დეზინფორმაციის კამპანია Pfizer-ის წინააღმდეგ და სავარაუდო რუსული კვალი

28 მაისი 2021 Shadow

რამდენიმე ევროპელი სოციალური მედიის ინფლუენსერის ცნობით, მათ ერთ-ერთმა საეჭვო სააგენტომ სახელად Fazze შესთავაზა ფული იმისთვის, რომ მათ გამოეყენებინათ საკუთარი გვერდები და ანგარიშები სოციალურ მედიაში ადამიანების დასარწმუნებლად, რომ არ აცრილიყვნენ Pfizer-ის ვაქცინით. მათ უნდა გაევრცელებინათ ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ, თითქოს, Pfizer-ის ვაქცინამ იმაზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ვიდრე AstraZeneca-მ, რომლის გარშემოც კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც პაციენტთა გარკვეულ ნაწილში თრომბოემბოლიის შემთხვევები დაფიქსირდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რეალურად Pfizer-ის შემთხვევაში მსგავსი გვერდითი ეფექტი არ გამოვლენილა და არ არსებობს კითხვები ამასთან დაკავშირებით.  

ზემოხსენებული შესაძლო დეზინფორმაციის კამპანიის წამოწყების შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ფრანგმა YouTube-ბლოგერმა, ლეო გრასემ, რომელიც DirtyBiology-ის სახელითაა ცნობილი ონლაინ სივრცეში, Twitter-ზე დაწერა, რომ მან მიიღო „უცნაური“ შემოთავაზება, რომლის მიხედვითაც მას უნდა ეთქვა გამომწერებისთვის, რომ მედია უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ Pfizer-ის ვაქცინამ უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. გრასემ, ასევე, გაავრცელა, აღნიშნული შემოთავაზების დამადასტურებელი სქრინშოტები. მას Fazze-დან ატყობინებდნენ, რომ სააგენტოს აქვს „კოლოსალური ბიუჯეტი“ და თუ მას თანამშრომლობის სურვილი ჰქონდა, უნდა დაემალა სპონსორის შესახებ ინფორმაცია გამომწერებისგან. 

 

ლეო გრასეს პოსტი Twitter-ზე

მსგავსი შემოთავაზების შესახებ საუბრობენ სხვა ინფლუენსერებიც. მაგალითად, გერმანელი ჟურნალისტის, მირკო დროშმანისა, რომელსაც YouTube-ზე დაახლოებით 1.5 მილიონი გამომწერი ჰყავს და მსახიობი სამი ოულადიტოს, რომელსაც ნახევარ მილიონამდე გამომწერი ჰყავს, ინფორმაციით, მათაც მიიღეს მსგავსი შემოთავაზება Pfizer-ის ვაქცინის დისკრედიტაციის თაობაზე. დროშმანის თქმით, იმ კომპანიის დირექტორი, რომელიც მას დაუკავშირდა, მოსკოვში ცხოვრობს, თუმცა მას არ დაუსახელებია კომპანიის სახელი.

რაც შეეხება თავად სააგენტოს, Fazze-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ისაა მარკეტინგული პლატფორმა, რომელიც დაფუძნებულია ლონდონში, თუმცა არაა მითითებული არანაირი საკონტაქტო ინფორმაცია. ლეო გრასეს ცნობით, ყველა ის პირი, რომელსაც სოციალურ მედიაში ეწერა, რომ მუშაობდა აღნიშნულ კომპანიაში, რაღაც ფორმით დაკავშირებული იყო რუსეთთან. ზემოხსენებული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კი მათი ანგარიშები გაქრა LinkedIn-დან. 

აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით Pfizer-ის ვაქცინა ყველაზე ხშირად გამოყენებადი ვაქცინაა საფრანგეთში მაშინ, როცა Ipsos-ის სოციალური კვლევის მიხედვით, ცოტა ხნის წინ საფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო ანტივაქსერული განწყობების მხრივ, რის გამოც საფრანგეთის ხელისუფლებამ ბევრი იმუშავა სოციალურ კამპანიაზე, რომელიც მოსახლეობას იმუნიზაციისკენ მოუწოდებდა. შედეგად, ამჟამად საფრანგეთს აცრილი ჰყავს მოსახლეობის 34%-ზე მეტი, თუმცა ორკესტრირებულმა დეზინფორმაციის კამპანიებმა შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ამ პროცესს. ამის გამო, Wall Street Journal-ის ინფორმაციით, საფრანგეთის კონტრდაზვერვამ უკვე დაიწყო გამოძიება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, რათა დაადგინოს, რეალურად იმართებოდა თუ არა დეზინფორმაციის კამპანია რუსეთის ხელისუფლების მიერ.