უკრაინის „დენაციფიკაცია“

7 აპრილი 2022 Shadow

კრემლის პროპაგანდის მთავარი ნარატივი

უკრაინის „დენაციფიკაცია“ რუსული პროპაგანდის მთავარი ნარატივია. მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო, თითქმის ყველა უკრაინელს, რომელიც ეწინააღმდეგება რუსეთის ოკუპაციას და შემოჭრას, რუსულ ტელევიზიებში ნაცისტებად მოიხსენიებენ. ამავდროულად, კრემლის პროპაგანდისტული მედია ცდილობს უკრაინაში მოქმედი მემარჯვენე პარტიების გავლენის გაზვიადებას - რეალურად, ისინი არჩევნებზე 5%-საც  ვერ იღებენ და პარლამენტშიც ვერ ხვდებიან.

- დენაციფიკაცია უკრაინაში რუსული სამხედრო სპეცოპერაციის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. (ТВЦ, Россия)

- რუსი სამხედროების მთავარი ამოცანაა დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია.(ТВЦ, Россия)

„დენაციფიკაცია“ - ეს არის უკრაინაში რუსეთის შეჭრის მთავარი ოფიციალური მიზეზი. რას ნიშნავს ეს, სად და როდის გაჩნდა პროპაგანდისტული ნარატივი „უკრფაშისტების“ (укрофашист) შესახებ და რატომ უწოდებს კრემლის მედია ახლა „ნეონაცისტებს“ ყველას, ვინც რუსეთის აგრესიას ეწინააღმდეგება?

 

საიდან გაჩნდა ტერმინი „დენაციფიკაცია?

კრემლის პროპაგანდისტულ მედიაში უკრაინელი ფაშისტების შესახებ რიტორიკა დამკვიდრდა 2000-იანი წლების დასაწყისში, რიგით პირველი „მაიდანის“ - 2004 წლის "ნარინჯისფერი რევოლუციის" შემდეგ. პრეზიდენტმა ვიქტორ იუშენკომ, რომელმაც მაშინ არჩევნები  მოიგო, გამოაცხადა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისა და მჭიდრო ინტეგრაციის სურვილი.

ქვეყანამ აქტიურად დაიწყო უკრაინული კულტურის მხარდაჭერა და წინ წამოწევა, რის შემდეგაც კრემლის პროპაგანდაში „ნაციზმის“ ნარატივმა იჩინა თავი.

დონბასში სიტუაციის მშვიდობიანად მოგვარებისთვის სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის ყოფილი წევრის, უკრაინელი ჟურნალისტის დენის კაზანსკის თქმით, თავდაპირველად, ნაციზმში/ ფაშიზმში დადანაშაულება უკრაინული საზოგადოების მხოლოდ ნაწილის მიმართ ისმოდა.

 ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე ავრცელებდნენ ამ ნარატივს, რომ უკრაინელები ფაშისტები არიან. ასეა, იმ უკრაინელებს, რომლებიც, რა თქმა უნდა, უკრაინულად საუბრობენ და სურთ დამოუკიდებელი უკრაინა, განსაკუთრებით სურთ ევროპული ინტეგრაცია. თუ თქვენ ისაუბრებთ , რომ უკრაინა დამოუკიდებელი, არსებობს უკრაინული ენა, უკრაინული ლიტერატურა - სულ ესაა, თქვენ უკვე ნაცისტებად მოგიხსენიებენ“, - დენის კაზანსკი,  ჟურნალისტი.

 

„ფაშიზმი“ -  ეს არის საერთო ისტორიული ტკივილი, რომელიც კარგადაა ცნობილი ყოფილი სსრკ-ის ხალხისთვის. ბოლო წლებში, კრემლმა, ფაქტობრივად, მეორე მსოფლიო ომის მოვლენებთან დაკავშირებული მეხსიერების მონოპოლიზაცია მოახდინა და ამტკიცებს, რომ საბჭოთა კავშირმა და მისმა მემკვიდრემ რუსეთმა გადაარჩინა კაცობრიობა ნაციზმისგან, მათ შორის, ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა. ნებისმიერი, ამ ინტერპრეტაციისგან განსხვავებული ხედვა, ღიად აღიზიანებს რუსეთის ხელმძღვანელობას.

- ქალაქ ლვოვში გაჩნდა პლაკატები, რომელიც ადიდებს გალიციის SS-ის დივიზიას (Дивізія зброї СС «Галичина»). ამ პოლიტიკური რეკლამის ავტორი და დამკვეთი ჯერ არ არის ნაპოვნი. მაგრამ აქვს თუ არა მნიშვნელობა... (Вести, Россия)

 

რუსეთის პრო-სამთავრობო მედია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა უკრაინის მეამბოხე არმიის თემას. ომის პირველ წლებში УПА (უკრაინის მეამბოხე არმია/ Українська повстанська армія) თანამშრომლობდა ნაცისტებთან და თვლიდა, რომ ისინი დაეხმარებოდნენ მათ საკუთარი, ბოლშევიკური სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი უკრაინის შექმნაში. იმედები არ გამართლდა და მალე УПА იბრძოდა როგორც საბჭოთა, ისე გერმანული ჯარების წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ სტეპან ბანდერამ, უკრაინელი ნაციონალისტების ლიდერმა, მეორე მსოფლიო ომის უმეტესი ნაწილი  გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკში გაატარა, რუსული მედია მას ლამის ჰიტლერის შემდეგ რიგით მეორე ნაცისტად წარმოაჩენს.  

- უკრაინელი ნაციონალისტების ლიდერი ბანდერა, რომელიც მოუწოდებდა სსრკ სხვა ხალხების გენოციდისკენ ...(ТВЦ , Россия)

 

უკრაინაში ახლიდან დგება XX საუკუნის ისტორიული ნარატივი: 2014 წლის შემდეგ, ქვეყანაში აქტიურად ქვეყნდება საიდუმლო დოკუმენტები КГБ-ს არქივიდან, ისეთ თემებზე, როგორებიცაა გოლოდომორი და სტალინური რეჟიმის რეპრესიები. ისტორიები კი ხშირად ძალიან განსხვავდება იმ რეალობისგან, რასაც საბჭოთა სკოლებში უკრაინელებს ასწავლიდნენ.

რუსულმა მედია კი ამ ფაქტთან დაკავშირებით გამუდმებულ აღშფოთებას გამოხატავს:

- ისტორიის წიგნებში აღარ ჩანს განსხვავება საბჭოთა კავშირსა და ფაშისტურ გერმანიას შორის. ნამდვილი გმირები ნაციონალისტები არიან. (Звезда (Россия))

- ყველა გვერდზე, რომელზეც არ უნდა გადავშალოთ, რუსეთი  წარმოჩენილია მეზობლად, რომელიც კბენას ცდილობს. (Звезда (Россия))

- სისასტიკისა და ანტირუსული იდეების პროპაგანდამ... ფაქტობრივად,  თავდაყირა დააყენა ჩვენი საერთო ისტორია... (1 Канал (Россия))

 

ნაციონალისტების როლი თანამედროვე უკრაინაში

უკრაინაში დღეს მართლაც არიან ულტრამემარჯვენე ორგანიზაციები, მათ მუდმივად ახსენებს რუსული პროპაგანდა, თუმცა, მათი გავლენა გაზვიადებულია. რა მოძრაობებია ესენი?

პოლკი „აზოვი“ (Полк „Азов“) - არის ულტრამემარჯვენე მოხალისეთა ჯგუფი, რომელიც უკრაინის ეროვნული გვარდიის ნაწილია. „აზოვი“  ჩამოყალიბდა 2014 წელს, როცა რუსეთმა დონბასში აგრესია დაიწყო. პოლკი მხარს უჭერს ნაციონალისტურ იდეოლოგიას, მაგრამ აღმოსავლეთ უკრაინაში ბევრი მხარდამჭერი მას პატრიოტად და  ქვეყნის თავდაცვითი ძალების ეფექტურ ნაწილად მიიჩნევს.

 

- ბატალიონ „აზოვს“ სიმბოლოებს უწუნებენ, რადგან ისინი იყენებენ  ე.წ. მგლის კლანჭს (волчий крюк), ან მგლის ანგელოზს (вольфсангель). მაგრამ ფაქტია, რომ ეს უკანასკნელი მსოფლიოში არსად არის აღიარებული ნაცისტურ სიმბოლოდ, - დენის კაზანსკი, ჟურნალისტი.

 

„მემარჯვენე სექტორი“ (Правый сектор) - მოხალისეობრივი ორგანიზაცია, რომლითაც პროპაგანდა - რუს აუდიტორიას ბოლო 8 წლის განმავლობაში აშინებს. მაიდანიდან მოყოლებული, სექტორმა მართლაც შექმნა საკუთარი პოლიტიკური პარტია, მაგრამ 2014 წლის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მიიღო ხმების მხოლოდ 1,8%, ვერ გადალახა 5%-იანი ბარიერი და ვერ შევიდა უმაღლეს რადაში. წარუმატებლობის შემდეგ კი პარტია დაიშალა.

- რუსეთში პოპულარიზაციას უწევენ, მაგალითად, „მემარჯვენე სექტორს“ (Правый сектор), ამიტომ მათ პირდაპირ შექმნეს კულტი. უკრაინის რეალობაში კი ეს, აბსოლუტურად, მცირე მარგინალური ჯგუფია. ის უბრალოდ არ არსებობს, როგორც გავლენიანი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, თუმცა, თუ გადავხედავთ რუსულ მედიას, წააწყდებით კოლოსალური რაოდენობის ცნობებს "მემარჯვენე სექტორზე". ორგანიზაციის, აბსოლუტურად, არაპროპორციული როლისა და ქმედებების შესახებ უკრაინაში. - დენის კაზანსკი, ჟურნალისტი.

 

იგივე სიტუაციაა უკრაინის პარტია „თავისუფლებასთან“ (Свобода) მიმართებითაც, რომელიც ქვეყანაში უძველესი ნაციონალისტური ორგანიზაციაა. პარტიამ პოპულარობის პიკს 2012 წელს მიაღწია, მას შემდეგ პარტიას სერიოზული პოლიტიკური გავლენა არ ჰქონია.

- პარტია „თავისუფლებამაც“ (свобода) ვერ გადალახა 5%-იანი ბარიერი  უკრაინის არჩევნებში. ბოლო და წინა საპარლამენტო არჩევნებში ის პარლამენტშიც ვერ მოხვდა. - დენის კაზანსკი, ჟურნალისტი.

 

როგორც ხედავთ, უკიდურესად მემარჯვენე პარტიების პოლიტიკური გავლენა უკრაინაში უმნიშვნელოა და რაიმე განსაკუთრებულ „უკრაინულ ფაშიზმზე“ საუბარი შეუძლებელია. მსგავს პარტიებს შეხვდებით მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყანაში, რომელთაგან, რუსეთი არ არის გამონაკლისი: დღესდღეობით რუსეთის ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც წარსულში ღიად უჭერდნენ მხარს უკიდურეს ეროვნულ შეხედულებებს და მონაწილეობდნენ „რუსულ მარშებში“.

- ეს ჩვენი ქალაქია! მოსკოვი რუსული ქალაქია! დიდება რუსეთს! - დიმიტრი როგოზინი, როსკოსმოსის ხელმძღვანელი („რუსული მარში“ 2007).

რუსეთში ჯერ კიდევ არსებობს „სკინჰედების“ არაერთი დაჯგუფება, რომლებიც რასიზმის საფუძველზე კლავენ და ატერორებენ დიდ ქალაქებში სამუშაოდ ჩასულ, ძირითადად ცენტრალური აზიის მაცხოვრებლებს.

 

რატომ მთელი ეს ისტორია "უკრაინელ ნაცისტებზე"?

უკრაინაში ომის დაწყებისას, რუსულმა პროპაგანდამ აშკარად გამიჯნა უკრაინელი „მოძმე ხალხი“ კიევის „კრიმინალური ავტორიტეტებისაგან“. პუტინმა პირადად მიმართა უკრაინის არმიას შემდეგი მოწოდებებით:

- ხელში აიღეთ ძალაუფლება... როგორც ჩანს, ჩვენ შორის უფრო ადვილი იქნება შეთანხმება, ვიდრე ამ ნარკომანთა და ნეო-ნაცისტთა ბანდასთან, რომელიც კიევში დასახლდა და მთელი უკრაინელი ხალხი მძევლად აიყვანა. - ვლადიმერ პუტინი.

მოგვიანებით, კრემლმა და პრო-სამთავრობო მედიამ შეცვალა კონცეფცია: „ნაციონალისტები“ და „ნეო-ნაცისტები“ უკრაინის არმიისა და ტერიტორიული თავდაცვის ძალების სინონიმებად იქცნენ, ვინაიდან ისინი უძლიერეს წინააღმდეგობას უწევენ რუსეთის აგრესიას.

უფრო მეტიც, ერთ თვიანი ომის შემდეგ, თითქმის ყველა უკრაინელს, ვინც გაბედავს რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგობას, რუსულ ტელევიზიაში ნაცისტებს უწოდებენ. ასე აკეთებს ტელეარხ Russia Today-ის ხელმძღვანელი, მარგარიტა სიმონიანი.

- სამწუხაროდ და  გასაკვირად , უკრაინის მნიშვნელოვანი ნაწილი შეიპყრო ნაციზმის ამ სიგიჟემ. მანამდე მეც მეგონა ცოტა იყო, გესმით? მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი ამდენი თუ იქნებოდა! – მარგარიტა სიმონიანი, Russia Today-ის ხელმძღვანელი. (Нтв (Россия))

 

რატომ მიიჩნევს მასიურად რუსული პროპაგანდა  ყველა უკრაინელს ნაცისტად? - ეს არის ადამიანების დეჰუმანიზაცია. მათ რუსებში უკრაინელების სიძულვილი უნდა გამოიწვიონ მათ მიერ ჩადენილი მასობრივი მკვლელობების გასამართლებლად.

ამავდროულად, თავად რუსეთში ადამიანებს აკავებენ და სჯიან ლოზუნგების - „არა ფაშიზმს“, „ფაშიზმი არ გაივლის“ და ა.შ. გამო. მსგავსი ლოზუნგები ამჟამად ითვლება რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციად.

 

წყარო : настоящее время