22 ივლისს, რუსეთის ქალაქ პეტროზავოდსკის სასამართლომ დამნაშავედ ცნო იური დმიტრიევი, კარელიის „მემორიალის“ ხელმძღვანელი და ისტორიკოსი, რომელსაც 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა სასჯელის კოლონიაში მოხდის სახით. დმიტრიევს ბრალად ედებოდა იარაღის ნაწილების შენახვა, ბავშვთა პორნოგრაფიის დამზადება და ნაშვილებ ქალიშვილის მიმართ გარყვნილი ქმედებები, რის გამოც, პროკურატურა მისთვის 15-წლიანი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. თუმცა, სასამართლომ იგი იარაღის დეტალების შენახვისა და პორნოგრაფიის დამზადების ბრალდების ნაწილში გაამართლა და დამნაშავედ ცნო მხოლოდ სექსუალური ხასიათის ქმედებებში არასრუწლოვანი შვილის მიმართ.
იური დმიტრიევი
აღსანიშნავია, რომ დმიტრიევს ნაშვილები ქალიშვილის პორნოგრაფიული ხასიათის ფოტოების დამზადებაში 2016 წელს დასდეს ბრალი. თავად დმიტრიევი ბრალებას უარყოფდა და აცხადებდა, რომ იგი ქალიშვილს ფოტოებს უღებდა, რათა მისი ზრდა-განვითარების დოკუმენტირება მოეხდინა სოციალური მუშაკებისა და ექიმებისთვის წარსადგენად, ვინაიდან გოგონას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. მაშინ კარელიის უზენაესმა სასამართლომ დმიტრიევი გაამართლა, თუმცა 2 თვეში განაჩენი გააუქმა. 2018 წელს კი, მას შემდეგ, რაც მისი 12 წლის შვილი გამოიკითხა, ისტორიკოსის წინააღმდეგ საქმე ხელახლა აღიძრა და ბრალდებებს გარყვნილი ქმედებაც დაემატა. ამ შემთხვევაში, დმიტრიევი დაადანაშაულეს იმაში, რომ ის 8 წლის გოგონას სასქესო ორგანოებს რამდენიმეჯერ შეეხო. როგორც დმიტრიევი ამბობს, იმის გამო, რომ გოგონას ენურეზი ჰქონდა, რაც საავადმყოფოსგან მიღებული ამონაწერითაც დასტურდება, მან მართლაც შეამოწმა რამდენჯერმე გოგონას საცვლები. ამის შემდეგ გოგონას მკურნალობაც ჩაუტარდა. ამავდროულად, საქმეში ჩართული ლინგვისტები აცხადებენ, რომ არასრულწლოვან გოგონაზე დაკითხვისას გამომძიებლები ზეწოლას ახდენდნენ. ხოლო, კომისიურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ შესაძლო დანაშაულის ჩადენის დროს და შემდგომაც ბავშვს ფსიქოტრავმა არ მიუღია. ასევე, თავად დმიტრიევმა არაერთხელ გაიარა კვლევა სექსუალური ქცევის დევიაციებთან დაკავშირებით და არც ერთხელ არ დადასტურებია სექსუალური ხასიათის დარღვევები. მიუხედავად ამისა, სასამართლომ იგი გაამართლა პორნოგრაფიული ხასიათის ფოტოების შენახვაში, მაგრამ დამნაშავედ ცნო სექსუალური ძალადობის ნაწილში. ეს ნიშნავს იმას, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში გატარებული წლების გათვალისწინებით, დმიტრიევი ამა წლის ნოემბერში გათავისუფლდება.[1]
თავად იური დმიტრიევი არის სამოქალაქო აქტივისტი და ისტორიკოსი, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის სტალინური ტერორის მსხვერპლთა საფლავების მოძიებასა და იდენტიფიცირებაში. სწორედ მისი დამსახურებით, კარელია არის რუსეთის ის რეგიონი, რომელშიც სტალინური ტერორის სისასტიკე ყველაზე უფრო საფუძვლიანადაა შესწავლილი და გამოაშკარავებული. დმიტრიევის მიერ აღმოჩენილი ორი ყველაზე ცნობილი სამარხია სანდარმოხისა და კრასნი ბორის მასობრივი დასაფლავების ადგილები. აქედან მარტო სანდარმოხში ნაპოვნია 9,000-ზე მეტი რეპრესირებულის ნეშტი, რომელთა შორისაც 50-ზე მეტი ეროვნების წარმომადგენელია. საარქივო დოკუმენტებზე ხანგრძლივი მუშაობის შედეგად, დმიტრიევმა მოახერხა 9,000 ადამიანის იდენტიფიცრება. აქედან 3,500 კარელიის მაცხოვრებელი იყო, 4,500 - პატიმარი, რომელიც თეთრი ზღვა-ბალტიის არხზე მუშაობდა, 1,111 კი იქ სოლოვეცკის საკონცენტრაციო ბანაკებიდან გადაიყვანეს. მათ შორის იყვნენ გლეხები, მეთევზეები, მონადირეები, მწერლები, პოეტები, მეცნიერები, სამხედროები, ექიმები, მასწავლებლები, ინჟინრები, სასულიერო პირები და სახელმწიფო მოხელეები.[2] 1991 წელს დმიტრიევის მიერ სანდარმოხის შესახებ დაწერილი პირველი წიგნი გამოვიდა – „დახვრეტის ადგილი-სანდარმოხი“, მეორე წიგნი – „მეხსიერების ადგილი-სანდარმოხი“ კი 2019 წელს გამოიცა, რომელიც ისტორიკოსმა უკვე ციხეში დაარედაქტირა. ამგვარი მნიშვნელოვანი აღმოჩენების გამო, დმიტრიევი აღიარებულია ფართო საზოგადოების მიერ როგორც რუსეთში, ასევე - მის ფარგლებს გარეთ.
აღსანიშნავია, რომ კარელიის რეგიონში იური დმიტრიევის მიერ იდენტიიცრებულ რეპრესირებულ პირთა შორის არის 30-მდე ქართველიც. უმეტესობა მათგანი 1938 წლის რეპრესიებს ემსხვერპლა.
რუსეთის ფართო საზოგადოება, მათ შორის ისტორიკოსები, ხელოვანები, სპორტსმენები, დარწმუნებულია, რომ დმიტრიევის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია სწორედ მის საქმიანობასთანაა დაკავშირებული. აღნიშნულ საქმეს გამოეხმაურა არაერთი ისტორიკოსი. მოსკოვში პოლონური კულტურის ცენტრის ყოფილმა დირექტორმა, მარეკ რადზივონმა განაცხადა: „მე მეჩვენება, რომ რუსეთის სასამართლოს არ აქვს შესაძლებლობა, რომ ამგვარ გახმაურებულ საქმეებზე გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენი. გამოდის, რომ ადამიანს, რომელსაც სამი სხვადასხვა მუხლით წაუყენეს ბრალდება, სექსუალური ძალადობის ჩათვლით, მიუსაჯეს 3.5 წელი სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით, რომელიც 12 წელზე მეტით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. [...] როგორც თავის დროზე ვარლამ შალამოვმა თქვა, ისე გამოდის: „რამდენი მოგისაჯეს? - ათი წელი. - რისთვის? - არაფრისთვის! - ხო, არაფრისთვის! ტყუი! არაფრისთვის მხოლოდ ხუთ წელს უსჯიან!“. აი, ახლა კი რუსეთში „არაფრისთვის“ 3.5 წელს უსჯიან, რაც, სტალინის დროსთან შედარებით, რა თქმა უნდა, პროგრესია“.[3]
დმიტრიევის საქმეს გამოეხმაურა ლიეტუვას გენოციდისა და წინააღმდეგობის კვლევის ცენტრის თანამშრომელიც, არუნას ბუბნისი: „ეს პროცესი უსამართლოა. ჩვენ ვიცით, რომ ქვეყნებში, რომლებსაც შეიძლება ვუწოდოთ ავტორიტარული და დიქტატორულიც კი, ადამიანები, რომელთა საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობაც ხელისუფლების ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოდის, ხშირად იდევნებიან. [...] და მე ვფიქრობ, რომ დმიტრიევის საქმე ძალიან თვალსაჩინო მაგალითია. იური დმიტრიევი - ესაა ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა სტალინური რეპრესიების გახსნასა და მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავყოფას. ელცინის პრეზიდენტობისას და პუტინის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროსაც კი ეს საქმიანობა წახალისებული იყო ან, სულ მცირე, ხელისუფლების მხრიდან მტრული რეაქცია არ იყო. ახლა კი ჩვენ ვხედავთ, რომ მოძებნეს ყალბი საბაბი იმისთვის, რომ დაბრკოლებები შეუქმნან იური დმიტრიევს, რათა მან ვერ გააგრძელოს საზოგადოებრივი საქმიანობა“.[4]
დმიტრიევი პუტინის რეჟიმისთვის დიდი ხანია „მიუღებელი“ ისტორიკოსია. მანამ სანამ მის წინააღმდეგ „კომპრომატები“ ჩაუვარდებოდათ ხელში და საქმე სასამართლოში გადაინაცვლებდა, მას სხვა გზებით ებრძოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ 2000 წლიდან სანდარმოხი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი გახდა, პუტინის რეჟიმის დამოკიდებულება ამ ადგილის მიმართ ეტაპობრივად შეიცვალა. გაჩნდა თეორიები, რომ იქ სინამდვილეში არა სტალინის რეჟიმის დროს რეპრესირებულ პირები, არამედ ფინელების მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს დახვრეტილი წითელარმიელები არიან დამარხული. მალე ამ თეორიამ სრულიად რუსული მედიასივრცე მოიცვა. 2016 წელს დმიტრიევის დაპატიმრების შემდეგ გაჩნდა მოსაზრება, რომ სანდარმოხში 19,000 საბჭოთა ტყვეა დაკრძალული, რომლებიც ფინურ საკონცენტრაციო ბანაკებში იყვნენ განთავსებული. 2019 წელს რუსეთის სამხედრო ისტორიის საზოგადოებამ, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს, სანდარმოხში გათხრები ჩაატარა და ამოიღო რამდენიმე თავის ქალა, რომელსაც ტყვია ჰქონდა ნასროლი. რუსეთის სამხედრო ისტორიის საზოგადოებამ დაასკვნა, რომ მსგავს ტყვიებს ფინელები იყენებდნენ.[5] ამავე საზოგადოების განცხადების თანახმად, სანდარმოხში არა საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლები, არამედ ფინელების მიერ დახვრეტილი 6,000 წითელარმიელია დაკრძალული.[6] სინამდვილეში კი ამ „კვლევებისა“ და „დასკვნების“, ასევე ამ მიმართულებით რუსული მედიის გააქტიურების მიზეზი ისაა, რომ დმიტრიევის საქმიანობა წინააღმდეგობაში მოდის იმ ერთიან ისტორიულ, ნაციონალურ და პოლიტიკურ ნარატივთან, რის გარშემოც პუტინის რეჟიმი ცდილობს რუსული იდენტობის კონსოლიდაციას. რუსეთის ხელისუფლება მუდმივად ცდილობს ამგვარ ადამიანებს შეუქმნას დისკომფორტი და მათი საზოგადოებაში სახელის დისკრედიტაცია მოახდინოს.
სანდარმოხი: მემორიალი და შთამომავლების მიერ ხეებზე მიკრული რეპრესირებულების ფოტოები
რუსეთის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ „დიდი სამამულო ომი“ რუსული ნაციონალური ნარატივის ცენტრალურ თემად აქცია. პუტინის რეჟიმი ყოველ წელს დიდი პომპეზურობით ზეიმობს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს და ღიად აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო.[7] ცოტა ხნის წინ, რუსეთში ახალი, უზარმაზარი კათედრალიც აშენდა, რომელიც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75 წლისთავს მიეძღვნა.[8] ამავდროულად, პუტინის რეჟიმი მუდმივად თავს არიდებს საბჭოთა რეპრესიების ობიექტურ შეფასებას და მსხვერპლთა სათანადო რეაბილიტაციას, ვინაიდან საბჭოთა ხელისუფლების დანაშაულებზე ხმამაღლა საუბარი წინააღმდეგობაში მოდის მათ ძირითად ნაციონალურ ნარატივთან, რომელიც საბჭოთა წარსულს განადიდებს და სწორედ ძველი, საბჭოთა, სტალინური დიდების დაბრუნებისკენ მისსწრაფვის. აქედან გამომდინარე, დმიტრიევის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია პირდაპირ კავშირშია მის საქმიანობასთან - პუტინის რეჟიმს არ აწყობს ავტორიტეტული ისტორიკოსის არსებობა, რომელმაც სტალინის დროს რეპრესირებული ათასობით ადამიანის საფლავები იკვლია და სააშკარაოზე გამოიტანა მაშინდელი რეჟიმის სისასტიკე. იმისათვის კი, რომ არ შეირყეს ეროვნული, ისტორიული და პოლიტიკური ნარატივი საბჭოთა კავშირისა და ძველი დიდების შესახებ, რის გარშემოც ხდება თანამედროვე რუსი საზოგადოების კონსოლიდირება, კრემლი, როგორც ჩანს, მზადაა, ნებისმიერი საშუალებით მოახდინოს არა მხოლოდ ოპონენტების, არამედ მკვლევრებისა და სხვა გავლენიანი პირების დისკრედიტაცია. დმიტრიევის საქმე ამის თვალსაჩინო მაგალითია.
____
[1] https://www.bbc.com/news/world-europe-53503660
[2] http://visz.nlr.ru/pages/repressii-soloveckie-etapy
[3] https://www.golos-ameriki.ru/a/yuri-dmitriev-sentenced/5513302.html?fbclid=IwAR0-5bxdPQ1dIaaoKozD5lY-KX8imaIpJKisFAbZJiqOFPVHR4QdANrIVRE
[4] https://www.golos-ameriki.ru/a/yuri-dmitriev-sentenced/5513302.html?fbclid=IwAR0-5bxdPQ1dIaaoKozD5lY-KX8imaIpJKisFAbZJiqOFPVHR4QdANrIVRE
[5] http://kvira.ge/583951?fbclid=IwAR3WgkinCg6uqaUP4_EXOUTfaSSelmtzRUADUCwjGs4Vg9wxBts0Nax82Ak
[6] https://www.bbc.com/news/world-europe-53503660
[7] https://www.reuters.com/article/us-russia-election-putin/putin-before-vote-says-hed-reverse-soviet-collapse-if-he-could-agencies-idUSKCN1GE2TF
[8] https://www.dw.com/en/russia-christens-cathedral-without-putin-stalin-mosaics/a-53803393