გერმანულმა ავტორიტეტულმა ონლაინ მედია პლატფორმამ Der Spiegel მოიპოვა RT DE-ს (Russia Today-ის გერმანულენოვანი მაუწყებლობა) შიდა დოკუმენტები და ელექტრონული მიმოწერა, ასევე ანონიმურად გაესაუბრა კომპანიის რამდენიმე თანამშრომელს. Der Spiegel-ის მტკიცებით, მოპოვებული მასა აჩვენებს, თუ როგორ იღებენ ინსტრუქციებს RT DE-ს თანამშრომლები და როგორ იქმნება ახალი პროპაგანდისტული კონტენტი პლატფორმაზე.
RT DE 2014 წლიდან ფუნქციონირებს გერმანიაში. გერმანიის შიდა დაზვერვის სააგენტოს განცხადებით, აღნიშნული პლატფორმა მუდმივად ცდილობს გერმანიის დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტებას იმდენად, რამდენადაც იგი პირდაპირაა ჩართული დეზინფორმაციის კამპანიაში, რომელიც რუსეთის ხელისუფლების მიერ იმართება. RT DE რეგულარულად აქვეყნებს სტატიებს, ფოტომასალას და ვიდეოებს საკუთარ ვებგვერდზე, Youtube-სა და სოციალურ ქსელებში. RT DE-ს ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ მის შემქმნელებს „გერმანულენოვანი პროგრამის მეშვეობით, სწორხაზოვანი და მიკერძოებული მედიის საპირწონედ, სურთ წარმოაჩინონ ალტერნატიული ხედვები“. RT DE ამჯერად დიდი კომპანია არაა, თუმცა მისი გავლენა გერმანულ მედიაზე მზარდია განსაკუთრებით კორონავირუსის პანდემიისა და რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის შემდეგ, რასაც EUvsDisinfo-ს კვლევებიც ადასტურებს. ცოტა ხნის წინ კი კომპანიამ განაცხადა, რომ აპირებს გერმანიაში 24-საათიანი ტელემაუწყებლობის გაშვებას.
RT-ის რეპროტიორი გერმანიაში
RT DE, როგორც წესი, სრულ დეზინფორმაციას არ ავრცელებს. მისი სტრატეგიაა დამახინჯებული ფაქტების გავრცელება და მოსახლეობაში სახელმწიფო ინსტიტუტების, პოლიტიკოსებისა და ავტორიტეტული მედიის მიმართ უნდობლობის გაღვივება. Der Spiegel-ის მტკიცებით, ისინი შეგნებულად იკავებენ თავს აშკარა კონსპირაციული თეორიების გავრცელებისგან, რასაც შიდა დოკუმენტები ცხადყოფს.
Der Spiegel-ის ინფორმაციით, თებერვალში RT DE-ს თანამშრომლებმა ელექტრონული ფოსტით მიიღეს წერილი, რომელშიც მათ აფრთხილებდნენ, რომ არ გაევრცელებინათ ისეთი მასალა, რომელშიც საუბარი იქნებოდა იმაზე, რომ 2001 წლის 9 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმა აშშ-ზე აშშ-ს მთავრობისვე მოწყობილი იყო. ასევე, თანამშრომლებთან გაგზავნილ ინსტრუქციებს შორის იყო ისიც, რომ მათ არ დაემტკიცებინათ კორონავირუსის არარსებობა, თუმცა RT DE-ს ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით „ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა განვიხილოთ ზოგიერთი ორაზროვანი საკითხი, მაგალითად - PCR ტესტების ეფექტურობა“. ერთ-ერთ წერილში, ასევე, საუბარი იყო იმაზე, რომ RT DE-ს თანამშრომლებს არ აქვთ უფლება დაწერონ, რომ კორონავირუსის პანდემია მთავრობებმა მოიგონეს, მაგრამ მათ შეუძლიათ დაწერონ, რომ პანდემია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოაცხადა და შექმნა კრიზისი.
საყურადღებოა, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, RT DE იქცა მოძრაობა Querdenker-ის მთავარი პლატფორმად. Querdenker არის გერმანული მოძრაობა, რომელიც ეწინააღმდეგება კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით გერმანიის მთავრობის მიერ შემოღებულ რეგულაციებს. RT DE აღნიშნულ მოძრაობას გაცილებით მეტ საეთერო დროს უთმობს, ვიდრე სხვა მედია საშუალებები. რიგ შემთხვევაში, Ruptly-მ (RT DE-სთან დაკავშირებული ახალი ამბების სააგენტომ) Live ჩართვაც კი გააკეთა Querdenker-ის აქციებიდან. Der Spiegel-ის ინფორმაციით, 2020 წლის 5 სექტემბერს პლატფორმის აღმასრულებელმა დირექტორმა, დინარა ტოკტოსუნოვამ სარედაქციო გუნდს გაუგზავნა წერილი, რომელშიც წერია: „ჩვენი აგვისტოს ციფრები [იგულისხმება რეიტინგი] ძალიან კარგია. რა თქმა უნდა, Querdenker-ის მსვლელობები ცოტათი დაგვეხმარა. [...] სექტემბერიც კარგად დავიწყეთ ნავალნის საქმის კარგად გაშუქებით“. ასევე, Der Spiegel-მა მოიპოვა შიდა მიმოწერის სხვა მასალებიც, რომელშიც RT DE-ს თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული ამბების გაშუქებამ მათი ნახვები 150-180,000-ით გაზარდა წინა წელთან შედარებით. როდესაც თავად RT DE-ს ჰკითხეს ამ მიმოწერის ავთენტურობასთან დაკავშირებით, მათ დაადასტურეს, რომ ეს წერილები ნამდვილია და „ამაყობენ მიღწეული წარმატებით“.
Querdenker-ის საპროტესტო აქცია გერმანიაში
Der Spiegel-ის მიერ მოპოვებული მასალებით, ასევე, ირკვევა, რომ ელექტრონული ფოსტით მიღებული ინსტრუქციების თანახმად, RT DE-ს თანამშრომლებს უნდა ესაუბრათ არა ნავალნის მოწამვლაზე, არამედ „ნავალნის სავარაუდო მოწამვლაზე“. ეს მიმოწერა კი ჯერ კიდევ მაშინ შედგა, როცა არავითარი ეჭვები არ არსებობდა რუსი ოპოზიციონერის მოწამვლასთან დაკავშირებით. ასევე, ინსტრუქციების თანახმად, RT DE-ს თანამშრომლებს ეკრძალებათ „ყირიმის ანექსიის“ ხსენება. ამის ნაცვლად მათ უნდა თქვან „ყირიმის რეინტეგრაცია“. RT DE-მ აღნიშნული მიმოწერის ავთენტურობაც დაუდასტურდა Der Spiegel-ს.
ამჟამად გერმანიის პოლიტიკურ, ასევე არასამთავროვო და მედია წრეებში აქტიურად განიხილება RT DE-ს მზარდ გავლენასთან დაკავშირებული საფრთხეები, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი ტელევიზია 24-საათიან ტელემაუწყებლობას დაიწყებს ბერლინიდან. ამჟამად RT DE-ს არ შეუტანია განცხადება გერმანიაში მაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად, თუმცა რადგან ტელემაუწყებლობის დაწყება დეკემბერში იგეგმება, კომპანიას ჯერ კიდევ საკმაო დრო აქვს. საინტერესოა, რომ გერმანიაში კანონით იკრძალება სახელმწიფო სააგენტოებზე მაუწყებლობის ნებართვის გაცემა, თუმცა RT DE-ს აქვს საშუალება, რომ აღნიშნულ კანონს გვერდი აუაროს, თუკი მაუწყებლობის ნებართვას მიიღებს ევროკავშირის სხვა ქვეყნისგან. ასეთ შემთხვევაში, გერმანია მას უარს ვერ ეტყვის მაუწყებლობის ლიცენზიაზე. აქედან გამომდინარე, როგორც Der Spiegel წერს, გერმანიის მთავრობა აქტიურად მუშაობს აღნიშნულ საკითხზე ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან.