წყარო: mediachecker.ge
უნდა აიკრძალოს თუ არა რუსული არხების რეტრანსლირება საქართველოში - ამ თემაზე დისკუსია დღემდე არ წყდება, აკრძალვის მომხრეები ამბობენ, რომ არხები ქვეყნის განვითარებას უქმნის საფრთხეს, მოწინააღმდეგეები კი ფიქრობენ, რომ აკრძალვა დემოკრატიული მეთოდი არ არის. ეს საკითხი საქართველოს გარდა განსაკუთრებით აქტუალურია ბალტიის ქვეყნებში, უკრაინაში, მოლდოვაში.
საქართველოში რუსული არხები 2008 წლის ომის პერიოდში დაიბლოკა, არხების რეტრანსლირება 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდგომ დაწყო. ცოტა ხნის წინ არასამთავრობოების და საზოგადოების ნაწილისმიმართვა გავრცელდა. წერილის ხელმომწერები მოუწოდებენ პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს და კომუნიკაციების კომისიას შეზღუდონ რუსული პროპაგანდისტული არხები საქართველოს ტერიტორიაზე. გავრცელებულ განცხადებას კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ზემოხსენებული რუსული არხები ავრცელებენ დაუშვებელ პროდუქციას, კომისია მზადაა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გაატაროს სათანადო ზომები - მათ შორის შეზღუდოს შესაბამისი არხების რეტრანსლირება.
რაც შეეხება საერთაშორისო გამოცდილებას, მომძლავრებულ რუსულ საინფორმაციო შეტევას უკანასკნელ პერიოდში სხვადასხვა ქვეყანაში რუსული არხებისა და ონლაინ გამოცემების დაბლოკვის არაერთი შემთხვევა მოჰყვა. გარდა ამისა, იქმნება უამრავი პლატფორმა თუ კამპანია, რომლის მეშვეობითაც რუსულ პროპაგანდას ებრძვიან.
2014 წელს უკრაინამ 14 რუსული ტელეარხი დაბლოკა, მიზეზად კი ომისა და ძალადობის პროპაგანდა დაასახელა. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, ანტონ გერაშენკოს, განცხადებით, არხების დაბლოკვის მიზეზს ომის პროპაგანდა წარმოადგენდა. ამავდროულად, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ეთნიკური რუსებისთვის რუსული არხები ინფორმაციის მიღების მთავარი საშუალებაა.
„როგორც დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს, უკრაინას შეუძლია და ვალდებულია დაიცვას თავისი მედიასივრცე რუსული აგრესიისგან, რომელსაც უკრაინის მოქალაქეებს შორის სიძულვილი და უთანხმოება შეაქვს“ - განაცხადა გერაშენკომ.
მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ამ გადაწყვეტილებამდე რუსეთმა დაბლოკა უკრაინული არხები ყირიმის ტერიტორიაზე.
მოლდოვა
2015 წლის 28 მაისს მოლდოვის „ტელევიზიისა და რადიოს საკოორდინაციო საბჭოს“ გადაწყვეტილებით დაიბლოკარუსული არხი, „Россия 24“, ასევე დაჯარიმდა არხები: RTR Moldova და Ren Moldova. სამივე არხის დაჯარიმების მიზეზად რუსული არხების მხრიდან რუსეთ-უკრაინის ომის გაშუქებისას ფაქტების დამახინჯება და მაყურებელთა მოსაზრებებით მანიპულირება დასახელდა.
„ტელევიზიისა და რადიოს საკოორდინაციო საბჭოს“ განცხადებით, არხებით გავრცელებული ინფორმაცია ხელს უწყობდა ეთნიკური შუღლისა და სიძულვილის გაღვივებას. ამგვარი ტრანსლირება კი არ შეესაბამება ახალი ამბების გაშუქების საერთაშორისო თუ ადგილობრივ სტანდარტს.
ლატვია
რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ ბალტიის ქვეყნებს. 2016 წლის 7 აპრილს რუსული არხი RTR 6 თვით გათიშა ლატვიამ. ქვეყნის „ნაციონალური ელექტრონული მასმედიის საბჭოს“ დადგენილებით, Rossiya RTR -მა ლატვიის მასმედიის შესახებ კანონი და ევროკავშირის აუდიოვიზუალური მედიის შესახებ დირექტივა დაარღვია. მარეგულირებელმა გათიშვის მიზეზად ამავე არხზე გასული გადაცემებით სიძულვილის გაღვივება დაასახელა. მარეგულირებელმა არაერთხელ მიმართა არხის ადმინისტრაციას პრობლემის აღმოსაფხვრელად, თუმცა უშედეგოდ.
მნიშვნელოვანია ის, რომ ლატვიის მარეგულირებელს არხი ანალოგიური ქმედებისთვის 2015 წლის სექტემბერშიც ჰყავს გაფრთხილებული. მაშინ გაფრთხილების მიზეზი ტელეარხით რუსი პოლიტიკოსის, ვლადიმერ ჟირინოვსკის, გამოსვლა გახდა. საკუთარ გამოსვლაში ჟირინოვსკიმ მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას დაებომბმა თურქეთი რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების გამო. ამ შემთხვევაშიც მარეგულირებელმა სამხედრო ქმედებებისკენ მოწოდების და სიძულვილის გაღვივებისთვის არხს კანონმდებლობის დარღვევა დაუდგინა და გააფრთხილა.
იმავე არხის გათიშვის ტაქტიკას ლატვიის ხელისუფლებამ 2014 წელსაც მიმართა და RTR- ს ტრანსლირება შეუწყვიტა.
ლიტვა
2015 წლის 9 აპრილს ლიტვის კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომპანიამ გადაწყვიტა, დაებლოკა RTR Planeta. იგი შედის რუსეთის „სახელმწიფო რადიო თუ ტელევიზიის გადამცემი კომპანიის“ (VGTRK) სერვისის პაკეტში, კომპანია დისტრიბუციას უწევს არხს მთელ ბალტიისპირეთში.
არხის დაბლოკვის მიზეზი ვლადიმერ სოლოვიევის გადაცემა გახდა, რომელშიც წამყვანი სიძულვილის ენასა და პროპაგანდას იყენებდა. მარეგულირებლის გადაწყვეტილებით არხი 3 თვით დაიბლოკა.
VGTRK -ის მმართველი ოლეგ დობროდიევია, რომელიც პუტინის გაპრეზიდენტების შემდგომ, 2000 წელს, მის სპიკერად დაინიშნა. აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მას მედიის კონტროლი და რუსული საინფორმაციო პროპაგანდის უზრუნველყოფა დაევალა. დობროდიევმა გააერთიანა ყველა სახელმწიფო რადიო და ტელევიზია, რითაც მძლავრი პროპაგანდისტული ქსელი შექმნა.
RTR Planeta-ს დაბლოკვა იყო უნიკალური შემთხვევა, როდესაც არხის დაბლოკვა მოხდა ევროკავშირის აუდივიზუალური დირექტივის თანახმად. განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ თავად აღნიშნული დირექტივა არხის დაბლოკვას კრძალავს, თუმცა ლიტვის მარეგულირებელმა მიუთითა დირექტივის მე-6 მუხლზე, რომელიც ამბობს, რომ ევროკავშირი ყველა შესაძლო ხერხით უნდა შეეწინააღმდეგოს პროპაგანდას.
„ეს არის პირველი შემთხვევა ისტორიაში, როცა ევროკავშირის მარეგულირებელმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება გაეთიშა არხი, შესაძლოა ბევრი არ დაეთანხმოს ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ კანონმდებლობის ჩარჩოებში“, - განაცხადა ედმუნდას ვაიტეიკუნასმა, ლიტვის მარეგულირებლის პრესსპიკერმა, ევრონიუსისთვის მიცემულ კომენტარში.
ლიტვამ სანქციები გაატარა ონლაინგამოცემა Sputnik-ის მიმართაც და 2016 წლის გაზაფხულზე პროპაგანდისტული შინაარსის მასალების გამო დაბლოკა იგი. ამავე პერიოდში, იმავე მიზეზით, Sputnik-ი დაიბლოკა თურქეთში დალატვიაში.
ესტონეთი
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ესტონეთი ყურადღებით დააკვირდება, ხომ არ არღვევს ესტონურ კანონმდებლობას რუსული ონლაინგამოცემა, თუმცა ამ მომენტისათვის მეზობელი ქვეყნების მსგავსად Sputnik-ის გათიშვას ქვეყანა არ გეგმავს.
ფინეთი
რუსულ მედიასაშუალებებზე დასაკვირვებლად სამუშაო ჯგუფი შექმნა ფინეთმაც. სამთავრობო ჯგუფი, შემდგარი არასამთავრობო და უმცირესობათა წევრებისაგან, დააკვირდება და შეისწავლის ინფორმაციის დამახინჯებისა და პროპაგანდის ფაქტებს ფინეთის ტერიტორიაზე.
შვედეთი
რაც შეეხება შვედეთს - შვედეთის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ რუსეთი შვედეთის წინააღმდეგ მიზანმიმართულ საინფორმაციო შეტევას ახორციელებს, რომლისგანაც თავდაცვა ქვეყნის პრიორიტეტად იქცა. შვედეთის მთავრობის განცხადებით, ასეთი მძლავრი საინფორმაციო აგრესია რუსეთის მხრიდან ბოლოს საბჭოთა კავშირის დროს მოდიოდა.
მომძლავრებული რუსული პროპაგანდის გამო შვედეთი შეუერთდა ნატოს ანტიპროპაგანდისტულ ცენტრს და გააძლიერა იგი ფინანსურად. ცენტრის მიზანია, წინ აღუდგეს რუსეთი საინფორმაციო ომს.
ქვეყნებში რუსული არხების დაბლოკვამ პრობლემა ვერ მოაგვარა, აღმოჩნდა, რომ ეს არაა ერთადერთი და ეფექტური მეთოდი პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად. დასავლეთში პროპაგანდას ფაქტების გადამოწმებით უპირისპირდებიან. სწორედ ამ მიზნით, უკარინაში შეიქმნა საიტი “stop fake”. ორგანიზაცია დაზუსტებულ მასალებს რვა ენაზე ავრცელებს (რუმინულ, ბულგარულ, იტალიურ, ჰოლანდიურ, ფრანგულ, ესპანურ, ინგლისურ და რუსულ ენებზე).პროექტი 2014 წლის 2 მარტს შექმნეს სტუდენტებმა, „კიევის მოჰილას ჟურნალისტურ სკოლაში“.
„სთოფ ფეიქ-ის“ მთავარი მიზანია გამოავლინოს ყალბი ისტორიები, ფოტოები და მათი ალტერნატიული, რეალური, ისტორია აჩვენოს. საიტზე მოცემულია ტუტორიალები, თუ როგორ გამოვავლინოთ ყალბი ფოტოები და ვიდეოები, რომლებიც გამოადგება ნებისმიერ ჟურნალისტს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. არსებობის 2 წლის განმავლობაში საიტს რამდენიმე მილიონი მნახველი და უამრავი ხელმომწერი ჰყავს სოციალურ ქსელებში. ხაზგასასმელია, რომ ეს არაა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საიტი. ის ძირითადად შემოწირულობებით და გრანტებით არსებობს.
გარდა ამისა, 2015 წლის აგვისტოში ლატვიაში შეიქმნა “ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი“, რომელიც აერთიანებს ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს: ლატვიას, ლიტვას, ესტონეთს, გერმანიას, იტალიას, დიდ ბრიტანეთს, პოლონეთს, ფინეთს, აშშ-ს და ნიდერლანდების სამეფოს.
ცენტრის მიზანია ნატოს წევრი ქვეყნების საინფორმაციო უსაფრთხოება და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა. როგორც ლიტვის პრეზიდენტმა ცენტრის გახსნაზე განაცხადა, „პროპაგანდა განსაკუთრებით საშიშია, მით უმეტეს ამ რეგიონში. მას შეუძლია შექმნას ხელსაყრელი კლიმატი სამხედრო ინტერვენციისთვის“.
2011 წლის 1 იანვარს ჩაეშვა „ევროპის საგარეო მოქმედების სერვისიც. (European External Action Service) ცენტრის მიზანია დაეხმაროს დიპლომატებს. ის აკეთებს ყოველკვირეულ მოკლე მონახაზს კრემლის პროპაგანდისტულ აქტივობებზე.