 12 მარტს დაადასტურებს, კრების პირველ სხდომაზე.

„საქართველოს დამფუძნებელი კრება, არჩეული პირდაპირი, თანასწორი, საყოველთაო, ფარული და პროპორციონალური საარჩევნო სისტემით ორივე სქესის მოქალაქეთა მიერ, თავის პირველსავე სხდომაზე 1919 წლის მარტის 12-ს ქვეყნისა და ისტორიის წინაშე აღიარებს, რომ ის სავსებით იღებს და ადასტურებს საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ 1918 წლის მაისის 26-ს, ნაშუადღევის 5ს. და 10 წ. თბილისში გამოცხადებულს საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ აქტს…“ – ვკითხულობთ დამოუკიდებლობის აქტის შესავალ სიტყვაში.

sakrebulo

საქართველოს რესპუბლიკის მაშინდელი მთავრობა კი მიიღებს კანონს სახელმწიფო ენის შესახებ – საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო ენად გამოცხადდება ქართული ენა და კანონებს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღებისა და შრომითი ხელშეკრულების შესახებ. დამფუძნებელი კრება კი 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციას მიიღებს, რომლის მე-16 თავში ჩაიწერება, რომ „სახელმწიფო და ეკლესია განცალკევებულნი და დამოუკიდებელნი არიან“. რომ „არც ერთ სარწმუნოებას არა აქვს უპირატესობა“. და რომ „ხარჯის გაღება სახელმწიფო ხაზინიდან სარწმუნოებრივ საქმეთა საჭიროებისთვის აკრძალულია“.

საქართველოს ეროვნულ გერბზე თეთრ გიორგის გამოსახავენ – შვიდი მნათობით. დროშა – სამფეროვანი იქნება – შავში, თეთრსა და შინდისფერში. პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული ჰიმნი „დიდება“ გახდება.

დამფუძნებელი კრების არჩევნების დებულების მეორე თავში კი ჩაიწერება: „დამფუძნებელი კრების არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ ორივე სქესის მოქალაქეთ“.

ამ დღიდან მრავალი წლის შემდეგ, მინადორა ტოროშელიძე გაიხსენებს: „საქართველო რუსეთისაგან გაითიშა. ქვეყანაში უცხოელების უზარმაზარი მასაა. თურქეთი აზერბაიჯანისაკენ დაიძრა საქართველოს გავლით და მის დაპყრობას შეეცადა. დაიწყო მოლაპარაკებები. ამიერკავკასია ჩამოშორდა რუსეთს. საქართველო ჩამოშორდა აზერბაიჯანსა და სომხეთს და დამოუკიდებელი, დემოკრატიული რესპუბლიკა გამოაცხადა... შეიკრიბა დამფუძნებელი კრება. გამომუშავდა კონსტიტუცია. ჩატარდა დეპუტატთა არჩევნები. მუშაობა დუღდა! დღე და ღამე არ გვეძინა“.

 

წყარო: nationalgeographic.ge